პატრიარქის დრო

როდესაც ძველი წელთაღრიცხვის მიწურულს `ძველი ღმერთები~ გავიდნენ ასპარეზიდან და ჯერ არც ქრისტე იყო მოვლენილი, კაცობრიობას ერთ მომენტში დაუდგა უღმერთობის ჟამი... ჩამოდგა `უმთვარო ღამეთა~ სინდრომი და ადამიანი უდაბურ სამყაროში სრულიად მარტო აღმოჩნდა...
ალბათ ასეთივე ჟამი იდგა ნოეს დროსაც, როდესაც უფალმა კაცობრიობის დასჯა გადაწყვიტა, მათივე ურწმუნოების მიზეზით, ხოლო `ნოე ახლოს იყო ღმერთთან~ და მას მისცა ცივილიზაციის და სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა?! – `უფალს შეუძლია ადამიანს ენდოს, თუ მისი სიწმიდე ამის საშუალებას აძლევს!~
იგივე უნდა ითქვას ჩვენს დღევანდელ დროზე: როდესაც დასრულდა `ანდრეზული დრო~ და ხევისბერთა ეპოქა, ერის საკრალური სივრციდან გავიდნენ ხევისბერნი, და თემ-სოფლის `კითხული კაცნი~... აგრეთვე, ინტელექტუალური სივრციდან განდევნეს სწავლულნი და მწიგნობარნი, ამდენად ერი ლიბერასტთა და მედროვე ფსევდო-პატრიოტთა ხელში აღმოჩნდა! – ქვეყანა მოიცვა სექტანტთა და ანტიქრისტეთა ანარქიამ...


მე, ჩემს ერთ წერილში, საგანგებოდ ვწერდი სიბრძნე დაკარგული ერის ტრაგედიაზე – ვაჟა-ფშაველას `გველის მჭამელში~ (და მითშიც) ხოგაის მინდია კარგავს სიბრძნეს და იღუპება, მასთან ერთად იღუპება თემიც.
მინდია კარგავს სიბრძნეს, რომელიც აუცილებელი იყო სამშობლოს (თემის, საყმოს) დაცვისთვის... ჩვენს რეალობაშიც ეს დრამატული ვითარება მეორდება: დგება სიბრძნედაკარგული, უგმირო ერის, ბედისწერული დრო...
ეს დრო კაცობრიობასაც დაუდგა, რადგანაც იგი გადის უფლის ხელდასხმული სივრციდან (უფლისმიერი წესრიგიდან) და, სიბრძნედაკარგული შედის `სატანის ზოდიაქოში...~
სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში მკვიდრდება მავნებლური – `ლიბერასტულ-ანტი ეროვნული~ ტენდენცია, თითქოს ქვეყანას არ სჭირდება ლიდერი: `ბრძენი მოძღვარი~, რომელიც წინ წარუძღვება ერს და წარმართავს მას წაღმართი გზით... პოლიტიკოსები ებრძვიან გმირს და კაცს, რომელიც `სოფლისა თავსა ესახლა~ და თვალ-ყურს ადევნებდა მის ბედისწერას...
მათ არც ბრძენი პატრიარქი უნდა და არც ერისკაცი...
ეს მომაკვდინებელი იდეა მიმართულია `გონიერი გულის~ და გონების წინააღმდეგ, რომ ამ განურჩეველმა მასამ ითარეშოს და, მოიჭამოს საკუთარი თავი და ქვეყანაც... და უპატრონო ერი აღმოჩნდეს სხვის ხელში!..


ვიღაცას ძალიან მოუნდა და დასჭირდა, ამ საუკუნეში ქართველი ერის გაყვანა საკუთარი ქვეყნიდან (მიწიდან), მამა-პაპეული და უფლისეული საზღვრიდან. ეს ტენდენცია მკვეთრად და აშკარად გამოიხატა საზღვრების გახსნაში და ერის თითქოს საკუთარი ნებით, მაგრამ სინამდვილეში იძულებით, მიზანმიმართულ დეპორტაციაში. ორ მილიონზე მეტი ქართველი უკვე განდევნილია სამშობლოდან. მათ უკან არავინ არ აბრუნებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ერის სრულ უმცირესობაში გადაყვანის პროცესი რამდენიმე წელში დასრულდება ამაზე დუმს ხელისუფლება.
სწორედ ამ `უჟამო ჟამს~ ერს მოევლინა უბრძენესი პატრიარქი- სასულიერო და საერო სივრცის შემკვრელი ენიგმური მოძღვარი – ილია II – ნათელმხილველი და ბედისწერის წინასწარ მცნობელი.
`– არ შეგეშინდეთ, ღმერთი ჩვენთან არს!!!~ – გვეუბნება პატრიარქი... მაგრამ ჩვენი მასონურ-ლიბერასტული საზოგადოება ებრძვის ღმერთს და ქვეყანას (ხალხს), ანგრევს ერის ეთნო-ფსიქოლოგიური დაცვის კარმულ გარსს... მის ხვთიურ აურას, შლის ტრადიციული ცოდნის სივრცეს...
სკოლიდან დევნიან სახარებას და მოძღვარს!..


პატრიარქს არაფრის ეშინია, გარდა საკუთარი ხალხის სიბეჩავის და უმწეობის, მისი ურწმუნობაში ჩავარდნის, რასაც თან სდევს ზნეობრივი კრიზისი და `გამოხატვის თავისუფლება...~
`გამოხატვის თავისუფლება!~ – ეს მასონური, `ზნეობრივი შიდსი~, რომელიც არაფერს კრძალავს – `ქენი რაც გინდა და როგორც გინდა... – გინდ ჩაიცვი, გინდა შიშველმა იარე და გამოეყუდე ტელევიზიის ეკრანზე!
`გამოხატვის თავისუფლება!!~ – ახალი მასონურ-იეღოვურ-ლიბერასტული დივერსია ერის ზნეობრივ სივრცეზე – მეტად სახიფათო ტენდენცია ჩვენი ერისთვის: თავგასულობა-მრუშობა, მკვლელობა, სქესთა ცვლა, ნუდიზმი, ფემინიზმი... ეკლესიის და ისტორიულ ფასეულობათა შეურაცხყოფა, ანუ მთლიანად გასვლა სამოქალაქო და საეკლესიო მორალის სივრციდან!..


ამ უმძიმეს ვითარებას, უცნობი შინაგანი ენერგიებით უპირისპირდება პატრიარქი, აქარვებს და ანელებს ერის სიდუხჭირეს, ასწორებს ხელისუფალთა პოლიტიკურ შეცდომებს, აწყნარებს ხალხის და პარტიული კლანების ვნებათა ღელვებს, აჩერებს სისხლისღვრებს და ქვეყნის ჩათრევას შიდა საეკლესიო და კლანურ დაპირისპირებებში, ამშვიდებს საზოგადოებას...
პატრიარქი საკუთარ თავზე იღებს და ინაწილებს ერის ყოველგვარ ცოდვას და განსაცდელს... მას ისევე სდევნიან და უცხადებენ ტერორს, როგორც ილია მართალს თავის დროზე(!) – წამლავენ ციანიდით, თუ უტიფარი ცილის წამებით...
ის გვიცავს ჩვენ! და ჩვენ ვერ ვიცავთ ჩვენს პატრიარქს: ვპატიობთ ათასნაირ გადამთიელს და სატანისტს მისდამი უტიფრობას!
...საბედნიეროდ, არ აღმოჩნდა ადვილი მასთან ბრძოლა (მისი ამოცნობა) შინაური თუ გარე მტრებისთვის: – ორმოც წელზე მეტი მიჰყავდა (და მიჰყავს) მას, უდაბურ დროსა და სივრცეში, ერი და ეკლესია გადარჩენისკენ... ინტუიტური, გენიალური უნარით და მან ეს შეძლო!!! მან შეძლო განსაცდელიდან ერის გაყვანა – ვითარცა უდაბნოდან – მოსემ...
ერი, რომელიც იწვა `პროკრუსტეს~ სარეცელზე და, ცალ-ცალკე აჭრიდნენ სხეულის ნაწილებს და წამლავდნენ ფსიქოტრონული შხამით... პატრიარქმა შეძლო მისი წამოყენება! – კიდევ ერთი, კვირიასებრი პიროვნების გამოხმობით და შემწეობით, რომელმაც თავისი ქველობით XXI საუკუნის `სვეტიცხოველი~ დაუდგა საქართველოს. დიახ, ეს პიროვნება ბიძინა ივანიშვილი გახლავთ!..


როცა სული ინგრევა, ინგრევა მატერიალური სივრცეც!
პატრიარქმა მისცა ერს სულიერი და მატერიალური საზრდო, რამდენჯერ დააპურა მშიერი მრევლი და დაადო წყლულზე სალბუნი...
ხევსურეთის მონახულების შემდეგ უწმიდესმა იქ ურიცხვი სურსათ-სანოვაგე და სამოსელი შეგზავნა სამი `ტრაილერით~. მსგავსი ნობათი აქამომდე აქ არავის ენახა!.. – `ძვლებზე დაგვეწერება თქვენი მადლი და სიკეთეო!~ – შემოუთვალა პატრიარქს უხუცესმა შატილიონმა კაცმა.
პატრიარქის `ძვლებზე დაწერილი~ ლოცვანი და სინანული დიდხანს შერჩება ერის მეხსიერებას– სანუგეშოდ...


ჩემი სტუდენტობის დროს, 70-იან წლებში, სულ სამად-სამი ტაძარი იყო მოქმედი, ილია მეორის მეოხებით აღდგა 41 ეპარქია და შეიქმნა სრულიად ახალი ღვთაებრივი სახელმწიფო სახელმწიფოში.
ეს არის შეუძლებლის შესაძლებლობა და სასწაული უწმიდესის სინერგიის გამოვლენით.
მან შექმნა ბიბლიური, ქრისტიანული ოაზისი, სადაც ჩაისახა ერის გადარჩენის და აღორძინების თესლი... და ვფიქრობ, მართლაც გადარჩა იგი!
ახლა 41-მა მთავარეპისკოპოსმა და მათმა მრევლმა, ერთად რომ ილოცონ, ერთად რომ დაანთონ სანთლები და დადგნენ საზღვრების ირგვლივ ქართლის მთებზე ვერავინ შეძლებს მის გადმოლახვას.
– ჩვენმა პატრიარქმა ზარბაზნების ნაცვლად მონასტრები ჩადგა საზღვრების გასწვრივ და, ქვეყნის გულშიც არაერთი ტაძარი აღმოაცენა ნანგრევებიდან, ნახანძრალი ქვეყანა აქცია სულ სხვა ოაზისად, სადაც `ბიბლიური პატრიარქის~ მოვლილი უამრავი სასწაული ხილი ჰყვავის და მწიფობს ჩვენთვის...
სამწუხაროდ, ჩენ კარგად ვერ ვცნობთ ამ ბაღის სიდიადეს!


მისი უწმიდესობის საკრალური, სიბრძნით გაჯერებული შეგონებანი მეტად მნიშვნელოვანია ერისთვის, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური დეპრესიის დროს.
მე მახსოვს `სათამაშო თოჯინების კეთების~ დავალება, მისი უწმიდესობის მიერ, მრევლისთვის. ბევრმა მართლაც დაიწყო თოჯინების კეთება: ამით ისინი აღმოჩნდნენ ახალ, `ვირტუალურ სამყაროში~- თითქოს ბავშვობაში... ეს `მწარე დროსთან~ და რეალობასთან გარიდების `პარადიგმული ცდა~ იყო...
პატრიარქისეული `დიდების გაბავშვების~ ეს იდეა – პირდაპირ გენიალურია: დიდები ვერასოდეს დახატავენ იმას, რასაც ბავშვები ხატავენ. დიდები ვერ ამჩნევენ ყვავილებს და პეპლებს, გნებავთ, მზის ამოსვლას...
პატრიარქს სურს დაღლილი, დაღვრემილი, კომპიუტერში ჩაწნეხილი ადამიანების წამიერად, ბავშვობის სუფთა, ბრჭყვიალა სამყაროში შებრუნება...
.....
ნუ დაგვავიწყდება, პატრიარქის კურთხევით (და მისივე მონაწილეობით) დარგული, ადამიანთა `სიყვარულის~, თუ ტკივილის სახსოვარი `გონიერი ხეები~, რომლებიც მომავალ თაობებს შეუნახავენ ამ დროთა ხსოვნას: ისევე, როგორც ღვიის და მაყვლის ბუჩქები, ხმელი წიფლის და კედრის ხეები რომ ინახავენ დროთა ინფორმაციებს! და, ზოგჯერ, უფლის სიტყვასაც აუწყებენ ადამიანთა მოდგმას?!...
– მეტად საგულისხმოა პატრიარქისმიერი: – აისბერგისთვის შემოვლის, `კედლისთვის~ (რომელიც ყოველთვის წინ გიდგას) თავით არდაჯახების შეგონება, თუ თევზის დაჭერის ბრძნული სწავლებანი...
– მნიშვნელოვანია ერისთვის გვართა კავშირების დაარსება, აგრეთვე შვიდგზის ლოცვების, მესამე ბავშვის ნათლობის დამკვიდრება უწმიდესის ნებით, ერის დემოგრაფიული გაჯანსაღებისთვის ღვთიური ლიტურგიებია, რამაც უამრავი ახალგაზრდა მიიყვანა ეკლესიებში...
– მიწა და მიწასთან მიახლოება, წინაპრებთან სულიერი კავშირი, ისტორიულ თემთა და პროვინციათა აღდგენა – აი, პატრიარქის საფიქრალ თემათა კიდევ ერთი ნუსხა...


`ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!~ – უწმიდესს ეკუთვნის ეს საოცარი ღვთიური ფრაზა – ილია მართლისეული სენტენციის ბრწყინვალე პერიფრაზი, რომელმაც უფრო მეტი საკრალურ-საკრამენტული სიღრმე მისცა ამ მცნებას.
მართლაც ღმერთია ყველაფერი: `ანი და ჰოე~, ენა და სამშობლო! ღმერთის მოციქულია ადამიანი მიწაზე, რომელიც მას სამშობლოდ ექცა გენეტიკური კოდის მიხედვით, მაგრამ არსებობს `უსამშობლო~ კოსმოპოლიტთა მოდგმაც, რომელთაც არ უყვართ არც სამშობლო და არც პატრიარქი...


როდესაც ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ მისი ცხოვრება იყო `მზიანი ღამე~, ეს ერთდროულად მინიშნება იყო უჩვეულოდ მძიმე დროზე და მისი გათენების შესაძლებლობაზეც!
ერს, ქვეყანას, როდესაც უღმერთობის აპოკალიფსური ჟამი უდგას, ზოგჯერ, უფლისავე ნებით, გამოუჩნდებიან ბრწყინვალე წმინდანნი (ნოე, მოსე...ქრისტეს გენიოსი მოციქულნი), გაუნათებენ ცხოვრების გზას და `მზიანი ღამის~ ეფექტს ქმნიან.
ჩვენს პატრიარქსაც სწორედ ასეთი მისია მიანიჭა უფალმა, რომ ქართველი ერი ერთხელ კიდევ გადარჩეს ამ საუკუნეშიც...
ამის დასტურია პატრიარქის ბოლოდროინდელი არაორდინარული გადაწყვეტილება... თანამესაყდრის დასახელება და მეუფე შიოს ამორჩევა!
ამ ურთულეს ვითარებაში პატრიარქმა გააკეთა, ალბათ, ერთადერთი და გენიალური სვლა, რომელიც სულ სხვა სიბრტყეზე გადაიყვანს მოვლენებს და ერს და ეკლესიას ერთხელ კიდევ ააცდენს წყალქვეშა რიფების კატასტროფას.


...ახლა, როდესაც პატრიარქსაც უდგას `თავისი შემოდგომა~ და მწიფს `მისი ბაღი~ ჩვენთვის, ჩვენ უნდა შევიდეთ პატრიარქის ბაღში და მოვისთვლათ ის `ხილი~, რომელიც მან მოგვცა ჩვენ სულის საზრდოდ... კიდევ ერთხელ რუდუნებით ვიხმიოთ ეს ნუგბარი და შევიტკბოთ იგი...
მე ამ `რამექნას ციხის~ საიდუმლო კარის გადმოსახედიდან, რომელიც პატრიარქის ლოცვით გაიხსნა, ერთხელ კიდევ მადლიერებით და მოკრძალებით მოვიკითხავ მის უწმიდესობას დაბადების 85-ე და აღსაყდრების მე-40-ე წლისთავზე, სიყვარულით მოვეფერები და ამ `ბოლო თქმით~ გავასრულებ წერილს:
თქვენო უწმიდესობავ,
ძვირფასო პატრიარქო!
ქართველი ერის ისტორიის ყველაზე უმძიმეს დროში მობრძანდით თქვენ `მზიანი ღამის ეტრატით~ და მზებუდობის ღამეებში მოუვლინეთ საქართველოს ღვთიური ნათება.
დიდი, შხაპუნა წვიმა რომ მოვა უდაბნოში – ჯერ მდინარეებს აადიდებს და მერე ბალახსაც ამოიყვანს ეგრეთვე თქვენ, თქვენი ლოცვებით აღმოაცენეთ რწმენის მდელოები ქართველთა `სულის უდაბნოში~, შექმენით იმედის ოაზისები! – გააცოცხლეთ ყოველივე სულთან კავშირში მყოფელი: მუსიკა, პოეზია, მხატვრობა, ხალხური ორნამენტი...
თქვენ, თვითონ ხატმწერმა და შემოქმედმა, საგალობლების შემქმნელმა, აკურთხეთ თქვენი მადლით, ქართველი კაცის ღვთიური ნიჭი, დაიცავით და იხსენით იგი ეშმაკის ხელისაგან.
თქვენ აკურთხეთ მიწა და მამული, რომელზედაც ჩვენ ვცხოვრობთ დასაბამითგან დღემდე (!) და აღამაღლეთ მუნ `ტაძართა სიმფონია~ და სრულიად ახალი რეალობა შექმენით.
თქვენ შეაღწიეთ უძველეს (საკრალურ) ისტორიულ თემთა სიღრმეში და შატილში პირველ ტაძარს ჩაუყარეთ საფუძველი. იქ, სადაც, არცა რომელი პატრიარქი და ეპისკოპოსი არ შესულა, არცა რომელთამე საუკუნეთა წიაღ!-
და თქვენ მოჰფინეთ, ქრისტესმიერი, დიდი ენერგეტიკული ნათება ქალდეურ–იბერიულ ქალაქთა მდუმარე ნაშთებს, რომლებმაც XXI საუკუნემდე მოიტანეს უძველეს დროთა სუნთქვა.
ვერავინ იტყვის იმას, რაც არ თქმულა მზის ქვეშეთში: თქვენი აქ ყოფნის სიხარულს ვულოცავთ ქართველ ხალხს – უფლის ამ უჩვეულო ჯილდოს – ხთონური მტრების გარემოცვაში, სულიერი და ფიზიკური დეპრესიის ჟამს, `სიმურთა~ დენასა და ხორშაკთა ქროლვაში!
თქვენ 40 წელი გედოთ ხელი სარეცელზე მწოლარე ერის პულსზე და შეძელით მისი წამოყენება!
თქვენივე კურთხევით და ლოცვით, – თითქოს არსაიდან მოვიდა კაცი, მადლცხებული, უშიში და გონიერი, ვითარცა კვირია და, ვგონებთ, რომ იგიც თქვენთან ერთად აღასრულებს უფლის ნებას და ერის ოცნებას!
მადლობა უფალს, უწმიდესო, თქვენი მოვლინებისთვის და აქ ყოფნისთვის, ამ უჟამო ჟამს. ღმერთმა მოგანიჭოთ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე.

კობა არაბული
მწერალი- ეთნოლოგი
დეკემბერი, 2017 წელი
скачать dle 12.0