ვახტანგ ხარჩილავა: სად გარბიხართ, ქართველებო?

წინასიტყვაობის მაგიერ

ამასწინათ გურიაში ვიყავით თანამშრომლის დედის ორმოცზე.

საოცარი სილამაზისაა გურია, მაგრამ ამ საოცარი სილამაზის მხარეში კიდევ უფრო საოცარი სილამაზისაა ჩოხატაური – გურიის მიკროშვეიცარია და ამ მიკროშვეიცარიაში ჩადგმული კიდევ ერთი საოცრება – სოფელი ხიდისთავი.
სასაფლაოზე გასვლის შემდეგ, წესისამებრ, სუფრა გაიშალა.
სუფრასთან ასამდე კაცი იჯდა – სულ ასაკოვანი ადამიანები.

– ახალგაზრდები რატომ არ ჩანან? – გავიკვირვეთ.

– ახალგაზრდები თხილის და ჩაის საკრეფად არიან თურქეთში გადასული, ზოგიც ევროპაშია, ზოგიც რუსეთში, ზოგი – ამერიკაში. მოხუცებიღა დავრჩით, ნენა და ჩვენც მივდივართ ნელ-ნელა "საზღვარგარეთ"… ვის უნდა დარჩეს ეს ქვეყანა, არ ვიცი. – ასეთი იყო პასუხი ჩვენს კითხვაზე.

მხოლოდ გურიაში არ არის ასეთი მდგომარეობა – მთელ საქართველოში ასეა – ახალგაზრდები მასობრივად მიდიან ქვეყნიდან.
ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის მონაცემები ვნახე ამასწინათ – 800 გამოკითხული ახალგაზრდიდან თითქმის ას პროცენტს საზღვარგარეთ სურს განათლების მიღება, ხოლო 80 პროცენტი უკან დაბრუნებას არ აპირებს.

მართლაც ვის ვუტოვებთ ამ ქვეყანას, განგების მიერ ბოძებულ სამოთხეს, რომელიც ვიღაც-ვიღაცებს რატომღაც ჯოჯოხეთად ეჩვენებათ და თავქუდმოგლეჯილი გარბიან აქედან.

რედაქციაში დაბრუნებული თორმეტი წლის წინათ გამოქვეყნებულ ერთ ჩემს წერილს გადავაწყდი, რომელშიც ზუსტად იმ უმტკივნეულეს თემაზეა ლაპარაკი, რომელზეც ახლა გესაუბრეთ.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ თორმეტი წლის განმავლობაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა და ქვეყნის დაცარიელების შემაძრწუნებელი პროცესი გრძელდება.

სად გარბიხართ, ქართველებო?

კოდორის ხეობაში ჩატარებული "ძლევამოსილი" სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ ორი მონა გაათავისუფლა, სამაგიეროდ, ავსტრიის პოლიციამ 52 ქართველი დაიჭირა, რომლებიც საქართველოდან მონობას გაექცნენ, უფრო ზუსტად, მონობის საძიებლად გაიქცნენ, ოღონდ მაძღარი მონობის საძიებლად.

"აღსდექ, კრულვითა დაღდასმულო,
ქვეყანავ, მშიერ მონების.
საბედისწერო ომში გვიწვევს
დღეს აღშფოთება გონების".

როდინდელი ლექსია ეს და ახლა, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში რამ გამახსენა?
ის ორი მონა, კოდორის ხეობაში რომ აღმოაჩინეს, ლუკმაპურის შოვნის სურვილმა აიყვანა იქ, კოდორში.
კოდორი იყო მათი ავსტრიაც და ჰოლანდიაც – რა ექნათ, უფრო შორს ვერ წავიდნენ…

– ორი მონა გავათავისუფლეთ, ორი მონაო – აცმუკდნენ და აჭყლოპინდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და რაც კი ტელეკამერები იყო, ამ ისტორიული ფაქტის აღსაბეჭდად მიმართეს.

ამ ხელისუფლებას რომ ორი კაცის მონობა გაუკვირდება – ლამის მთელი საქართველო დაიმონეს და ორი მონა გინდ იქით იყოს, გინდ – აქეთ.
ათასობით და ათიათასობით ადამიანს რომ დაამშევ, მერე წყალწყალა სუპს რომ დაუდებ წინ და თანაც თავს იწონებ: ერთი მნახეთ, რა გულმოწყალე, რა კეთილი ბატონი ვარ, როგორ ვზრუნავ ჩემს საცოდავ მონებზეო, – ეს რაღაა, თუ არა მონათმფლობელობის აგიტაცია-პროპაგანდა, ბატონყმობის რაღაც ახალი, ცინიზმამდე და მარაზმამდე აყვანილი ფორმა?

მშიერი მონების ქვეყანა და მშიერი მონების სევდიანი და სასოწარკვეთილი ქვეყნის ბედნიერი, სახეგაბადრული, მაძღარი და გაყეყილი ხელისუფლება, რომელიც გგონია, რომ სადაცაა დააბოყინებს და თავზე გადაგასხამს ჯერ კიდევ მოუნელებელ საქართველოს.

***

რამდენი ადამიანია წასული საქართველიდან მაძღარი მონობის საძიებლად? ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს (არ უნდათ, რომ არსებობდეს და იმიტომ), თუმცა ამბობენ, რომ სადღაც მილიონნახევრამდე, შეიძლება ასი ათასით მეტი, შეიძლება ასი ათასით ნაკლები.
კი მაგრამ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს სულ საქართველოში?

ამბობენ, ოთხმილიონნახევარი, შეიძლება ასი ათასით მეტი, შეიძლება ასი ათასით ნაკლები.
ამ ასი ათასს ისე იტყვიან, თითქოს საქმე ას ქათამს ან ას გოჭს ეხებოდეს.

ორმილიარდიანი ჩინეთი ახერხებს ზუსტად დათვალოს თავისი მოსახლეობა, ჩვენ ოთხი თუ ხუთი მილიონის დათვლა ვერ მოგვიხერხებია?

ვერ მოგვიხერხებია იმიტომ, რომ არც იმ ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა და არც ამ ხელისუფლების ინტერესებში შედის ამის გაკეთება.
ქვეყანაში, სადაც არჩევნების დროს მკვდრები ცოცხლდებიან და ცოცხლები ქრებიან, ზუსტი სტატისტიკა ხელის შემშლელი ფაქტორია.
არეულ-დარეული, ერთმანეთში ალუფხული დავთრით ცდილობდნენ და ცდილობენ ღმერთის მოტყუებას საქართველოს ძველი და ახალი პატრონები და ბატონები.

შემაძრწუნებელი სანახავია გოგორიშვილების და მისთანების კალმით გადადღაბნილი ეს დავთარი – გადაფხეკილი, გადაშლილი, ათჯერ ჩასწორებული და გადასწორებული დოკუმენტი, მონათა სია, ქართველთა გაბითურების ამაზრზენი მოწმობა.

– ზედმეტი ხომ არ მოგვდის, ძალიან ბევრს რომ არ ვხოცავთ, ძალიან ბევრს? – შეჰბედეს თურმე ლენინს, როდესაც რევოლუციის მსხვერპლთა რიცხვმა რამდენიმე მილიონს გადააჭარბა.

– რა მოხდა მერე, ნიკოლოზს თვლით კი არ ჩაუბარებია ჩემთვის რუსეთი, – მოსწრებულად მიუგო პროლეტარიატის ბელადმა.
რამდენი ვიყავით ქართველები ამ ოცდაათიოდე წლის წინათ და რამდენი ვართ ახლა?

ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ გაგვცემს – არც შევარდნაძეს გადმოუბარებია თვლით სამოქალაქო ომით გაპარტახებული საქართველო და არც სააკაშვილს მიუთვლია მისგან მისხალ-მისხალ, იმანაც ის გადააბარა სოროსს, რაც წინამორბედმა გადმოულოცა – დაუთვლელად, ბითუმად, "ოპტომ".
ნახირს ითვლიან, ცხვრის ფარას ითვლიან და ისე აბარებენ მწყემსები ერთმანეთს.

ქართველებს არ ითვლიან – ჯოგად, ბრბოდ, მასად, "კუჩად" გადმოლალავენ ხოლმე ახალი "მწყემსები" თავიანთ საჩეხში.
რამდენი ვართ დღეს ქართველები?

რამდენი ვართ და, რამდენიც ვიყავით, იმას მინუს რუსუდან გუგუსიანი, მინუს ამირან რობაქიძე, მინუს სანდრო გირგვლიანი, მინუს ნავთლუღის ბაზრობასთან დახვრეტილი სამი ბიჭი, მინუს საკნებში ჩახოცილი შვიდი პატიმარი, მინუს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ყოფას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, მინუს ყველა, ვინც საზღვარგარეთ გაიქცა და იქ დალია სული მარტოობაში, სიღატაკეში, მონობაში, სამშობლოსა და ახლობლების ნატვრაში.

90-იან წლებამდე უკან თუ დავიხევთ და იქიდან დავიწყებთ ათვლას, მაშინ რამდენი ვართ და რამდენიც ვიყავით, იმას მინუს ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ჟიული შარტავა, გია აბესაძე, ვოვა ვეკუა, ზურაბ ჭავჭავაძე, ირაკლი გოცირიძის ორი ვაჟი, გურამ შარაძე და მისი ვაჟები, მანანა გიგინეიშვილის ვაჟი, ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი, ამირან კალაძე, გოჩა ესებუა, სოსო სიგუას დედა, რომელიც შვილის პოლიტიკური შეხედულებების გამო საკუთარ სახლში მხეცურად აწამეს და მოკლეს…

რამდენი ვართ და რამდენიც ვიყავით, იმას მინუს ძმათამკვლელ ომში დახოცილი გამსახურდიას ჯარისკაცები და კიტოვანის გვარდიელები, `მხედრიონელები~ და სახალხო მოლაშქრეები, ყველა ქართველი, ვინც ან ერთმანეთს, ან მტერს შეაკვდა, სოხუმთან თუ ტამიშთან, ცირკთან, დიდუბის მეტროსთან, კოდორის ხეობაში, წალენჯიხაში, ხობში, კახეთში, იმერეთში…

საქართველოს ბოლო ათწლეულების ცხოვრება მინუსების უსასრულო, გრძელზე გრძელი ბილიკია – ბილიკი არყოფნისკენ, ბილიკი საერთო აკლდამისკენ, ბილიკი უფსკრულისკენ.

– წარმატებული ოპერაცია იყო, ერთი გუგუსიანი დაიღუპა და ისიც შემთხვევით, – ამბობენ ხელისუფალნი.

იქ, სადაც ერთი ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირთ, არაფრად უღირთ ათასების სიცოცხლე, ასიათასების სიცოცხლე.
ათასიც და ასი ათასიც ერთისგან შედგება და როცა ათასს და ასი ათასს ერთი აკლდება, იქ აუცილებლად ირღვევა ღვთის მიერ დაწესებული დიდი ჰარმონია.
– საქართველოს მინუს ეს ხელისუფლება უდრის გადარჩენას! – წავიკითხე ამასწინათ ერთ კედელზე მიწერილი.
ჩვეულებრივი კედელი იყო, აშკარად დილეტანტი კალატოზის მიერ აცაბაცად ამოყვანილი, ბათქაშჩამოცვენილი, გაქუცული.
მართლაც ერთი ჩვეულებრივი კედელი იყო, ოღონდ არაჩვეულებრივი შინაარსის…

***
– ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არნახულად იზრდება, ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკის მონაცემებიო, – გადარეულია სიხარულისგან პრეზიდენტი სააკაშვილი.

მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედო, სწორედ ამაზეა ნათქვამი.

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა თუ აღმავალი გზით მიდის, ეს შვიდასი ათასი უპოვარი და ღატაკი საიდან, თქვე უღმერთოებო?
შვიდასი ათასი ლუმპენპროლეტარი, მათხოვრის დონეზე დასული, არასმქონე ქართველი.
კი მაგრამ, სულ სამი მილიონი ვართ დარჩენილი (მილიონნახევარი საზღვარგარეთაა) და ამ სამი მილიონიდან შვიდასი ათასი თუ ლუმპენპროპლეტარია, მაშ ვინ ცხოვრობს უზრუნველად ამ `ბედნიერ~ საქართველოში?

არ დაგავიწყდეთ, რომ ღატაკებად მხოლოდ ისინი ითვლებიან, რომლებსაც სახლში ტელევიზორი და მაცივარიც კი არა აქვთ, ხოლო დანარჩენები – ტელევიზორ-მაცივრიანები, მაგრამ უმუშევრები, უსახსრონი, მშივრები – უზრუნველყოფილთა კატეგორიას მიეკუთვნებიან.
თუ გაქცევის თავი გაქვს, ასეთი ქვეყნიდან უნდა გაიქცე, აბა, რა უნდა ქნა?

თუმცა სად გაიქცევი, ამათ ისეთი გრძელი საცეცები აქვთ, ავსტრალიის თუ ახალი ზელანდიის რომელიმე ფერმაში თხის წველის დროს ჩაგავლებენ.

***

"სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი" – ესეც როდინდელი ლექსია, მაგრამ იმდენად თანამედროვეა, გეგონება, აგერ, ახლახან, ნოღაიდელის მთავრობის მორიგი სხდომის მოსმენის შემდეგ დაიწერა ცხელ გულზეო.

მაძღარ მონობას ეძებენ-მეთქი, ვთქვი ზემოთ. თუმცა ეს ფრაზა სხვარანირადაც შეიძლება ითქვას: – მონობას კი არა, თავისუფლებას ეძებენ საკუთარი სახლ-კარიდან აყრილი ქართველები, თუმცა თავისუფლების ძებნაში კვლავ მონის უღელში ყოფენ თავს, რადგან ქართველებისთვის საქართველოს გარეთ თავისუფლება მაინც ტყვეობაა, მაინც მონობაა.

ასეთ ვარსკვლავზეა ქართველი კაცი დაბადებული, ასეთი ზნე და ხასიათი აქვს – ახალ ნიადაგს ვერ ეგუება – "გადარგვას" არ ექვემდებარება.
მეორე თვისებაც აქვს ქართველს – ხშირად მონობაში გადიდკაცებაზე უარს არ ამბობს და მერე მტრისას, ეს მონობაში გადიდკაცებული თავის სისხლსა და ხორცს რომ მოუტრიალდება, რათა პატრონს ერთგულება დაუმტკიცოს და თავი მოაწონოს.
ჩვენ გადიდკაცებული მონების მონები ვართ, ყმების ყმები.

ის რა კაცია, ვინც სხვა კაცის კაცის კაცია? იმას, როცა მოესურვებათ, მაშინ ამოშლიან კაცთა სათვალავიდან, როცა მოუნდებათ, ისევ ჩაწერენ…
მბრძანებლის, ზედამხედველის სტატუსით მოვლენილი სხვისი მონები სხვებს ვერ გაათავისუფლებენ.
თავისუფლება უმაღლესი, უზენაესი ღირებულებაა და მას დასარიგებლად და გასაცემად მონებს არავინ მიაშავებს.

***

სად გარბიხართ, ქართველებო?

დიდგორიდან არ გაქცეულხართ, ბასიანიდან არ გაქცეულხართ, დიდი თურქობის დროს არ გაქცეულხართ, არაბობის და მონღოლობის დროს არ გაქცეულხართ და რაღა "მოქკავშირისა" და "ნაცმოძრაობის" დროს შეგიჩნდათ დამღუპველი შიში?

სად გარბიხართ, ქართველებო?

სხვა საქართველო არსად არის, სხვა საქართველოს ვერსად ნახავთ.

აბა, სად გარბიხართ, სად მიეშურებით, სად მიიჩქარით?

უცხოელებმა თვითონ ზიდონ თავიანთი ღამის ჭურჭელი, თქვენ კი თქვენი ჯვარი ზიდეთ!!!скачать dle 12.0