მანანა ნიკოლაიშვილი: "სამინისტროების შერწყმა მისასალმებელი საქმეა, მაგრამ..."

„ჩვენ ვგეგმავთ განათლებისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებას. ეს არის რეალურად სამი მიმართულება, რომელიც ერთმანეთს ავსებს“ – საქართველოს ახალი პრემიერ- მინისტრის მცირე მთავრობის კონცეფციამ პოლიტიკოსებში, ექსპერტებსა და პროფესიულ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ სამინისტროების რეორგანიზაცია ეფექტურად დაწარმატებულად განხორციელდეს და რატომაა აუცილებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მანანა ნიკოლაიშვილი გვიამბობს:

– სანამ მცირე მთავრობის კონცფციაზე ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ შარშან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაუქმდა. შედეგად სპორტის კომპონენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეუერთდა, ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი კი განათლების სამინისტროს შეერწყა. ამჯერად, ორი დიდი სამინისტროს გაერთიანებაზეა საუბარი. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე ამ რეორგანიზაციის მომხრე ვარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს მექანიკური შეერთება არ იქნება და ახალი პრემიერ მინისტრი ცვლილებებს სწორად განახორციელებს. ამ შემთხვევაში რეორგანიზაცია გამართლებული და წარმატებული იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სრული კატასტროფით დამთავრდება. დავიწყოთ იმით, რომ სამინისტროების სახელწოდებაში დაიკარგა მეცნიერება, ძეგლთა დაცვა და ახალგაზრდობის პოლიტიკა. კი ბატონო განათლება, სპორტი და კულტურა პრიორიტეტია, მაგრამ არც ზემოთ ხსენებული დარგებია მეორეხარისხოვანი და სამინისტროების დასახელებაში უნდა ჩანდეს. მეორე და მთავარი – მინისტრი ანუ გადაწყვეტილების მიმღები მის უწყებაში შემავალი ყველა დარგის მცოდნე ადამიანი უნდა იყოს და არა მოადგილეების იმედად მყოფი. კულტურა და განათლება მთელი ერის სახეს განსაზღვრავს და ამ სისტემაში უვიცი და არაპროფესიონალი მენეჯერის ან პოლიტიკოსის დანიშვნა არ შეიძლება. კეთილი ინებონ და მოძებნონ შესაბამისი კანდიდატი. სხვა გამოსავალი არ არის. 

– ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა და მასშტაბური ინვესტიციები უნდა იყოს, არადა „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე განათლების სისტემაში საკადრო ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვა. საინტერესოა, როგორ შეძლებს ახალი პრემიერი განათლებაში ფუნდამენტური რეფორმის გატარებას დიმიტრი შაშკინისა და მისი წინამორბედების დანატოვარი კადრებით? 

– არა მხოლოდ განათლების, კულტურის სამინისტროც სავსეა ნაციონალების დატოვებული კადრებით, რომლებმაც ვერც წინა და ვერც ამჟამინდელი ხელისუფლების დროს გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს. ამიტომ ვამბობ, რომ მექანიკური ცვლილებები საკმარისი არაა. სამინისტო მთლიანად უნდა შეიცვალოს, ახალი კონკურსები უნდა ჩატარდეს და ახალი კადრები უნდა შეარჩიონ. პარლამენტში უნდა შემუშავდეს განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის ახალი კონცეფციები და რაც მთავარია, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

– სამინისტროების გაერთიანებასთან საპარლამენტო არჩევნები რა კავშირშია?

– როცა ორ ამხელა სამინისტროს აერთიანებ, მაშინ კანონმდებლობიდან დაწყებული, ყველაფერი ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს. ჩვენი მთავრობების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პარლამენტი უსაქმურებითაა სავსე. თუ საკანონმდებლო ორგანო კარგ კანონს და ბიუჯეტს მიიღებს, კარგად დაგეგმავს და გააკონტროლებს, აღსრულებას რა უნდა? მთელ მსოფლიოში კანონშემოქმედებითი მუშაობა ყველაზე მძიმე და შრომატევადი საქმიანობა გახლავთ, საქართველოში კი პირიქითაა.. ყველა უვიცი, უქნარა, „ფულის ტომარა“ და ბანდიტი პარლამენტშია და ამის გამო, სახელმწიფო თავზე გვექცევა. საქართველოს პარლამენტი არის აბსოლუტურად უავტორიტეტო, არაპროფესიონალი, მილიონერების კლუბად ქცეული გაერთიანება და სხვა არაფერი. მე თუ მკითხავთ, საკანონმდებლო ორგანოში არც ერთი მილიონერი არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ხალხს და რეალობას მოწყვეტილი არიან. ამ ადამიანებს საკუთარი ბიზნესის ლობირებისა და ფულის შოვნის გარდა არაფერი აინტერესებთ. ბუნებრივია, პარლამენტში მყოფი თითო-ოროლა პროფესიონალი „ამინდს“ ვერ ქმნის, ამიტომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და პარლამენტში უნდა შევიდნენ თვალსაჩინო ექსპერტები და სპეციალისტები. განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ახალი კანონებია მისაღები და რაც მთავარია, ამ სფეროებში სამართლიანობა უნდა აღდგეს. უნდა შემუშავდეს ეფექტური სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკა და სტრატეგია, რასაც დღევანდელი არაპროფესიონალებით დაკომპლექტებული პარლამენტი ვერ გააკეთებს. მოგეხსენებათ, რომ „ქართული ოცნების“ რიგები და ზოგადად, პარლამენტი ნაციონალებითაა სავსე. ისიც გემახსოვრებათ, რომ მე და თქვენ წლების განმავლობაში ვწერდით როგორ ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს განათლების, კულტურისა და სპორტის ობიექტების დატაცება. სწორედ ამ პერიოდში მიიტაცეს სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი შენობები, მათ შორის სკოლები და ბაგა-ბაღები, მიწის ფართები, სტადიონები და ა.შ. ყოვლად წარმოუდგენელია პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თუ ამჟამინდელი წევრების ყოფნის პირობებში სამართლიანობის აღდგენა და მიტაცებული ქონების უკან დაბრუნება. არადა, ეს ქონება უნდა დაბრუნდეს! მიტაცებული სპორტული და საგანმანათლებლო ობიექტები სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს, მუსიკალური სკოლები და მათი დაფინანსება უნდა აღდგეს და მუსიკა და სპორტი მასობრივი უნდა გახდეს. მაშინ ახალგაზრდებში ამდენი აგრესია აღარ იქნება და აღარც ამდენი ქუჩას და ნარკოტიკებს აყოლილი ბავშვი გვეყოლება.

– მთავრობა ამბობს, რომ სამინისტროების გაერთიანების თვითმიზანს თანამშრომელთა გათავისუფლება არ წარმოადგენს და სამსახურებიდან თანამშრომელთა მასობრივ გათავისუფლებას არ უნდა ველოდოთ? 

– საზღვარგარეთ სამინისტროებში საკმაოდ მცირერიცხოვანი თანამშრომლები ჰყავთ, თუმცა საქმეს კარგად აკეთებენ. ამიტომ ვფიქრობ, „გაბერილი შტატების“ შემცირება უნდა მოხდეს. საერთოდ გასაუქმებელია სამინისტროების ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი და სხვა სტრუქტურები უნდა შეიქმნას. განათლების სამინისტროს შემთხვევაში, მხოლოდ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ანუ აკრედიტაცია და ავტორიზაცია უნდა დარჩეს და პარლამენტში გადავიდეს. გამოთავისუფლებული თანხები მოსწავლის ვაუჩერის მომატებაზე უნდა დაიხარჯოს. ვაუჩერი რომ მოიმატებს, მასწავლებლის ხელფასიც გაიზრდება და განათლების ხარისხიც მოიმატებს. გაბერილ შტატებში და სამინისტროების სსიპებში მილიონები იხარჯება და ამ დროს მასწავლებელს 150 და 200 ლარიანი ხელფასი აქვს. როდის უნდა დამთავრდეს ეს მარაზმი? მისცენ ეს ფული სკოლებს და უნივერსიტეტებს. ექსპერიმენტული დარგები რომ სულს ღაფავენ და უნივერსიტეტებს ცდების ჩატარების საშუალება არა აქვთ, რა სპეციალისტები უნდა გაზარდონ? გაზარდონ სტუდენტის საგრანტო დაფინანსება, რომ განათლების ხარისხი გაიზარდოს. აფრიკის ყველა სახელმწიფოსაც კი აქვს განათლების მართვის სტრუქტურები და ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ასეთი სტრუქტურა არ გააჩნია. მამუკა ბახტაძეს გულწრფელად ვურჩევ ჯერ საკადრო რეფორმა ჩაატაროს, საბოტაჟნიკ `ნაციონალებთან~ ერთად არაპროფესიონალი და უსაქმური ხალხი სახლში გაუშვას და ის პროფესიონალები მოიყვანოს, ვინც სააკაშვილმა „ჩარეცხა“.

ნელი თორდია
скачать dle 12.0