ძირგამოხერხილი სვანეთი

სვანეთს თუ რამე დაღუპავს, პირველ რიგში, ხერხი და ნაჯახი დაღუპავს, რომლითაც ულმობლად იხერხება და იჩეხება სვანეთის ტყეები.
ბუნებამ, ნენსკრას სახით, უკვე გვაჩვენა ყვითელი ბარათი და სასტიკად გაგვაფრთხილა, რომ, იმ უმსგავსობას, რაც სვანეთში ხდებოდა და ხდება, არ გვაპატიებს და არ შეგვარჩენს.


გვესაუბრება სვანეთის მკვიდრი, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

_ ბოდიშს ვუხდი მკითხველს, რომ ჩემს ვინაობას არ ვამხელ. ვაჟკაცი კაცი ასე არ უნდა იქცეოდეს, მაგრამ რა ვქნა, ისეთ სასტიკ ძალას ვეჯახები, რომელსაც შეუძლია დედაბუდიანად გამანადგუროს.

სვანეთის მოსახლეობამ შესანიშნავად იცის, რომ სვანეთს დიდი ხანია მაფიოზური კლანები მართავენ. ისინი აკონტროლებენ ყველაფერს _ ბიუჯეტს, გრანტების განაწილებას, სხვადასხვა პროექტებს, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხე-ტყის ბიზნესს და ა. შ.
ამ ადამიანებმა სვანეთის ხარჯზე მილიონები იშოვეს, პასუხის მომთხოვნი კი არავინ არ არის.

აბა, თუ დააკვირდით, რა ჩამოჰქონდა ადიდებულ ნენსკრას ხეებთან, ქვა-ღორღთან, სახლებთან და ხიდებთან ერთად?

რა ჩამოჰქონდა და სახერხი ქარხნები, რომელთა უმრავლესობა, ცხადია, არალეგალურად და უკანონოდ ფუნქციონირებდა.
ასეთი სახერხებით არის მოფენილი მთელი სვანეთი, რომელთა დიდი ნაწილი რამდენიმე გავლენიან ოჯახს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი სახერხების პატრონები წილს უხდიან "ზემდგომებს".

სხვანაირად აქ ვერ იმუშავებ – ყველა და ყველაფერი "ბოსების" კონტროლს და მათ მიერ დაწესებულ ნორმებს ექვემდებარება.
უზარმაზარი ტყის მასივები იჩეხება სვანეთში, ნადგურდება უნიკალური ჯიშის ხეები, მაგრამ ამას ვერავინ ვერ "ამჩნევს", ვერავინ ვერ "ხედავს".
არადა, ხე-ტყით დატვირთული სატვირთოების ეშელონები ნემსი ხომ არ არის, ვერ დაინახო?

მოგეხსენებათ, არსებობდა გარემოს დაცვის სამინისტრო, თავისი მინისტრით, მინისტრის მოადგილეებით, საკმაოდ მრავალრიცხოვანი შტატი თ.
საინტერესოა, სხვას რას იცავდა ეს სამინისტრო, როცა არ იცავდა გარემოს.

საერთოდ, რატომ ერქვა ამ სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტრო?
უფრო უპრიანი არ იქნებოდა, ამ ორგანიზაციისთის გარემოს გაჩანაგების სამინისტრო დაგვერქმია?
სამინისტრო კი გაუქმდა, მაგრამ ვინ აანაზღაურებს და ვინ დააბრუნებს უკან იმ ზარალს, რაც ამ სამინისტროს დანაშაულებრივი გულგრილობით სახელმწიფოს მიადგა არა მარტო სანეთში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.

მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტრო არ არის იმაში დამნაშავე, რაც სვანეთში ხდება _ კრიმინალის გრძელი ჯაჭვია ეს, წვრილი და მსხვილი რგოლებით, რომელიც მთიდან ჩამოდის და პორტებამდე აღწევს, საიდანაც ეს გასაყიდად გამზადებული ხის მასალა უამრავი მიმართულებით ნაწილდება.
ვის ეყოფა სიმამაცე და ვინ შეძლებს ამ ჯაჭვის გაწყვეტას, არ ვიცი.

ახალი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებამ ადგილობრივ მოსახლეობას ცოტათი იმედი მოგვცა.

ბატონმა მამუკამ სტიქიის არნახული მასშტაბებით გამძვინვარების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ხე-ტყის უკონტროლო ჭრა დაასახელა.
ამ განცხადებას დაუყოვნებლივ უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები სვანეთში არსებული მდგომარეობის შესასწავლად და დამნაშავეების გამოსავლენად.
ძალიან რთული, ძალიან მძიმე ბრძოლა მოელის პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ახალ შემადგენლობას სვანეთში სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს.

სვანეთის მოსახლეობა, ეს შრომისმოყვარე, წესიერი ადამიანები, რომლებსაც ისედაც მძიმე პირობებში უწევთ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პრობლემებთან გამკლავება, კიდევ უფრო დაღალა და დაქანცა იმ გაურკვეველმა, ბუნდოვანმა პერსპექტივამ, რაც ამ უნიკალურ კუთხეს ელოდება.
წლები გადის და დღემდე ზუსტად არ ვიცით, აშენდება თუ არა ხუდონჰესი.
ასევე არ ვიცით, აშენდება თუ არა ნენსკრაჰესი?

ჩვენ ისიც არ ვიცით, რაც გაკეთებულია, რა ზიანს აყენებს გარემოს და ის, რის გაკეთებასაც მომავალში აპირებენ, რა ახალ საფრთხეებს უქმნის სვანეთს.
დღემდე, აი, ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ, რაც სერიოზული სტრესის ქვეშ ამყოფებს ადამიანებს, ხელს უშლის, დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება და ა. შ.

სვანეთს დროულად, დაუყოვნებლივ უნდა მიხედვა, თორემ ყველაფერს აქვს საზღვარი და, მათ შორის, სვანების მოთმინებასაც.


აი, ასეთი, მოსასმენადაც კი მძიმე და შემაშფოთებელი ამბები გვიამბო ჩვენმა სვანმა სტუმარმა.
ის ერთი პატიოსანი და წესიერი ადამიანია, რომელსაც სხვა არანაირი ინტერესები არ ამოძრავებს გარდა ერთისა - მის უმშვენიერეს და ულამაზეს სვანეთს ხარბმა და გაუმაძღარმა ადამიანებმა ისეთი ზიანი არ მიაყენონ, რომლის გამოსწორება, დროთა განმავლობაში, შეუძლებელი გახდება.
- ძირი აქვს გამოხერხილი სვანეთს და ამ უკუღმართებს თუ დროულად არ გავაგდებინეთ ხელიდან ხერხი და ნაჯახი, ჩამოგვეშლება, წაგვექცევა სვანეთი, - გვითხრა სტუმარმა დამშვიდობებისას.

ძირგამოხერხილი სვანეთი - ფრაზა, რომელიც ამ წერილს სათაურად მივეცით, ჩვენს სტუმარს ეკუთვნის…

„საერთო გაზეთი“
скачать dle 12.0