"უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე"

კეშას ბლოგი
დღისით ერთი საათით ჩამეძინა და მესიზმრა, რომ მიყვარდა და ვუყვარდი...
გაღვიძებულს უცნაური გრძნობა მქონდა... მივხვდი, რომ მიკვირდა, სიყვარული მიკვირდა...
ბაბუა არასოდეს ყვებოდა პირველ ცოლზე, რომელზედაც გადასახლებაში მყოფმა იქორწინა. მხოლოდ ერთხელ მითხრა ხმა და თვალებჩამქრალმა: მან მე გადამარჩინა, ფიზიკური და სულიერი სიკვდილისგან მიხსნა...


მერე იყო ბებო, ჩემთვის ბებო, ბაბუასთვის საყვარელი ქალი, რომლისთვისაც არასოდეს უღალატნია. სოფლად ცხოვრობდნენ და ბებოს თოხი და ბარი არასოდეს სჭერია ხელში, ბოსელში არ შესულა, ვენახი არ გაუსხლავს, თევზი და ხორცი არ დაუჭრია – მძიმე საქმე აკრძალული იყო ჩვენს სახლში ქალისთვის. უყვარდა ბაბუას ბებო, თორემ, რომ არ ყვარებოდა – ისეთი ნატანჯი და გადაღლილი იყო, იქეთ იყო საზრუნავი და მოსავლელი.
უსიყვარულოდ მზეც ამოდის ცის კაბადანზე უკვე, სიოც ქრის და ჯანდაბა, ტყეც კი კრთება უსიყვარულოდ – მხოლოდ უკვდავებას ვერ ეხება უსიყვარულობა, უკვდავებას ვერ დაეპატრონა უსიყვარულობა – რომ არა სიყვარული, რა მაიძულებდა ბაბუაჩემი უკვდავმეყო ჩემს გულში, ჩემს სიტყვებში, ჩემს ქცევებში...

როგორ დავიჯერო იმ ქმრების სიყვარული, რომელთა ცოლებიც სხვა ქვეყნებში მუშაობენ და წლობით ვერ ბრუნდებიან ოჯახებში? – ხშირად ვფიქრობ, რას უნდა ეიძულებინა ბაბუჩემი, ბებოსთვის თვალზე მოფარების საშუალება მიეცა – არათუ, ქვეყნიდან თავისი ხელის გადაეხვეწა და არ არის ასეთი მიზეზი, არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.

როგორ დავიჯერო იმ ცოლების სიყვარულის, რომელთა ქმრებიც უკვე მესამე ბინის ფულს აგროვებენ და მეხუთე მანქანას უცვლიან ცოლს და მაინც არ ეუბნება ოჯახი: – კმარა, საკმარისია, ჩამოდი, დაგვიბრუნდი... როცა ბაბუამ ბებია ცოლად წამოიყვანა, ხო, ასე ხელი მოკიდა და წამოიყვანა, მიიყვანა მდელოსთან და უთხრა – აი, აქ ავაშენებ სახლს...

მეტყვიან ახლა მავანნი, რომ მაშინ სხვა დრო იყო... რომ მაშინ არ ჭირდა ცხოვრება... იყო ერთი ქალი, რომელიც ქმარს და შვილებს ეუბნებოდა, რომ ქათმის მხოლოდ ფრთები უყვარდა, სხვა ნაჭერს არ ჭამდა. სინამდვილეში ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ქათმის ყველა სხვა ნაჭერი შვილებს და ქმარს უყვარდათ და არ უნდოდა ჩაზიარებოდა. ერთხელაც, ავად გახდა და საავადმყოფოში ყველა დღე მიჰქონდათ მნახველებს ბულიონი, რამდენიმე ქათამს კლავდნენ, რომ ბევრი ფრთა მოეგროვებინათ, აკი, ყველას ეგონა, რომ მხოლოდ ფრთებს ჭამდა... იყო ასეთი ქალი, მყავდა ასეთი ბებო.

მხოლოდ უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ, მხოლოდ სიყვარულია უკვდავი, სხვა ყველაფერმა ფერი დაკარგა, არომატი დაკარგა, დანიშნულება დაკარგა, სხვა ყველაფერი უსიყვარულობაში დაიკარგა.

ერთი გოგო გავიცანი, მეორე ქმარი ჰყავს – ევროპაში ვაცილებ ხვალ სამუშაოდ, ერთი სული მაქვს მანქანას როდის მიყიდის და აუცილებლად მიყიდის, რადგან ძალიან, ძალიან ვუყვარვარო – ამ საუბრისას ქუდი აუფრიალა ქარმა. რომ დაბრუნდა, მითხრა, დაინახე რა კარგ ბიჭთან მიფრინდა ჩემი ქუდი, მგონი ბედიაო.
ისეთი ძუნწია ერთი ჩემი უბნელი ბიჭი, ისეთი ძუნწია, ქარს არ გაგიყოფს, რომ შეეძლოს. პირღიაც არის, ამიტომ ყველა მისი ისტორია ვიცით. ხოდა, ყველა პაემანი პარკში აქვს, თან ისეთ პარკში, სადაც არაფერი იყიდება. მაგრამ, ამას წინათ გამოეწყო, თავი მოიქაჩლა და გოგო ისეთ მაგარ კაფეში დაპატიჟა, სამი კვირა არ დაელია სალაპარაკო, როგორ გადაიხადა 2 ჭიქა ყავაში 50 ლარი. ჩვენ რომ შეყვარებული გვეგონა ეს ჩვენი ძუნწი, გამოგვიტყდა, ფულიანი გოგოა და პარკში ვერ წავიყვანდი, ფულიანი გოგოა და შთაბეჭდილების მოხდენა მინდოდა, ფულიანი გოგოა და რა ვიცი სად და როგორ გამომადგებაო...

სიყვარულის ყიდვაც შეიძლება ახლა, პაემნის ყიდვა შეიძლება, ადამიანის ნახვის ყიდვა შეიძლება – ასე, მარტივად, ვითომ ჭიქა ყავას ყიდულობ, ვითომ ნაჭერ ნამცხვარს ყიდულობ... შეგიფუთავენ კიდეც, შეგიცვლიან, თუ არ მოგეწონება, შეგიკეთებენ, თუ არ დაგაკმაყოფილებს – მთავარია, ფული გქონდეს და ყიდვა შეგეძლოს, მთავარია მყიდველი იყო...

გრძნობების ბორდელია დღეს ჩემს ირგვლივ ყველგან, გრძნობები იყიდება, ქერა და შავთმიანი, მაღალი და დაბალი, მსუქანი და სუსტი გრძნობები, გრძნობები იყიდება ჩემს ქალაქში, კაცის და ქალის, ფულიანის და უფულოს, ლამაზის და უშნოს გრძნობები.
გრძნობების ბორდელია დღეს ჩემს ქალაქში ყველა კუთხეში გახსნილი და მესმის ფულის შრიალის ხმა, მესმის ჩურჩული, ვინ ვის რა უყიდა, ვის როგორ გაუმართლა, ვინ ჩამოწერეს და ახალი იყიდეს...

იყო დროს, სხეულის ყიდვა გვიკვირდა, იყო დრო, სხეულის ყიდვა იყო სამარცხვინო – ახლა სული იყიდება, ახლა ემოცია იყიდება...
მონათმფლობელმაც კი იცოდა, რომ მონის სხეული იყო მისი საკუთრება და არა სული. მონამაც კი იცოდა, რომ მისი სხეულია პატრონის საკუთრება და არა სული. ფიქრებში და ემოციებში მონაც კი თავისუფალი იყო.

ახლა, უნდა უცინონ თოჯინა ბიჭებმა და გოგონებმა, ქალებმა და კაცებმა პატრონებს, ცუდი ფიქრები უნდა დაუმალონ, ემოცია უნდა გასცენ, სიყვარული უნდა მოაჩვენონ, ალერსი გულითადი უნდა აგრძნობინონ...

მალე სული აღარ დარჩება გასაყიდი, მალე სულსაც დავკარგავთ, მალე გასაყიდი აღარაფერი დაგვრჩება...
და უცებ, თუ ვიღაცას გულწრფელად შეუყარდა – გაუგებარია, უცნაურია, გასაკვირია, თითით საჩვენებელია, გოიმია, ჩამორჩენილია... როგორ შეუძლია, დარდსა და გასაჭირში არ მიატოვოს, როგორ შეუძლია ბრმად ენდოს, როგორ შეუძლია ისევ და ისევ, უფრო და უფრო უყვარდეს და სამაგიეროდ არაფერს ითხოვდეს, არაფერი სჭირდებოდეს სამაგიეროდ, რაში სჭირდება და სად გამოიყენებს მხოლოდ გრძნობას, რად უნდა სიტყვები და ემოციები ფულის და ფულით მოტანილის გარეშე...

რა ფასი აქვს სიცოცხლეს სიყვარულის გარეშე, რა ფასი აქვს არსებობას ემოციის გარეშე.

მაგრამ, ჩვენს ქალაქში გრძნობების ბორდელია გახსნილი, ამიტომ, ჩემს ქალაქში დასვამ თუ არა კითხვას: – რა ფასი აქვს სიცოცხლეს სიყვარულის გარეშე? – ათასი პასუხი გესმის, ყველას თავისი პასუხი აქვს, ათასობით პასუხია ჰაერში გაბნეული: – სიცოცხლის ფასი მაგარი ბაითია აუზით; მანქანა; მილიონი დოლარი; სპა-სალონები და მოგზაურობა; „გულაობა“ დილამდე; ბევრი წამალი...

მზე ამოდის კაბადონზე უსიყვარულოდ, სიო დაქრის უსიყვარულოდ, ტყე კრთება უსიყვარულოდ, სიცოცხლე გადის უსიყვარულოდ...
უკანასკნელი დინოზავრები, უკანასკნელი მოჰიკანები შვილებს ბებიების და ბაბუების, მამების და დედების სიყვარულზე ისე ვუყვებით, თითქოს ზღაპარს ვყვებოდეთ, თითქოს ლეგენდებს ვიხსენებდეთ...

გვიჭირს უკანასკნელ დინოზავრებს, გვიჭირს უკანასკნელ მოჰიკანებს ვასწავლოთ ჩვენს შვილებს ნამდვილი სიყვარულის ძალა, ნამდვილი ემოციის სიძლიერე – გრძნობების ბორდელად ქცეულ ქალაქში.

ყველა დღე ვკლავთ ჩემს ქალაქში სიყვარულს, ვკლავთ და ვაქუცმაცებთ, ვგუდავთ და სისხლისგან ვცლით, ის კი, მაინც მოდის, მოდის და გვისახლდება, გვისახლდება და ელოდება, მივიღებთ – თუ ისევ მოვკლავთ... მივიღებთ და ჩვენთვის დავიტოვებთ თუ გავყიდით...
არაფერს აქვს აზრი ასე უსიყვარულოდ, ასე ღალატ-ღალატ შექმნილ ოჯახს არა აქვს აზრი, ნაყიდ პაემანს არ მოაქვს სიამოვნება, ვერ გაბედნიერებს ნაყიდი სული, ვერ გიხარია ნაყიდი სხეულის თვალიერება...

ოდესმე, თუნდაც, ნახევარი ცხოვრების გავლის მერე, თუნდაც, ცხოვრების მიწურულს – სულ ერთია, მაგრამ ოდესმე, აუცილებლად უნდა გიყვარდეს, ისე უნდა გიყვარდეს, რომ თქვა: – ამისთვის ღირდა სიცოცხლე, ამისთვის ღირდა ლოდინი, არ ჩაუვლია ამაოდ ჩემს სიცოცხლეს...
გული მიჩერდება, როცა წარმოვიდგენ, რას გრძნობდა ბაბუა გულში, როცა საყვარელ ქალს ხელი ჩაჰკიდა, მდელოზე გაიყვანა და უშიშრად უთხრა: – შენ ჩემი ცოლი ხარ დღეიდან და მე აქ ავაშენებ ჩვენთვის სახლს.

გული მიჩქარდება, როცა წარმოვიდგენ, როგორ ჩახარა ბებომ თავი მორცხვად და დაეთანხმა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მართლა ედო ბაბუას ჯიბეში, იმ მდელოზე ასაშენებელი, სახლის ფული.

და ზუსტად ვიცი, სანამ ეს ისტორია მემახსოვრება, ვერავინ მიყიდის და არავის ვიყიდი.
და ჩემი შვილიც, ჩემს ბოლო ამოსუნთქვამდე მოისმენს ლეგენდებს გულწრფელ სიყვარულსა და ემოციებზე, სიყვარულით შექმნილ ოჯახებზე და სიყვარულით შექმნილ ბავშვებზე...

მერე კი, ოდესმე, აუცილებლად მეტყვის: – მართალი იყავი, ამისთვის ღირდა სიცოცხლე...
თუმცა, მანამდე ჩემი ჯერია, მანამდე მე უნდა ვთქვა, რომ ამაოდ არ ჩაუვლია ჩემს სიცოცხლეს...

скачать dle 12.0