დავით "გადამრჩენელი" და გიორგი "მოწყალე", ანუ მკვდარს აკიდებული მკვდარი

- ქვეყანა თავზე გვექცევა! ჩვენისთანა ჭკვიანი ერთი ასი კაცი შევიკრიბოთ და გადავარჩინოთო, - მისწერა დავითმა გიორგის.
ანდაზაა ასეთი: მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმიყვანეო.


ისეა ამათი საქმეც - ერთი პოლიტიკურად მკვდარი პერსონა მეორე პოლიტიკურად მკვდარს არჩევნებამდე, ანუ პოლიტიკურ სამარემდე მიყვანას სთხოვს და ჰგონია, თუ ორი პოლიტიკურად მკვდარი გაერთიანდება, ორივე გაცოცხლდება და ქვეყანას გადაარჩენენ.

მკვდრების მიერ გაცოცხლებული ქვეყანა ჯერ არავის უნახავს და, ცხადია, ვერც ახლა ვნახავთ, თუმცა დავითი მაინც არ იტეხს იხტიბარს და მეორე მკვდარს ეჯაჯგურება - ჰე, ბიჭო, გაიღვიძე, თორემ, სადაცაა, მიწას მოგვაყრიან და საბოლოოდ დაგვმარხავენო.

ამ მეორეს კიდევ, როგორც ჩანს, გაღვიძება და გაცოცხლება მაინცდამაინც დიდად არ ეხალისება და მოუსვენარი და ცქვიტი დავითის ჯაჯგურზე ჯერჯერობით არ რეაგირებს.

ვერც გაამტყუნებ _ დაიღალა კაცი პრეზიდენტობით და რა ქნას?

ხუმრობა საქმე ხომ არ არის ამდენი ვეტოს დადება, ამდენი ვისკის დალევა, ამდენი პატიმრის შეწყალება?

ვიღაც მოცლილმა დაიანგარიშა და გაარკვია, რომ პრეზიდენტი გიორგი დღეში ორ პატიმარს იწყალებდა.

მკვლევარებმა, ჯერჯერობით, ვერ დაადგინეს - როგორ ახერხებდა ამას მოწყალე გიორგი _ ადამიანი რომ შეიწყალო, ჯერ მისი საქმე უნდა შეისწავლო, დაადგინო, ვინ არის, რა აქვს ჩადენილი და ხომ არ არის საშიშროება, შენგან შეწყალებულმა და "სვაბოდაზე" გამოსულმა რაღაც ახალი უბედურება მოსწიოს ვინმეს.

დღეში ორი კაცის საქმე სკრუპულოზურად რომ შეისწავლო, სხვა არაფერი არ უნდა აკეთო, ელემენტარულად, სხვა არაფრისთვის არ გეყოფა დრო.

არადა, გიორგი სხვა რაღაც-რაღაცების გაკეთებასაც ასწრებდა - სტუმრებსაც იღებდა, მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა, "ქართულ ოცნებას" "ეშპილკავებოდა", ქეიფობდა, კარტოფილს თესავდა, ქსოვდა, ხანდახან წაუფილოსოფოსებდა კიდევაც.
- ერთი ფილოსოფოსი მასწავლებელი გვყავდა. ნაკითხი კაცი იყო. სულ წიგნებში ჰქონდა თავი ჩარგული, მაგრამ ცხოვრებაში ძალიან დაბნეული და დაფანტული იყო.

ერთხელ ეს ჩემი ფილოსოფოსი მასწავლებელი სანადიროდ წავიდა, საღამოს კი უთოფოდ დაბრუნდა შინ.
- რა უყავი, კაცო, თოფი? სად დაკარგე თოფი? - შეეკითხნენ თანასოფლელები.
- მე თოფი არ დამიკარგავს. ის ხე დავკარგე, რომლის ტოტზეც თოფი ჩამოვკიდე, - უპასუხა ჩემმა ფილოსოფოსმა მასწავლებელმა. - იგონებს კობა არაბული.

მე მეჩევენება, რომ გიორგი მარგველაშვილმაც ის ხე დაჰკარგა, რომელზეც თოფი ჩამოჰკიდა, თუმცა დავითი არწმუნებს _ შენ ოღონდ მე დამიჯერე და იმ ხესაც გაპოვნინებ და იმ თოფსაცო.

მართალია, სახელმწიფოებრივ-პატრიოტული მოტივებით კი აფერადებს დავითი ამ თავის ინიციატივას და გულმხურვალედ იფიცება, მე არაფერი მინდაო, თუმცა მისი საუბრის ქვეტექსტს თუ ჩაუკვირდები, მიხვდები, რომ დავითს, არც მეტი, არც ნაკლები, პრეზიდენტობა უნდა და სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად აპირებს გიორგი შეიამხანაგოს.
სხვათა შორის, დავითმა პირდაპირ მიანიშნა გიორგის, რომ მისგან დიდად არის დავალებული.

- პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სულ რაღაც თვენახევარში, მარგველაშვილის გადადგომის საკითხი დადგა დღის წესრიგში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ვირბინე აქეთ-იქით, რომ ეს არ მომხდარიყო, - გაუმხილა საიდუმლო ქალბატონ ემა ტუხიაშვილს დავითმა.

გამოდის, რომ დავითს შეუნარჩუნებია გიორგისთვის პრეზიდენტობა.

ახლა დრო დადგა, გიორგი დაეხმაროს დავითს, გახდეს პრეზიდენტი.

ვალს გადახდა უნდა, ძმაო!

აი, ეს არის მთელი იწილო-ბიწილო იმ მაღალფარდოვანი და ჰეროიკულ-პატრიოტული განცხადებებისა, რასაც დავითი ბოლო ხანებში აკეთებს.

პრეზიდენტობა უნდა პატივცემულ დავითს, ძალიან, ძალიან უნდა, იმას კი არ კითხულობს, ქართველ ხალხს უნდა თუ არა პრეზიდენტად კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება კოსმოპოლიტურ იდეებს აფრქვევს და რომლისთვისაც სამშობლო და სამშობლოს მსახურება მეორეხარისხოვანი ცნებაა.

გარდა მარგველაშვილის გადარჩენისა, კიდევ ერთი "დამსახურება" აქვს დავითს ქართველი ხალხის წინაშე _ სწორედ მან გადაარჩინა "ნაციონალური მოძრაობა" იმ მკაცრი განაჩენისგან, რომელსაც ის იმსახურებდა.

- ჩვენი მთავარი ამოცანაა, გადავარჩინოთ "ნაციონალური მოძრაობა"! - აი, ეს ლოზუნგი ისროლა პარლამენტის თავმჯდომარე დავითმა და თავის სულიერ ძმასთან - გიორგისთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობა" პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩენილიყო.

კოაბიტაციის ავტორი, რომელმაც "ქართული ოცნება" საგრძნობლად დააზიანა და დააზარალა, დავით "გადამრჩენელია" და არა სხვა ვინმე.

რამდენადაც ვიცით, სწორედ ის არწმუნებდა `ქართულ ოცნებას", რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უარყოფითად მიიღებდა იმ ფაქტს, თუ ხელისუფლება "ნაცმოძრაობის" მიმართ მკაცრ სამართლებრივ სანქციებს გაატარებდა.

ასე რომ, არა მარტო მარგველაშვილი, "ნაცმოძრაობაც" დიდად არის დავალებული დავითისგან და მას, როგორც ჩანს, გულის სიღრმეში იმედი აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალები" ამ ვალს დააბრუნებენ.

დავითის მისამართით ზოგიერთები ხშირად აღავლენენ ხოლმე კომპლიმენტებს, თუმცა, სინამდვილეში, ის ერთი უიღბლო კაცია, რომელიც თავის დროზე რაიკომის მდივნობაზე ოცნებობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის მოულოდნელმა დაშლამ ეს ნანატრი ოცნება ჩაუშალა და სიმწრით მოპოვებული პარტბილეთი ფარატინა ქაღალდად უქცია.

ასე შემორჩა დავითი დემოკრატიას და ეს კომუნისტი კაცი დემოკრატიული ფასეულობებისთვის და კოსმოპოლიტურ-გლობალისტური იდეებისთვის მებრძოლ პერსონად იქცა, თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, ქვეცნობიერად ის მაინც რაიკომის მდივნად დარჩა - რომ ლაპარაკობს, რაიკომის მდივანივით ლაპარაკობს - თითქოს პარტბიუროს სხდომაზეა და ქვეშევრდომებს ინსტრუქციებს ურიგებს.

დავითი და გიორგი, გიორგი და დავითი - ეს ორი ადამიანი ქართული გვარ-სახელით, საქართველომ ვერ მიიღო და ვერ შეიყვარა, როგორც ქართველი პოლიტიკოსები, რადგან ბევრი რამ, რაც მათ პოლიტიკურ ბიოგრაფიასა თუ პირად ცხოვრებაში მომხდარა, ვერ ჯდება იმ ნორმებსა თუ ჩარჩოებში, რითაც ქართველი კაცი ქართველობს.

დავითისა და გიორგის პოლიტიკური კარიერა დამთავრდა! რაც უფრო მალე მიხვდებიან ისინი ამას, მით უფრო კარგი მათთვისაც და საქართველოსთვისაც.

ვახტანგ ხარჩილავა
скачать dle 12.0