ერმა ბედნიერების ნიჭი არ უნდა დაკარგოს

გვესაუბრება ფსიქოლოგი, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე:

- ბატონო რამაზ, ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები ცხადჰყოფს, რომ სერიოზული ცვლილებების ჟამი დადგა. საინტერესოა, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ დღეს, რამდენად სწორად ვითარდება ჩვენი ქვეყანა?

- ეს მარტივი შეკითხვა არ გახლავთ, არამედ საკმაოდ რთული საკითხია. ეს კითხვა - რამდენად სწორად ვითარდება ქვეყანა, ხშირად ისმის. სწორად განვითარებაში შეიძლება იგულისხმო პროცესები ბუნებრივად მიდის თუ არა, კარგისკენ მიდის თუ ცუდისკენ. შეიძლება ითქვას, რომ მოვლენები ბუნებრივად ვითარდება. ბოლოსდაბოლოს შემთხვევით ხომ არ არის ნათქვამი: ჯერ თავო და თავო და მერე ცოლო და შვილოო, ასევე, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო. ზოგადად, ყველა ქვეყნის ისტორიაში არსებობს გმირობის ეპოქა, რაც გარკვეულ პირობებში, გარკვეული ლიდერების, მათი მოწოდებებისა და კონკრეტული პირობების წყალობით დგებოდა. თორემ, თუკი ადამიანებს თავის ნებაზე მიუშვებ, ისინი ბევრ ცუდ რამეს ჩაიდენენ. ასე ვითარდებოდნენ ქვეყნები ოდითგანვე. ძალიან არ უნდა ვიდარდოთ, რომ ჩვენს თავზე ხდება რაღაც საშინელება. იმ მეტნაკლებად მყიფე ღირებულებების, რომლებიც მერე ამა თუ იმ მოვლენების მიმართ ქვეყანაში მოქალაქეების დამოკიდებულებას აყალიბებს, ჩამოყალიბებასაც დრო უნდა. გავიხსენოთ, რამდენი დრო დასჭირდა იქამდე მისვლას, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს. ილიას ძირითადი დამსახურება სწორედ ეს არის - მან ეროვნული თვითშეგნება გააღვიძა. თორემ, ქართველები შეგუებულნი იყვნენ იმას, რომ რუსეთის იმპერიის ნაწილი ხდებოდნენ. ასე, რომ მოდით ყველა მოვლენას იმ კონკრეტულ დროსა და სივრცეში შევხედოთ, რომელშიდაც ვცხოვრობთ. ამ კონკრეტულ დროსა და სივრცეში კი როგორც კი თავის ნებაზე (ნახირის არ იყოს) მიშვებული აღმოვჩნდით, კიდეც დავანგრიეთ, კიდეც მოვიტაცეთ, ბევრი საშინელება, სისულელე ჩავიდინე თ. შეიძლებოდა სხვაგვარად მომხდარიყო? - არ ვიცი, ძალიან მეეჭვება.

ამიტომ, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, მივდივართ ისე როგორც უნდა მიდიოდეს ქვეყანა, ერი, რომელსაც არ დასცალდა საიმისოდ ჩამოყალიბება, რათა მდგრადი სახე ჰქონოდა. მარტო ჩვენ კი არა, ნებისმიერი ქვეყანა რევოლუციებმა, კატაკლიზმებმა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. წინა საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანა იყო რუსეთი ეკონომიურადაც, სამხედრო ძალითაც და ა.შ. გერმანელების შეგდებულმა რევოლუციამ მთელი რუსული სინამდვილე ისე ამოატრიალა, რომ ამხელა იმპერია ნაწილებად დაიშალა და ერთმანეთს ებრძოდნენ. საფრანგეთის რევოლუციამაც ბევრი უბედურება მოუტანა ფრანგებს და ა.შ. ასე, რომ ქვეყნებს ასეთი ეტაპები განვლილი აქვთ. ჩვენც გარდამავალ ეტაპზე ვართ. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ ამ გარდამავალი ეტაპის ზოგად კანონზომიერებებს საქართველო იმეორებს. მე ის მიკვირს, კიდევ უარესად რომ არ ვართ. სულ ჩივილსა და წუწუნში ვართ. ეს ჩემი სფეროც არის, ფსიქოლოგიას ვგულისხმობ _ ადამიანი რომელიც სულ ტირის, ჩივის, ის ყოველთვის უბედური იქნება არა იმიტომ, რომ რეალობაა ცუდი, მას, უბრალოდ, ბედნიერების ნიჭი არ აქვს, იგი ასე ბედნიერების ნიჭს კარგავს, რაც, სხვათა შორის, ადრე გვქონდა. საუკუნეების მანძილზე მიუხედავად იმისა დაპყრობილნი ვიყავით თუ არა, ცხოვრების ხალისი, სიცოცხლის წყურვილის ნიჭი ყოველთვის გვქონდა. ახლა, უბრალოდ, რაღაც ეტაპი დაგვიდგა, იმედია დროებითი, როდესაც კარგ ტონად მიგვაჩნია ძახილი და წუწუნი, რომ ცუდათ ვართ. ამ დროს რეგიონში მყოფ სხვა ხალხებთან - სომხებთან, აზერბაიჯანელებთან და ა.შ., შედარებით ცუდად არ ვართ.

- დასაწყისში ახსენეთ, დიდი დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვყუდნებოდაო. დღეს, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის?

– რეალობას გავუწიოთ ანგარიში. ადრე, საქართველოს მეფე ვინ იქნებოდა, ეს საკითხი ისპაჰანში წყდებოდა. დღეს, ასეთი მდგომარეობა გვაქვს?

- პრობლემები სხვაც ბევრია. დღეს ყველა პარვაზე, ძარცვაზეა გადასული და არავინ ფიქრობს ქვეყანას რა არგოს.

- ამიტომ დავაყენე დასაწყისში საკითხი ასე - ბუნებრივად ვვითარდებით თუ კარგად. ეს, არაბუნებრივია, რომ ქვეყანაზე არ ფიქრობენ?! დავაკვირდეთ, განა ოდესმე ქვეყანაზე ფიქრობდნენ? თავადები ერთი მეორეს ღალატობდნენ, ჯარი არ გამოჰყავდათ დასახმარებლად. ისინი ფიქრობდნენ ქვეყანაზე?! თუ ეს ჩვენი ისტორია არ იყო?!

- ამიტომ, გკითხეთ დასაწყისში ცვლილებების ჟამი ხომ არ მოახლოვდა?

- რა რესურსით უნდა შევიცვალოთ უკეთესობისკენ?! ერეკლე მეორე ბრწყინვალე მხედართმთავარი იყო. ხმალი, პირადი გაბედულება და ვაჟკაცობა იყო მისი მთავარი რესურსი, რათა საქართველოსთვის ებრძოლა. დღეს, რა რესურსი გვაქვს? ინდივიდუალური რესურსები, ადამიანები გვჭირდება, რომელთაც ქვეყნის მართვა შეუძლიათ. ასევე, გვჭირდება საზოგადოება, რომელსაც სწორი არჩევანის გაკეთება შეუძლია. საზოგადოებას აქვს იმის უნარი სწორი პოლიტიკური ხედვა ჰქონდეს? - არ აქვს, ხომ. ხოდა თუ საზოგადოებას ეს არ აქვს, მაშინ რაღას ვიშვერთ თანამდებობის პირებისკენ ხელს - იპარავენო. მომპარავები ხომ საზოგადოებამ აირჩია, ვინმემ ძალით დაგვინიშნა? ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია რაღაცას რომ ვჩივით, ვის უჩივით - ჩვენს თავს?! ამ ტიპის ჩივილი აწუხებდა ილიას, რომელიც ამბობდა, რომ ქართველები არ ვარგიან. იგი არ ჩიოდა იმას, რომ იპარავენო. არამედ იმას ჩიოდა, რომ "ბედნიერი ერი" ვართ, რომელსაც სერიოზულად არაფრის კეთება არ შეუძლია. ამ გზით რატომ არ მივდივართ? ჩვენს ეროვნულ ხარვეზებზე რატომ არ ვლაპარაკობთ? 

- ახლა ილია ახსენეთ. არამარტო იგი, არამედ მე 19 საუკუნის ქართული მწერლობა თავგამოდებით ცდილობდა ადამიანი თავისი ქვეყნის პატრიოტად და ჭეშმარიტ მოქალაქედ აღზრდილიყო…


- ნუ ვქმნით ლეგენდას. ეს იყო, შეიძლება ითქვას, ერთი ძალიან კარგი, ბრწყინვალე ჯგუფი, მაგრამ ამავე დროს, პარალელურად, იყვნენ ისინიც ვინც ილიას ტყვია ესროლეს.

რატომ ვკლავთ-ხოლმე, ეს კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ერში ერთიც არის და მეორეც. აკაკიმ ილიას დაკრძალვისას თქვა: თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც მასთან ერთად უკვდავი იქნებიო. რამხელა ტკივილით ნათქვამი სიტყვაა. კარგად ჩანს, რომ ეს მხოლოდ მწერლისგან ნასროლი სიტყვა არ იყო, არამედ რეალობა. მიაჩნდათ, რომ საქართველო როგორც ასეთი, უნდა გაქრეს. დღეს ხომ ასეთი იდიოტიზმები აღარ გვაქვს. ეს ეტაპი გავიარეთ, ქვეყანა მაინც გადარჩა. ასე, რომ იმაზე ტირილი რომ არიქა, ახლა, დავიღუპებით და არაფერი არ გვეშველებაო, ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ამდენი რამ აქვს გამოვლილი, სწორად არ მეჩვენება.

- თქვენ ახსენეთ, საზოგადოებას არ შეუძლია სწორი არჩევანის გაკეთებაო. ეს სახელმწიფო ხომ ვერ იქნება ძლიერი, თუ მოქალაქე პატრონად არ ვარგა.

- სახელმწიფოსგან პატრონობას არა, მაგრამ თავი დაგვანებოსო, ითხოვდნენ მაგალითად, ამერიკაში. ამერიკა, ამერიკაო სულ რომ ვიძახით, ეს ის ამერიკაა, რომელიც თვლის, რომ სახელმწიფო მოქალაქის ცხოვრებაში მინიმალური უნდა იყოს. ჩვენ, ვაპირებთ ამერიკას მივბაძოთ, ამ დროს ვთვლით, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ადამიანზე. თვითონ ადამიანი ზრუნავს თავის თავზე?! ე.ი. აქ, უბრალოდ, სხვა თემაა წინ წამოსაწევი. ქართველი ვარგა თუ არა იმისთვის, რასაც ცხოვრება ითხოვს, ილიასდროინდელ ჩივილს ვუბრუნდები, საკითხავი ესაა. ილია ამბობდა: ახლა, კალამმა უნდა გაიმარჯვოს და არა ხმალმაო. იგი ცდილობდა ქართული ცნობიერება შეეტრიალებინა. ამ მიმართულებით ქართველებთან დაბეჯითებით ლაპარაკი უფრო უპრიანი იქნება, თორემ, მთელი საზოგადოების, ჟურნალისტების ძირითადი სასაუბრო თემაა, რომ ხელისუფლება არ ვარგა.

ხელისუფლებას შენ ირჩევ და ვის უჩივი რომ არ ვარგა, გაუგებარია. თუ ასარჩევიც არ ვარგა, მაშინ ე.ი. ერს სხვა რამ უნდა მოუწოდო, თორემ რეალურად გამოდის, რომ ჩვენ, ერს მუდმივად რევოლუციისკენ მოვუწოდებთ, ასევე, იმისკენ, რომ უნდა გადავატრიალოთ, გავყაროთ, დედა ვუტიროთ. ამ დროს თუ პრობლემა ჩვენშია, რამდენი ხელისუფალიც არ უნდა გაყარო, მაინც ცუდი სახელმწიფო შეგრჩება იმიტომ, რომ გადამტრიალებელი ისევ ჩვენ ვართ. ჩვენ რომლებიც აზრზე არ ვართ რისთვის გვინდა ეს სახელმწიფო. ხშირად იმისთვისაც აწყობენ რევოლუციას, რომ ფულის აპარატთან თვითონ მივიდნენ და სხვა გვერდზე ჩააჩოჩონ. ამიტომ, ისევ რევოლუციური განწყობის მოტივირებაა _ ხელისუფლება ადამიანს არ უვლის, ცუდია, ხომ ძირითადად ამის კულტივირებას ვახდენთ. საქმე ჩვენდაუნებლიედ იმ რევოლუციისკენ მიგვყავს, რამაც არაერთხელ დაანგრია ქვეყანა და ეტყობა, კიდევ გვინდა დაანგრიოს. ამიტომ, არის ჩემთვის ძალიან ხშირად გაუგებარი ის რასაც, მედიას არც ვიტყოდი, პუბლიცისტიკა აკეთებს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი მეც ვარ.

- სადღა არის პუბლიცისტიკა?


- პუბლიცისტიკა თუ არ არის, ესეც რისი ბრალია? ერთ-ერთ ცნობილი გაზეთის რედაქტორს, რომელთანაც თავის დროზე კამათი მქონდა გაზეთის ბედ-იღბალზე, ვუთხარი: ილიამ პუბლიცისტიკით შეატრიალა ქართული ცნობიერება-მეთქი. მან მიპასუხა: რა დროს ილიაა, ახლა, გაზეთი კომერციააო. ეს ადამიანები ჩვენს გვერდით, ჩვენთან ერთად არიან. რა უნდა ვქნათ, მათ ხომ არ დავხოცავთ. იქნებ რაღაც სხვა არის შესაცვლელი. კერძოდ, იქნებ ის არის შესაცვლელი, რომ ეს ძირითადი ლაიტმოტივი, რითაც ცხოვრობს ქართველი _ ხელისუფლება ცუდიაო, გამოვცვალოთ. დავაკვირდეთ, იქნებ ჩვენ ვართ ცუდი. შევუძახოთ ერთმანეთს ისე როგორც ვუძახით-ხოლმე ნარკოტიკს ნუ მოსწევ, ცუდიაო. ეს შეძახილი მეტნაკლებად მოქმედებს, მერე, იმის მაინც რცხვენიათ თქვან რომ ვეწევიო. დღეს, მაგალითად, ასეთი შეძახილით მიღებულია, რომ საქართველო დამოუკიდებელი უნდა იყოს, სირცხვილია თუ ვინმე იძახის სხვას მივეკედლოთო. ეს მოსაწონია, ე.ი. შეძახილმა შედეგი გამოიღო.

მაშინ იქნებ შევუძახოთ ადამიანებს, რომ მეტი მუშაობაა საჭირო, მეტი მოქმედება, მეტი ფიქრი. ჩვენ ადამიანებს - ქართველებს არაფერს არ ვავალდებულებთ. მარტო ხელისუფლებას ვავალდებულებთ ჩვენი რიტორიკით. ამიტომ, ადამიანები რჩებიან ისევ ისეთი უპასუხისმგებლონი, დაუდევარნი, ისევ გაქურდვაზე ორიენტირებულნი, როგორც თქვენ აღნიშნეთ. ადამიანები არიან შესაცვლელი და არა მარტო ხელისუფლება. იმიტომ, რომ ხელისუფლება ისევ იმ ადამიანებიდან იცვლება.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0