ილიაწმინდაში არაბმა გლეხს ცოლი წაართვა და ახლა ბავშვების წართმევით ემუქრება

რატომ დარჩნენ დედოფლისწყაროელი გლეხები სახნავ-სათესი მიწის გარეშე, ვინ და როგორ დააბრუნა სიღნაღის რაიონში მონათმფლობელური წყობა და რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაწყებული პროცესები? „საერთო გაზეთს“ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „სახალხო ტრიბუნების“ პრეზიდენტი მამისა ჯაფარაშვილი ესაუბრა:

– მოზარდებში აგრესიის მატებამ და გახშირებული ძალადობის შემთხვევებმა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ პრობლემის მიზეზი ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარებაში უნდა ვეძებოთ. სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა ჩვენს ტრადიციებს და გენეტიკას მთლიანად აცდენილია. გლობალისტებმა და ლიბერალებმა რამდენიც არ უნდა „დაგვამუშაონ“, ისეთი ძლიერი ფესვები და გენეტიკა გვაქვს, „უცხოს“ ადვილად ვერ მივიღებთ. სწორედ უცხოსა და მიუღებელის ძალით შემოჩეჩებამ გამოიწვია ადამიანებში აგრესია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში მოსახლეობის 30% ფსიქიკაშერყეული დადის და ძალადობის ფაქტების გახშირება რა გასაკვირია? წარმოიდგინეთ, სოფლის მოსახლეობას რომ სახნავ-სათესი მიწისა და ელემენტალური შემოსავლის გარეშე დატოვებ, მშვიდად როგორ უნდა იყოს? ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2011 წელს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიქმნა შპს „ჯეო აგრო“. ტელევიზიებში განუწყვეტლად ტრიალებდა სარეკლამო რგოლები, რომ ეს იყო წარმატებული საინვესტიციო ფონდი, რომელსაც ინვესტიციები უნდა მოეზიდა, სოფლის მეურნეობა უნდა განევითარებინა, მოსახლეობა უნდა დაესაქმებინა და ქვეყანა აეყვავებინა. იმავე წელს სახელმწიფომ ამ „ჯეო აგროს“ დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე სოფლების ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს ტერიტორიაზე 3600 ჰექტარი მიწა გადასცა. ერთი წლის შემდეგ, 2012 წელს „ჯეო აგრომ“ ეს მიწები „საქართველოს ბანკში“ იპოთეკით დატვირთა. ეს კერძო სტრუქტურაა და არავინ მომცემს ინფორმაციას, ბანკიდან აღებული ფულით რა გააკეთა, თუმცა ფაქტი სახეზეა, რომ იპოთეკის თანხა ვერ გადაიხადა და 2016 წელს ეს 3600 ჰექტარი მიწა „საქართველოს ბანკის“ საკუთრებაში გადავიდა. წარმოიდგინეთ, ხსენებულ სამ სოფელში მცხოვრები 5000-მდე ადამიანის მდგომარეობა, რომლებმაც ბანკის ხელში ჩავარდნილ მიწებზე მარცვლეული კულტურების თესვის და თავის რჩენის ერთადერთი საშუალება დაკარგეს. იქ სხვა შემოსავალი არ არსებობს და მიწის დამუშავების უფლება თუ არ მისცეს, ეს 5000 ადამიანი იძულებული გახდება დედაბუდიანად აიყაროს და სხვაგან გადაიხვეწოს..

– როგორც ვიცი, ამ ადამიანებმა დახმარებისთვის თქვენს ორგანიზაციას მიმართეს.

– ჩვენ რომ სიტუაციის გასარკვევად ჩავედით, ბანკს მიწის ნაკვეთებთან დაცვა ჰყავდა დაყენებული. თბილისიდან სპეცდანიშნილების რაზმებიც კი ჩაიყვანეს, რომ ხალხს მიწა არ დაემუშავებინა და ხორბალი არ დაეთესა. 20 ნოემბერს ზემო და ქვემო ქედის და არხილოს მოსახლეობამ გამგეობის წინ აქცია გამართა და დილიჩის გასხვისებული მიწების დაბრუნება მოითხოვა. ეს ხალხი წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად უხდიდა „ჯეო აგროს“ მიწის იჯარის ფულს. სხვა საკითხია, კომპანიას ეს ფული ბანკის ანგარიშზე შეჰქონდა თუ არა.. აქციების ფონზე, ბანკი იძულებული გახდა, რომ ხალხისთვის თესვის უფლება მიეცა, მაგრამ ხვალ და ზეგ რა იქნება, არავინ იცის.

– „საქართველოს ბანკის“ პოზიციის შესახებ რა იცით?

– ამ საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად, დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისში კახეთის რეგიონის გუბერნატორი დედოფლისწყაროს დეპუტატი და რაიონის გამგებელი ჩამოვიდნენ. სხვათა შორის, დედოფლისწყაროს ამჟამინდელი გამგებელი „საქართველოს ბანკის“ ყოფილი თანამშრომელია. მოლაპარაკებების დროს გაირკვა, რომ „საქართველოს ბანკი“ მზადაა გლეხებს ჰექტარი მიწა 1700 ლარად დაუბრუნოს, თუმცა გლეხებს ამის საშუალება არა აქვთ. ისიც უცნობია, როგორ მოსავალს მიიღებენ, რადგან „ჯეო აგროს“ დროს, ამ მიწებზე სარწყავი სისტემები და ყველანაირი ინფრასტრუქტურა განადგურდა და მოსავალი მთლიანად ბუნების წყალობაზეა დამოკიდებული. საერთოდ, მიწა ქართველ ხალხს ეკუთვნის და არა „ჯეო აგროს“ ან რომელიმე ბანკს, ამიტომ გლეხებს მიწის გამოსასყიდი კი არ უნდა დაუწესონ, უნდა გაარკვიონ „ჯეო აგროსთვის“ მიწის გადაცემა რამდენად კანონიერად მოხდა, რა დააშავა ამ ხალხმა და სხვისი ვალის გამო რატომ უნდა დაზარალდეს? შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, უპასუხისმგებლო ჩინოვნიკები ქვეყანას ისე ყიდიან, თითქოს მამა-პაპის დანატოვარი იყოს და პასუხს არავინ თხოვ თ. ის, რაც ახლა ხდება, სწორედ ასეთი დაუსჯელობის შედეგია.

– საბოლოოდ, ბანკთან შეთანხმება შედგა თუ არა?

– ჩვენ წერილი გაუგზავნეთ დედოფლისწყაროს გამგებელს და პასუხად მივიღეთ, რომ „საქართველოს ბანკთან“ და „ჯეო აგროსთან“ შეთანხმება მიღწეულია და მოსახლეობა მზადაა მიწის საფასური 8 წლის განმავლობაში გადაიხადოს. თუმცა, ამ შეთანხმებას მოსახლეობის მცირე ნაწილმა მოაწერა ხელი. უმრავლესობა თავს იკავებს, იმიტომ, რომ ხალხი გადახდისუუნაროა. ამ ეტაპზე სიტუაცია ასეა გაჩერებული.

– როგორც ვიცი, მსგავსი პრობლემები მხოლოდ დედოფლისწყაროში არაა და თქვენი ორგანიზაცია ანალოგიურ პრობლემებზე საქართველოს რამდენიმე რაიონში მუშაობს.

– ნამდვილად ასეა. წლების წინ, სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდაში, 1500 ჰექტარზე განთავსებული იყო ახალი ჯიშების გამოყვანის სელექციური ცენტრი თავისი ინფრასტრუქტურით და შენობა-ნაგებობებით. შემდეგ ეს ტერიტორია კეზერაშვილმა და ადეიშვილმა მიისაკუთრეს და 2012 წლის დეკემბერში ვიღაც არაბებს გადაუფორმეს. ეს 1500 ჰექტარი ახლა არაბების ხელშია, რომლებმაც სიღნაღში მონათმფლობელური წყობა დაამკვიდრეს და ადგილობრივი მოსახლეობა მონებად აქციეს. წარმოიდგინეთ, ადამიანებს თავიანთ მიწაზე გავლის საშუალებას არ აძლევენ და ადგილობრივი მცხოვრების საქონელი რომ გადავიდეს, იმ საქონელსაც კი ართმევენ. თუმცა, საქონელს ვინ დაეძებს, კაცს ცოლი წაართვეს და სამი შვილი უდედოდ დატოვეს.
– ცოლი როგორ წაართვეს?

– ჩვეულებრივად.. არაფერს ვაჭარბებ. ილიაწმინდელი კაცის ცოლი არაბმა წაიყვანა და არავინ იცის, ის ქალი ახლა სადაა. ის არაბი ამ კაცს შვილების წართმევითაც ემუქრება. ბავშვების ბებია გაგიჟებულია, ბავშვებს ცოცხალი თავით არავის დავუთმობო და ეზოდან არ უშვებენ. მოსახლეობა ისეთ დღეშია, რომ მზადაა, დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს და მიწები თვითონ დაამუშაოს. გაიგოს ამ ხალხმა, რომ მარტო კანონმა და ხელისუფლებამ კი არა, უცხოელს პირველ რიგში, ხალხმა უნდა მისცეს მეზობლად ცხოვრების უფლება და ეს იქნება ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია. თუ ჩვენთან ცხოვრება და მეზობლობა უნდათ, მობრძანდნენ, მაგრამ იმდენი მიწა მივცეთ, რაც საცხოვრებლად ეყოფათ. ჩვენ მიწაზე შეყვარებული ხალხი ვართ ამას თუ წაგვართმევენ, რაღა დაგვრჩება? იმ არაბმა ახლა იორი დააგუბა, ტბას აკეთებს და არაბული ქალაქი უნდა გავაშენოო. მილიონ ნახევარი ქართველი საქართველოდან ლუკმა პურის საშოვნელად არის გაქცეული და იმათ რა ვუყოთ, არასოდეს დავაბრუნოთ? ან ჩვენ გამრავლებას არ ვაპირებთ? სად ვასახლებთ ჩვენს ხალხს? იქ ირანული და ჩინური სოფელიო, აქ არაბული ქალაქიო და ჩვენი ადგილი სად არის საქართველოში?

– თქვენი პოზიცია გასაგებია, თუმცა უცხოელებზე უკვე გასხვისებული მიწების უკან დაბრუნება სამართლებრივად როგორ წარმოგიდგენიათ?


– ისეთ დიდ ქვეყნებშიც კი, როგორიც აშშ და ინგლისშია, როცა დაინახეს, რომ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვამ სახელმწიფოებრივ ინტერესებს საფრთხე შეუქმნა, ნაციონალიზაცია განახორციელეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ გაბედავს, ამიტომ უნდა დაანებონ თავი ტაშ-ფანდურს, შეადგინონ გეგმა და მიწის გამოსყიდვა დაიწყონ. სულ ახლახან, თბილისის საახალწლოდ განათებაში 3 მილიონი გადაიხადეს. გასაგებია, რომ ახალი წელი მოდის, მაგრამ ჩვენ ისეთ სავალალო მდგომარეობაში ვართ, რომ გართობა უნდა მოვიკლოთ და გაყიდული საქართველო გამოვისყიდოთ. მერწმუნეთ, ასეთი სიტუაცია მარტო სიღნაღსა და დედოფლისწყაროში არაა. გარდაბანში, თელავში, წყალტუბოში, აბაშაში და ყველგან იგივე ხდება. ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია, რომ მიწა მოიხნას და დაითესოს, რომ ხალხი არ დაიმშეს და მერე ამ საქმეებს სამართლებრივად მივხედავთ. ჩვენ ახლა ეროვნული ღირსების დარბაზი ჩამოვაყალიბეთ, რომელიც სწორედ ასეთ ეროვნულ საკითხებზე მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით აუცილებლად გავიმარჯვებთ.
დედოფლისწყაროელთა გასაჭირზე „ჯეო აგროს“ პოზიციის გაგებითაც დავინტერესდით. კომპანიის დირექტორის თქმით, ისინი ყველაზე მეტად დაზარალდნენ, რადგან მიწის დაკარგვის მიუხედავად, ბიუჯეტის წინაშე აღებულ ვალდებულებების შესრულება უწევთ.

შპს „ჯეო აგროს“ დირექტორი ბესიკ თეთვაძე:


– როგორც იცით, ჩვენ ვერ დავფარეთ საბანკო ვალდებულებები და ბანკმა მიწა სესხის უზრნველყოფიდან გამომდინარე, ოფიციალურად წაიღო. დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ ფართის დათმობა მოგვიწია. შესაბამისად, ამჟამად, არავითარი მოლაპარაკებების პროცესებში არ ვიღებთ მონაწილეობას, რადგან იურიდიული და ფაქტიური მფლობელიც ბანკია.

– როგორც ვიცი, ადგილობრივი მოსახლეობა საიჯარო გადასახადებს წლების მანძილზე კეთილსინდისიერად იხდიდა. ამიტომ საინტერესოა, რატომ ვერ მოხერხდა საბანკო ვალდებულებების შესრულება?

– 3535 ჰექტარიდან გაქირავებული დაახლოებით 300–500 ჰექტრამდე იყო. თანაც ჩვენ მოსახლეობასაც შეღავათებს ვუკეთებდით- ნაწილს თავიდან ვახდევინებდით და ნაწილს მოსავლის აღების შემდეგ. ამის გარდა, ჩვენ ქონების გადასახადის სახით ვალდებულებებიც გვაქვს ბიუჯეტთან და ყოველწლიურად, ლამის 400 000 ლარს ვიხდით. ასე, რომ ყველაზე მეტად მაინც ჩვენ დავზარალდით..

ნელი თორდია
скачать dle 12.0