ქვეყანაში კიბოთი დაავადებულთა რიცხვი კატასტროფულ ზღვარს აღწევს

გაზაფხულის ქარიანი დღე იყო. სამსახურში შემაგვიანდა და ქუჩაში გამოსული კარგა ხანს ველოდე სახლისკენ მიმავალ ტრანსპორტს.
ჩემს გვერდით, ჩემს ბედში მყოფი ახალგაზრდა ქალიც ქარს ებრძოდა და იმავე სამარშრუტო ტაქსს ელოდა. ის იყო, სამარშრუტო ტაქსის გამოჩენის იმედი გადამეწურა და ალტერნატიულ ტრანსპორტზე ფიქრი დავიწყე, რომ ტაქსი გაჩერდა და ქალმა ხელი დამიქნია – ერთი მიმართულებით მივდივართ და გეპატიჟებითო. როგორც ტაქსის მძღოლების უმეტესობა, ჩვენიც ენაწყლიანი აღმოჩნდა და დანიშნულების ადგილზე მისვლამდე საშინაო და საგარეო პოლიტიკის ასპექტებიდან დაწყებული და ვალუტის კურსით დამთავრებული, ყველა საკითხი მიმოიხილა. ბოლოს, საქართველოში მძიმე დაავადებების ზრდის თემას რომ შეეხო, ქალმა მშვიდად თქვა – მეც კიბო მაქვს.. ალბათ, გამომეტყველება შემეცვალა, რადგან სწრაფად დაამატა – ექიმები იმედს მაძლევენ და ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რატომღაც, მაშინვე დავიჯერე, რომ ყველაფერი მართლაც ძალიან კარგად იქნებოდა და მხიარული, შავთვალა ქალი კიდევ მრავალ ქარიან და მზიან გაზაფხულს შეხვდებოდა, მაგრამ სახლში მაინც გულდამძიმებული მივედი. ერთი თვის მერე ექიმებმა ჩემს კოლეგას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მერე ჩემს უახლოეს მეზობელს, მერე ყოფილ თანამშრომელს, მერე კიდევ ერთი დიდი ელდა იყო და მივხვდი, რომ არავითარი აზრი არა აქვს, ვინ მოიგებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს და გაგვიუქმებს თუ არა ევროპა უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმს, როცა ყველა სასიკვდილო საფრთხის წინაშე ვართ და არავინ იცის, შემდეგი ვინ იქნება.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის დირექტორის ქართველი მრჩეველის ინტერვიუს, სადაც ვინმე მალინა ბერიკაშვილი ამბობდა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მის კლინიკაში საქართველოდან მომართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა და თვეში საშუალოდ, 50–80 პაციენტიდან მხოლოდ ათია მსუბუქი დიაგნოზით, დანარჩენს კი სხვადასხვა ფორმის სიმსივნე აქვს.
„საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი – ამ ქვეყნებში განსაკუთრებით დგას სიმსივნის საკითხი. ერთი კვირის წინ რომ ბავშვი კარგად იყო და ერთი კვირის თავზე ლეიკემიის დიაგნოზს უსვამენ, ასეთი შემთხვევაც გვქონდა.ე.ი არ არის საქმე კარგად. მოერიდეთ ბავშვების გასეირნებას ცენტრალურ ქუჩებზე. რუსთაველზე, პეკინზე, ცენტრალურ გამზირებზე საშინელი მდგომარეობაა. გამორჩელად დაბინძურებულია ნუცუბიძის ქუჩა, სადაც ფიჭური კავშირგაბმულობის ანტენები დგას, რომლებიც პირდაპირ ასხივებს რადიაციას. ეს მოქმედებს ლიმფურ კვანძებზე და სიმსივნეებს იწვევს“ – ეს ბერიკაშვილის სიტყვებია.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში კიბოს დიაგნოზით წელიწადში 10 000 ადამიანი ავადდება. გასულ წელს კი კიბოს დიაგნოზით 6 000 ადამიანი გარდაიცვალა. სპეციალისტები ონკოლოგიური პაციენტების რიცხვის ზრდას ადასტურებენ და დაავადების გაახალგაზრდავებაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, გარემო, რომელშიც ვცხოვროთ ტოქსიკური ნივთიერებებითაა დაბინძურებული, რომელიც ადამიანის ორგანიზმში აღწევს და სხვადასხვა დაავადების მიზეზი ხდება.

თბილისის მერიამ ქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმას დააანონსა. კერძოდ, იგეგმება ე.წ. ელიავას ბაზრობის გადატანა, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება და კერძო ტრანსპორტისთვის მკაცრი რეგულაციების დაწესება, თუმცა სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები არასაკმარისია და აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების გატარება. გვესაუბრება „იურიდიულ და ფიზიკურ პირთა უფლებების დაცვა-ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გიორგი ბურჯანაძე:

– საზოგადოებას ახსოვს, რომ ჩვენი კავშირი წლების მანძილზე ამ პრობლემაზე საუბრობდა და მოსახლეობას აფრთხილებდა, თუმცა სანამ „ურემი არ გადაბრუნდა“, ყური არავინ შეიბერტყა. დღეს ყველა ვხედავთ, რომ ონკოლოგიური და გულსისხლძარღვთა დაავადებების რიცხვი კატასტროფულად გაზრდილი და გაახალგაზრდავებულია. კარგია, რომ მერია სატრანსპორტო პოლიტიკის შეცვლას გეგმავს, მაგრამ გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზია. ონკოლოგიური დაავადებების გახშირების მთავარი მიზეზი, რაზეც თავად ონკოლოგები საუბრობენ, ტყვიის შემცველი და მოწამლული საკვები პროდუქტებია. როგორც იცით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დახურეს ლაბორატორიები, რომლებიც სურსათის ხარისხს ამოწმებდნენ. რაც დახურვას გადაურჩა, კორუფციულ სქემაშია ჩართული. მათ ინტერესებში არ შედის სწორი დიაგნოსტიკა, ამიტომ მიმართვის შემთხვევაში თავიდან გიშორებენ და გეუბნებიან, რომ რეაქტივი არა აქვთ. სამი წლის წინ, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იყო, კვლევა ჩავატარეთ და 12 აკრედიტებული ლაბორატორიიდან პროდუქციის შემოწმებაზე ყველამ უარი განაცხადა. მაშინ დანელია ძალიან გაბრაზდა და ლაბორატორიების უმეტესობა დახურა. დანარჩენებმა ამის მერე ორი თვე წესიერად იმუშავეს და მერე ისევ „აურიეს“. დაახლოებით 2 წელია, რაც საქართველოში ხმარებიდან ამოიღეს ნიტრატმზომები, რომლებსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეხვდებით. ეს არის მოწყობილობა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა არჩევანი ჯანსაღ პროდუქტზე გაეკეთებინა. ახლა ამის საშუალებაც მოუსპეს და ამიტომაა, რომ მაღაზიის დახლეზე იხილავთ ნიტრატებით გაჯერებულ ხილ-ბოსტნეულს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე დამანგრეველ გავლენას ახდენს. დივერსიაა, როცა ხელისუფლება ხელს უწყობს ასეთი უვარგისი პროდუქციის გავრცელებას. ცალკე თემაა გენმოდიფიცირებული პროდუქცია..

– რომელიც უკვე კანონით აკრძალულია..

– რეგულაცია მიღებულია, ეტკიკეტზეც დატანილია, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, მაგრამ ხდება მასობრივი ფალსიფიკაცია. მაგალითად, რძის პროდუქტების 80% პალმის ზეთზე დამზადებული, ფალსიფიცირებული პროდუქტია. წლებია ვსაუბრობთ და ხელისუფლეისგან ვითხოვთ, რომ საშუალება მოგვცეს გენმოდიფიცირებულსა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს შორის არჩევანი თავად გავაკეთოთ, მაგრამ უშედეგოდ.. ასე, რომ მხოლოდ ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების შემოწმება საქმეს ვერ უშველის. რაც შეეხება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობაა. პაციენტებისგან მეტი ფულის მიღების მიზნით ხდება ქიმიოთერაპიის კურსის ხელოვნურად „გაბერვა“. ანუ თუ 2 ქიმიოთერაპია საკმარისია, 4 და 5 უტარებენ, რაც უფრო ართულებს ვითარებას.

– ამის კონკრეტული ფაქტები გაქვთ?

– სულ ახლახან მომმართა ქალბატონმა, რომელიც საქართველოში უშედეგო მკურნალობის შემდეგ თურქეთში წავიდა. თურქულ კლინიკაში უთხრეს, რომ საქართველოში ჩატარებული ქიმიოთერაპიის ზედმეტმა კურსებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმა. მეორე მაგალითსაც გეტყვით. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის წლები იყო. ჩემმა ახლობელმა, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა, სიმსივნით დაავადებული მეუღლე ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ მიიყვანა. ქალს ქიმიოთერაპიის 6 კურსი დაუნიშნეს, მაგრამ მკურნალობის დაწყებამდე საქმეში კუდის ხელმძღვანელობა ჩაერია. კლინიკაში გადარეკეს, უთხრეს, რომ ამ ქალის ქმარი მათი თანამშრომელი იყო და იცით, რა მოხდა? კლინიკამ 6 ქიმიოთერაპიის ნაცვლად, ორი კურსი დაუნიშნა. გამოდის, რომ თუ „უპატრონო“ ხარ და მაღალჩინოსანი ახლობლები არ გყავს, ფულის გამოძალვის მიზნით გაორმაგებული ქიმიოთერაპია უნდა ჩაგიტარონ, რაც ბოლომდე ანგრევს ჯანმრთელობას. ამიტომაა, რომ ასეთი პრობლემის დროს, ვისაც ფინანსური მდგომარეობა საშუალებას აძლევს, ყველა თურქეთში ან ევროპაში მიდის სამკურნალოდ. ჯანდაცვის სამინისტრო კონტროლის განახორციელების ნაცვლად, ასეთ კლინიკებს მფარველობს, რაც დარწმუნებული ვარ, უანგაროდ არ ხდება. თუ ასე არაა, ერთი საქმე მაინც მაჩვენონ, რომელიც კონსილიუმზე განიხილეს და პაციენტის სასარგებლოდ გადაწყდა. აი, ამიტომაა ქვეყანაში სრული განუკითხაობა და ჯანდაცვის სფეროში წარმატებებზე საუბარი სისულელეა. რომელ წარმატებაზეა საუბარი, როცა ჩვენი მოქალაქეები ლამის გრიპის სამკურნალოდაც კი თურქეთში გარბიან?

– ბუნებრივია, ის პაციენტები, რომლებიც უცხოეთში მკურნალობენ, საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთეებით ვერ ისარგებლებენ. ამიტომ უამრავი ოჯახი დღესაც ბინას ყიდის, რომ უცხოეთში მკურნალობა დააფინანსოს და ჩვენი მოქალაქეების ფული ქვეყნის გარეთ მიედინება.

– საყოველთაო დაზღვევის პაკეტში არის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხები, თუმცა, ეს არ არის მორგებული პაციენტის ინტერესებზე. ეს არის კორუფციული სისტემა, რომელიც მხოლოდ ფულის კეთებაზეა გამიზნული და არა პაციენტის ინტერესებზე. აი, ამიტომ არაა მხოლოდ გაუმართავ ტრანსპორტზე და მოწამლულ ჰაერზე საუარი საკმარისი. აი, ამიტომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი კვლევითი ლაბორატორია, რომელიც საკვეის ხარისხს გააკონტროლებს. აი, ასეთ საკითხებზე უნდა მუშაობდეს სახელმწიფო უშიშროების სამსახური. ტერორისტი მარტო ის არ არის, ვინც შაჰიდის ქამრით დარბის. მოსახლეობის მასიურად მოწამვლას, დაავადებას და მოსპობას რომ ხელს უწყობს, ის ხალხი ყველაზე დიდი ქვეყნის მტერი და ტერორისტია.

ნელი თორდია

скачать dle 12.0