თამაზ წივწივაძის ხსოვნას

როგორი პუბლიცისტი იყო თამაზ წივწივაძე, როგორი ლიტერატორი და როგორი რედაქტორი, მკითხველმა შესანიშნავად იცის, მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცის, როგორი ადამიანი იყო იგი.

ვინც მას მხოლოდ მისი ნაწერებით იცნობდა, შეიძლება არც დამიჯეროს, რომ თამაზი უაღრესად თავმდაბალი, მოკრძალებული და მორიდებული პიროვნება გახლდათ, რომელსაც ყველას ჭირ-ვარამი გულთან ახლოს მიჰქონდა, ყველას გვერდით ედგა და ყველას ეხმარებოდა, რითაც შეეძლო.
ნაცნობ-მეგობრებს და ახლობლებს კი არა, სრულიად უცნობ ადამიანს რომ ეთხოვა რამე, არ დაიზარებდა, ათასგან დარეკავდა, ათას ვინმეს შეაწუხებდა და საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.

90-იან წლებში, როცა ქართულ მწერლობას ძალიან გაუჭირდა, სწორედ თამაზ წივწივაძის ინიციატივით დააარსდა ფონდი, რომელმაც ბევრი მწერალი იხსნა შიმშილით სიკვდილისაგან.

შემდეგშიც ასე იყო _ სიცოცხლის ბოლომდე პირადი "სტიპენდიანტი"

ჰყავდა, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან უხდიდა "სტიპენდიას".

ყველაფერი ეს კი ჩუმად და უხმაუროდ, მოკრძალებით და მორიდებით კეთდებოდა.

სიკვდილშიც მორიდებული და მოკრძალებული კაცი აღმოჩნდა თამაზი. მხოლოდ მისმა ახლობლებმა იცოდნენ, ძალიან ცუდად რომ იყო, არ უწუწუნია, არავინ შუწუხებია _ ჩუმად გამოაღო კარი და წავიდა.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

ვახტანგ ხარჩილავა
скачать dle 12.0