ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვეს.

მინდელის შახტში დღეს დილით ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.

საქართველოს პრეზიდენტმა ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახს მიუსამძიმრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს ამ უმძიმეს წუთებში. უკვე რამდენიმე წელია აღვნიშნავთ, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია.
აუცილებელია, კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა.
ის, რომ 2018 წელს შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი და 10 დაშავებული, იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავს შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება არ მომხდარა.
მისასალმებელია, ის ფაქტი, რომ შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი.
დღეს ისევ რჩება მთავარი კითხვაა - შესაძლებელი იქნება თუ არა, მინდელის შახტაში უსაფრთხოდ მუშაობის გაგრძელება? ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება იყოს დაცული“, - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა იტალიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერმონია და ვიზიტთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება.

იტალიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისთვის და მწუხარება გამოთქვა მეშახტეების დაღუპვის გამო. "სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაღუპვა ყოველთვის სამწუხაროა. იტალიელები გიცხადებთ სოლიდარობას", - განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ.скачать dle 12.0