ღია წერილი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ბატონო ბიძინა,
საქართველოს ხელისუფლების მიერ 2017 წლის 27 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების-“აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის შექმნის შესახებ”- შემდეგ არ დამიტოვებია თითქმის არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, ვისთვისაც არ გამეგზავნა ამავე შინაარსის წერილი, თუმცა, სამწუხაროდ, შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.


ბოლო 25 წელია სრულიად საქართველო, ერი და ბერი, ძალისხმევას არ იშურებენ, რომ აღდგეს კეთილგანწყობა ქართველებსა და აფხაზებს შორის. სასურველია, გაცხადებულ პროგრამაში ერთ-ერთ საკითხად შევიდეს საქართველოს ეროვნული ვალუტის კუპიურებზე (მათი განახლების კვალობაზე) ნომინალის აღმნიშვნელ, ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერებთან ერთად, აფხაზური წარწერის დატანაც. ამას განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმის გამო, რომ აფხაზ ხალხს საქართველოში სახელმწიფო წარმონაქმნი აქვს და თავიანთ სახელმწიფო ენაზე – აფხაზურად – უნდა შეეძლოს ფულის ნიშანზე გამოსახული ნომინალის წაკითხვა. ახლო წარსულს თუ გავიხსენებთ, ფაქტობრივად უნიტარულ სახელმწიფოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ფულის ნიშანზე თხუთმეტივე რესპუბლიკის ენაზე იყო სათანადო წარწერა.

რამდენადაც ვიცი, ამჟამად განახლების პროცესშია 10 ლარიანი კუპიურა აკაკი წერეთლის პორტრეტით. თუ მოესწრება (ეროვნული ბანკიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით დასაბეჭდად არის ჩაშვებული), ჩემი ღრმა რწმენით, აფხაზური წარწერის დატანას პირველად ამ ბანკნოტზე დიდი სიმბოლური დატვირთვა ექნება – „გამზრდელის“ ავტორის მიმართ აფხაზი ხალხის განსაკუთრებული დამოკიდებულების გათვალისწინებით.

ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა და გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის (ის საქართველის ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული) და აფხაზური ლიტერატურის კლასიკოსის დიმიტრი გულიას პორტრეტით, აფხაზეთის სხვადასხვა ღირშესანიშნაობებით (ბედიის მონასტერი, ბიჭვინთის სანაპირო, რიწის ტბა და ა.შ.) ოცდახუთლარიანი ბანკნოტის გამოშვება. როგორც ცნობილია, ასეთი ნომინალის ლარის კუპიურის დაბეჭდვა არ არის გათვალისწინებული და ამ წინადადებას გარკვეული წინააღმდეგობები შეიძლება შეხვდეს, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა, შესაძლოა, ამ შემთხვევაში გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ამ ნომინალის კუპიურა საკმაოდ მოთხოვნადი იყო ახლო წარსულში და მისი გამოშვება არ უნდა იყოს ურიგო.

ჩვენი აზრით, ამ ინიციატივის რეალობად ქცევა, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს ქართველთა და აფხათა შორის ნდობისა და, როგორც, აღნიშნული განცხადების გაკეთების დროს ითქვა, დამწვარი ხიდების აღდგენას.

ღრმა პატივისცემით,
ვასილ ჯიშკარიანი,
სს „საქართველოს ბანკის“
აფხაზეთის ფილიალის ყოფილი მმართველი.

ამ სტატიას ავტორი უძღვნის აფხაზეთის ცენტრალური ბანკის პირველი თავმჯდომარის, დიდი პატრიოტისა და ინტერნაციონალისტის სვეტლანა შამბას ნათელ ხსოვნას.
скачать dle 12.0