აჭარის "კუდის" ყოფილი უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ბალაძემ იცის, ვინ ესროლა როინ შავაძეს

გვესაუბრება ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანი პოლკოვნიკი, ბატონი რეზო რომანაძე

- ბატონო რეზო, მნიშვნელოვანი ძვრები მიმდინარეობს აჭარის მთავრობაში, მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, რას იტყვით, ივანიშვილი აჭარასაც „კულისებდან“ მართავდა?

- სატირალი რომ არ იყოს, სასაცილოა ზოგიერთი პოლიტიკოსის და ე.წ. საზოგადო მოღვაწის მოსაზრება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი კულისებიდან მართავდა პროცესებს. ივანიშვილი რომ პერიოდულად ჩარეულიყო სახელმწიფოს მართვაში, დღევანდელ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით. სწორედ ამან განაპირობა მისი პოლიტიკაში დაბრუნება.

მინდა შევახსენო ზოგიერთებს, რომ სწორედ ბატონმა ბიძინამ პრემიერ-მინისტრის რანგში გადადგა უაღრესად პრინციპული და ჭეშმარიტად დემოკრატიული ნაბიჯი: –2013 წლის თებერვალში ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს სახელწოდებით:,, საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის.“ ამ მხრივ მთავრობისთვის პრიორიტეტებად უნდა წარმოდგენილიყო დეცენტრალიზაციისა და თვითმართველობის განვითარებების მიმართულებით არსებითი რეფორმების განხორციელება, რომელსაც მართვის დემოკრატიულობა და მოსახლეობისათვის საჯარო მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ზრდა უნდა განეპირობებინა. 

დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რეფორმატორი და პატრიოტი, ღრმად არის შეწუხებული არსებული მდგომარეობით, მაგრამ თავს იკავებდა აშკარა ჩარევებისაგან.

- რას ფიქრობთ, რა უნდა გაეკეთბინა ხელისუფლებას მისი მმართველობა მეტად ეფექტური რომ ყოფილიყო?

- ხელისუფლებამ ვერა და ვერ შეძლო ისეთი ქმედითი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა სახელმწიფოს ეკონომიურ უსაფრთხოებას. საუბარი მაქვს მრავალმილიონიან არამიზნობრივ ხარჯებზე, აგრეთვე, წინა ხელისუფლების დროს გაქურდულ, გაფლანგულ, მიტაცებულ და მითვისებულ ასტრონომიულ თანხებზე, რომლის ნაწილის მობრუნება რეალურად წაადგებოდა ქვეყნის სწრაფ განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას. 
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ის პრეცედენტი, რომ სახელმწიფო მოსახლეობის კუთვნილ დოვლათს არავის შეარჩენს.

- რაც შეეხება აჭარას?

- უნდა აღინიშნოს, რომ აჭარაში არსებობს უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა, რომლის დაუნახავობა არ შეამცირებს მათ რაოდენობას. მოჩვენებითი კეთილდღეობა არ ასახავს რეალურ მდგომარეობას. აჭარა არის საქართველოს ფორპოსტი და მას განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება.
არ დავწრილმანდები ყველა პრობლემების ჩამოთვლით, შევეხები მხოლოდ რამდენიმეს:
_ ბათუმის მოსახლეობაში ჩამოყალიბდა აზრი იმის შესახებ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციის ნაწილი დაუმსახურებლად სარგებლობს ხალხის სახელით და ზოგიერთის კომპენტეციაში და განათლებაში შეაქვს სამართლიანი ეჭვი. უმაღლესი საბჭო დისტანცირებულია მოსახლეობისაგან და დაკავებული არის რუტინული საქმიანობით. იმავდროულად ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გააჩნია ავტონომიური უფლება შეიტანოს დამატებითი ცვლილებები იმ რეგულაციებში, რომლის აუცილებლობა კარგა ხანია მომწიფებულია.

- აჭარის მოსახლეობაში დომინირებს აზრი იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო კვალიფიციური კადრების ჩართვა გადაწყვეტილებების მომზადების და მიღების პროცესებში, რამაც განაპირობა კიდევაც აჭარის მმართველობის ცვლილება.

- მართლია და ამიტომაც ხშირად ღებულობდა საეჭვო გადაწყვეტილებებს. ერთ მაგალითს მოვიტან: ცნობილია, რომ თურქულ ფირმა,, მეტროს“ მიენიჭა ექსკლუზიური უფლებები აჭარაში საკვანძო ობიექტების შეძენაზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ადგილას, როგორიც არის ზღვისპირა პარკი. ამით საერთოდ ამოღებულია დღის წესრიგიდან გადაწყვეტილებების მიღების ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპები, როგორიც არის ეროვნული ინტერესების გათვალისწინება.

მოსახლეობის აზრით, ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ჩარეულიყო ბათუმის ზღვისპირა პარკში უცხოელებისთვის ისეთი ობიექტების გადაცემაზე, როგორებიც არის რესტორნები ,,შავი ზღვის მარგალიტი“ და ,,ძველი გემი“. მართალია, `შავი ზღვის მარგალიტი“ ეკუთვნოდა კონკრეტულ პირს, კერძოდ, არჩილ ხაბაძის სიმამრს მერაბ სირაბიძეს და ბიზნესმენ ალექსანდრე ინწკირველს, მაგრამ აუცილებლად გამოიძებნებოდა ისეთი არგუმენტაცია, რომელიც საკმარისი იქნებოდა, ეს ობიექტები დარჩენოდა აჭარის მოსახლეობას, ვინაიდან არსებობს გარკვეული ეჭვი პრივატიზაციის და გასხვისების სამართლიანობაზე. 

დღესაც ბურუსითაა მოცული აჭარის სამთავრობო რეზიდენციის უცხოელებზე გასხვისების ფაქტი, რომელიც მდებარეობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. სალიბაურში.

გასულ წელს პრესაში გაშუქდა ინფორმაცია და თქვენც იცით ამის შესახებ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ერთი ბიზნესმენი, ყველა ნორმატივების და კანონის იგნორირებით აპირებდა გონიოში ზღვისპირა ზოლში კორპუსების მშენებლობას. ამის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ უკანონობას შეაჩერებდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად, კორპუსები აშენებულია კანონის დარღვევით, ხოლო მოსახლეობის მოთხოვნა იგნორირებულია. ეს არის ანომალია. იზეიმეთ უკუღმართო ჩინოვნიკებო. პრეცედენტი დაშვებულია. ამის შემდეგ მიაყოლებენ მრავალ კორპუსს. უფრო მეტად გამრავლდებიან უცხოელები. გამდიდრდებიან გათავხედებული ბიზნესმენები და სახელმწიფო ბიუჯეტს კიდევ მეტად შეუმცირებენ რეალურ შემოსავალს.

მოსახლეობა კარგა ხანია ელოდა, რომ აჭარის ხელისუფლება შეძლებდა რედაქციის შენობის დაბრუნებას, რომელიც შეიძინა ,,პროკრედიტ ბანკმა“ და იქ ყველა ბეჭდვითი მედიის საშუალებას მოათავსებდა, დააბრუნებდა ფოსტას თავის ძველ ადგილზე, სადაც ახლა უცხოელების სამორინე ფუნქციონირებს, მაგრამ ასე არ მოხდა. ორივე შემთხვევაში მოიძებნებოდა საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ამ საკითხების სამართლებრივ დარეგულირებას და ხელისუფლების ავტორიტეტი აიწევდა.

ახლახან ბათუმის ,,წყალკანალში“ ერთ-ერთ თანამდებობაზე აჭარის ,,კუდის“ ყოფილი უფროსის, ავადხსენებული თემურ პატარიძის მოადგილე ალექსანდრე ბალაძე დაინიშნა, რომელიც განერიდა სამართლებრივ დევნას და თავს მეზობელ სახელმწიფოს აფარებდა. ბალაძესთან საზოგადოებას სერიოზული და მკაცრი შეკითხვები გააჩნია მის საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის გახმაურებულ როინ შავაძის მკვლელობასთანაც კი. რომ არა საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის ჩარევა, ბატონი ბალაძე დღესაც დაუმსახურებლად ისარგებლებდა საჯარო სამსახურის უპირატესობებით. რომელი ერთი ჩამოვთვალო ამ პატარა საუბარში. საკითხები და პრობლემები გაცილებით მეტია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ანომალია, ანუ უკუღმაღთობა ჩვენს ირგვლივ საფუძვლიანად არის ფეხმოკიდებული.

- საინტერესოა, რა ფორმით არის დაკავშირებული ბალაძე როინ შავაძის მკვლელობასთან? 

- ბალაძის უწყებაში დაიგეგმა როინ შავაძის წინააღმდეგ სპეცოპერაცია. მოგეხსენებათ, როინ შავაძე მზვერავი გახლდათ, პატრიოტი კაცი იყო, თუმცა, ზოგიერთებს მის ერთგულებაში ეჭვი ეპარებოდა. დაგეგმეს სპეცოპერაცია, რის შესახებაც მშვენივრად იცის ბატონმა ბალაძემ და ჩემი აზრით, ისიც იცის, ვინ ესროლა პირველმა შავაძეს, გამოსაძიებელია ეს საკითხები. კიდევ ვიმეორებ, ამის შესახებ ინფორმაციებს ფლობს ალექსანდრე ბალაძე. შავაძის მკვლელობაში ათამდე ადამიანს აქვს მონაწილეობა მიღებული და ამ საქმის გამოიძიება არავითარ პრობლემასთან არ იყო დაკავშირებული. კაცი სულ ტყუილად გასწირეს, შეეშინათ ბალაძეს და პატარიძეს, არ გაეთქვა მათი ბნელი საქმიანობის შესახებ და მოიცილეს...

მინდა ოპონენტებს მარტივი შეკითხვა დავუსვა: რაო, ბატონებო, რაც ჩამოვთვალე და ბევრი სხვაც, რაც არ ჩამომითვლია, ბიძინა ივანიშვილის დავალებით და ჩარევით ხდებოდა? უკუღმართო ხელმძღვანელებო და ჩინოვნიკებო, ყველაფერი თქვენი უყაირათობის და ვინ იცის კიდევ რისი ბრალია.
ჩემი აზრით, სახელმწიფოში უნდა შეიქმნას პასუხის მოთხოვნის მექანიზმი, რომელიც დროულად შეუფასებს ნებისმიერ საჯარო მოხელეს გაკეთებულს და გაუკეთებელსაც, და იმავდროულად იქნება მნიშვნელოვანი რგოლი სამართლიანობის აღდგენის საქმეში.

- ბატონო რეზო, კვლავ შეგეკითხებით, რას იტყვით აჭარის მთავრობის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურასთან დაკავშირებით. გაქვთ იმედი, რომ უკეთესი მმართველი იქნება?

- აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობის კანდიდატი ახალგაზრდა კაცია და ხელის შეწყობა სჭირდება, ჩვენ მზად ვართ მას მხარში ამოვუდგეთ. აჭარის ხელმძღვანელობამ აჭარის პრობლემები რეალურად უნდა დაინახოს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას, თორემ სიტუაცია აჭარაში საგანგაშოა. 
ლოიალურ, ფასადურ მმართველს აჭარა ვეღარ აიტანს და თუ ახალი მმართველიც იმავე გზას გაუყვება, რასაც პატარაძე დაადგა, მასაც მოუწევს აჭარის დატოვება.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0