სად გაქრა მთიანეთის განვითარებისთვის გამოყოფილი 62 მილიონი?

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ხევსურეთი იძულებით აყრილი და დეპორტირებული კუთხეა, რომელიც ცხრა თემისგან შედგებოდა ხევსურები საკუთარი მიწა-წყლიდან თავისი ნებით არ წასულან!

გასული საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთი კომუნისტურმა რეჟიმმა აყარა და სამგორისა და შირაქის ნახევარუდაბნოებში ჩაასახლა.
ჩასახლებულთა დიდმა ნაწილმა (უფროსმა და საშუალო თაობამ) ვერ შეძლო გარემოსთან ადაპტირება და ამოწყდა…
დღევანდელი ხევსურეთი მოსახლეობის იმ მცირე ნაწილისგან შედგება, ვინც ფარულად უკან დაბრუნება, ანუ გამოქცევა და გამოპარვა შეძლო არხილოს კალოდან, რადგანაც აკრძალული იყო ხევსურეთში ხევსურთა უკან მიბრუნება. მათ უშიშროება და მილიცია ჟინვალთან, 300 არაგველის ხიდის ყურზე აპატიმრებდა და უკან აბრუნებდა. 

სწორედ ამ ბარბაროსულმა ძალადობამ დაანგრია ხევსურეთის ისტორიული და ეთნო-კულტურული, ეთნო-ფსიქოლოგიური სამყარო უნიკალური სამეურნეო სისტემებით, მიწის კერძო-სათემო მფლობელობით, რჯულის (სამართლის) უმაღლესი კატეგორიებით, თანასწორთა ეგზალიტარული საზოგადოებით და აქცია იგი დემოგრაფიული და კულტურულ-ეკონომიკური კოლაფსის ზონად!

მოშალა სამშობლოს მცველთა მხარე, რომელიც შეუვალად იცავდა ჩრდილოეთის საზღვარს ბარბაროსული ურდოებისგან და არა ოდენ ჩრდილოეთის საზღვარს…

სწორედ ამიტომ გვჭირდებოდა და გვჭირდება ამ კუთხის საგანგებო ყურადღების არეალში მოქცევა.
სწორედ ამიტომ გვჭირდებოდა და ვიბრძოდით მთის კანონის და მთის აღორძინების ფონდის შესაქმნელად, რომ მთიანეთის ისტორიულ თემთა კრიზისული ვითარების დაძლევა შეგვძლებოდა და, კერძოდ, ხევსურეთის გადარჩენა!

მაგრამ ვიტყვი, რომ კიდევ ერთხელ ამაოდ დავშვრით და მაღალი მთიანეთისთვის შედეგი ნულოვანი დადგა…
გაუწყებთ საგანგაშო ფაქტს: ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დათვის-გველეთ-მოწმაოს თემიდან (რომელსაც ბრწყინვალე სამეურნეო სივრცე და ეთნო-კულტურული გარემო გააჩნია) დარჩენილი ხუთი მოსახლიდან ოთხი ახალგაზრდა ოჯახი აიყარა და წავიდა!
ამავე დროს, აქ, მამა-პაპის ნასახლარში დაბრუნების მსურველი ორი კომლი უკან მიბრუნდა! ისინი ელოდებოდნენ რაღაცას მთის კანონისგან და ხელისუფლებისგან (და პირადად ჩემგანაც) მაგრამ იმედი გაუცრუვდათ!

ჩვენ ვერც მომსვლელს და ვერც აქ მყოფს ვერაფრით მივეხმარეთ! მთის ფონდი სარულიად უსარგებლო აღმოჩნდა მათთვის!
იცით, ეს რას ნიშნავს, ბატონო ბიძინა?! ჩვენს თვალწინ დასრულდა კიდევ ერთი უძველესი თემის ისტორია და დარჩა რამდენიმე ჩამქრალი კერა და ნასახლარი!

ბოლო ხუთი წლის მოლოდინის მერე დარჩა ერთი ქალი, ზამთარში იმანაც გამოკეტა სახლი და სიძესთან წავიდა! ეს არის დრამატული ვითარების სიცხადე!
ვითარება ანალოგიურია სხვა მაღალ მთიანეთის თემებშიც. მეტსაც გეტყვით, მთის კანონმა მაღალი მთის კრიზისული ზონის თითო-ოროლა მცხოვრებიც მთისწინეთში კომპაქტურ დასახლებებში ჩამობერტყა. მაგალითად, ხადადან ფასანაურსა და ანანურში, უკანაფშავიდან ჟინვალში და მაღაროსკარში, არხოტი-ბაცალიგოსა და ლიქოკის ტემებიდან ბიჩინგაანებსა თუ მლაშეში…

ვინაიდან მთის კანონის შეღავათები იქ უკეთ ვრცელდება, სადაც კომპაქტური დასახლებებია, სადაც დენი, გაზი, წყალი და სახელმწიფო დაწესებულებები (სკოლა, საავადმყოფო, საკრებულო და ა. შ.) ფუნქციონირებს.

ხოლო მაღალი მთიანეთის დეპრესიულ თემებში, სადაც პენსიონერიც კი არ არის დარჩენილი და არანაირი დაწესებულება არ არსებობს, იქ მთის კანონი ვერ მოქმედებს, ვერ ეხმარება ახალგაზრდა ადამიანს, ვერც მეურნეს…
ხომ არის სავალალო, ერთგვარად პარადოქსული, მოულოდნელობა?

რაც შეეხება მთიანეთის აღორძინების ფონდს მას არ აღმოაჩნდა მაღალი მთის ზონაში მყოფი ან იქ დაბრუნების მსურველთა დახმარების სტატუსი… ადამიანი, რომელიც არც პენსიონერია და არც მოსამსახურე და მთაში ცხოვრება სურს, ისევ ისე დაუცველი დარჩა, როგორიც იყო სახელმწიფოს ყურადღების გარეთ…
5000-ლარიანი ონლაინ რეჟიმში გაცემული გრანტებიც მათთვის მიუწვდომელი დარჩა, რომელიც მოსწრებაზე რიგდებოდა.
მათ არ იციან ეს ტექნოლოგიები, მათ იციან მეურნეობა და კონკრეტული დახმარება სჭირდებათ, თუნდაც სესხი, ოღონდ გრძელვადიანი და დაბალი პროცენტით საკუთარი პროექტის და იდეის განხორციელებისთვის.

მთიელებს არც ის მოეწონათ, რომ იქ გაუსვლელობის 9-თვიანი რეჟიმი დაუწესეს მთის კანონით…
რა ქნას თუშმა, ფშაველმა თუ მოხევე მწყემსმა, რომელიც მომთაბარეობს და ბარში გამოზამთრებას სულ მცირე, 6–7 თვე სჭირდება!
მას არ ეძლევა მთიელის სტატუსი, ესეც ხომ უცოდინარობის სინდრომია!

მსგავსი რამეები უნდა შეიცვალოს მთის კანონში.

საგანგაშოა ის გარემოებაც, რომ ფონდი დაიშალა წვრილ-წვრილ გრანტებად და ულუფებად, იგი მიბმული აღმოჩნდა ფონდზე აწარმოე საქართველოში და კოოპერატივებზე. ანუ კვლავ გადაჯაჭვული ბიუროკრატიულ კლანებთან და სტრუქტურებთან!
მთიანეთის განვითარების ეროვნული საბჭო დახურული (ჩაკეტილი) აღმოჩნდა ჩვენთვის, მთის კანონის შემქმნელთათვის, აკადემიისთვის, მთიანეთის კომისიისთვის…

ხომ არსებობს გაფანტული სკლეროზი ადამიანი ვერ იხსენებს სად რა დადო, ისეა ეს ფონდიც კაცი ვერ გაიგებს, როგორ გაიფანტა და სად რა გაკეთდა!..
ამ დროს თურმე 62 მილიონი უკვე დახარჯულია.
საგანგებოდ გადავამოწმეთ: ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, მაღალმთიანი ზონების დეპრესიულ სივრცეზე არაფერი გაკეთებულა, ფაქტობრივად, შედეგი ნულოვანია! არ არის ეს საგანგაშო?!

ბატონო ბიძინა! თითო ისტორიული კუთხისთვის (სულ 11 ასეთი მაღალმთიანი რეგიონია) თითო მილიონი რომ გამოგვეყო! მიზნობრივი, ეთნო-კულტურული ტრადიციული სამეურნეო მოდელებისთვის და დაბრუნებისთვის კუთხეების გაცოცხლება დაწყებული იქნებოდა…
ყველა კუთხისთვის საკუტარი კვოტა რომ მიგვეცა ვითარებისა და საჭიროების მიხედვით, ჩვენზე ეშმაკი ვერ იცინებდა. არადა, ვტრიალებთ ერთ ჩაკეტილ საბედისწერო წრეზე და გარედან შიგნით ვერ შევდივართ!

თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ ბატონ ერეკლე ტრიპოლსკის, თუ რამდენი შესანიშნავი პროექტი წარვუდგინეთ რეგიონულ კომიტეტს, რამდენი იდეა მივაწოდეთ მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი კვირიკაშვილის მთის ეროვნული საბჭო ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყრუ კედლად იქცა!..

კვირიკაშვილს საკმაოდ მძაფრი წერილიც მივწერე საერთო გაზეთში, მაგრამ რად გინდა, რაც არ ეწადა გიგისა, ყურებში მძიმედ მისდისა!
ის საერთოდ ვერ მოვახედეთ ჩვენსკენ…

ახლა ამას არ დავწერდი და წარსულს უკან არ მივადევნებდი ქვად, რომ ეს მისთვის პირადად და საჯაროდ თქმული არ მქონოდა.
შემოვდივართ წინადადებით პარლამენტისა და ხელისუფლების წინაშე:
უნდა გაუქმდეს და შეიცვალოს მთიანეთის ეროვნული საბჭო, ჩვენ ვერ შევძელით ამ დახურულ ზონაში ვერც ერთი მეცნიერის, ვერც ერთი სწავლულის, ვერც ერთი აკადემიკოსის შეყვანა?!!

მთის საზოგადოება აღშფოთებულია მათი ამ საიდუმლო სერობით, ამ გრანტომანიით და აღებ-მიცემობანას თამაშით!
ბატონო ბიძინა! ისევ თქვენ უნდა მოგმართოთ თხოვნით: ისევ თქვენ უნდა გვიშველოთ! არ არის სხვა საშველი…
არ გამოჩნდა კაცი პოლიტიკურ სივრცეში და არც ხელისუფლებაში, რომელსაც ეტყვი და მოგისმენს, რომელსაც შეეძლება პრობლემის დანახვა და გადაწყვეტა, კაცი, რომელსაც სტკივა საკუთარი ქვეყანა.

დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მომაწოდა 200-მდე ბენეფიციარის სია, რომელთაც მთის ფონდი ეხმარებოდა. ორ წელიწეად-ნახევარსი 62 მილიონამდეა დახარჯული. არ არის ეს მცირე თანხა. სად, რაზე და როგორ ნაწილდებოდა იგი?! ეს პირადად ჩემთვის (და არა მხოლოდ ჩემთვის) გაუგებარია…
მაღალმთიანეთის ის სივრცე, სადაც მრავალი პრობლემა დგას და დემოგრაფიული კრიზისი მძვინვარებს, ისევ მკვდარ ზონად დარჩა, არც ერთი სინათლის სხივი არ მოძრაობს ამ მკვდარ ტბებში, იმედის ერთი ნაპერწკალი არ გაჩენილა ამ მილიონებიდან… ამაში არ შედის არხოტის გზები და ხიდები შატილის ჰესები, თუ მუცოს რესტავრაცია – ეს სხვა პროგრამის ნაწილია.

რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?

ჩვენ ვთავაზობდით (და ვთავაზობთ) ხელისუფლებს ნათელ იდეას და კონკრეტულ პროექტებს. მთიანეთის თემთა გადარჩენისთვის. ამას არ იღებდა მთის განვიტარების ეროვნული საბჭო, არც უკეთესს გვთავაზობდა, ჩაიკეტა ბანკებთან ურთიერთობის ძველ მევახშურ სტერეოტიპში.
ძველი ხერხებით ჭრიან და ხერხავენ, ჭრიან და ხერხავენ!..

ამიტომაც, ბატონო ბიძინა, ისევ თქვენ მოგმართავთ, ადამიანს, რომელსაც შეუძლია პრობლემის დანახვა და შველა და რაიმეს გადარჩენა!
მაღალმთიანეთის ზოლი (მთის სოლარული სარტყელი) ისეთივეა ჩვენი ქვეყნისთვის (ერისთვის), როგორც ოზონის გარსი დედამიწისთვის, მოგვერღვევა, გაქრება ეს გარსი და დავიღუპებით, ერი ამ ფატალურ დროში (უამისოდ) ვერ გადარჩება!
ბატონო ბიძინა! გაგვიწიეთ რეკომენდაცია მთავრობასთან, დაგვაწყებინნონ ამ ოზონის გარსის აღდგენა თუნდაც ერთი თემიდან და ეს იყოს ხევსურეთი! და იყოს დათვის-გველეთ-მოწმაოს ისტორიული ეთნო-კულტურული, უნიკალური სამეურნეო თემი!
იქნებ, ერთ თემში მაინც შევძლოთ, თუნდაც სანიმუშოდ ერთი მოდელის ხორცშესხმა და იმის ჩვენება, თუ რა ტიპის სამეურნეო და ეთნო-კულტურული პროექტის შეთავაზება შეიძლება არა ოდენ ხევსურთათვის, არამედ სხვა ისტორიული ტემებისთვისაც…

კობა არაბული
მწერალი, ეთნოლოგი

скачать dle 12.0