"საქართველოს ტოლერანტობის ისტორია მდიდარი და წარმოსაჩენია"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ტოლერანტობის ისტორია მდიდარი და წარმოსაჩენია. ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული მინისტერიალის პლენარულ სხდომაზე ილაპარაკა.

პირველმა დიპლომატმა საქართველოში სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ჰარმონიულ თანაცხოვრებას გაუსვა ხაზი, ამის მაგალითად კი უნიკალური ფენომენი – ქართველი შიიტები და სუნიტები მოიყვანა, რომლებიც ერთ მეჩეთში ლოცულობენ.

„2014 წლის შემდეგ 202 მეჩეთი მუსლიმებს დაუბრუნდათ, 20 სინაგოგა იუდეველებს, ორი ტაძარი კი ევანგელურ-პროტესტანტ საზოგადოებას“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

პირველმა დიპლომატმა  ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ რთულ ვითარებაზეც ილაპარაკა.
მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს და მათ მრევლს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში შესვლის საშუალება არ აქვთ.  

ზალკალიანმა აღნიშნა ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების დიდი ნაწილი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განზრახ არის დაზიანებული. ეს კი რუსეთის მხრიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის გაქრობის მცდელობაა.
„ამის მიუხედავად, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისთვის. ამისთვის კი დიპლომატიურ გზებს მიმართავს, მათ შორის არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

რელიგიური თავისუფლების მინისტერიალი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა და სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გახსნეს, რის შემდეგაც პლენარული სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლებით გაგრძელდა.

მინისტერიალს 80 ქვეყნის დელეგაცია და ათეულობით ქვეყნიდან ჩასული მინისტრები ესწრებოდნენ.
imedinews.ge
скачать dle 12.0