თამასააწეული

ჩემი პრეზიდენტი გაიზარდა, ისე გაიზარდა, სანამ ჩემი პრეზიდენტი იყო, რომ ახლა სამყაროს მმართველი ჰგონია თავი.
ჩემს გადაწყვეტილებას ელოდება ყველა, მე მიყურებენ, წარვადგენ თუ არა კანდიდატურას და იმის მიხედვით წამოყენებენ თავის კანდიდატურას, მე რომ კანდიდატურა წამოვაყენო, ქართულმა ოცნებამ თამასა უნდა აწიოსო.


აჰ, ამხელაზეც, როგორ ავწევთ ახლა თამასას, ბატონო პრეზიდენტო?

ანუ, მარგველაშვილთან შესარკინებლად, სხვა ფალავანი სჭირდება ქართულ ოცნებას.
რუმბივითაა გასიებული მარგველაშვილი და ვინ წააქცევს, ვინ მოერევა, ვინ მიაძახებს, ახლა, გინდა გაიტანეთ და გინდა შემოიტანეთ, ეგ თქვენი რუმბივით გასიებული ფალავანიო – სადღაა ბაში-აჩუკი.

რა ქნას მარგველაშვილმა, ისე მოეწონა პრეზიდენტობა, ისე მოეწონა, რომ კიდევ უნდა და მოკალი.

რა ტყუილად სადილობდა ხოლმე ბოკერიასთან ერთად, ბოკერიაც კი განუდგა, ბოკერიამაც კი მიატოვა, ბოკერიასაც კი გაუცრუვდა იმედები.
ასეა, ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარეთ გარბოდაო – მოირბინა ყველა კუთხე-კუნჭული ხმის მოსაპოვებლად – მაინც ვერა რა, მაინც არა რა.
ხოდა, ზის და უკვირს, როგორ, რანაირად, აკი, მთელმა საქართველომ მისცა ხმა – სად არიან ეს ხალხნი, რატომ ვეღარ ხედავს ამ ხალხს.
ხოდა, ზის და ფიქრობს, აკი, ნაცებს სჭირდებოდათ აქამდე, თავზე ხელს უსვამდნენ აქამდე, – იმათ მაინც რაღა მოუვიდათ, ისინი მაინც რატომ განუდგნენ.
ეჰ, ნაცებს მანამდე სჭირდებოდით, სანამ ე.წ. პოლიტპატიმრების გამოშვება შეგეძლოთ, სანამ, მერაბიშვილის დაცვა შეგეძლოთ, სანამ ნაცების გაპრავება შეგეძლოთ – ახლა, ქვიშის საათი გადაბრუნებულია და ბოლო წამებს ითვლის – არც ნაცებს სჭირდებათ წყალში გარეული ღვინო – მერაბიშვილი დაიცავით და სააკაშვილის დაცვა ვერ გაბედეთ, დაჟეჟეთ და ვერ გატეხეთ – ნახევარნაცი არ სჭირდებათ ნაცემს, არავის სჭირდება ნახევარ-ნახევარი საერთოდ – დაუწერელი კანონია.

მაინც ჯიუტად ეპუება, ჩემი პრეზიდენტი, ლოგიკას, მაინც ჯიუტობს და თვლის, რომ ეს არჩევნები მისი დიდგორია.
ყველაფერი გავიგე, მივხვდი, რომ გაუტკბა და არ უნდა რეზიდენციიდან გამოსვლა, ვიცი, რომ უნდა ჩემი პრეზიდენტობა, რატომ არ ენდომება, მე ვშიმშილობ, ეგ იცინის, მე მცივა, ეგ ღადაობს, მე მკლავენ, ეგ თავის ხულიგან სანათესაოს უშვებს ციხიდან…

ხო, მესმის, რომ უნდა ჩემი პრეზიდენტობა, ასე, მდიდრული სექსით გართულს, ვისკის ჭიქით ხელში, რას გადავაყოლე მეც ამ ვისკს, უნდა ოფიციალურ შეხვედრებზე სიარული საზღვარგარეთ და აღარ უნდა ფილოსოფიურ ტრაქტატებზე ფიქრი – მაგრამ, ნუთუ მცირედი ეჭვიც არ ეპარება, ნუთუ, ფიქრადაც არ მოსდის, რომ ეს მან კი არ გაიმარჯვა მაშინ, არამედ ქართულმა ოცნებამ, პარტიამ გაიმარჯვა და არა ინდივიდმა?
ანუ, სხვა რომ წამოეყენებინა საპრეზიდენტო კანდიდატად ქართულ ოცნებას, ვერ გაიმარჯვებდა, მხოლოდ მარგველაშვილი იყო დაუმარცხებელი ფალავანი?
ვინ იცოდა მარგველაშვილი? ვინ იცნობდა მარგველაშვილს? ვინც იცნობდა, იმ თავისი ტრაქტატებით, ვის ეგონა ნორმალური?
ისა და, ჩემი პრეზიდნეტი, აფრენს?

ისე აფრენს, რომ საკუთარი თავი მომავალ პრეზიდნეტად წარმოუდგენია პარტიის გარეშე?
კარგი, აფრენს ჩემი პრეზიდნეტი, რა ვქნა, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ვიქნები, ვისი პრეზიდნეტიც აფრენს, მაგრამ, მე მოვაფრინე ეს კაცი? მე ამოვაფრინე ფილოსოფოსის ბუდიდან?

ისა და, არ აფრენდა ეს კაცი მანამდე? ნორმალური იყო გაპრეზიდენტებამდე და მე გავაგიჟე? მე გადავიყვანე გონებიდან?
ხოდა, ვინ მომიფრინა და ვინ დამიფრინა ეს კაცი იქ, საიდანაც გამოსვლა არ უნდა ახლა?

სამსახურის დაწყება უნდოდა ჩემს ახლობელს და ფსიქოლოგის დასკვნა მოსთხოვეს – პრეზიდენტობა არ არის სამსხური? მოვთხოვეთ პრეზიდენტობის კანდიდატს ფსიქოს ცნობა? არ მითხრათ რომ – კი და არ მითხრათ ახლა, რომ ეს ცნობა აქვს, თორემ, მე გავგიჟდები და გავაფრენ.
რა მოხდება საპრეზიდენტო კანდიდატებს ფსიქოს ცნობა რომ მოვთხოვოთ და ცოტა, აი, სულ ცოტა აიქიუზეც რომ შევამოწმოთ?
თორემ, ქვეყანაში, სადაც არასაპრეზიდნეტო მმართველობაა, ბუნებრივია, პარტია იმარჯვებს და არა კანდიდატი, ხოდა, მინდა ახლა კიდევ ერთი აფრენილი, კიდევ ერთი დაფრენილი პრეზიდენტი მე?

რა გინდა მარგველაშვილი, რეზიდენციაში იყავი? – იყავი, პრეზიდენტებს შეხვდი სხვა ქვეყნისას? – შეხვდი. სამიტებზე გიშვებდი – გიშვებდი. უამრავ ქვეყანაში ჩაფრინდი საპრეზიდნეტო თთმფრინავით? – ჩაფრინდი. ხელფასს გიხდიდი დროულად? – გიხდიდი. მინახიხარ ერთხელ მაინც ხალხთან გამოსული ქუჩაში? – არა. ხოდა, რა გინდა, ადამიანო?

ყველა პარტიამ ჩაიქნია შენზე ხელი, დაგრჩა უსუფაშვილი – რომელიც თავის მხრივაც კარგად აფრენს, რომელიც, თავის მხრივაც მომიფრინეს და დამიფრინეს პარლამენტში და რატომ, დღემდე ვერ ვხვდები, ვინ გვთხოვა, რესპუბლიკელების დაფრენა მთავრობაში, დღემდე ვერ გავარკვიე.
რესპუბლიკელებს ვინ აუტანიათ ბოლომდე, ვინ გაუტანიათ ბოლომდე, ვის არ განაწყენებიან, თქვენ რომ გადაგეფარონ, ბატონო პრეზიდენტო.
ფსიქო მომიტანეთ, პატონო პრეზიდენტო, ფსიქო და აიქიუს მონაცემები – თორემ, ეჭვი მეპარება უკვე და ოხერია ეჭვი.
ასეა მარგველაშვილი, ესაა სიმართლე და მომკალი, თუ გინდა, მესროლე, თუ გინდა – სიმართლე ერთია, პარტიის გარეშე, ქართული ოცნების გარეშე – პრეზიდენტს კი არა, ფილოსოფოსსაც არ გიცნობა არავინ.

ეჰ, თაკო ჩარკვიანი გამახსენდა მაინც და რა ვქნა – პუბლიცისტი ვარ მეო, ერთი ეგაა პუბლიცისტი და მეორე თქვენ ხართ ფილოსოფოსი, ერთი თაკო ჩარკვიანის ხმა წყვეტს გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდნეტებას და მეორე თქვენი ხმა გაგაპრეზიდენტებთ.

მე კი ძალიან ვიდარდებ, დიდი იმედია მაქვს, დიდი იმედი მაქვს, მომენატრებით, დიდი იმედი მაქვს, სინანულით გავიხსენებ დროს, თქვენი პრეზიდენტობისას, როცა გექილიკებოდით, როცა, თქვენს ნათქვამზე ვიცინოდი და ხალხს ვაცინებდი, როცა ხუმრობის საშუალებას მაძლევდით თქვენი ქმედებებით… მომენატრებით, ბატონო პრეზიდენტო, თქვენთვის და თქვენთან წერა მომენატრება, ჩვენი გამუდმებული ჩხუბი და კამათი მომენატრება, ანეგდოტები და ანდაზები მომენატრება, რომელსაც გიძღვნიდით.
ხოდა, დაე, მომენატროთ!

მანამდე კი, გაემზადეთ, ბატონი პრეზიდენტი თამასას სწევს თავისი კანდიდატურით, თამასას სწევს, ბატონი პრეზიდენტი, და ფეხის წვერებზე დგას აწეული თამასით ხელში.

მაინც არ მასვენებს ერთი ოხერი კითხვა, ასე თამასააწეული პრეზიდენტი თუ გვყავდა – აქამდე რატომ ვერ ვხვდებოდი, აქამდე რატომ არ ჩანდა, აქამდე რატომ არ დაეტყო ქვეყანას?

მარტო კაცი თამასაშიც ცოდოა – ხოდა, ავუწიოთ თამასა, არა, ბევრად მაღლა ავუწიოთ, მომავალ კანდიდატს თამასა, თორემ, არსებულზე ოდნავ უკეთესი, არ მეყოფა, არსებულზე ოდნავ ჭკვიანი არ დამაკმაყოფილებს, არსებულზე ცოტათი უფრო გაწონასწორებული – რას მიშველის.

თამო კეშელავა

скачать dle 12.0