...ამათ ლანგარით მოსკოვიც რომ ჩამოვუტანო და მივართვა, მაინც უკმაყოფილოები დარჩებიან და გამაკრიტიკებენ, რატომ პეტერბურგიც არ მოაყოლეო...

ივლისი, პოლიტიკური თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა, საკმაოდ მრავალფეროვანი გახლდათ.

ერთი თვის წინ დიდი შვიდეულის უნაყოფო სამიტის შემდეგ სამყაროში გაურკვევლობამ დაისადგურა. ამჯერად ბელგიის დედაქალაქი ნატოს სამიტს მასპინძლობდა. სწორედ ბრიუსელში უნდა გარკვეულიყო ნატოს ორგანიზაციის მომავალი. დასავლური პრესა იმასაც წერდა, შესაძლოა, ალიანსის ეს ბოლო სამიტი იყოსო. მათი ასეთი პესიმისტური პროგნოზის საფუძველი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისცა. მან სამიტამდეც არაორაზროვნად მიანიშნა, რომ აშშ-სთვის ნატოს დიდი მნიშვნელობა არ აქვს და შეგვიძლია მივატოვოთო. ექსპერტების შეფასებით, ტრამპი, ფაქტობრივად, აშანტაჟებდა ალიანსის წევრებს.

ბრიუსელში ჩასულ ტრამპს მხოლოდ პროტოკოლის უფროსი დახვდა. სამეფო ოჯახის და მთავრობის წევრები აეროდრომზე არ დახვდნენ. მიზეზი ფეხბურთი გახლდათ. ცივმა მიღებამ, თავისთავად, ტრამპი გააღიზიანა, მაგრამ გარეგნულად ეს არ შეუმჩნევია.

დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ ნატოს სამიტის დაწყებამდე აკრიტიკებდა იმ ქვეყნებს, რომლებიც არ იხდიან საწევრო გადასახადს. სამიტის პირველივე დღეს მან კატეგორიულად მოსთხოვა ალიანსის ქვეყნებს ხარჯების გაზრდა. ამასთან, განსაკუთრებული კრიტიკის ქარ-ცეცხლში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გაატარა. ...რუსეთთან მჭიდრო კავშირი აქვს და ნატოსგან ითხოვს რუსეთიდან მომავალი საფრთხეებისგან დაცვას, განაცხადა ტრამპმა. მისივე განცხადებით, ალიანსის ხარჯების 90 პროცენტი აშშ-ს აკისრია. ამიტომაც მოითხოვა დაწესებული გადასახადების ერთიანი შიდა პროდუქციის 2%-ის გადახდა და მომავალში კი 4%-მდე გაზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ნატოს დატოვებითაც დაემუქრა. ალიანსის წევრები დაყაბულდნენ ტრამპის მოთხოვნებს. რომელი ქვეყანაც ვერ გადაიხდის, მათი ბედი ჯერ გაურკვეველია. როგორ აისახება გაზრდილი გადასახადი ქვეყნების ეკონომიკაზე, უცნობია, მით უფრო, აგორებული სავაჭრო ომის პირობებში.

...ერთიანობა შევინარჩუნეთ, ამასთან, ნატოს ხარჯები 34 მილიარდით გაიზრდება, განაცხადა ტრამპმა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ალიანსში შიდა დაპირისპირება აშკარაა. თუმცა იქვე აღნიშნავენ, აშშ-ს ნატოს ორგანიზაცია სჭირდება ევროპაში ყოფნისთვის, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური მოსაზრებით. ...ალიანსის წევრებს ეგონათ, ტრამპი დატოვებდა ნატოს, რისთვისაც მზად იყვნენ. შვებით ამოისუნთქეს, ასე რომ არ მოხდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, ნატო ტრამპს, ფაქტობრივად, აღარ სჭირდება. მისი სურვილია, ევროკავშირისგან ნახოს მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან სავაჭრო ომს წამოიწყებს, აცხადებს ისრაელელი სამხედრო ექსპერტი იაკობ კედმი.

ალიანსის სამიტზე საქართველოს ხელისუფლებისთვის (და არა მხოლოდ) საყურადღებო ფაქტი მოხდა. ბრიუსელში უნდა განეხილათ უკრაინისა და საქართველოს საკითხი, რაც დღის წესრიგშიც იდგა, მაგრამ დონალდ ტრამპი სასტიკად შეეწინააღმდეგა, ეგ ქვეყნები არ მაინტერესებსო. ამიტომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტს სხდომა დაატოვებინეს. მართალია, სამიტის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იან სტოლტენბერგმა გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, სამომავლოდ ალიანსში გაწევრიანებასაც დაპირდა, მაგრამ ეს ჟესტი გაბუტული ბავშვის შემორიგებას უფრო ჰგავდა.
ევროკავშირის მაღალჩინოსანი ჟან კლოდ იუნკერი ალიანსის სამიტზე საკმაოდ კარგ ხასიათზე ბრძანდებოდა, რამდენჯერმე შეაქანა კიდეც, მაგრამ მოასწრეს შეკავება, რომ არ წაქცეულიყო... ევროკავშირში მისი არაადეკვატურობა წელის ტკივილს დააბრალეს. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, წელისმტკივანი ადამიანი იცინოდეს. რა ვიცით...

ჟურნალისტებს აინტერესებდათ, დარჩებოდა თუ არა დონალდ ტრამპი ალიანსის სამიტის დასრულებამდე. როგორც დიდი შვიდეულის შეხვედრისას, მან ახლაც ვადამდე, პირველმა დატოვა შეკრება. სწორედ მისი არყოფნისას უთხრეს უარი უკრაინას და საქართველოს ნატოს წევრობაზე.
ბრიუსელიდან დონალდ ტრამპი ინგლისში არა ოფიციალური, არამედ სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. იგი ჯერ კიდევ შარშან მიიპატიჟა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, მაგრამ მოსახლეობა წინააღმდეგი იყო მისი ბრიტანეთში ჩასვლის და ვიზიტი გადაიდო. ამჯერადაც ლონდონი ტრამპს საპროტესტო აქციებით დახვდა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იგი, ძირითადად, ვერტმფრენით გადაადგილდებოდა. ჩვეული პირდაპირობით დონალდ ტრამპმა შეაქო ახლახან გადამდგარი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი და განაცხადა, იგი კარგი პრემიერი იქნებოდაო. რას გულისმობდა, უცნობია, არც ბრიტანული პრესა ჩასძიებია ბოლომდე, განემარტა თავისი გამონათქვამი. თუმცა ამით ტერეზა მეის მიანიშნა, პრემიერობა არ არის შენი საქმეო, ივარაუდეს მიმომხილველებმა.
ტერეზა მეის და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგაც გააგრძელებენ თანამშრომლობას აშშ-სთან. ტრამპისთვის მთავარია, არ დაზარალდეს ეკონომიკა, ფინანსური სტრუქტურები. ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი აშშ-სგან 27 მილიარდის შეიარაღებას შეიძენს.

დონალდ ტრამპი და მელანია ელიზაბეთ II-მ მიიღო. მართალია, ტრამპის ესკორტმა შეხვედრაზე კი დააგვიანა, მაგრამ ინგლისური პრესა აღნიშნავდა, რომ ტრამპს და მელანიას, წინამორბედებისგან განსხვავებით, ღირსეულად ეჭირათ თავი. ინგლისელი ჟურნალისტები წერდნენ, თურმე ამერიკელებს შეუძლიათ ეტიკეტის დაცვა და კარგი მანერების გამოვლინებაო. ლონდონიდან ტრამპი შოტლანდიაში, საკუთარ გოლფკლუბში გაემგზავრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად.

ჰელსინკში დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრამდე პოლიტოლოგები უპირატესობას რუსეთის მხარეს ანიჭებდნენ. მათი თქმით, პუტინი სამიტზე წარმატებულად ჩატარებული ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მიდიოდა, ხოლო ტრამპს ქვეყნის შიგნით რთულად აქვს საქმეო. კონგრესმენების ნაწილი სამიტის გაუქმებას ითხოვდა. ამერიკულმა პრესამაც შეუტია საკუთარ პრეზიდენტს. ისიც კი დაწერეს, ორი ქვეყნის მეთაურის შეხვედრა კი არ არის, პუტინი თავის აგენტს ხვდებაო. ამიტომაც განაცხადა დონალდ ტრამპმა სამიტამდე თავის მოწინააღმდეგეებზე: ...ამათ ლანგარით მოსკოვიც რომ ჩამოვუტანო და მივართვა, მაინც უკმაყოფილოები დარჩებიან და გამაკრიტიკებენ, რატომ პეტერბურგიც არ მოაყოლეო.

ზეწოლის მიუხედავად, ტრამპი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და დასახული გზიდან არ აპირებდა გადახვევას. ...პუტინი მოწინააღმდეგეა და არა მტერი, ის რუსეთის ინტერესებით ხელმძღვანელობს, მე ამერიკის. სამომავლოდ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, შეიძლება მეგობრული ურთიერთობაც დავამყაროთ. ვნახოთ, შეხვედრისასა ყველაფერზე ვისაუბრებთ და იქ გამოჩნდება, განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე.
ჰელსინკში ტრამპის და პუტინის პირისპირ მოლაპარაკება, როგორც მოსალოდნელი იყო, დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ამის შემდეგ უკვე ფართო ფორმატის სამიტი დაიწყო, სადაც უკვე პირველი დიპლომატები მაიკლ პომპეო და სერგეი ლავროვიც ჩაერთვნენ. შეხვედრის შემდეგ ტრაციდიულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამერიკელ და რუს ჟურნალისტებს ორ-ორი კითხვის დასმის უფლება მისცეს. მოლაპარაკებამ ღიად და გულახდილად ჩაიარა.

განვიხილეთ ძირითადი საკვანძო საკითხები. მართალია, ცივი ომი დამთავრდა, მაგრამ ჩვენს ქვეყნებს შორის ვითარება დაძაბულია. ამიტომ ვითარება კარდინალურად უნდა შევცვალოთ. ახლა სხვადასხვა გამოწვევების და რისკების წინაშე ვართ, რომლებიც ერთობლივი ძალებით უნდა მოვაგვაროთ. პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით უერთიერთობის გასაუმჯობესებლად. კარგია, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება გამოსწორდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ჩაერთო პროცესში. მადლობელი ვართ ფინეთის მთავრობისა გულითადი მასპინძლობისთვის, განაცხადა პუტინმა.

ღია, პროდუქტიული საუბარი გვქონდა. მადლობა ფინეთის ხელისუფლებას, რომ სამიტმა კარგად ჩაიარა. ამაზე უარესი ვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის არასოდეს ყოფილა, ამიტომ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა, ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს და გამოვასწოროთ ვითარება. დღევანდელი შეხვედრა დასაწყისია ხანგრძლივი პროცესისა. საუბარი მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ და ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს. პუტინის მადლობელი ვარ შეხვედრისთვის, თქვა დონალდ ტრამპმა.

გია ბურდული
скачать dle 12.0