ღალატის ანატომია

ვინ, როგორ და რატომ უღალატა ბიძინა ივანიშვილს?!

ყურადღებით ვუსმინე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს. სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა - კაცი ამდენს აკეთებდეს, ამდენს ხარჯავდეს, ამდენს ზრუნავდეს, ამდენს აშენებდეს, ამდენს გჩუქნიდეს და... შენ, დიახ, შენ, რომელსაც ამ ქვეყნისთვის თითი თითზე არ დაგიკარებია, ლაქლაქის მეტი არაფერი გაგიკეთებია, ყოველდღე, ყოველ საღამოს ტელევიზორში ენა როგორ უნდა გქონდეს მხარზე გადებული ამ ადამიანის სალანძღავად?!

აშკარად დავინახე... ბიძინა ივანიშვილი გულნატკენია - ე.წ. ოპოზიცია მეც მლანძღავს და მავანნი შეურაცხყოფას აყენებენ ჩემი ოჯახის წევრებსაცო. როგორც ჩანს, ის ოჯახის წევრების ლანძღვას უფრო განიცდის და ასეც უნდა იყოს. ასევე გულნატკენია საკუთარი გუნდის წევრებზე - ჩემი დაცვა ვერ შეძლესო, ან არ შეძლესო, ეტყობა, რესურსი არ ჰქონდათო. სიმართლეს ამბობს... დაცვა კი არა, ბევრი იქით შეუბრუნდა და ახლა მის დამხობაზე ოცნებობს. ბევრის დასახელება შეიძლება, მაგრამ მაგალითისთვის იღლიაგამომხმარი მურმან დუმბაძეც გამოდგება. თუმცა უფრო მაღალი კლასის მოღალატეები და გამყიდველები, რომლებიც მისი სახელით კარგად სარგებლობდნენ, ხშირად ვაჭრობდნენ და მისაღებს იღებდნენ, საკუთარ კარზე ჰყავდა!

2012 წლის შემდეგ, როცა უდღეურმა “ნაციონალებმა” და მათთან გათანაბრებულმა “ბომჟებმა” ივანიშვილზე თავდასხმები დაიწყეს, მისი გუნდის არაერთ წევრს მოვუწოდე, დაეცვათ ეს ადამიანი და გაეცათ საკადრისი პასუხი, ანუ გააქტიურებულიყვნენ. იმის ნაცვლად, შენიშვნა მიეღოთ, უმეტესობამ აქეთ დამიწყო ლანძღვა და იმის მტკიცება, რომ მათ პარლამენტარობა დაიმსახურეს. ერთმა ისიც კი წამომაყვედრა, 2011 წლის 26 მაისს “ნაცებმა” ცხვირ-პირიდან სისხლი მადინეს, როგორ, დეპუტატობა არ მეკუთვნოდაო? კი, ბატონო, მე იმას არ ვამბობ, რომ არ გეკუთვნოდა, შეიძლება ბატის სკლინტის ორდენიც გეკუთვნოდა იხვის ტოლმასთან ერთად, მაგრამ ადამიანი, რომელმაც დაგაფასა, ხელი გამოგიწოდა, ნაფტალინი ჩამოგფერთხა, ხომ უნდა დაიცვა და ასევე დააფასო?! ერთადერთი, ვინც შენიშვნისთვის მადლობა გადამიხადა, ვინც ჩემი საყვედური სამართლიანად მიიღო, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი დარეჯან ჩხეტიანი გახლდათ. ქალბატონმა დარეჯანმა სახლშიც დამპატიჟა, უნდა აგიხსნათ, რომ მე უმადური არ გახლავართ, უბრალოდ ხმაურის თანხლებით მუშაობა არ შემიძლიაო. მოუცლელობის გამო ვერ ვეწვიე, თუმცა ისედაც ვიგრძენი, დეპუტატი როგორ შეწუხდა და ეს საკმარისი იყო. დანარჩენებმა ცხვირი აიბზუეს, გაიბუტნენ, გაავდნენ და გადაირივნენ. დღეს მათი უმეტესობა აღარ ზის პარლამენტში, გაუშვა ბატონმა ბიძინამ სახლებში, მაგრამ გგონიათ, რამე ბევრად შეიცვალა? სიმართლე გითხრათ, მეც მომბეზრდა უნამუსო ჯოგის დამოძღვრა, ჯიკავი და შევეშვი!

თქვენ წარმოიდგინეთ, ამჟამადაც, ბევრი “ქართულ ოცნებაშია” შემძვრალი, ამ პარტიის ბიუჯეტით, ავტორიტეტით თუ გავლენით იკვებება, მაგრამ ივანიშვილის დაცვა, ან კარგად ხსენება მათთვის ცუდ ტონად ითვლება. მე არ ვამბობ, ვინმე მაინც და მაინც უნდა აქო, ადიდო და სანთლები დაუნთო - არა, უბრალოდ, როცა ხედავ, როგორ ათრევენ უსამართლოდ, დაუმსახურებლად ტალახში შენს ლიდერს, როგორ ლახავენ მის სახელს, ხმა ამოიღე, გააპროტესტე და შე უბედურო, იქით მაინც ნუღარ უტევ, ეს ხომ ელემენტარულია?! დღეს ბევრი ჩინოვნიკი და მასთან გათანაბრებული პირი იმიზეზებს, საჯარო მოხელე ვარ, თორემ ამას ვიზამდი და იმას ვიზამდიო... აი, სამსახური არ მაძლევს უფლებასო. სასაცილოა, საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში არავის ეკრძალება აზრის გამოთქმა. არც ამ შემთხვევაში ვამბობ, რომ ვინმე უნდა ვაქოთ უაზროდ... როდესაც რაღაც გაუგებარი საკითხია, როდესაც “ნაციონალები” განგებ ქმნიან ლაბირინთებს, თითხნიან სკანდალებს, თანამდებობის პირები ნამეტნავად ერიდებიან ახსნა-განმარტებების გაკეთებას. დიახ, ერიდებიან და ამ დროს მიდის ერთი კაცის ლანძღვა-გინება, ეხება თუ არა ივანიშვილს, სულერთია!

მეც ვამბობ, რააა... რომელ დაცვასა და ახსნა-განმარტებაზეა ლაპარაკი, როცა აგერ, ადამიანს პრეზიდენტად აქცევ - აქეთ დაგიწყებს ლაქლაქს, აქეთ წამოგიყენებს პრეტენზიებს, ადამიანს პრემიერ-მინისტრად დანიშნავ - ფულის საკეთებელ “ცეხს” გახსნის, პარლამენტში გაამწესებ - ყოყლოჩინობს და იძახის, მე ვარ და ჩემი ნაბადიო! კი, მაგრამ რომელი ერთი უნდა აიტანო? რამდენ გიჟსა და მუდრეგს უნდა გაუძლო?!

მართლა მეტკინა გული... ადამიანი ამდენს აკეთებდეს და ამდენი მლანძღველ-უმადური ჰყავდეს, პირველად ვხედავ. უფრო სწორად, პირველად კი არ ვხედავ, უბრალოდ, ასეთი მასშტაბების სიკეთე და ასეთივე მასშტაბების ლანძღვა ჩემ ყურს ჯერ არ გაუგონია. აქ საუკეთესო (თუ საუკეთესოა) მაგალითად, გიორგი შენგელაიას გამოხტომა მახსენდება - ამ ადამიანს 3 ათას ლარს უხდის ყოველთვიურად და მაინც უკმაყოფილოა, 5 ათასს რატომ არ მიხდის, როგორც ჩემ ძმასო? აჰააა... ესე იგი, ბიძინას უნდა, რომ ძმები ერთმანეთს გადაგვკიდოსო?!

სხვათა შორის, რამდენიმე სხვაც ვიცი - ისინიც ლანძღავენ, 3 ათასი გვეკუთვნის და 2 ათასს გვაძლევსო. ამას წინებზე ერთმა გასვენებაში დაიწყო წუწუნი და მზად ვიყავი, სიამოვნებით გამეგდო წიხლქვეშ, მაგრამ თავი მოვთოკე, განსვენებულის ოჯახს ვეცი პატივი... ბოლოს და ბოლოს, რამდენი უნდა გაიგდო, რამდენს უნდა მიუთითო, რამდენს უნდა შეახსენო, რომ, როცა ივანიშვილის აშენებულ სამებაში შედიხარ, სანთლებს ანთებ, ლოცულობ, იქვე, სამების ეზოში იგივე ივანიშვილს არ უნდა აგინო?! ბოლოს და ბოლოს, რამდენს უნდა აუხსნა, რომ უმადურობა დიდი ცოდვაა.

მეტიც... ერთი პიროვნება ვიცი, სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, “ოცნების” თავყრილობებზე, ოფიციალურ წრეებში, მეზობლებსა და ნათესავებში ზეპირსიტყვიერად ბიძინას მზეს ფიცულობს, ავს არავის ათქმევინებს, თუ ვინმეს აუგი წამოსცდა, გადაჯეკავს და ამაყად გაივლის. იცით, სინამდვილეში ეს არარაობა რას აკეთებს? სახელმწიფო უწყებიდან ინფორმაციები გამოაქვს, სარდაფში ზის და ერთ-ერთი გაზეთისთვის ფსევდონიმით სტატიებს აშანშალებს, ისე თხრის ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, ქვას ქვაზე უდუღებს. თქვენ გგონიათ, სიმართლე გადმოსჩქეფს მისი კალმიდან? უბრალოდ ის შიგნითაა, ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება, დანარჩენი კი ტექნიკის საქმეა, თავის ღამის ქოთანს ყურს საიდანაც უნდა, იქიდან მოაბამს!

აი, ჩემო კარგებო, ლამაზებო და ჭკვიანებო, ასე ღალატობენ იმ ადამიანს, რომელიც არაფერს იშურებს ამ ქვეყნისთვის. თუმცა, გამოგიტყდებით, არ მიკვირს... ჯერ კიდევ 2012-ში, არჩევნებამდე, როცა ის აღფრთოვანებული იყო არაერთი პიროვნებით, მოურიდებლად ვუთხარი ერთი-ერთზე შეხვედრისას (დახურულ კარს მიღმა), ამ ადამიანების 95 პროცენტი გიღალატებთ-მეთქი. არ ვიცი, შეიძლება დაიჯერა, შეიძლება -არა, ყოველ შემთხვევაში, არავისზე აუგი არ წამოსცდენია, პირიქით, ყველა დაიცვა კბილებით - აი, შეხედე, მავანი რა მაგარიაო, მავანი რა ჭკვიანიაო, მავანი რა განათლებულიაო, მავანს რა მაგარი იუმორი აქვსო, მავანი რა კარგი ლოგიკით გამოირჩევაო... იცი, ყველაზე ძალიან ვინ მომწონსო? ვინ-მეთქი? კობა დავითაშვილიო, შემომივარდება ხოლმე კაბინეტში და პირდაპირ მაკრიტიკებსო... ამას წინებზე მეუბნება, შენ არ ხარ კაი კაცი, მიხეილ სააკაშვილს აფინანსებდიო. მერე, თქვენ რა უთხარით-მეთქი? მე ავუხსენი, რომ სააკაშვილს კი არა, ქართულ სახელმწიფოს ვაფინანსებდი, ჯარსა და პოლიციას ვაჭმევდი, ვაცმევდი, ყველაფერს ვაკეთებდი. დიახ, ასე თქვა ბიძინა ივანიშვილმა, სააკაშვილს კი არა, სახელმწიფოს ვაფინანსებდი, ქვეყანა წელში რომ გამართულიყოო. კი, მაგრამ ვინ ავალდებულებდა ამ ადამიანს, ქვეყანა წელში გამართე და ზედ გადაჰყევიო? არავინ, ის თავისი ნებით აკეთებდა ყველაფერს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა - არც სახელს, არც მადლობას. პირიქით, ყველას აკრძალული ჰქონდა მისი სახელის ხსენება. გოგი თოფაძემ მითხრა ერთხელ, ბაკურიანში სასტუმროს ვაშენებდით ერთად, უმეტესი წილი ივანიშვილისა იყო, სინდისმა შემაწუხა და გახნისას ვახსენე, თვითონ რასაკვირველია, იქ არ იყო. გაიგო, რომ ვახსენე, დამირეკა და მისაყვედურა, ლამის მეჩხუბა, ეგ არ უნდა გაგეკეთებინაო. არ ტყუის გოგი თოფაძე, აგერაა და ჰკითხეთ, ადამიანი ისე აკეთებდა უდიდეს საქმეებს, მისი ფოტოც კი არსად იძებნებოდა. დღემდე მიკვირს, ისე როგორ უნდა დაფარო უანგაროდ გაკეთებული საქმეები, რომ სურათიც კი ვერავინ გადაგიღოს? ეს სხვა თემაა, დავუბრუნდეთ კობა დავითაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მოურიდებლად ეუბნებოდა ყველაფერს - მე ვთვლი, რომ კობას შემთხვევაში ბატონ ბიძინას გაუმართლა, დღემდე არ დასცდენია დავითაშვილს ავი სიტყვა და კაცურად უდგას მხარში, მაგრამ მათგან, ვისაც ბატონი ბიძინა აქებდა, უმრავლესობამ პირი იბრუნა. 

ახლა კი რას მოვესწარი? ბიძინა ივანიშვილი თითქოს თავს იმართლებს. საოცარია, ადამიანი ამდენს აშენებდეს, ამდენს გვჩუქნიდეს და ისევ თავს უნდა იმართლებდეს? უკაცრავად, მაგრამ ბოდიში სხვებმა უნდა მოიხადონ და თავიც სხვებმა უნდა იმართლონ. თუ ვის რა ფორმით აქვს ბოდიში მოსახდელი, მოსანანიებელი და რატომ, ამაზე მომდევნო წერილებში მოგითხრობთ.

გელა ზედელაშვილი
скачать dle 12.0