მთავარი ორიენტირი

თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ — 2018–2020 წლების სამთავრობო პროგრამის თანახმად, პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავაც რჩება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარება და გაძლიერება, დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ ზრდას შორის ბალანსის შენარჩუნება, განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მეწარმეობისა და დამწყები ბიზნესის წახალისება, მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირება, მცირე, მოქნილი და ეფექტიანი საჯარო სამსახური.

რამდენად რეალისტურად მიააჩნია, რას უწონებს და რას უწუნებს მამუკა ბახტაძის სმთავრობო პროგრამას ამაზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ვაჟა კაკაბაძე გვესაუბრა:

– უპირველეს ყოვლისა, მინდა, ბატონ მამუკას მივულოცო საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება ვუსურვო. რაღაცის შექმნა ძნელია და კრიტიკა ადვილი, მაგრამ თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ახალი დაა ძალიან საინტერესო სამთავრობო პროგრამის მიმართ გარკვეული შენიშვნები გამაჩნია.

– კონკრეტულად, რომელი პუნქტის მიმართ და რა შენიშვნები გაქვთ?

– დავიწყებ პუნქტიდან, რომელშიც მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა საუბარი. თავად პროგრამის ავტორი აღნიშნავს, რომ ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის ძალიან რთულია თავი აარიდოს გლობალურ ეკონომიკურ რყევებს, მაგრამ იქვე ამბობს, რომ შეიძლება თავი დავიცვათ ამ პრობლემებისგანო. უნდა გვახსოვდეს, რომ ღია ეკონომიკის მქონე პატარა ქვეყანა, სადაც ადგილობრივი წარმოება დაბალია, მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული გლობალურ ეკონომიკურ მოვლენებზე. ის ღონისძიებები, რომლებიც პროგრამაშია დასახელებული, საკმარისი არაა იმისთვის, რომ ამ პრობლემებს თავი ავარიდოთ.

– კიდევ რა ღონისძიებები უნდა განახორციელოს მთავრობამ გლობალური ეკონომიკური რყევებისგან ქვეყნის დასაცავად?

– ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის აუცილებელია წამახალისებელი ანუ შეღავათიანი ინიციატივები. ამის უფლებას თვითონ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გვაძლევს. ორგანიზაციის დებულებაში წერია, რომ თუ იმპორტი საფრთხეს უქმნის შიდა ბაზარს, ქვეყანას შეუძლია დამცავი ღონისძიებები შემოიღოს, ოღონდ არა რაოდენობრივი შეზღუდვები ანუ ქვოტა. რაც შეეხება მიკროეკონომიკას და გადასახადებს, ეს სფერო ნამდვილად გადასახედია. რაც პროგრამაში თეორიის სახით წერია, ნამდვილად მისაღებია, მაგრამ ამას ძალიან დიდი გათვლა ჭირდება, რადგან სახელმწიფოს საბიუჯეტო შემოსავალს წარმოადგენს. სადმე შეცდომა თუ გაიპარა, შეიძლება პენსიების გაცემის პრობლემაც კი შეიქმნას.

– სამთავრობო გეგმის თანახმად, მთავრობა დასაქმების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად განათლების რეფორმის განხორციელებას და პროფესიული განვითარების ხელისშეწყობას გეგმავს. როგორ ფიქრობთ, მასობრივი უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად ეს საკმარისი იქნება?

– დასაქმების პუნქტში ძალიან ლამაზად არის ყველაფერზე საუბარი, მაგრამ ამას დეკლარაციული ხასიათი აქვს. თუ მთავრობამ ეკონომიკური პრობლემები არ მოაგვარა, დასაქმების ზრდაზე საუბარი შეუძლებელია. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასაქმების ზრდა იწვევს ბაზარზე მოთხოვნის ზრდას. მოთხოვნის ზრდა კი დაკავშირებულია ინფლაციურ პროცესებთან. ასე რომ აქაც ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო. აუცილებლად მინდა შევეხო პუნქტს, სადაც ლაპარაკია ბიზნეს გარემოზე. ჩემი აზრით, სამთავრობო პროგრამაში დებულების სახით უნდა ჩაიწეროს, რომ ინოვაციებზე ორიენტირებულ და ახალგაზრდა საწარმოებზე პრეფერენციული რეჟიმი განხორეციელდეს. ჩვენ ძალიან ჩამოვრჩით მსოფლიოს იმით, რომ ინოვაციაზე ორიენტირებული საწარმოები არ გაგვაჩნია. სწორედ ამაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ ჩვენი და დანარჩენი ქვეყნების ეკონომიკებს შორის გარღვევა შევამციროთ და ბაზარზე გავიდეთ. რატომღაც ამ პროგრამაში არ ჩანს, რომ მომავალზე ორიენტირებულია ქვეყანა ვართ, რაც აუცილებლად უნდა ჩაიწეროს.

– ამჟამად, ქვეყანაში ძალიან აქტუალურია მიწის უცხოელებზე გასხვისებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის თემა. პასუხობს თუ არა პროგრამა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს?

– რაც შეეხება პუნქტს, სადაც მიწის რეფორმაზეა საუბარი, მინდა სამთავრობო პროგრამის ავტორებს შევახსენო რა გააკეთა ილია ჭავჭავაძემ ქართული მიწების გამოსასყიდად. ისეთი დემოკრატიული ქვეყანაც კი, როგორიც საფრანგეთია, უცხოელ ინვესტორებზე მიწების რელიზაციას აჩერებს, თუ მის ეკონომიკაში უცხოურმა ინვესტიციამ 5% გადააჭარბა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პრობლემა პირდაპირ კავშირშია დემოგრაფიულ საკითხებთან, ამიტომ პროგრამაში ძალიან მკაცრად უნდა იყოს გაწერილი პოლიტიკა, რომელიც გარკვეულწილად შეზღუდავს უცხოელებზე მიწის მიყიდვას, რაც სამწუხაროდ, ამჟამად არ ჩანს. რაც შეეხება ენერგეტიკას, ვშიშობ, რომ მსოფლიო გლობალური დათბობის პირობებში, ამხელა „წყლის სარკეების“ შექმნა დამღუპველია, რაც სვანეთისა და რაჭის წყალდიდობებმაც დაადასტურა. თუმც, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მცირე ჰესების მშენებლობა, რადგან ენერგორესურსების გარეშე ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. როცა ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად მინდა შევეხო ტურიზმს. ვფიქრობ, პროგრამაში უნდა ჩაიწეროს, რომ ტურისტული პროდუქციის მწარმობლებისთვის შეიქმნას ერთიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამ საწარმოების ხელშეწყობას გაითვალისწინებს. ტურისტული შემოსავალი კარგია, მაგრამ მას უკუქმედების პროცესი ახლავს. როდესაც მე ადგილზე ვერ ვაწარმოებ პროდუქციას, რომელიც ტურისტს თავისი მოგზაურობისათვის ჭირდება, მაშინ შემოტანილი თანხის ნაწილი იმპორტზე ანუ შემოტანილ პროდუქციაზე დაიხარჯება.

მისახედია რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა. ყურადღება უნდა გამახვილდეს საზღვრისპირა რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაზე და იქ მცხოვრები ადამიანების დასაქმებაზე. არასწორმა პოლიტიკამ მოგვიტანა ის, რომ ალაზანის კალაპოტის შეცვლამ ტერიტორია დაგვაკარგინა. არასწორი პოლიტიკის გამო მოხდა, რომ სომხებმა გარკვეული ტერიტორია მიითვისეს და ა.შ.

– როგორც იცით, მთავრობა აპირებს საპენსიო რეფორმის განხორციელებას, რომლის მიზანი დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა გახლავთ. ჩვენს რეალობაში, რამდენად შესაძლებელია ასეთი გეგმის განხორციელება?

– ვფიქრობ, დაგროვებით პენსიას დაახლოებით ხუთი წელი ვერ განახორციელებენ, რადგან ამისათვის ფინანსური რესურსები უნდა არსებობდეს როგორც მთავრობაში, ისე მოსახლეობაში. რაც მთავარია, ადამიანებს ნდობა აქვთ დაკარგული და ამ ხუთ წელიწადში მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორის მოპოვება.

– როგორც იცით, სამთავრობო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული პროფესიული განათლების განვითარებასა და მთლიანად, განათლების სისტემის რეფორმაზე. თქვენი აზრით, რა გამორჩათ და რას დაამატებდით?

– სამწუხაროდ, საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ განათლების რეფორმა ვერ გაატარა, ამიტომ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ვფიქრობ, უნდა შეიქმნას პროფტექნიკური სასწავლებლები და საგანმანათლებლო სივრცეზე გამოყოფილი რესურსები აქეთ უნდა მივმართოთ. სავალდებულო სწავლა 9-ის ნაცვლად, 8 კლასი უნდა იყოს, რომ ახალგაზრდამ, რომელსაც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება არ სურს, სამი წელი არ დაკარგოს, პროფესიას დაეუფლოს და კვალიფიციური მუშა გახდეს. სხვანაირად ჩვენ არასოდეს გვეყოლება კვალიფიციური მუშა და ყოველთვის ჩინეთიდან თუ თურქეთიდან ჩამოყვანილი მუშახელის იმედზე ვიქნებით. როცა განათლებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სკოლის მეთორმეტე კლასი ძალიან დიდი პრობლემაა. ყველამ იცის, რომ მეთორმეტე კლასში არავინ დადის, მაგრამ მაინც მილიონებს ვყრით.

საუბრის ბოლოს მინდა შევეხო ე.წ. სეპარატისტულ რეჟიმებთან ურთიერთობის საკითხს. თქვენ იცით, რომ მე ჩართული ვარ საქართველოსა და აფხაზეთს შორის სახალხო დიპლომატიაში, ამიტომ თვალში მომხვდა, რომ პროგრამაში არ არსებობს ცხინვალის რეგიონის ან აფხაზეთის დაბრუნების რაიმე კონცეფცია. აფხაზეთი ელოდება ჩვენს პოზიციას.. აფხაზებიც და ქრთველებიც მივხვდით რომ შეცდომა დავუშვით, ამიტომ დაახლოვების დ შერიგების შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ამჟამად შავიზღვისპირა ქვეყნებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია ეკოლოგიური უსაფრთხოება. ზღვის ფსკერზე არსებობს მკვდარი ბაქტერიების დაახლოებით 2 მეტრის სისქის ფენა, რომელიც გოგირდწყალბადს გამოყოფს. იქ თუ აფეთქება მოხდა, არა მარტო შავი ზღვის ქვეყნებისთვის, შეიძლება მსოფლიოსთვისაც კატასტროფის მომტანიიყოს. ამიტომ იქნებ, აფხაზებთან მოლაპარაკების დროს, ეკოლოგიური საფრთხეების საკითხი დავსვათ. ეს ისეთი გლობალური საკითხია, რომ რუსეთიც ჩაერთვება, თურქეთიც, საბერძნეთიც და უკრაინაც. ამ თემაზე მე მაქვს შემუშავებული სრულიად რეალური და მომგებიანი კონცეფცია და მინდა მამუკა ბახტაძეს გადავცე. თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ აფხაზებთან საერთო ინტერესები გვექნება, ურთიერთობის აღდგენაც გაგვიადვილდება. დღეს საქართველოს წინაშე უამრავი გამოწვევა დგას, მაგრამ მჯერა, რომ მამუკა ბახტაძე დიდი პოტენციალის მქონე, ახალგაზრდა, ენერგიული კაცი სირთულეებს თავს გაართმევს.

ვფიქრობ, 2018-20 წლის სამთავრობო პროგრამა უაღრესად საყურადღებო დოკუმენტია, რომელიც ქვეყნის სწრაფი და ეფექტური განვითარების სწორ ორიერტირებზეა გათვლილი.

ნელი თორდია

скачать dle 12.0