რა ხდება მაშინ, როცა ერი თავის ღირსეულ შვილებს ვერ იცავს

წერილი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ერთი წლის წინათ გამოქვეყნდა "საერთო გაზეთში", ანუ როცა ეს წერილი იბეჭდება, ჯერ კიდევ ერთი წელია დარჩენილი იმ ინტერვიუმდე, სადაც ბიძინა ივანიშვილი ბევრისთვის გამაოგნებელ და მოულოდნელ ამ სიტყვებს იტყვის: მე ჩემმა გუნდმა ვერ დამიცვაო.

ეს წერილი კი არის ერთი წლის წინათ გამოქვეყნებული, თუმცა იმ სახიფათო და საგანგაშო პროცესებს, რაც "ქართული ოცნების" შიგნით მიდიოდა, "საერთო გაზეთი" ერთი წლის კი არა, ორი წლის, სამი წლის წინათ ხედავდა.

ხედავდა და წერდა, განგაშს ტეხდა, რომ ეს პროცესები შეიძლებოდა ძალიან მძიმე შედეგებით დასრულებულიყო, თუმცა ჩვენი პროგნოზის გასაანალიზებლად და სათანადო დასკვნების გამოსატანად არავის შეუწუხებია თავი.

მოდით, ჯერ ამ წერილს გავეცნოთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი.

რა ხდება მაშინ, როცა ერი თავის ღირსეულ შვილებს ვერ იცავს

"გასული კვირის პარასკევს, პარლამენტში მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ გამართულ დებატებში ერთი უცნაური ამბავი მოხდა _ იმის ნაცვლად, რომ მარგველაშვილის მოხსენების გარშემო ესაუბრათ, საპარლამენტო ოპოზიციამ საპარლამენტო ტრიბუნა ბიძინა ივანიშვილის სალანძღავად გამოიყენა.
ოპოზიციას, ფაქტობრივად, დაავიწყდა, რისთვის იყო მოწვეული ეს სხდომა, დაავიწყდა სავარძელს მოწყენილად მითენთილი პრეზიდენტი მარგველაშვილიც და მისთვის გამოყოფილი მთელი დრო ბიძინა ივანიშვილის ლანძღვას მიუძღვნა.

ჩვენდა გასაკვირად, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ რამდენიმე კაცმა გააპროტესტა ეს აღვირახსნილი უმსგავსობა.
სამწუხაროდ, არ დასმულა კითხვა, პრეზიდენტის მოხსენების გარშემო გამართული საპარლამენტო დებატები იყო ეს თუ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი, რომელსაც პირდაპირი ეთერით გადასცემდა "რუსთავი-2".

"რუსთავი-2"-მა, რა თქმა უნდა, წინასწარ იცოდა თავისი პოლიტიკური მოკავშირეებისგან, რა უნდა მომხდარიყო ამ სხდომაზე და ამიტომ გადაწყვიტა, ძვირფასი დრო სხდომის პირდაპირი ტრანსლაციისთვის დაეთმო, თორემ სხვა მხრივ მას, როგორც კერძო ტელეკომპანიას, არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა ეს გაეკეთებინა.

კაცმა რომ თქვას, ეს `რუსთავი-2~ ცოტა არ იყოს, უცნაურად იქცევა – დააკვირდით მის საინფორმაციო გამოშვებებს, დააკვირდით, როგორ აშუქებს იგი სხვადასხვა ღონისძიებებს და, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ტელევიზია სულაც არ არის ოპოზიციური და რადიკალურად კრიტიკული არხი.
ერთადერთი, ვისაც `რუსთავი-2~-ზე დიდი ხალისით და ენთუზიაზმით ლანძღავენ, აქილიკებენ, თავიანთი ჭკუით ამასხარავებენ, ბიძინა ივანიშვილია, თორემ, სხვა მხრივ, `რუსთავი-2~-ი ხელისუფლებას ნაკლებად ერჩის.

როგორც ირკვევა, "რუსთავი-2"-ს მილიონობით ლარი აქვს გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, თუმცა ამ სერიოზული დავალიანების დროულად გადახდას ამ "დაჩაგრულ" და "დევნილ" კომპანიას არავინ აჩქარებს და ისიც არხეინად აბურთავებს ბიძინა ივანიშვილის სახელს, ხან `არჩევანში~, ხან "P.S."-ში, ხან "ნაცმოძრაობის" სტაჟიანი ტაკიმასხარის, ვანო ჯავახიშვილის შოუში.

ძნელი სათქმელია, რა ჰქვია ყოველივე ამას და რით და როგორ შეიძლება აიხსნას "რუსთავი-2"-ის ამგვარი ბილინგვური მოღვაწეობის საიდუმლო?
არა მარტო "რუსთავი-2"-ში, არამედ, ზოგადად, ქართულ მედიაში ისეთი ქვედინებები შეინიშნება, რომელთა გაშიფვრა და გაანალიზება ჯერჯერობით არავის უცდია. 

ასეა თუ ისეა, საქართველოში პრესა ხელისუფლების ზეწოლისგან ნამდვილად თავისუფალია, მაგრამ რამდენადაც არის იგი თავისუფალი იმ უხილავი ძალებისგან, რომლებიც ოფიციალურად არსად ფიგურირებენ, მაგრამ მათი ხელი ყველგან ჩანს, აი, ეს კიდევ საკითხავია.

* * *

ერი, რომელიც არ ცდილობს ავაზაკებისა და სალახანებისგან დაიცვას თავისი ღირსეული და გამორჩეული შვილები, განწირულია დამარცხებისთვის.
ერის სირცხვილია, როცა ბიძინა ივანიშვილს შეურაცხყოფენ და ამის გამკეთებლებს საკადრის პასუხს ვერ ვცემთ.
ერის სირცხვილია ისიც, როცა ხალხის `წარმომადგენლების~ მანდატით აღჭურვილი "ნაცები", კვლავ ძველებური შემართებით უტევენ საქართველოს. 
_ საქართველოს კი არა, ბიძინა ივანიშვილს ვებრძვით ჩვენ, ერთი კაცის მმართველობას ვებრძვით, რითაც დემოკრატიას და ქვეყნის ევროპული განვითარების პერსპექტივას ვიცავთო, _ შემედავებიან, ალბათ, "ნაცები" და მათი ფანები.

_ არა, არა, საქართველოს ებრძვით თქვენ. როცა ბიძინა ივანიშვილს ებრძვით, რადგან იცით, რომ მოცემულ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილის მხრებზე და მის ავტორიტეტზე დგას ეს ქვეყანა. საკმარისია, ივანიშვილი გამოაცალო ამ ქვეყანას და მისგან შეიძლება ნანგრევებიღა დარჩეს.
რატომ არ ითქვა ეს ხმამაღლა და გარკვევით "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარასკევის სხდომაზე, როცა ნაცები და მათი პოლიტიკური ნაბუშრები, სიძულვილით აღვსილნი, შხამსა და გესლს ანთხევდნენ მათი დამმარცხებლის მისამართით?
რა გჭირთ თქვენ, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობავ, უმრავლესობა რომ გქვიათ და დებატებისა და დისკუსიების დროს უმცირესობად რომ ჩანხართ?"

N14, 12.IV.2017 წ.
"საერთო გაზეთი"

აი, ასეთია ამ ერთი წლის წინათ გამოქვეყნებული წერილის შინაარსი.

ის, რაც ბატონმა ბიძინამ თავის ტელეინტერვიუში თქვა, თითქოს პასუხია ამ წერილში დასმული კითხვებისა.

ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ზუსტად აცნობიერებს, რომ პარტია "ქართულ ოცნებაში~ სერიოზული რეფორმების დრო დადგა. მან ამის შესახებ თავის ბოლო ტელეინტერვიუში ღიად ისაუბრა. "თუ გვინდა პროცესი დავიჭიროთ და ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მათ რიცხვში დღევანდელი მთავარი პარტიაც უნდა განვითარდეს. "ქართულ ოცნებას" ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჭეშმარიტად ევროპულ პოლიტიკურ პარტიას დაემსგავსოს. ამ მხრივ, ბევრი საქმე მაქვს და იმედი მაქვს, ჩემსას მოვერევი. პარტიაში უამრავი პრობლემაა, რადგან ის რეალურად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა და საზოგადოებამ ძალიან მწირად თუ იცის მისი იდეოლოგია. პარტიაში, განსაკუთრებით რეგიონებში, უნდა მოხდეს უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობა, უფრო ახალი კადრის მოძიება. შესაძლოა, საგარეო საბჭოც შევქმნათ და სოციალურ-კულტურულიც. პარტიის მოედანზე, ამ საბჭოების ფონზე, მოვახერხებ მთავრობასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან მქონდეს ურთიერთობა. ისე არა, დამახინჯებით რომ სხვისი საქმე ვაკეთო. ყველა თავის საქმეს გააკეთებს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, გუნდი გავამთლიანოთ".

ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილს "ქართული ოცნების" განვითარების და გაძილიერების კონკრეტული გეგმები აქვს, რაც, უდავოდ, მისასალმებელია.
"ქართული ოცნება" უნდა გათავისუფლდეს გარედან შემოფრენილი პოლიტიკური ჭილყვავებისგან თუ შინაური "ოკუპანტებისგან", რომლებიც "ქართული ოცნების" ბაზაზე ცდილობენ საკუთარი ციხესიმაგრის აშენებას და ყველა სათოფურზე თავის გუშაგს და მეისრეს აყენებენ, რომ მომავალ პოლიტიკურ ბატალიებში გამარჯვება გარანტირებული ჰქონდეთ.

კვირიკაშვილის ჩუმჩუმელობის დრო დამთავრდა, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუწყოს კვირიკაშვილზე გაცილებით ჭკვიანი, ეშმაკი, ცბიერი და წინდახედული სხვა `კვირიკაშვილების~ წინ წამოწევას.

"ქართული ოცნება" კურტნის მუშა ხომ არ არის – ზურგზე წამოიკიდოს და ვიღაც-ვიღაცები პარლამენტში "დადოს".
"ქართული ოცნების" შექმნის ისტორიას თუ გავიხსენებთ, ეს არის ის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ხალხი საკუთარი ნებით იქცევა ერთ დიდ პოლიტიკურ ორგანიზაციად და თავის ლიდერთან ერთად კოლექტიურ პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის ბედზე.

გამომდინარე აქედან, "ქართული ოცნება" უნდა დაუბრუნდეს მათ, ვინც ის დააფუძნა — ბიძინა ივანიშვილს და ქართველ ხალხს.
ქართველ ხალხზე დიდი მოკავშირე ბიძინა ივანიშვილს არ ჰყავს, ისე, როგორც ქართველ ხალხს არ ჰყავს უფრო საიმედო საყრდენი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია.

ბიძინა ივანიშვილის გუნდი, სინამდვილეში, ქართველი ხალხია და არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც "ქართული ოცნების" სახელით კი ლაპარაკობენ, თუმცა "ქართულ ოცნებასთან", ფაქტობრივად, არაფერი აქვთ საერთო. 

რამდენიც არ უნდა იღლიცინოს "რუსთავი 2"-მა და რამდენიც არ უნდა იდემაგოგოს მისმა დირექტორმა, რომელსაც, მაქვს გონივრული ეჭვი, კრამიტი აქვს დაცურებული, რამდენიც არ უნდა იყეფონ ე.წ. ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა გაკოტრებულმა ბელადებმა, რამდენი ლაფი და ტალახიც არ უნდა ესროლონ ბიძინა ივანიშვილს, ფაქტი ფაქტად რჩება — საქართველოს თავისი არსებობის მანძილზე არ ჰყოლია ისეთი პიროვნება, რომელსაც ამდენი სიკეთე გაეკეთებინოს თავისი ქვეყნისთვის, რამდენიც ბიძინა ივანიშვილმა.

გამომდინარე აქედან, თუ საჭირო გახდა, ბიძინა ივანიშვილი მისმა მთავარმა გუნდა, ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას და ამით დაიცვას საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა პოლიტიკოსის ნიღაბს ამოფარებული მოძალადეებისგან.

ვახტანგ ხარჩილავა
скачать dle 12.0