კაზინოებში და ტოტალიზატორებში წაგებული საქართველო

რამდენიმე დღის წინ თერჯოლაში მცხოვრებმა 35 წლის კაცმა სტადიონზე თავი ჩამოიხრჩო. მიზეზი — ტოტალიზატორში წაგებული თანხა..

ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროგრამის განვითარებისა და სმარტფონების გავრცელების ფონზე საქართველოში სათამაშო ბიზნესის პოპულარობამ და აზარტულ თამაშებთან მოსახლეობის წვდომამ პიკს მიაღწია. ქვეყნაში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიღატაკის ზღვარზეა, დაახლოებით 140 ბიზნესი აზარტული თამაშების მოწყობითაა დაკავებული. სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, 2016 წელს აღნიშნული კომპანიების ბრუნვამ 4.3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 850 მილიონი ტოტალიზატორებზე მოდის. იგივე სტატისტიკა მეტყველებს, რომ აზარტული თამაშების სექტორის მოცულობა 2014 წელს 2.2 მილიარდი ლარი იყო, 2015 წელს 3.7 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო 2016 წელს სექტორის ბრუნვა 16%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ყველაზე მომგებიან ბიზნესს ბიუჯეტში ყველაზე ნაკლები თანხა შეაქვს. 

გვესაუბრება მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე:

– პროფესიით პედაგოგი ვარ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა პროფესიაზე უარი ვთქვი და დავიწყე ფიქრი, როგორ დამეცვა ჩემი თუ სხვისი შვილები აზარტული თამაშებისგან. მოძრაობა რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა. მალევე გამომიჩნდნენ თანამებრძოლები — დედები მთელი საქართველოდან და ემიგრაციიდან. შევადგინეთ სამოქმედო გეგმა და არსებული რესურსით ვცდილობთ პარლმენტს მივრებინოთ კანონი აზარტული თამაშების რეგულაციის შესახებ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის კვლევის თანახმად, მოსწავლეთა დაახლოებით 15% აზარტულ ონლაინ თამაშებზე დამოკიდებული გახლავთ. ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებში 14-დან 35 წლამდე 400 000 კაცი თამაშობს. ისეთ ღარიბ ქვეყნაში, როგორიც საქართველო, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას მოჰყვება ჭარბვალიანობა, კრიმინალის ზრდა და უმრავი სხვა პრობლემა.

მოსახლეობის საკრედიტო დამოკიდებულების მაჩვენებელი კატასტროფულად მზარდია, რადგან ადამიანები ბანკში იღებენ სესხს და მერე სათამაშოდ მიდიან. ხშირად, ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად, ბინას ბანკში ან კერძო იპოთეკარებთან დებენ ნ განვადებით გამოაქვთ საოჯახო ნივთები და ნახევარ ფასად ყიდიან. როცა ეს რესურსიც იწურება, იქმნება თაღლითური სქემები ფულის მოსაძიებლად. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტმა ტოტალიზატორში გარკვეული რაოდენობის თანხა წააგო დაა იძულებული გახდა, ბანკიდან სესხი აეღო. როგორც ხშირად ხდება, სახლშიც ვერ გაამხილა და ვალიც ვერ დაფარა. საბოლოოდ, მეგობრის ლეპტოპი მის უკითხავად დაალომბარდა, მაგრამ მეგობრის დეიდამ უჩივლა და დღეს ეს ბავშვი განსასჯელის სკამზეა. ზუსტად ანალოგიური შემთხვევა მოხდა მეორე შემთხვევაშიც – ახალგაზრდამ წაგებული ფულის გადასახდელად, სხვისი ნივთები დაალომბარდა და განსასჯელის სკამზე მოხვდა. ძალიან მალე პროცესი შედგება. ამ საცოდავს სახლი არა აქვს და ადვოკატის ფული საიდან მოიტანოს? არადა, სახელმწიფო სახაზინო ადვოკატს არ უნიშნავს..

– რატომ?

– უსახლკაროა და სოციალურ ბაზაში შეყვანილი არ გახლავთ. ახლა დავრბივართ, რომ როგორმე სახაზინო ადვოკატი ავუყვანოთ... ასე, რომ სანამ კანონპროექტის განხილვა დროში იწელება, ათასობით ადამიანი უბედურდება. უმეტეს შემთხვევაში, ახალგაზრდა ვალს იმიტომ იღებს, რომ ნარკოტიკი იყიდოს ან ითამაშოს. შესაბამისად, ნებისმიერი კრიმინალური ქმედება პირდაპირ თუ ირიბად ნარკოტიკს ან თამაშს უკავშირდება.

– ახალგაზრდამ ვალი შეიძლება სხვა მიზნითაც აიღოს. მაგალითად, ოჯახის დაგეგმვის, ბიზნესის დაწყების ან სწავლის დაფინანსების მიზნით..

– რა თქმა უნდა, თუმცა 2015–2016 წლებში თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების მიერ ჩადენილი 2354 კრიმინალური ფაქტი დაფიქსირდა და რაც არ დაფიქსირებულა, კიდევ სხვაა.. სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი რეგულაცია, რომელიც თაობას გადაარჩენს. ამის ნაცვლად, ახალგაზრდებს სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან გაუხსნეს ბრჭყვიალა შენობები და სწავლის ნაცვლად, თვალი და გონება იქით გაურბით. ახალგაზრდებზე რეკლამისა და „აკრძალული ხილის“ ეფექტი ძალიან კარგად მუშაობს, ამიტომ გაოგნებული დავრჩი, როცა ფილარმონიის წინ, კვარცხლბეკზე სამი უზარმაზარი ჯიპი შემოასკუპეს და უშველებელი ასოებით დაწერეს „კრისტალ ბეტი – დადე 5 ლარი და მოიგე ჯიპი“. ნუ ვუბიძგებთ მათ იმ გზისკენ, საიდანაც გამარჯვებული არავინ ბრუნდება.

– როგორც ვიცი, რეკლამის შეზღუდვის გარდა, სახელმწიფოსთან სხვა მოთხოვნებიც გაქვთ..

– დიახ, გვაქვს და ეს მოთხოვნები კანონპროექტში ჩამოვაყალიბე თ. ეს არის განრიდების ანუ „გაშავების“ პრინციპი, მოთამაშეთა მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნა, ასაკობრივი ცენზის გაზრდა, რეგისტრაციის გამკაცრება და ა.შ. ახლა იმაზე მოგახსენებთ, რისთვისაა ეს საჭირო. ლოტკინზე ცხოვრობს ქალი, რომლის ქმარს 50 წლის ასაკში „ჭკუა გადაუბრუნდა“ და თამაში დაიწყო. ჯერ ერთი ვალი აიღო, რომ ვერ გაისტუმრა, მეორე მიაყოლა და მოგების იმედით, თამაში გააგრძელა. საბოლოოდ, იმდენად ჩაიძირა, რომ ჯერ თავისი სახლი გადაუფორმა კერძო მევახშეს და მერე ძმის სახლიც მიყოლა. ამ კაცმა ყველაფერი რომ წააგო და გაანიავა, დაიხურა ქუდი და წავიდა, 9 სულიანი ოჯახი კი ქუჩაში დარჩა. ეს საქმე უკვე სააპელაციოშიც აღარ საჩივრდება.
განრიდების პრინციპი იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანმა ოჯახი დააზარალა, ოჯახის წევრი უნდა მივიდეს იუსტიციის სახლში და განაცხადოს. მოხდება ამ პიროვნების მოთამაშეთა მონაცემების ბაზაში შეყვანა და „ქსელურად გაშავება“, თუმცა არა სამი წლის ვადით, როგორც ამბობენ, არამედ სამუდამოდ. 

– ვინ და როგორ უნდა დაადგინოს ითამაშა ადამიანმა თუ არა?

– ზუსტად ამისთვისა საჭირო მოთამაშეების მონაცემთა ერთიანი ბაზა. თუ სურვილი მაქვს, რომ ვითამაშო, უნდა წავიდე შემოსავლების სამსახურში და დავრეგისტრირდე, როგორც მოთამაშე. იუსტიციის სახლიდან ეს ბაზები ყველა სათამაშო ობიექტს გადაეცემა და მხოლოდ დარეგისტრირებულ პირებს მისცემენ თამაშის უფლებას. სხვათა შორის, ბატონმა ლევანმა კიდევ ერთი ინიციატივა შემოგვთავაზა — საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმების მსურველმა ნასამართლეობისა და ნარკოლოგიურის ცნობის გარდა, მოთამაშეების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერიც უნდა წარმოადგინოს, რომ მოთამაშე არ არისო.

– საუბრის ბოლოს საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებაზეც გვიამბეთ. როგორ არეგულირებენ ჩვენი მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნები სათამაშო ბიზნესს?

– აზარტული თამაშები 21-ე საუკუნის გლობლური გამოწვევა და მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ ყველა ქვეყანამ გამონახა საკუთარი მოქალაქეების დაცვის გზა. ფინეთში სახელმწიფო სათამაშო ბიზნესს მაქსიმალურად აკონტროლებს და უამრავი რეგულაცია აქვს მოქალაქეების დასაცავად. რუსეთმა სათამაშო ბიზნესი დედაქალაქიდან გაიტანა და ამხელა ტერიტორიაზე მხოლოდ ოთხი ლოკაცია მისცა — სადღაც შორეულ აღმოსავლეთში, კალინინგრდში, კრასნოდარში და შავი ზღვისპირეთში. მეზობელ თურქეთში კაზინოები 1998 წლიდანაა აკრძალული. მთელი გერმანია რომ დაიაროთ, რეკლამას კი არა, აბრასაც ვერ ნახავთ, რომელიც სათამაშო ობიექტის არსებობზე მიგანიშნებთ. საბერძნეთმა და პორტუგალიამ, რომელმაც ნარკოტიკების ლეგალიზაცია მოხდინა, სათამაშო ბიზნესში ასაკი 25 წლამდე აწია, ბრიუსელში სამორინეში შესვლის და თამაშის უფლება მხოლოდ მაღალი შემოსავლების მქონე პირებს აქვთ. თუ ხელფასი საშუალებას არ გაძლევს, ვერც ონლაინს ითამაშებ და ვერც სამირინეში შეხვალ. ასევე ხდება პოლონეთშიც, რომელმაც 6 წელი იმუშავა კანონპროექტზე და სათამაშო ბიზნესს მაქსიმალური ბერკეტები დ ბარიერები დაუწესა. ჩვენც იგივეს ვთავაზობთ — გინდათ ბიზნესი? გაიტანეთ სათამაშო ობიექტები ქალაქის პერიმეტრის გარეთ, გააკეთეთ თავისუფალი ზონა წითელი ხიდის ან სარფის მხარეს, სადაც თურქეთიდან შემოსული ვიზიტორები ითამაშებენ, ოღონდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნაკლები წვდომა. 

აზარტული თამაშების მორევში ახალგაზრდობას ვკარგავთ, ერი კნინდება და უპერსპექტივო ხდება. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ახალგაზრდები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ და ოჯახებს გაპარტახებულს ტოვებენ. თუ წინ არ აღვუდგებით ამ საშინელებას, მდგომარეობა სულ უფრო სავალალო გახდება.

ნელი თორდია
скачать dle 12.0