"მე არ ვიკლავ თავს - ისინი მკლავენ"

2012 წლის 4 აპრილს ათენში საბერძნეთის პარლამენტის წინ თავი მოიკლა სამოცდაჩვიდმეტი წლის პენსიონერმა დიმიტრის კრისტულასმა. ის ვეღარ ყიდულობდა მისთვის საჭირო წამლებს მას შემდეგ რაც საბერძნეთის მთავრობამ შეამცირა მისი პენსია. სანამ თითს გამოკრავდა ჩახმახს მან თქვა "მე არ ვიკლავ თავს, ისინი მკლავენ".

ასეთი ისტორია ბევრია (სამწუხაროდ საქართველოც არ უჩივის ანალოგიური შემთხვევების სიმცირეს) მკაცრი ეკონომიკა რომელიც გამოწერილი იყო როგორც წამალი კრიზისისგან განსაკურნებლად ამ კრიზისზე ბევრად უარესი აღმოჩნდა. მისი შედეგები რომ ფასდებოდეს ისე როგორც ფასდება ნებისმიერი წამლის კლინიკური ცდის შედეგები ეთიკის კომიტეტი გააჩერებდა, შეწყვეტდა ამ პოლიტიკას. მაგრამ ხელმძღვანელებმა არ იციან თუ რა გავლენას ახდენს ადამიანებზე მათი პოლიტიკა. მკაცრი ეკონომიკის პოლიტიკა არ ფუნქციონირებს იმიტომ რომ ის არაა ლოგიკური, ისაა ეკონომიკური იდეოლოგია, ამბობს დევიდ სტაკლერი ევროპაში საშუალოდ ჯანმრთელობაზე იხარჯებოდა საერთო სახელმწიფო ხარჯების ცამეტი პროცენტი. 2008 წლიდან ოცამდე ქვეყანამ შეამცირა ხარჯები ამ სფეროში რათა დაეკმაყოფილებინა საერთაშორისო მონეტარული ფონდის "FMI", ევროკომისიის და ევროპული ცენტრალური ბანკის მოთხოვნები და მათ მიერ ნაქადაგევი მკაცრი ეკონომიის გეგმები. ეს არ ყოფილა ხუმრობა. მას შემდეგ რაც საბერძნეთის მთავრობამ ჯანმრთელობის ბიუჯეტი შეამცირა 40 პროცენტით, თვითმკვლელობათა დონე, რომელიც ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო ევროპაში, გაორმაგდა. უმუშევრობამ ევროპაში 2012 წელს მიაღწია 10,5%-ს, პორტუგალიაში, საბერძნეთში და ესპანეთში 25%-ს ორი ახალგაზრდიდან ერთი უმუშევარი იყო. 

შედეგი:
ევროპაში ათწლეულების მანძილზე თვითმკვლელთა რაოდენობა მცირდებოდა, ეხლა კი, პირიქით, იზრდება. სტაკლერს მოყავს მრავალი მაგალითი რათა ხაზი გაუსვას სოციალური დაცვის, განსაკუთრებით შვედეთის მაგალითის ღირსებებს. 1990-იან წლებში კრიზისული პერიოდის გავლისას მთავრობამ გადაწყვიტა ინვესტირება სამუშო ადგილების შექმნის პროგრამებში. შედეგი: უმუშევრობის მუდამ მზარდი დონის მიუხედავად თვითმკვლელობათა რაოდენობამ იკლო.

სტაკლერის აზრით, მოქალაქეთა ჯანმრთელობაში ინვესტირებულ ერთ დოლარს სამი დოლარი მოაქვს ეკონომიკისთვის. აი, როგორ აფასებს აღნიშნულ სიტუაციას კიდევ ერთ ჭკვიანი ევროპელი, ცნობილი ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი და მწერალი ქალბატონი კლოდ ალმოსი. 2014 წელს ფრანგულმა გამომცემლობამ გამოსცა მისი წიგნი "ნუთუ ასე ცხოვრობენ ადამიანები?" რეზიუმე – დღეს ვეღარავინ გაურბის ეკონომიკურ კრიზისს და ისიც აღარაფერს ერიდება. სამუშაოს დაკარგვა, სამუშაოს დაკარგვის შიში, მოხმარების შესაძლებლობათა შაგრენის ტყავივით შემცირების დანახვა, სხვათა უბედურებების მოწმედ ყოფნა და გეშინოდეს რომ გაუბედურდები თვითონ. დღევანდელ ადამიანს ემართება ის რაც უბრალო სტრესზე უფრო მძიმეა. ეს დარტყმები ხვდება ჩვენს არსს და არა მარტო ჩვენს ქონებას. ეკონომიკური კრიზისი კი აჩენს გულების დამღრღნელ და გამხეთქ ფსიქოლოგიურ კრიზისს რომელიც ტანჯავს ადამიანთა სხეულს და თავს. არა და ამ კრიზისზე არ ლაპარაკობს არავინ. არ ლაპარაკობენ არც პოლიტიკოსები, არც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და არც ფსიქოლოგ-ფსიქიატრ-ფსიქოთერაპევტები. ეს სიჩუმე კი ცუდ დღეში აგდებს ადამიანებს. მათ უჩნდებათ სირცხვილის გრძნობა რომელიც სრულებით უადგილოა. უთხრა ადამიანს რომ ავადმყოფია მსოფლიო და არა ის, რომ მას უჭირს ცხოვრება იმიტომ რომ ცხოვრებაა აუტანელი და არა იმიტომ რომ ის სუსტია ნიშნავს იმის თქმას რომ ადამიანმა უნდა იბრძოლოს და არ მოიკლას თავი. 

როდესაც საზოგადოება ხუთი ბავშვიდან ერთს აცხოვრებს სიღარიბის ზღურბლზე დაბლა ის აუბედურებს მილიონობით ადამიანს. და კრიზისი ამავე დროს ცუდ დღეში აგდებს საშუალო კლასის წევრებსაც, მეტიც, შეძლებულებსაც. საშუალო კლასის წევრებს, შეძლებულებსაც კი ეშინიათ რომ კრიზისმა მათ შეიძლება დააკარგვინოს მათი სოციალური სტატუსი, მდგომარეობა და ეს მათ აგდებს დეპრესიაში. არადა ეს ხალხი უხილავია, არ ჩანს. მათ აქვთ ჭერი, საჭმელი, ისინი არიან "ბურჟუები" ან საშუალო კლასიდან გამოსულები და საზოგადოებას არ უნდა რამის გაგება მათი ტანჯვის შესახებ. როდესაც ცხოვრება ირევა ერთია შიში იმის გამო რომ ვერ გააგზავნი ბავშვებს დასასვენებლად და სხვაა შიში იმის გამო რომ ვეღარ შეძლებ ბავშვების კვებას და დაბინავებას, მაგრამ ყველა დარდობს და ღელავს. ჟურნალისტებსაც არ დაუსვიათ კითხვები კრიზისის ფსიქოლოგიურ შედეგებზე, იმაზე თუ რას ნიშნავს ბავშვისთვის ზრდა კრიზისის პერიოდში. არადა კრიზისის პერიოდში ცხოვრება საშინელია როგორც მშობლებისთვის ისე ბავშვებისთვის რომლებიც უნდა ჩამოყალიბდნენ არასტაბილურობის და გაჭირვების პერიოდში. ათიოდე წლის წინ მე ვმუშაობდი პარიზის ჩრდილოეთ გარეუბანში ბავშვებთან რომლებიც მარტო, საკუთარი თავის ანაბარა მიტოვებულები იყვნენ უკვე დილიდან. ისინი მარტო უნდა ამდგარიყვნენ. მათ მარტო, მშობლების თუ ახლობლების დახმარების გარეშე უნდა ჩაეცვათ. საუზმის დროს ისინი უნდა ყოფილიყვნენ მარტო. ისინი მარტო და სხვის თანხლების გარეშე უნდა წასულიყვნენ სკოლაში. რა აზრი უნდა მივცეთ ბავშვების ასეთ მარტოობას, ყველაფერ ამას მაშინ როდესაც ბებია-ბაბუები, მშობლები, ძმები საერთოდ არ დგებიან დილით იმიტომ რომ მათ არა აქვთ სამუშაო, იმიტომ რომ ისინი უმუშევრები არიან? ყველა ეს ადამიანი ცხოვრობს აზრით რომ ეს არ მოწესრიგდება, რომ ეს უსაშველო და უიმედოა და ისინი არ ცდებიან, მათთვის მომავლის იმედი ჩამქრალია… 

კრიზისი და ამის დამშვები საზოგადოება ცუდ დღეში აგდებს მშობლებსაც რომლებიც დამნაშავედ გრძნობენ თავს იმიტომ რომ არ შეუძლიათ თავისი შვილებისთვის ლამაზი რამის ჩუქება და ბავშვებს უჩენს მშობლებით უკმაყოფილების გრძნობას, აჩენს თაობათა კონფლიქტს. ბავშვისთვის მომავლის ცნება სულაც არაა აბსტრაქტული და შორეული. "როდესაც ვიქნები დიდი..., როდესაც ვიქნები ჩემს ირგვლივ მყოფი დიდების მსგავსი… ამას ამბობს ყველა ბავშვი. მოზარდი ბავშვისთვის მოდელია, მისაბაძი ნიმუშია უფროსი და ეს აჩენს კითხვას: "მეუბნებიან რომ სკოლაში კარგად უნდა ვისწავლო, მაგრამ ჩემი დედ-მამა განა ცუდი მოწაფეები იყვნენ?" ვიმედოვნებ რომ პოლიტიკოსები წაიკითხავენ ჩემს წიგნს და ნათქვამს და გაიგებენ რომ მათ არ ესმით ადამიანთა ტანჯვა. ტოტალური სიჩუმე და ტყუილი მხოლოდ აუარესებს ვითარებას… 

კლოდ ალმოსის წიგნს და რეკომენდაციებს სავარაუდოდ ეცნობიან ევროპელი პოლიტიკოსები, საინტერესოა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსებმა ქვეყნის საზიანო რეკომენდაციების უსიტყვოდ მიმღებ-შემსრულებლებმა იციან მაინც საით მიექანებიან ქვეყანასთან და ხალხთან ერთად?… კატასტროფაა ის რაც ახლა შეშლილ მსოფლიოში ხდება ნეოგლობალიზმი უფსკრულისკენ უბიძგებს კაცობრიობას. ყველამ იცის, ვინც მართავს ამ პროცესებს თუმცა მისი დამღუპველი ტენდენციის შეჩერება არავის ძალუძს ღმერთის გარდა…

ქეთევან ზარნაძე
скачать dle 12.0