დონალდ ტრამპს რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში დასდეს ბრალი

სავაჭრო ომი, რომელიც გაზაფხულიდან აგორდა მსოფლიოში, ახალ და გლობალურ პრობლემებს უქმნის სამყაროს ეკონომიკას. დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე არგენტინაში, რომელიც გასულ კვირას დასრულდა, დღის წესრიგში მთავარი საკითხი უკვე დაწესებული და მოსალოდნელი სანქციები იყო. სამიტზე ფინანსისტები შეშფოთებას ვერ მალავდნენ, მათ აზრს მსოფლიოს სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლიაგარიც იზიარებდა. მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი იყო შეუვალი. ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ მან მოლაპარაკება ცარიელ ლაყბობად შეაფასა.

მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ მინისტრი დონალდ ტრამპის აზრს იზიარებს. აშშ-ის პრეზიდენტის შეტევის ძირითადი ობიექტები ჩინეთი და ინდოეთი გახდა. გვახსოვს, შარშან, ინაუგურაციის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა ოფიციალური ვიზიტით ერთ-ერთი პირველი ჩინეთის მმართველი სი ძინ პინი მიიწვია. სწორედ მაშინ განახორციელა აშშ-ის ავიაციამ ავღანეთში შეტევა. თუმცა ჩინელებს არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ. ექსპერტების განცხადებით, ტრამპს სურდა დაეშინებინა ჩინელები (და, თავისთავად, სხვა ქვეყნებიც), მაგრამ ეს ვერ მოახერხა და ამიტომაც ახორციელებს ეკონომიკურ შეტევას. "…ჩინეთმა ფერმერები დამიზარალაო", _ განაცხადა გასულ კვირას ტრამპმა. სტატისტიკური მონაცემებით, წლეულს პირველ ორ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 4,1%-ით გაიზარდა, თუმცა საპასუხო სანქციების მიზეზით ამერიკელი ფერმერები კოლოსალურ ზარალს განიცდიან. დათმობაზე წასვლას არც აშშ, არც ჩინეთი და ინდოეთი არ აპირებს. ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხმა, რომლებსაც ტრამპი აშშ-ის მთავარ მტრებად თვლიდა, აქტუალობა დაკარგა.
ეკონომისტები და ფინანსისტები სავაჭრო ომის დასრულებას უახლოეს მომავალში არ ელოდებიან. მათი განცხადებით, სანქციებმა უკვე საგრძნობლად აზარალა მსოფლიოს ეკონომიკა. ექსპერტები შიშობენ, სავაჭრო ომი ქვეყნებს შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყების საბაბი არ გახდეს. მათივე განცხადებით, თუ სავაჭრო ომი ასეთი ტემპით გაგრძელდება, გაისად მსოფლიოში ეკონომიკური მაჩვენებელი, მინიმუმ, 3%-ით დაეცემა, რაც მძიმედ დააწვება განვითარებადი ქვეყნების საშუალო და დაბალი ფენების მოსახლეობას.

ევროკავშირის კომისარი ჟან კლოდ იუნკერი გასულ კვირას დონალდ ტრამპს ესტუმრა. მისი ვიზიტის მთავარი და ძირითადი მიზანი სავაჭრო ომის შეჩერება თუ არა, შერბილების მიღწევა მაინც იყო. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ დროებით შეაჩერებს სანქციებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის და მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. სამაგიეროდ, ევროპელებს მოუწევთ დათმობაზე წასვლა. ექსპერტების განცხადებით, იუნკერმა, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადა. აღნიშნავენ იმ გარემოებასაც, რომ იუნკერი მრეწველებსა და ბიზნესმენებზე გავლენას ვერ მოახდენს, მას არ შეუძლია უკარნახოს მათ, როგორც აწარმოონ ბიზნესი. ამიტომაც გარუკვევლობაა და სავაჭრო ომი კვლავ გრძელდება. თუმცა შეხვედრით კმაყოფილი იყვნენ ტრამპიც და იუნკერიც. სასმელის რა გითხრათ, რომლითაც ნატოს სამიტზე თავს იქცევდა იუნკერი, მაგრამ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც შეხვედრის შემდეგ მას იუნკერი კოცნის. ევროპაში ამ ფოტომ, ფაქტობრივად, სკანდალი გამოიწვია. მართალია, იუნკერი უარყოფს, არ მიკოცნიაო, მაგრამ ფაქტი, ანუ ფოტო, გავრცელებულია.

ჰელსინკში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპს სამშობლოში კრიტიკის ქარიშხალი დაატყდა თავს. ძირითადად, მას დემოკრატები და მათთან დაახლოებული პრესის წარმომადგენლები აკრიტიკებენ. ტრამპის კრიტიკოსების ფანტაზია იქამდე მივიდა, რომ მას რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში დასდეს ბრალი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო კონგრესში მიიწვიეს, რათა მოესმინათ, რა თემებზე ისაუბრა ტრამპმა პუტინთან. პომპეომ კონგრესმენებს დინჯად უპასუხა და ისიც განაცხადა, პუტინის ნაჩუქარ ბურთში მოსასმენი ჩიპი ვერ აღმოვაჩინეთო.
აშშ-ში ეკონომიკური მაჩვენებელი იზრდება, მცირედ, მაგრამ უმუშევრობამ იკლო, მაგრამ ეს ტრამპის კრიტიკოსებს, განსაკუთრებით კონგრესმენებს, არ აინტერესებთ. მათთვის მთავარია, ტრამპის იმპიჩმენტისთვის მიზეზი იპოვონ. სავარაუდოდ, ამიტომაც განაცხადა დონალდ ტრამპის თანაშემწემ უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა: "…ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში კუდიანებზე ნადირობა არ დამთავრდება, ვლადიმირ პუტინის ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია".

პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ტრამპი მედგრად იგერიებს შეტევებს, მათ ყურადღება გაამახვილეს ბოლტონის გამონათქვამზე, რადგან ტრამპზე შეტევებსა და მის მიმართ განხორციელებულ ბრალდებებს ისიც კუდიანებზე ნადირობად მიიჩნევს, იმასაც ამბობენ, კრიტიკოსების პოზიციები შესუსტდაო. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად აგორებული რუსეთის ისტერიისა და სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული დარტყმა-შეტევებისა, დონალდ ტრამპს თავისი მხარდამჭერი ელექტორატი ჰყავს. ექსპერტებს მხედველობაში ჰყავთ ახლად დასაქმებულები, ბიზნესმენების სერიოზული მხარდაჭერა და, რაც მთავარია, სამხედრო მოსამსახურეები. თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა, რომელსაც რუსეთისადმი სიმპათიებს ვერავინ დასწამებს, არ გამორიცხავს რუს კოლეგასთან, სერგეი შოიგუსთან პირისპირ შეხვედრას. გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპის რეიტინგი 45%-ია. ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ 33% მხარდამჭერი ჰყავდა. პოლიტოლოგების ვარაუდით, შემოდგომაზე არჩევნებში ტრამპი კონგრესში უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ კი განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის მეგობარი არ არის, მაგრამ ამერიკელი პოლიტოლოგების განცხადებით, დიპლომატმა ვითარების განეიტრალება სცადა. მათივე განცხადებით, აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შემოდგომაზე აუცილებლად შედგება. "…დონალდ ტრამპს აქვს შეხვედრის სურვილი და შევხვდები. მზად ვარ, ჩავიდე ვაშინგტონში და მოსკოვშიც მივიწვიო", _ უპასუხა ვლადიმირ პუტინმა იოჰანესბურგში, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს ტრამპთან შემოდგომაზე დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.

ამასობაში დონალდ ტრამპმა თავად შეუტია კანონმდებლებს და დაემუქრა, თუ კონგრესი მხარს არ დაუჭერს მიგრანტების შესაჩერებლად მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას, აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობას შეწყვეტსო. დანაქადის შესრულების შემთხვევაში, ქვეყანაში სამთავრობო კრიზისი დაისადგურებს. კონგრესმენებს პრეზიდენტისთვის ჯერ არ უპასუხიათ.

გასულ კვირას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართა ე.წ. "ბრიქსის" სამიტი. ორგანიზაციაში ხუთი წევრია _ ბრაზილია, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა. ორგანიზაცია თავდაპირველად ეკონომიკურ ბლოკად ჩამოყალიბდა, მაგრამ წლევანდელ მეათე სამიტზე პოლიტიკურმა განცხადებებმაც გაიჟღერა. "ბრიქსის" შეკრება წელს ნელსონ მანდელას დაბადებიდან მე 100 წლისთავს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიხაციაში მხოლოდ ხუთი ძირითადი წევრია, სამიტზე ორ ათეულზე მეტი ქვეყნის ლიდერები იყვნენ მიწვეულები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხუთი წევრი ქვეყნიდან სამი _ რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი ბირთვული იარაღის მფლობელია.

აფრიკის კონტინენტიდან რუსეთი თითქმის 30 წლის წინათ გავიდა, მაგრამ სამიტზე ნათელი გახდა, რომ კვლავ აპირებს დაბრუნებას. "ბრიქსის" მსვლელობისას რუსეთმა აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებს ინვესტიციები შესთავაზა. ძირითადი მიმართულებები ჯერჯერობით ელექტროსადგურებისა და რკინიგზის მშენებლობაა. როგორც ცნობილია, რუსეთი სამხრეთ აფრიკაში უკვე აშენებს ატომურ ელექტროსადგურს. "ბრიქსის" ქვეყნების საქონელბრუნვა უკვე 17 მილიარდი დოლარია. ახლანდელ სამიტზე დადგა საკითხი, რომ "ბრიქსის" წევრმა ქვეყნებმა ანგარიშსწორება ეროვნული ვალუტით განახორციელონ. თუმცა დოლარზე უარს ბოლომდე ჯერ არ ამბობენ. ექსპერტების თქმით, ეროვნული ვალუტით ანგარიშსწორებაზე გადასვლას წლები დასჭირდება. მათივე განცხადებით, მზარდი ეკონომიკური დინამიკის გამო, შესაძლოა, "ბრიქსი" აშშ-ისა და დასავლეთ ევროპისთვის სერიოზული და, ამავე დროს, დამანგრეველი კონკურენტი გახდეს.

სამხრეთ აფრიკაში "ბრიქსის" სამიტს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი სტუმრობდა. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას მან განაცხადა: "…აშშ-ის ჯიბრზე ჩვენ უკეთესი ურთიერთობა გვაქვს და გვექნებაო~. თურქეთის პრესის ინფორმაციით, ერდოღანმა სურვილი გამოთქვა და ითხოვა, მისი ქვეყნის "ბრიქსში" გაწევრიანება. რა უპასუხეს ერდოღანს, ჯერჯერობით, უცნობია. სავარაუდოდ, ზუსტ პასუხს გაისად, ჩინეთში დაგეგმილ სამიტზე გავიგებთ. ამასობაში კი თურქეთი აპირებს, სასამართლოში უჩივლოს ამერიკულ მხარეს. კონგრესმა შეაჩერა ავიაგამანადგურებლების მიყიდვა მათთვის, რადგან თურქეთმა რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემა შ 400 შეიძინა. პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ აშშ-მ, შესაძლოა, კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგოს შავი ზღვის რეგიონში. მათივე განცხადებით, ასევე, შესაძლოა, თანამედროვე სამყარო ახლო მომავალში რადიკალურად შეიცვალოს _ უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, ამას არ აკონკრეტებენ…

გია ბურდული
скачать dle 12.0