ვახტანგ ხარჩილავა: ჰაერის ძეგლი ლევან ვასაძისთვის

საქართველო დიდი ხანია უსმენს ლევან ვასაძეს, უსმენს და გული იმედით ევსება, რომ ეს კაცი ლაპარაკიდან სულ მალე საქმეზე გადავა და მის ბედკრულ სამშობლოს უშველის, მაგრამ ამაოა ჩვენი მოლოდინი – ვასაძე ისევ ლაპარაკობს და ლაპარაკობს, ლაპარაკობს და ლაპარაკობს, ლაპარაკიდან კი საქმეზე გადასვლას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

ლაპარაკი საქმის ნაცვლად _ ასეც შეიძლება დავარქვათ ვასაძის მიერ მოღვაწეობისთვის არჩეულ სტილს.

არა, სულ კი არ ლაპარაკობს, ხანდახანს თავის ლექსებსაც გვიკითხავს ხოლმე, გვიკითხავს არტისტულად, ლამაზად, კარგად დაყენებული ხმით.
მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით, ლექსები საკმაოდ მდარე და დაბალი ხარისხისაა, სამაგიეროდ, პატრიოტულ-ჰეროიკული სულისკვეთებითაა გაჟღენთილი, აი, ისეთით, ურაპატრიოტიზმს რომ ვეძახით და იმ შეზარხოშებულ ქართველებს რომ მოსწონთ ძალიან, სუფრა ბრძოლის ველად რომ ეჩვენებათ და ყანწი ხმლად.

მოკლედ, როგორც პოეტი, დიდი ნიჭით ვერ გამოირჩევა ბატონი ლევანი, სამაგიეროდ, ლაპარაკშია ნიჭიერი და ისიც ლაპარაკობს და ლაპარაკობს, თან ისეთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებზე და ისეთი დამაჯერებელი და საქმიანი ტონით, ხალხში პერიოდულად ხმა ვრცელდება, ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდისო.

ვასაძის ლაპარაკი იძლევა ამ ხმების გავრცელების საბაბს, ამ ლაპარაკის გამოა, ხან რომელიმე სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტს რომ "აბარებენ", ხან პრემიერ-მინისტრად "ნიშნავენ", ამ ბოლო დროს კი ისიც ითქვა, ლევან ვასაძე, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, პრეზიდენტობაზე იყრის კენჭსო, თუმცა ყველა ასეთ ჭორს ვასაძის კატეგორიული განცხადება მოსდევს ხოლმე – პოლიტიკაში არ ვერევი, პოლიტიკური ამბიციები არც არასდროს გამაჩნდა და არც ახლა გამაჩნიაო.

ასე ბრძანა ახლაც, გრიგოლიას "რეაქციაში" – მე პოლიტიკაში არ ვერევიო, თუმცა განცხადება, რომელიც მან ამ გადაცემაში გააკეთა, წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებაა.

ვერ გეტყვით, რას ეძახის ლევან ვასაძე პოლიტიკას, მაგრამ ის, რასაც ბატონი ლევანი ლექსად თუ პროზად ამბობს, თავიდან ბოლომდე პოლიტიკაა.
საერთოდ, რაც კი ამ ქვეყანაზე კეთდება, პირდაპირ თუ ირიბად, ყველაფერი პოლიტიკისკენ მიდის, ყველაფერი პოლიტიკაში იყრის თავს.
თქვენ წარმოიდგინეთ, როცა ამბობ, პოლიტიკაში არ ვერევიო, ესეც პოლიტიკაა.

ლევან ვასაძე პოლიტიკოსია, ოღონდ პოლიტიკოსის ოფიციალური სტატუსის გარეშე, რაც ხშირად უფრო მომგებიანია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობა და პარტიული ტრიბუნიდან ლაპარაკი.

"მე მიმაჩნია, რომ რაც მალე ჩამოშორდება ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, რაც მალე ჩამოშორდება "ქართულ ოცნებას", მით უკეთესი იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილისთვისაც, "ქართული ოცნებისთვისაც" და ჩვენი ქვეყნისთვისაც", – ბრძანებს პატივცემული ლევანი და იქვე აყოლებს: ეს არ არის პოლიტიკური განცხადებაო.

ეს თუ პოლიტიკური განცხადება არ არის, აბა სხვა რა არის?

რა არის და ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქის განცხადებაა, რომელსაც ისევე უყვარს თავისი სამშობლო, როგორც ბევრ ჩვენგანსო.
ხედავთ, თურმე რა ყოფილა? – რიგითი მოქალაქის განცხადება ყოფილა!

რიგითო მოქალაქევ, ბატონო ლევან, როცა ასეთ "რევოლუციურ" მოწოდებას აჟღერებთ და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებთ, ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის ტვირთი ჩამოიხსნას მხრებიდან, იქვე ისიც არ უნდა დაამატოთ, ვინ უნდა აიკიდოს ეს ტვირთი?

თქვენ ხომ, როგორც თავად ბრძანებთ, თქვენი სამშობლო ძალიან გიყვართ. ჰოდა, იმაზე ფიქრით და იმის ანალიზით არ უნდა შეიწუხოთ თავი, რა შეიძლება თქვენს საყვარელ სამშობლოში მოხდეს, ივანიშვილმა თქვენს რჩევას რომ დაუჯეროს, უცებ გადგეს განზე და ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობაზე საერთოდ უარი თქვას?

პატრიოტობის ან ანალიტიკური აზროვნების ხარისხით მე თქვენთან, აბა, რას მოვალ, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ვარაუდს მაინც გაგიმხელთ: დღესვე, დაუყოვნებლივ, მოუმზადებლად, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ თქვენგან შემოთავაზებული ნაბიჯის გადადგმამ, შეიძლება ქვეყანაში უმართავი პროცესები გამოიწვიოს და დესტაბილიზაციის რეალური საფრთხე შექმნას.

გიფიქრიათ თქვენ ამაზე, პატივცემულო ლევან?

ალბათ, არ გიფიქრიათ და თუ არ გიფიქრიათ, მაშინ თქვენი დიდი პატრიოტობა და ქვეყნის გულწრფელი გულშემატკივრობა როგორ უნდა ვირწმუნოთ?
სიმართლე გითხრათ, არ მჯერა იმ ადამიანების პატრიოტობისა, თავიანთ ლოკალურ ბედნიერებაში, თავიანთ მიკროდიდებაში, თავიანთ ნარცისულ წარმოსახვებში შეყუჟულნი რაღაცნაირი ხაზგასმული თავმოწონებით რომ გეტყვიან, მე პოლიტიკაში არ ვერევიო.

თუ ქვეყანა თავზე გენგრევა, თუ ქვეყანა იქცევა, რას ჰქვია პოლიტიკაში არ ერევი და არაფერს არ აკეთებ იმისთვის, რომ ქვეყანას, რითაც შეგიძლია და როგორც შეგიძლია, კატასტროფა ააცილო თავიდან.

მარტო ბატონ ლევანს არ ვგულისხმობ, სხვაც ბევრი მინახავს ამ მუდმივი წეწვა-გლეჯვის რეჟიმში მყოფ ქვეყანაში, ვითომ დიდი რეჟისორია, დიდი პოეტია, დიდი მეცნიერია და გამომდინარე ამ თავისი "სიდიდიდან" თუ "სიდიადიდან", ქვეყნის ყოველდღიურ პრობლემებზე, მით უმეტეს, პოლიტიკაზე ფიქრით თავის შეწუხება და თავისი პოზიციის დაფიქსირება თავის დაკნინებად და დამცირებად მიაჩნია – ზის თავის ოლიმპოზე და იქიდან მშვიდად ადევნებს თვალს საბედისწერო მოვლენებს.

სინამდვილეში, დეზერტირობაა ეს, კონფორმიზმი და ეგოიზმია, რომელსაც ხშირად პატრიოტიზმის ნიღბით ნიღბავენ მავანნი და მავანნი.
სპეკულაცია პატრიოტიზმით, "მარიაჟობა" პატრიოტიზმით, კეკლუცობა და თავის მოწონება პატრიოტული თემებით ჩვენს საზოგადოებაში კარგად ფესვგადგმული ტენდენციაა, რომელიც სათავეს არცთუ ისე შორეული კომუნისტური ეპოქიდან იღებს და დამოუკიდებელ საქართველოშიც ისე გადმოგვყვა, როგორც სახადი.

ბიძინა ივანიშვილიც ისე რომ მოქცეულიყო, როგორც ლევან ვასაძე იქცევა და არ ვერევი მე პოლიტიკაშიო, რომ ეთქვა, "ნაცმოძრაობა" და მისი ბელადი ახლაც თავზე გვეყოლებოდნენ წამოსკუპებული.

ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, სწორედ ეგ არის ნამდვილი პატრიოტიზმი, ნამდვილი გმირობა, რისთვისაც, ვასაძის აზრით, ბატონ ბიძინას ორი ძეგლი ეკუთვნის – ერთი სააკაშვილის მოშორებისთვის, მეორე – ქვეყნის წინაშე გაწეული უამრავი ქველმოქმედებისთვის.
კი, მაგრამ ამ ორი ძერგლის ღირს ბიძინა ივანიშვილს რომ ურჩევთ წასვლას, რატომ იგივე არა ურჩიეთ საძეგლოდ საერთოდ უვარგის მარგველაშვილსაც, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში უამრავი შეცდომა დაუშვა?

ხშირად ვაკრიტიკებდი მარგველაშვილსო, კი ამბობთ, მაგრამ კრიტიკა და საყვედური სხვაა – არაა შენი საქმე პრეზიდენტობა, ჩემო გიორგი და წადი სახლშიო, რატომ არ უთხარით?

თქვენი შვილის ნათლია და ბავშვობის მეგობარი რომ არის, იმიტომ ვერ გაიმეტეთ "ჩამოსალაბროანტებლად"? აკი, სამშობლოს გამო არავის და არაფერს დავერიდებიო?

ბატონ ლევანს აქვს თავისი ოლიმპო – კიკეთი.

აი, იქიდან გვმოძღვრავს, იქიდან გვიკითხავს განმანათლებლური და დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ხასიათის ლექციებს.
ბატონი ლევანის საუბრებს რომ ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ადამიანმა ერის უგვირგვინო მეფის, ერის აღმზრდელის და პირუთვნელი მედიატორის ამპლუა აირჩია თავისი მისიის აღსასრულებლად.

ვასაძე ისე გველაპარაკება, თითქოს ილია ჭავჭავაძე ან მაჰათმა განდი იყოს.

კარგია ეს, მაგრამ როცა ილია ჭავჭავაძეობა ან მაჰათმა განდობა გინდა, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ შეიძლება შუბლში ტყვია გკრან.
აი, ეს ვარიანტი კი ბატონ ლევანს ხელს არ აძლევს და ალბათ ამიტომაც აუჩემებია, პოლიტიკაში არ ვერევიო.
კიკეთშივე არსებობს ვასაძის მიერ დაფუძნებული სკოლაც, სადაც ერთი ბავშვის აღზრდა-განათლება წელიწადში, რამდენადაც ვიცი, 10 000 ლარამდე ღირს, ანუ ეს არის სკოლა ძალიან მდიდარი ოჯახების შვილებისთვის.

ეს სკოლა სულაც რომ არ არსებობდეს, მდიდარი ოჯახები მაინც მისცემენ თავიანთ შვილებს სათანადო განათლებას.
არ სჯობდა, ეს სკოლა ღარიბი ოჯახების ნიჭიერი ბავშვებისთვის რომ დაგეარსებინათ, ბატონო ლევან?

ბიძინა ივანიშვილს თუ ორი ძეგლი უნდა დავუდგათ, თქვენ ერთს მაინც დაგიდგამდით, ეს სამადლო და მამულიშვილური საქმე რომ გაგეკეთებინათ,
აბა, მხოლოდ ლაპარაკში ჰაერის ძეგლს რომ არ დაგიდგამთ, ბატონო ლევან?скачать dle 12.0