საკუთარ გუნდთან დაპირისპირება საკმაოდ სახიფათო საქმეა. არ დაგვავიწყდეს, რომ გენიოსი სტალინი საკუთარმა გუნდმა იმსხვერპლა

გვესაუბრება პოლიტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას პირველი ინტერვიუ მისცა. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რამდენად შეიძლება მისი გზავნილები ქართულ პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისად მივიჩნიოთ?

_ დიახ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მისი საზოგადოებაში გამოჩენა, პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისია, რადგან ბევრი კომპონენტი, რაც მის ინტერვიუში გაჟღერდა პრინციპულად ახალია. მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილი წარმოჩინდა არა როგორც "ქართული ოცნების" დამცველი, არამედ როგორც ქართული პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ბეიღბალზე მზრუნველი ადამიანი. სასურველია, ამაში წამყვანი როლი "ქართულ ოცნებას" ჰქონდეს, ოღონდ, ეს, უკვე, ბატონი ბიძინასთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუკი თუნდაც, "ქართული ოცნების" პოზიციე- ბის შესუსტება, რიგ შემთხვევებში, პოლიტიკური ან ეკონომიკური ცხოვრებისთვის უკეთეს შედეგს მოიტანს, ინტერვიუდან ნათლად დავინახეთ, რომ ივანიშვილი ამ ნაბიჯზე წამსვლელია. ანუ, მის გამოსვლაში ჩანდა, რომ ქვეყანა უფრო წინ იყო დაყენებული, ვიდრე პარტია.

_ ივანიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მას ნაკლებად იცავდა. საინტერესოა, საერთოდ, დარჩა კი ივანიშვილს თავისი გუნდი ანუ, არის კი "ქართული ოცნება" მისი გუნდი?

_ არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ "ქართულ ოცნებაში" რომ გუნდურობა მოისუსტებს, რაც ივანიშვილმა აღნიშნა, ეს ფაქტია. გამომწვევი მიზეზი შეიძლება ბევრნაირი იყოს: ძირითადად, პირველები გუნდიდან ისინი წავიდნენ, ვინც მიპატიჟებულნი იყვნენ _ "რესპუბლიკელები" და ალასანია. საკუთრივ, "ქართული ოცნება" დარჩა, ოღონდ, მასში წინ წამოიწია სხვა თაობამ, რომლისთვისაც ივანიშვილის ღვაწლი, რაც მას საქართველოს ისტორიის წინაშე მიუძღვის, ისეთი მნიშვნელოვა-ნი არ იყო, როგორც ადრინდელი თაობებისთვის. კერძოდ, ის რომ სააკაშვილის რეჟიმი მოირღვა _ ივანიშვილმა დაამარცხა, ეს დიდ, გარდამტეხ მოვლენად ითვლება თუ არა ახალგაზრდა თაობისთვის, ძნელი სათქმელია. ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილის პოლიტიკის ერთ-ერთი ხაზი უფროსი თაობის ჩარეცხვა გახლდათ. ეს თაობა ჩაირეცხა უმაღლესი სასწავლებლებიდან, მთავრობიდან, პოლიტიკური ცხოვრებიდან და ყველგან ახალგაზრდები შემოვიდნენ. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ახალგაზრდები, მაგრამ ვიქეცით ქვეყნად, სადაც შეიძლებოდა მინისტრი 22 წლის ყოფილიყო, პარლამენტარის საშუალო ასაკიც ძალიან დაბალი იყო და ა.შ. თუ თვალს სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ჯგუფებს გადავავლებთ, იქ, ჭაღარა თავები ძალიან ბევრია.

ეს არ ნიშნავს, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა იმ ტიპის უნდა იყოს, რაც საბჭოთა კავშირის დროს გახლდათ _ საბჭოთა ლიდერი ყოველ მეორე დღეს იცვლებოდა იმიტომ, რომ ასაკი უწევდა და იმ პოლიტბიუროში ახალი მოხუცი შედიოდა. ეს კიდევ მეორე უკიდურესობაა. მაგრამ უკიდურესობაა ისიც, როდესაც აკლიათ პოლიტიკოსებს ცხოვრებისეული გამოცდილება. ადამიანს მოსამართლედ 35 წლამდე არ ნიშნავენ, ცხოვრებისეული გამოცდილება საკმარისი არ აქვსო. აღმოჩნდა, რომ ყველა სხვა თანამდებობაზე ცხოვრებისეული გამოცდილება საჭირო არ ყოფილა. ასეთ უკიდურესობაში გადაზარდა სააკაშვილმა ქვეყნის პროცესები და შეჭაღარავებული თავები ქართულ სინამდვილეში გაქრა. წეღან ვახსენე, უცხოეთში პოლიტიკაში ბევრი ჭაღარა თავია-მეთქი, მაგრამ იქ, ახალგაზრდებიც არიან. მათი სტილი ახალგაზრდების წინ წამოწევაა, მაგრამ ითვლება, რომ სხვადასხვა თაობის ხალხი გადაწყვეტილების მიღებაში, დაახლოებით, ერთნაირად უნდა მონაწილეობდნენ. ეს დემოკრატიის პრინციპია. წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტს მარტო სტუდენტები რომ მართავდნენ, სკოლას კი მარტო მოსწავლეე- ბი და ა.შ. ჩვენ, სამწუხაროდ, დაახლოებით, ასეთი სახელმწიფო მივიღეთ.

_ ივანიშვილმა ინტერვიუში კიდევ რამდენიმე კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ძირითად მიმართულებად საბანკო სექტორში ცვლილებები დაასახელა. მან აღნიშნა, რომ ორმა ბანკმა ქვეყანა გადაჭამა. ეს ბანკები საკმაოდ სერიოზულ ფინანსებს ფლობენ, მათ უკან საერთაშორისო ძალები, დონორები დგანან. ომი რომლის წამოწყებასაც ივანიშვილი აპირებს რამდენად უსაფრთხო და გამარჯვებადი იქნება?

_ ეს ომი, ჯერჯერობით, განცხადების დონეზეა, მაგრამ უფრო ადრე, ბრძოლა ბანკების წინააღმდეგ, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით ბახტაძემ წამოიწყო. მან შემოიტანა ნორმები, რომლებიც ბანკების მონოპოლიას ზღუდავს. ოღონდ, ვგრძნობ, რომ პროცესი გაგრძელებას ითხოვს შემდეგი მიმართულებით: ბანკი, როგორც წესი, ფინანსური თვალსაზრისით, ძლიერი სტრუქტურაა. საკმარისია მას სხვა ბიზნესის კეთების უფლება და საშუალება მიეცეს, ასე, რა თქმა უნდა, იგი, მონოპოლისტი გახდება და ეკონომიკის სხვა სუბიექტებს, ელემენტარულად, მოსპობს, შედეგად, ეკონომიკური თვალსაზრისით, მონოპოლიზებულ ბაზარს მივიღებთ. ამიტომ, ლაპარაკია იმაზე, რომ ბანკების უფლებები უნდა შეიზღუდოს, მათ არ უნდა ჰქონდეთ თავიანთი პროფილის გარეთ გასვლის საშუალება, არამედ მარტო საბანკო საქმე უნდა აწარმოონ. ჩვენთან მხოლოდ საბანკო სექტორი როდია მონოპოლიზებული. თითქმის, ყველა სექტორი მონოპოლიზებულია.

მაგალითად, მონოპოლიებია ჯანდაცვის სფეროში _ ერთიდაიმავე ფირმას აქვს კლინიკა, ფარმაცევტული ფირმა, დახმარებების გაცემის საშუალება და ა.შ. ანალოგიურად მონოპოლიზებულია ენერგეტიკის სექტორი, ბენზინი. ასე, რომ თუკი ბანკების მონოპოლიზაციის წინააღმდეგ მოძრაობა დაიწყება, სავარაუდოა, რომ მოძრაობა ზოგადად, მონოპოლიების წინააღმდეგ უნდა დაიწყოს. მონოპოლიების გამოა, რომ არ არსებობს საშუალო და მცირე ბიზნესი და შედეგად, სწორედ ამ მიზეზით არ არსებობს სამუშაო ადგილები. დასავლეთის საზოგადოებებში სამუშაო ადგილების ძირითადი პროცენტი საშუალო და მცირე და არა დიდ ბიზნესზე მოდის. იმიტომ, რომ დიდი ბიზნესი ცდილობს ტექნიკური ინოვაციების შეტანით თუ სხვა ხერხებით ხარჯები შეამციროს და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაასაქმოს. საშუალო და მცირე ბიზნესი კი ადამიანებს ასაქმებს. გამოდის, რომ მონოპლიებთან ბრძოლა, ფაქტობრივად, არის ბრძოლა სამუშაო ადგილებისთვის. ამას კი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოლო 30 წლის მანძილზე მუდმივად სამუშაო ადგილების პრობლემაა. ამავე, 30 წლის მანძილზე სულ მონოპოლიების პრობლემა დგას. აი, სწორედ ამ პროცესის სათავესთან გამოჩნდა ივანიშვილი. ამ ინტერვიუდან გამოიკვეთა, რომ იგი ამ პროცესს ხელს კიდებს, რასაც ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ თუ მან წარმატებას მიაღწია, ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზრდება.

თუკი გვიან არ არის და დღეს "ქართული ოცნება" როგორც პარტია, მისი ლიდერი ივანიშვილი მონოპოლიების სფეროში მკაფიოდ დააყენებენ რეფორმების საკითხს, ამას გაიტანენ. "ქართულ ოცნებას" როგორც ერთადერთ გავლენიან პარტიას, ამის გატანა შეეძლება. თუ დააგვიანებენ და პოლიტიკური სპექტრი უფრო აჭრელდება, მერე, ეს შანსი, დაიკარგება. ანუ, რეფორმების ის მიმართულება დაიკარგება, რისი სულისკვეთებაც ივანიშვილის ინტერვიუში ჩანდა.

_ ივანიშვილმა ღიად ისაუბრა ეკონომიკური გუნდის, კერძოდ, კვირიკაშვილის შეცდომებზე. ამის გამოსწორების რა ბერკეტი არსებობს?


_ ივანიშვილმა, ამ კუთხით, კრიტიკული ტონი არჩია. კერძოდ, თუკი ქვეყანაში მონოპოლიებს შეინარჩუნებ, უმუშევრობის პრობლემა ყოველთვის იქნება. ერთ-ერთი წამყვანი საბანკო მონოპოლიებია. ფაქტობრივად, ივანიშვილმა კვირიკაშვილს მონოპოლიების შენარჩუნებაში დასდო ბრალი. ბრალდება ეხებოდა არა იმას, რომ კვირიკაშვილმა ან ქუმსიშვილმა რაღაც მიითვისეს, არამედ იმას რომ მცდარი, არასწორი, დანაშაულებრივი კონცეფციით მიდიოდა ქვეყანა მონოპოლიების გაძლიერებისკენ, რაც პრინციპულად გამორიცხავდა სამუშაო ადგილების გაჩენას, გამრავლებას. ივანიშვილი, ჩემი აზრით, ამ არასწორი გზით სიარულის გამო გამწარდა. ეს გზა, თავისთავად, რაზედაც დააყენეს, გააძლიერეს ქვეყნის სიარული, იყო ივანიშვილის მთავარი ბრალდება. სწორედ ამიტომ იყო იგი შეურიგებელი იმასთან, რომ ამ ადამიანებს ქართულ სახელმწიფოებრიობაზე გავლენა შეენარჩუნებინათ.

_ ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები. ივანიშვილი ამ თემასაც შეეხო, განაცხადა, რომ შესაძლოა, მათ საერთოდ არ ჰყავდეთ კანდიდატი.

_ ის, რომ ივანიშვილმა განაცხადა: თანახმაა უკან დაიხიოს და ადგილი სხვას დაუთმოს, ამას დიპლომატიურ კორპუსში და ქართველი ანალიტიკოსების იმ წრეებში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ პლურალიზმი ქვეყნისთვის აუცილებელია, დიდი აღფრთოვა- ნება მოჰყვა. მაგრამ ამავე დროს გაჩნდა შიში: თუკი ივანიშვილმა პრეზიდენტის პორტფელი "ნაცმოძრაობას"დაუთმო, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტით შეიარაღებულმა "ნაცმოძრაობამ" ის განახორციელოს, რაც სააკაშვილმა იმავე საღამოს თქვა თავის შეფასებაში _ ჩვენ, გავიმარჯვებთ საპარლამენტო არჩევნებში, მერე დავიჭერთ, წავართმევთ, მიწასთან გავასწორებთ და ა.შ. ანუ, "ნაცმოძრაობის" სახელისუფლო სტილისტიკა, როგორც სააკაშვილმა გამოავლინა, აბსოლუტურად არ შეცვლილა. ძველი სტილისტიკის ცხოვრებით "ნაცმოძრაობის" უკან მობრუნება, ბევრისთვის მიუღებელია. ეს არ უკავშირდება პლურალიზმის საკითხს. ამ წინადადებით, ნორმალური პოლიტიკის პირობებში, ყველა აღფრთოვანებული იქნებოდა, მაგრამ კონკრეტულად "ნაცმოძრაობის" მოსვლა, რომელმაც შეიძლება ისევ ქვეყნის მოშლაზე და ადამიანების ბედზე  გადაიაროს, მიუღებელია იმ პოზიციაში, რაც ინტერვიუში ივანიშვილმა გაახმოვანა.

_ ბუნებრივია, თუ ვაშაძე ან ბაქრაძე გაიმარჯვებს, სააკაშვილს ყველა დანაშაულს ჩამოაწერენ. ამ ყველაფერს რა მოჰყვება?

_ დიახ, ხომ დაწერა სააკაშვილმა, რაც მერე შეიძლება მოხდეს. მან ინტერვიუში იმ მოვლენების სცენარი აღწერა თუ როგორი ცხოვრება გვექნება საქართველოში. მავანი შეეკამათა: კონსტიტუცია არ იცის, ამის უფლება პრეზიდენტს არ აქვსო. სააკაშვილს კონსტიტუცია სულ არ აინტერესებს. პრეზიდენტს რისი უფლებაც აქვს იმის მაქსიმალური გამოყენებით ეცდება ქვეყანა იქამდე მიიყვანოს, რომ მის მიერ დასახული სცენარი შესრულდეს.

_ თუმცა, ჩემი აზრით, პრეზიდენტს საკმაოდ მნიშვნელოვანი უფლებები რჩება, რისი გამოყენებაც მოწინააღმდეგეს მშვენივრად შეეძლება.


_ დიახ, თანაც ისეთ მოწინა- აღმდეგეს, რომელიც მზად არის ქვეყანა დაანგრიოს, ოღონდ კი, ჩვენ, იმ ნანგრევებში მოვყვეთ. ანუ, ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო, ამ პრინციპის მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე. ყველაფერს რომ თავი დაანებო, იგი, საერთაშორისო ასპარეზზე გადის როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და ქვეყნის გინება ამ პლატფორმიდან, მხოლოდ უარყოფით შედეგს მოიტანს ქვეყნის იმიჯი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება, რაც ცოტა არ არის. იმიტომ, რომ ერთია როცა ყოფილი პრეზიდენტი აგინებს ქვეყანას და მეორე საკითხია როცა ამას მოქმედი პრეზიდენტი აკეთებს.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ გადადგა ივანიშვილმა ეს ნაბიჯი, ნუთუ მას გააზრებული არ აქვს მოსალოდნელი შედეგი?

_ საერთოდ, ჩვენში დარჩეს და ბევრი თვალსაზრისით, უცნაური ინტერვიუ იყო. არსად, ამ ინტერ- ვიუში, არ ყოფილა ფრაზა _ მე საზოგადოებას მოვუწოდებ… ანუ, პროპაგანდისტული ინტონაცია არცერთ ფრაზას არ ჰქონდა. ამ ინტერვიუთი ივანიშვილი საზოგადოებასთან არ ლაპარაკობდა, მისი ადრესატი ფართო საზოგადოება არ იყო. თუ დავფიქრდებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ მისი ადრესატი იყო საკუთარი პარტია. გამორიცხული სულაც არ არის, რომ ამ ფორმულით _ უარი ვთქვათ საკუთარ კანდიდატზე და პროცესები მივუშვათ, მან სიგნალი თავის პარტიას მიაწოდა. იმიტომ, რომ ეს პირადი კი არა, მისი პარტიის ძალაუფლების შეზღუდვაა. ფაქტობრივად, მან პარტიას აგრძნობინა _ მე, შეიძლება, თქვენი ძალაუფლების შეზღუდვაზე წავიდეო.

_ თქვენ, ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, საკუთარმა გუნდმა სტალინი იმსხვერპლაო. ანალოგიურ საფრთხეს
ივანიშვილთან მიმართებაში ხედავთ?


_ დიახ, ვხედავ. ჩვენ ინტერვიუში ვახსენეთ, რომ ივანიშვილს რთული ბრძოლა ელის მონოპოლიებთან დაჭიდებაში. უნდა გითხრათ, რომ მას თავის გუნდთან დაჭიდებაშიც რთული ბრძოლა ელის. ეგრე არ არის, რომ გუნდს რასაც გინდა იმას უზამ, ამასაც მოხერხება უნდა, მით უმეტეს, როცა გუნდს ბევრი რამ მიეცი განკარგვისათვის, მერე შეიძლება ამდენი ძალა აღარ აღმოგაჩნდეს. სტალინზე აღარ შევჩერდები, შექსპირმა შემოგვთავაზა მეფე ლირი _ ადამიანი, რომელმაც ძალაუფლება თავის საკუთარ შვილებზე გასცა და მერე, უმწეოდ დარჩა. შვილებმა ეს ძალაუფლება მამის სასარგებლოდ აღარ გამოიყენეს. პარტიის წევრებს რაღა უნდა მოსთხოვო.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0