"ნაციონალის" ან ყოფილი "ნაციონალის" გაპრეზიდენტება კი არა მათი გვარ-სახელის ბიულეტენში შეტანაც კი ქართველი ხალხის უდიდესი შეურაცხყოფაა"

გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტ.პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე:

- ქალბატონო ნანა, "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ჰყავს. რით ახსნით ამას?

- დიახ, "ქართული ოცნება" ღიად აცხადებს: ჩვენ, საპრეზიდენტო კანდიდატი არ გვყავსო, რაც დიდ ეჭვს იწვევს. პოლიტიკური ძალა ასეთ ნაბიჯს იმ შემთხვევაში დგამს, როცა გამარჯვების იმედი არ აქვს. მაშინაც კი, როდესაც გამარჯვების ნაკლები იმედი არსებობს, პოლიტიკა მოითხოვს, ყოველ არჩევნებზე მიიღო მონაწილეობა, ამით გამოცდილებაც გემატება და მეორეც, საზოგადოებას თანდათან თავს აჩვევ. ეს პოლიტიკის ანბანია. ამიტომ, "ქართული ოცნების" განაცხადი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. "ქართული ოცნებისადმი" ივანიშვილის დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2020 წლისთვის ეს პარტია სხვა პოლიტიკური ძალით ჩანაცვლდება. თუმცა, მმართველობა, ალბათ, არ შეიცვლება, უბრალოდ, პოლიტიკური დასახელების პარტიები შეიცვლებიან. ის, რომ "ქართულ ოცნებას" კანდიდატი არ ჰყავს, ამას შეიძლება ასეთი ახსნაც მოეძებნოს: ჩაფიქრებულია "ნაცმოძრაობის" ამ ნამსხვრევებმა გარკვეული პროცენტი აიღონ, რაც მათ საშუალებას მისცემს ილაპარაკონ: ხომ ხედავთ, რამდენი პროცენტი ავიღეთო. ამომრჩევლის 30%-ზე მეტი პოლიტიკურად აქტიურია, რომელთაც არჩევანის საშუალებას ართმევენ. ეს ადამიანები არჩევნებზე რომ მივლენ, მექანიკურად შემოხაზავენ არასასურველ კანდიდატს. ანუ, ეს პირდაპირ იმის დემონსტრირებაა, რომ "ნაცმოძრაობას" _ პოლიტიკურ ძალას, რომელიც სულ მცირე ციხეში უნდა იხდიდეს სასჯელს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გააჩნდეს იმისთვის, რაც ჩაიდინა და პოლიტიკას საერთოდ, ჩამოშორებული იყოს, დღეს, სასათბურე პირობებს უქმნიან იმისათვის, რომ საზოგადოებისგან გარკვეული პროცენტები დაიწერონ. ამით ხალხს აჩვევენ, რომ ამ პოლიტიკურ ძალას მხარდაჭერა აქვს და სამომავლოდაც 2020 წელს, როდესაც, ალბათ, "ქართულ ოცნებას" სხვა პოლიტიკური ძალით ჩაანაცვლებენ, ეს ურჩხული _ "ნაცმოძრაობა", თავისი დანაყოფებით, კიდევ იყოს პოლიტიკურ არენაზე, რაც ძალიან ცუდია. 

- ივანიშვილის განცხადებას საპრეზიდენტო კანდიდატის არყოლის შესახებ სააკაშვილი გამოეხმაურა და მოვლენების განვითარების სცენარიც გაგვაცნო. მათი რიტორიკა არ იცვლება. რა გველის, თუ ვაშაძე ან ბაქრაძე გაიმარჯვებს, ისევ იმ 9-წლიან რეჟიმს დავუბრუნდებით?

- რაზეც სააკაშვილი საუბრობს, ეს აბსურდია. "ნაცმოძრაობა" კიდევ 50 წელი ვერ შეძლებს პოლიტიკაში დაბრუნებას. თუნდაც არჩევნები გააყალბონ, ვეღარ დაბრუნდებიან იმიტომ, რომ ჯინი ბოთლიდან უკვე ამოშვებულია, ქართველმა ხალხმა გაითავისა ის გამარჯვება, რომელიც 2012 წელს "ნაცმოძრაობის", უფრო სწორად, ფაშიზმის დამარცხებით დადგა. მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ კრიმინალურმა ძალამ უცხო ქვეყნის ის დაკვეთები შეასრულოს, რა პოლიტიკასაც ისინი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ატარებენ. მნიშვნელობა არ აქვს რა ერქმევა მათ _ "გირჩი", "ევროპული საქართველო", "ნაცმოძრაობა", კომბოსტო თუ ბადრიჯანი. ფაქტია, რომ ეს ძალები სხვა ქვეყნის დავალებას ასრულებენ და ისინი საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულნი არ არიან. აი, რა არის დღეს ჩვენი პრობლემა.

- საუბრობენ, რომ "ქართული ოცნება" მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. როგორ ფიქრობთ, მას გამარჯვების რა შანსები აქვს?

- "ქართულ ოცნებას~ პოლიტიკაზე ხელს საერთოდ ვერ ააღებინებენ, ეს ვერ მოხერხდება. ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა: როგორ შეიძლება "ქართული ოცნების" შტაბებმა სრული დატვირთვით იმუშაონ, როცა მისი კანდიდატი საარჩევნო მარათონში ჩართული არ არისო. სწორედ ამას ემსახურება ყოველივე, რომ ტემპერატურა დაბალი იყოს და სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება "ნაცებთან" შედარებით თვალშისაცემი არ გახდეს. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ "ნაცებს" მხარდაჭერა ისევ აქვთ. სწორედ ამიტომ არის სალომე ზურაბიშვილი შერჩეული და ამიტომაც არ ჰყავს "ქართულ ოცნებას" თავის კანდიდატი, რათა შტაბებმაც დაბალი აქტივობით იმუშაონ და სალომემაც ამ კრიმინალური ძალების წარმომადგენლების ფონზე დაბალი პროცენტული მაჩვენებლით გაიმარჯვოს. მივესალმები სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას. ნამდვილად მინდა მან გაიმარჯვოს, დარწმუნებულიც ვარ, რომ ასე იქნება. მაგრამ ვიმეორებ, დღეს, პოლიტიკის მთავარი მიზანია მსოფლიოს აჩვენოს, რომ "ნაცმოძრაობა" არცთუ ისე შორს დგას სხვა დამოუკიდებელი და თანაც ასეთი პოლიტიკური წარსულის მქონე, ავტორიტეტული ადამიანის ფონზე, როგორიც სალომე ზურაბიშვილია. აი, ეს თამაშია.

- ქალბატონო ნანა, ახლა ხალხი არჩევანს იმის მიხედვით აკეთებს პარტია პრო-დასავლურია თუ პრო-რუსული. ვაშაძეს ძლივს წაართვეს რუსული პასპორტი, მაგრამ ახლა პრო-დასავლელად გვევლინება. რას ნიშნავს ეს?


- ეს ყველაფერი, ზოგადად, არის ნიღაბი. ეს ადამიანები ვინც პრო-დასავლელობას იჩემებენ, რა თქმა უნდა, ნიღაბს ეფარებიან. პრო-დასავლელობა ეს არის ზოგად-საკაცობრიო ღირებულებებისადმი პატივისცემა, ხომ? ვაშაძე როგორ არის პრო-დასავლელი ან "ნაცმოძრაობა", გამაგებიოს ვინმემ. ციხეებში ადამიანების გაუპატიურება, ღირსებისშემლახველი მოპყრობა, წამება, ქონების კონფისკაცია, გაკულაკება, ქვეყანაში ექსპროპრიაციების ჩატარება ეს პრო-დასავლელობაა? ეს, უბრალოდ, ნიღაბია. რეალურად, იცით ვინ არიან "ნაციონალები"? _ ხალხი, ვინც კაცებს აუპატიურებდნენ. ეს არ არის არანაირი ღირებულება, არამედ კრიმინალია. ვიღაცას უკეთია რუსული ნიღაბი, ვიღაცას დასავლური და რეალურად ეს მხოლოდ იმისათვის კეთდება, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, ვიღაცის დაკვეთები ასრულონ, ოღონდ, ლამაზი ლოზუნგებით. მიშა რისთვის მოვიდა, რატომ იწუნებდა შევარდნაძეს, რომ ვითომ, ცოტა დემოკრატიაა და მეტი გვინდაო. მერე, რა მივიღეთ? იმავე დღეებში გამოჩნდა, რომ ეს ფარსი იყო. სააკაშვილმა ჩაიგდო თუ არა ძალაუფლება ხელში, ერთ წელიწადში 5700 პატიმრის რიცხვი 12 ათასამდე გაზარდა. მსოფლიოში პირველ ადგილზე ვიყავით პატიმართა ოდენობით და ეს არის პრო-დასავლურობა? პრო-დასავლურობას თავისი სტანდარტი აქვს, თუ რამდენი პატიმარი უნდა გყავდეს 10 ათას მოსახლეზე. კიდევ ვიმეორებ, ეს არის ამ ადამიანების მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციები, თაღლითობა. რეალურად, ისინი ჩვეულებრივი მოღალატეები, გამყიდველები არიან, რომლებიც თავიანთი კეთილდღეობის გამო ყველაფერს და მათ შორის, სამშობლოსაც ყიდიან. რად მინდა, ან პრო-რუსული ან პრო-დასავლური ძალები. აქ, უნდა იყოს ქართული ძალა, რომლმაც ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იცის რა დოზით, როგორ უნდა ითანამშრომლოს ცივილიზებულ სახელმწიფოებთან. აი ასე უნდა ხდებოდეს, მაგრამ ამის საშუალებას არ გვაძლევენ.

- ხშირად მესმის: "ქართულ ოცნებას" კანდიდატი თუ არ ეყოლება ამით არაფერი შავდება, პრეზიდენტს მაინც არაფრის უფლება არ აქვსო. რა ბერკეტები აქვს დღეს, რეალურად, პრეზიდენტს და რამდენად უსაფრთხოა ეს პოსტი ქვეყნის მტერის ხელში ჩასაგდებად?


- უპირველეს ყოვლისა, ეს ღირსების საკითხია. "ნაცმოძრაობას" ფაშისტებსაც ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს გერმანელი ერი მაინც უყვარდა. ისინი ისეთივე სისასტიკეებს სჩადიოდნენ როგორსაც "ნაცმოძრაობა", მაგრამ თავისი ერი უყვარდათ და ამბობდნენ: ამ ბოროტებებს გერმანელი ერის საკეთილდღეოდ ვაკეთებთო. "ნაცებს" ქართველი ერი არ უყვარდათ, ეს ქართულ პოლიტიკაში ფაშისტებზე უარესი მოვლენაა. ღირსების საკითხია, რომ ასეთი ბინძური ძალის წარმომადგენელი პრეზიდენტი კი არა, პოლიტიკაშიც არ შეიძლება იყოს. პრეზიდენტს სულ რომ არაფერი უფლებები არ ჰქონდეს, იგი ხომ ქვეყნის სახეა. როგორ შეიძლება ქვეყნის სახე კაცების გამაუპატიურებელი იყოს. "ნაცები" დუბინკებით და რით აღარ აუპატიურებდნენ ადამიანებს. `ნაცების~ წარმომადგენელი თუ პრეზიდენტი გახდა ეს იქნება ჩვენი დამცრობა, ფეხქვეშ გათელვა. მეორეც, თქვენ იცით, რომ "ნაცმოძრაობის" ორი-სამი წარმომადგენელი ისევ ციხეშია. მარგველაშვილი მათ შეწყალებას ვერ ბედავს, მაგრამ "ნაცმოძრაობის"  წარმომადგენელი პრეზიდენტი ამასაც გააკეთებს. როგორ შეიძლება, დღეს, თუნდაც საპრეზიდენტო ბიულეტენში "ნაციონალური მოძრაობის" თუ სახელგადარქმეული "ნაცების" წარმომადგენლები იყვნენ ჩაწერილნი. ამის დაშვება როგორ შეიძლებოდა? სად აქვს ამ ერს ან ღირსება, ან თავმოყვარეობა. ცოცხალია დღეს საქართველო, როდესაც იმას უშვებს, რაც ქვეყანაში ხდება. პოლიტიკოსები ამ ვითარებას ასე მშვიდად როგორ უყურებენ. არ იციან ქვეყანაში რა ხდებოდა? მაშინ რატომ იდგნენ მიტინგებზე, რით იცავენ დღეს თავიანთ პოზიციას იმით, რომ "ნაციონალებთან" ერთიანდებიან და ერთ მაგიდასთან სხედან? 

- თქვენ, "ნაციონალების" გასამართლებას ითხოვდით. საპარლამენტო არჩევნებში მათი 27% ეჭვქვეშ დააყენეთ, თუმცა, შედეგი არ დადგა…

- რა თქმა უნდა. ჩვენ რომ სწორი, კანონიერი, სამართლიანი გზით წავსულიყავით, დღეს, ქვეყანა აყვავებული, ერს კი ღირსება ექნებოდა აღდგენილი. ეს პოლიტიკა მიზანმიმართულად გატარდა, რათა ჩვენ, კიდევ უფრო მეტად ჩავეწიხლეთ და "ნაციონალების" უკან მდგომ ძალებს ეჩვენებინათ _ დიახ, ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც "ნაცმოძრაობა" თავზე დაგასვით, დაგინიშნეთო. ჩვენ ამ ძალებს ვერ მოვერიეთ. ქვეყანა ვერ შედგა. მაშინაც კი როცა კომუნისტების დროს "ეროვნულ მოძრაობას" ეგონა გავიმარჯვეთო, ეს სინამდვილეში დამარცხება იყო. ნომერ პირველი დამარცხება, ჩვენ, სწორედ საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ვიწვნიეთ. არაფერი არ შეცვლილა, შთაგვაგონეს ვითომ გავიმარჯვეთ, სინამდვილეში დავმარცხდით. აი რამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ჩვენ რომ გაგვეაზრებინა: დამარცხებულები ვართ და გამარჯვებისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, გავიმარჯვებდით. რუსის ტანკი გავიდა და გადავირიეთ გავიმარჯვეთო. ამას რა მნიშვნელობა აქვს, გავიდა რუსის ტანკი, შემოვიდა ამერიკის. აქეთ რუსის ტანკი დგას, იქით ამერიკის, საინტერესოა, სად დგას ქართველი?! ვინმე რამეს გვეკითხება, რამეს წარმოვადგენთ, დღეს ვინმეს აინტერესებს ვის მივცემთ ხმას? დღეს ყველაფერი ისეთი ტექნოლოგიებით ხდება, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ. ყველაფერი მართვადია. 

ჩვენ დაპყრობილი, დამონებული ქვეყანა ვართ ხელში ფურცლით, რომ დამოუკიდებელნი ვართ. არ სჯობს ამ ფურცელზე რეალობა ეწეროს? დროშა და ჰიმნი რადგან გვაქვს ამიტომ ვართ დამოუკიდებელნი? საკუთარ ქვეყანაში კანონის მიღებას ვერ ვწყვეტთ. პრემიერს ვერ დავნიშნავთ, საელჩო თანხმობას თუ არ გვეტყვის. ის კი არა, მათი თანხმობის გარეშე, პრემიერს დამლაგებელს ვერ დაუნიშნავ. ივანიშვილი არაფორმალური მმართველიაო რომ იძახიან, მართლა ის მართავს ქვეყანას? თქვენ, როგორ ფიქრობთ ჩუგოშვილი ივანიშვილმა მიიყვანა ხელისუფლებაში, ან ლომჯარია ბატონი ბიძინას არჩევანია? რეალური, ჩრდილოვანი მმართველობა მოვიძიოთ, იმას შევებრძოლოთ და დავუპირისპირდეთ.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0