მადურა აფეთქებას გადაურჩა, მაგრამ აშშ-ს და თურქეთის ურთიერთობა აფეთქების ზღვარზეა

გასულ კვირას ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში სამხედრო აღლუმი ტარდებოდა. ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლას მადურას სიტყვით გამოსვლისას აფეთქების ხმა გაისმა. გაკვირვებულმა პრეზიდენტმა მაღლა აიხედა და იკითხა, რა მოხდაო. მისი მეუღლე, მართალია, შეკრთა, მაგრამ მადურამ სიტყვის გაგრძელება სცადა, ამის საშუალება მას დაცვამ არ მისცა და გაიყვანა. ამასობაში კი მეორე აფეთქების ხმაც გაისმა.

აღლუმზე პანიკამ დაისადგურა, ხალხი ტრიბუნებიდან გაიქცა, მათ შორის, სამხედროების ნაწილმაც მიატოვა აღლუმი. უნდა ვაღიაროთ, რომ პრეზიდენტს ღირსეულად ეჭირა თავი, როგორც ამბობენ, წარბი არ შეუხრია. ამ კადრებმა ზუსტად ათი წლის წინ გორის ქუჩაში სამარცხვინოდ გაგორებული შლეგი სააკაშვილი გამახსენა…

აფეთქების შემდეგ მალევე მადურამ ტელევიზიით მიმართ მოსახლეობას და სიმშვიდისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა, რომლის განხორციელებაში ადგილობრივი ულტრამემარჯვენე ძალები და კოლუმბიის ხელისუფლება.დაადანაშაულა. ამასთან, მადურამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართა. მისი განცხადებით, განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორები და დამფინანსებლები ამერიკაში ცხოვრობენ. მადურამ სთხოვა ტრამპს, გამოიძიონ და დამნაშავეები გადასცენ.

მომხდარი ტერაქტის მცდელობა ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანამ დაგმო, გარდა კოლუმბიისა. თუმცა ტერაქტში მონაწილეობის ბრალდება კოლუმბიის მხარემ სასტიკად უარყო. აშშ-იც თავდაპირველად დუმდა, მაგრამ მეორე დღეს პრეზიდენტის თანაშემწემ უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმაც უარყო ტერაქტის ორგანიზატორების ამერიკიდან დაფინანსება და თვით ორგანიზატორების მათ ტერიტორიაზე ყოფნა. თუმცა აქვე სათქმელია, რომ აშშ-ის მხარე წინააღმდეგია მადურას ქვეყნის სათავეში ყოფნით და, საერთოდ, არსებული რეჟიმით, რასაც ღიადაც აფიქსირებენ. ვენესუელელებს არც კოლუმბიელებთან აქვთ თბილი ურთიერთობა. ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში მადურამ პირდაპირ განაცხადა, კოლუმბია ჩვენთან შეიარაღებულ კონფლიქტს აპირებსო. ახლა არშემდგარ ტერაქტზე ვენესუელაში მოქმედმა არაფორმალურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა.

აქვე უნდა გავიხსენოთ შარშან ზაფხულში სამთავრობო შენობებზე სამხედრო ვერტმფრენით განხორციელებული შეტევა, რომელშიც ყოფილი ოფიცერი მონაწილეობდა. მართალია, შეტევის შემდეგ რამდენიმე თვე იმალებოდა, მაგრამ სამართალდამცავებმა გაზაფხულზე მოახდინეს მისი ლიკვიდირება. 
ექსპერტებმა მომხდარი მაღალტექნოლოგიურ ტერაქტად შეაფასეს. იმის გარდა, რომ თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით ხორციელდებოდა, ასაფეთქებელ ნივთიერება დიქსოგენს შეიცავდა. ნივთიერება მიუწვდომელია ე.წ. "ელიტური მომხმარებლისთვის" იარაღის შავ ბაზარზეც კი. ექსპერტებისთვის გაუგებარია, როგორ მოხვდა ასეთი ძლიერი ქიმიური ნივთიერება ტერორისტების ხელში.

ტერაქტი მადურას წინააღმდეგ ვერ განხორციელდა. უპილოტო საფრენი აპარატები სნაიპერებმა, მადურას დაცვამ ჰაერში ააფეთქეს. შვიდი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ცნობილი გახდა ტერაქტის მომწყობი ექვსი პირის დაკავების შესახებ. მათ გარდა ლათინოამერიკული პრესის ინფორმაციით, 11 ჟურნალისტი დააპატიმრეს ხელშეწყობის ბრალდებით. ლათინური ამერიკის ქვეყნებში ჯერ გაურკვევლობაა და მოსახლეობა მოვლენების განვითარებას ელოდება.

სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. როგორც ცნობილი გახდა, ისინი რუსეთიდან დევნილი ხადარკოვსკის კუთვნილმა მედიაცენტრმა მიავლინა აფრიკის ქვეყანაში რუს ინსტრუქტორებზე რეპორტაჟის გასაკეთებლად. თუმცა მათ ვიზიტი არ შეათანხმეს არც ადგილობრივ ხელისუფლებასთან და არც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ქვეყანაში ქაოსი და სამოქალაქო ომია, ჟურნალისტები კი ყოველგვარი დაცვის გარეშე, ღამით გადაადგილდებოდნენ, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეჭვს იწვევს ავტომანქანის მძღოლის, ადგილობრივი მოსახლის თავდამსხმელების მიერ ცოცხლად დატოვება. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებით, მკვლელობა ძარცვის მიზნით მოხდა.
ამოქმედდა ირანისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა მაისის დასაწყიში მოაწერა ხელი განკარგულებას ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, რასაც ისრაელის გამოკლებით მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ლიდერები ეწინააღმდეგებოდნენ და არ ურჩევდნენ. თუმცა ტრამპმა თავისი გაიტანა. ევროკავშირის ქვეყნების შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ სანქციებში მოხვდებიან ისინიც, ვინც რაიმე სახით ითანამშრომლებს ირანთან. სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო ეთანხმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და ირანისგან ყოველგვარი ბირთვული მუშაობის შეწყვეტას ითხოვს.

პოლიტოლოგების გაოცებას იწვევს ის გარემოება, რომ გასულ კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა: "…თუ ირანელები მზად არიან და სურთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე პირადად შევხვდები პრეზიდენტ ჰასან რუჰანისო". ტრამპმა ეს განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯუზეპე კონტისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ირანელები ტრამპის შეთავაზებით არ აღფრთოვანებულან, შეხვედრისთვის წინაპირობები თავად წამოაყენეს. მათი მთავარი მოთხოვნაა აშშ-ის ბირთვულ შეთანხმებაში დარჩენა და სანქციებიას გაუქმება. ირანელთა წინააღმდეგობამ გააღიზიანა აშშ-ის მხარე და სანქციების გაუქმების ნაცვლად უფრო მეტად გამკაცრებასაც კი აპირებენ.

სწორედ სანქციები და სავაჭრო ომი იყო ჯუზეპე კონტის აშშ-ში ვიზიტის მიზეზი. შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა და იტალიის პრემიერმა კი განაცხადეს, შეთანხმებას მივაღწიეთო, მაგრამ რას კონკრეტულად, არ უთქვამთ. მართლდება იმ პოლიტოლოგების მოსაზრება, რომლებიც ვარაუდობდნენ, ტრამპს აწყობს და უფრო გაუადვილდება ცალ-ცალკე ქვეყნებთან მოლაპარაკება, ვიდრე მთელ ევროკავშირთანო. თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრამპი, ტრადიციულად, გამოუცნობია.

ფაქტობრივად, უშედეგოდ დამთავრდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრა. ტერეზა მეის სურს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ქვეყნისთვის უმტკივნეულოდ მოხდეს, შეინარჩუნონ არსებული პრივილეგიები, რომლებიც ორგანიზაციაში აქვთ და ამასთან, დამოუკიდებლად აწარმოონ ქვეყნებთან ვაჭრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიტანეთი ჩინეთისკენ გადაიხრებაო, _ იმუქრება მეი. ევროკავშირი ამის წინააღმდეგია. ამიტომაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საშემოდგომოდ გადაიდო.

მორიგი აზიური ტურნე განახორციელა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ. სინგაპურში "ასიანის" (აზიის ქვეყნების შეკრება) სამიტზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა დათქმულ ვადებში მოახდენს ბირთვული იარაღის უტილიზირებას. თუმცა შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, არ შეარბილონ ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები: "…მსოფლიო ჩვენი მადლობელი უნდა იყოს კორეის ნახევარკუნძულზე დამყარებული მშვიდობისთვის", _ განაცხადა პომპეომ. იგი სინგაპურში პირისპირ ესაუბრა ჩინელ კოლეგას, თუ რის შესახებ, ტრადიციულად, უცნობია. რამდენად გამართლდება პომპეოს დანაპირები ჩრდილოეთ კორეის განიარაღებაზე, მკაცრი სანქციების პირობებში ძნელი სავარაუდოა.

თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობა ყოველდღიურად იძაბება. აშშ-მა თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს სანქციები დაუწესა,. მიზეზი ამერიკელი პასტორის დაკავებაა, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობისთვისაა ბრალდებული. "…ჩვენთან მუქარის ტონით საუბარი შეუძლებელია. ჩვენ აშშ-ს ნატოში დიდი დახმარება გავუწიეთ და ვერ მოვითმენთ მსგავს დამოკიდებულებას", _ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა. თურქეთის მხარემ უმალ უპასუხა აშშ-ს და ანალოგიური სანქციები დაუწესა იქაურ ჩინოვნიკებს. აშშ-ის ადმინისტრაციაზე, თურქეთის ხელისუფლებასთან ერთად, მოსახლეობაც განაწყენებულია, ექსპერტების შეშფოთებას იწვევს ნატოს ორი დიდი ქვეყნის ღია და მძაფრი დაპირისპირება.

გია ბურდული
скачать dle 12.0