"ქართული ოცნების" ნარეკლიანი გზა

როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ჩემმა გუნდმა ვერ დამიცვაო, ხომ უნდა ვიკითხოთ, რა გუნდია ეს და რატომ ვერ მოახერხა მან თავისი ლიდერის დაცვა?

საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ მან საერთოდ დაკარგა ყოველგვარი ინტერესი "ქართული ოცნებისადმი" და მისგან დანატოვარი პოლიტიკური მემკვიდრეობის მითვისება-გადანაწილება დაიწყეს. 

ყველას კარგად გვახსოვს "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა "ძველი გვარდიის" აშკარა უკმაყოფილება და პროტესტი, რომ მათ "ქართულ ოცნებაში", ფაქტობრივად, დევნიან და ავიწროებენ, რის გამოც ისინი იძულებულნი არიან, დატოვონ `ქართული ოცნების~ რიგები.

სხვა მრავალ სუბიექტურ მიზეზთა შორის მთავარი მიზეზი "ქართული ოცნების", როგორც პარტიული სტრუქტურის დასუსტებისა, ჩემი აზრით, მაინც ის იყო, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა სხვა პარტიებთან ერთად კოალიციური გაერთიანება შეექმნა და ასე შესულიყო პარლამენტში.
შეიძლება ეს გადაწყვეტილება მაშინ არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სწორი და ეფექტური იყო, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება ბუმერანგივით უკან შემოუბრუნდა "ქართულ ოცნებას" და მისი დასუსტების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა.
როცა ერთ საერთო საბანს ყველა თავისკენ ექაჩება, იქ, ცხადია, შიდა დაპირისპირება გარდაუვალია.

ასე მოხდა ეს კოალიცია "ქართულ ოცნებაშიც", სადაც იდეოლოგიურად, მენტალურად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულმა რამდენიმე პარტიამ მოიყარა თავი, რომელთა ბაზაზეც შეუძლებელი იყო საერთო პოლიტიკური მიზნით შეკრული ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება.
ბევრი უარყოფითი თვისების მატარებელ ადამიანზე იტყვიან ხოლმე: ამ კაცის სახლში შემოშვება არ შეიძლებაო.

კოალიციის წევრთა შორის იყო ერთი პარტია, რომლის შემოშვება ამ კოალიციურ სახლში ნამდვილად არ შეიძლებოდა.
ამ პარტიის სახელია რესპუბლიკური პარტია, რომელმაც პარლამენტში შესვლიდან მალევე გამოამჟღავნა თავისი ზედმეტად ამბიციური და ამპარტავნული ბუნება და სცადა კოალიციის წევრების, მათ შორის, "ქართული ოცნების" შევიწროების ხარჯზე ხელში ჩაეგდო ყველა მნიშვნელოვანი ბერკეტი, მკვეთრად გაეფართოებინა გავლენის სფეროები ყველა მიმართულებით, საკვანძო პოსტებზე, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დაენიშნა მხოლოდ თავისი წარმომადგენლები.

პარტია, რომლის რეიტინგიც მისი არსებობის მანძილზე არასოდეს არ ასცილებია 3%-ს, პარტია, რომელიც დამოუკიდებლად საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავდა, პარტია-პარაზიტი, კოალიციაში გაერთიანების წყალობით უცებ იქცა ერთ-ერთ წამყვან და ყველაზე გავლენიან პარტიად, რომელიც "რესპუბლიკელებისთვის" დამახასიათებელი უტიფრობით და ურცხვობით მიზანმიმართულად ავიწროებდა კოალიციის სხვა წევრებს და, მათ შორის, "ქართულ ოცნებასაც".

ამ ურეიტინგო, ქართველი ხალხისთვის იდეოლოგიურად აბსოლუტურად მიუღებელი პარტიის ამგვარი გალაღება და გაპარპაშება სამართლიან პროტესტს და აღშფოთებას იწვევდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებში, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათი თავდადებული ბრძოლა "ნაცმოძრაობის" კრიმინალურ-ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ სათანადოდ არ დაფასდა, უფრო მეტიც, ამ ბრძოლის შედეგებით იმ ძალამ იხეირა, რომელსაც ის არანაირად არ იმსახურებდა.

რესპუბლიკელებს არც "თავისუფალი დემოკრატები" ჩამორჩებოდნენ და ისინიც თავგამოდებული ცდილობდნენ იმაზე მეტი "დაეთრიათ" ნადავლიდან", რაც სინამდვილეში ეკუთვნოდათ.

კოალიციის რაღაც დროის განმავლობაში შენარჩუნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მაღალი ავტორიტეტის წყალობით იქნა შესაძლებელი, თუმცა მოგვიანებით ის მაინც დაიშალა და "ქართული ოცნების" გუშინდელი მოკავშირეები და თანამებრძოლები მომენტალურად მის რადიკალურ ოპონენტებად იქცნენ.

კოალიციურ რეჟიმში ოთხწლიანი იძულებითი თანაცხოვრების შედეგად, ცხადია, ყველაზე მეტად "ქართული ოცნება" დაზარალდა და დაზიანდა – მან დაკარგა ელექტორატის გარკვეული ნაწილი, დასუსტდა სტრუქტურულად, მოხდა პარტიული კადრების გადინება და ა. შ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" განახლებული შემადგენლობით წარსდგა ამომრჩევლის წინაშე, თუმცა გაურკვეველი დარჩა კითხვა, საიდან და როგორ აღმოჩნდნენ "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში ადამიანები, რომლებსაც მანამდე, ფაქტობრივად, არაფერი აკავშირებდათ ამ ორგანიზაციათან?

"ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის თვალიერებისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ სიას ერთი კი არა რამდენიმე ადამიანი ადგენდა და ყველას თავისი ხალხი შეჰყავდა სიაში – ზოგს ხუთი,. ზოგს შვიდი, ზოგს – ათი.

მერე ეს ჯგუფები ერთად დაჯამდა და ასე მივიღეთ პოლიტიკური ლეგიონერებით დაკომპლექტებული "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდი.
ფაქტობრივად, ესეც რაღაც კოალიციის მაგვარი გაერთიანებაა, ოღონდ ერთი და იგივე სახელწოდების სხვადასხვა "სასტავებით".
ყოველივე ამის შემდეგ სულაც არ არის გასაკვირი, თუ რამ გამოიწვია ის მძაფრი შიდა დაპირისპირება, რაც "ქართული ოცნების" შიგნით არსებობდა თურმე და რამაც გადააწყვეტინა ბატონ ბიძინას დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტი დაეკავებინა, მაგრამ არის კი ეს ის გამოსავალი, რაც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და "ქართულ ოცნებას" ერთ მონოლითურ სხეულად შეკრავს?
რა თქმა უნდა. არის, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" შიგნით დიდი საკადრო ცვლილებები განხორციელდება.
დღეის მდგომარეობით, "ქართულ ოცნებაში" ბევრი "სეპარატისტული წარმონაქმნია", რომლებსაც თავ-თავიანთი ლიდერები ჰყავთ, ამ ლიდერებს კი საკვანძო პოსტები უჭირავთ პარტიული სტრუქტურების უმაღლეს საფეხურებზე.

ისინი კარგა ხანია, "ქართული ოცნების" შიგნით თავიანთ "ავტონომიებს" ქმნიან და ყველაფერს აკეთებენ ამ "ავტონომიების" გასაფართოებლად და გასაძლიერებლად.

ასეთი რთული და ნარეკლიანი გზით მოვიდა "ქართული ოცნება" დღევანდელ დღემდე.
ახლა ცვლილებების და დიდი განახლების დროა.

დავით ქავთარია
скачать dle 12.0