მამუკა ბახტაძემ ექვსი რეგიონის ახალი გუბერნატორები წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე ახალი გუბერნატორები წარადგინა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად შალვა კერესელიძე დაინიშნა, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორად შოთა რეხვიაშვილი, სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორად ბესიკ ამირანაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია. პრემიერმა გურიის გუბერნატორის პოსტზე ზურაბ ნასარაია, იმერეთის რეგიონის რწმუნებულად კი შალვა ტაბატაძე წარადგინა.

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ამასთან ერთად, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ შევქმნათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი საზოგადოებასთან კომუნიკაციისა, რომელიც დაგვეხმარება, გვქონდეს პირდაპირი კავშირი ჩვენს მოსახლეობასთან და ამასთან ერთად, მივიღოთ უკუკავშირი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც არსებობს თითოეულ სოფელში და გვქონდეს შესაძლებლობა მოვახდინოთ მათზე ოპერატიული რეაგირება. შესაბამისად, ჩვენ მიერ შერჩეულ ადამიანებს ეძლევათ შანსი, თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი და ენერგია მოახმარონ ჩვენს ერსა და ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა.

თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.
თანამდებობებს ინარჩუნებენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე.  იმერეთს მიმდინარე წლის მარტიდან გუბერნატორი არ ჰყავს. გივი ჭიჭინაძემ ეს თანამდებობა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დატოვა.

imedinews.ge

скачать dle 12.0