მამუკა ბახტაძემ და ანგელა მერკელმა პირისპირ შეხვედრა გამართეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
მთავრობის მეთაურმა ფედერალურ კანცლერს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყნის ლიდერის მასპინძლობა დიდი პატივია. საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც კონფლიქტით დაშორებულ საზოგადოებებს შორის შერიგებას და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ევროკავშირის როლი მნიშვნელოვანია ჩვენს ტერიტორიებზე კონფლიქტების მოსაგვარებლად, ჩვენი პოზიცია გახლავთ, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის რთული, გამოიძებნოს მექანიზმი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, სამწუხაროდ, რუსეთი არ ასრულებს თავის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო, რომ გაიყვანდა თავის საჯარისო ნაწილებს საქართველოს ტერიტორიიდან. ბუნებრივია, ევროკავშირს და გერმანიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ დღეს საერთაშორისო მისიებიდან მხოლოდ ერთი მისია არის საქართველოში, ეს არის ევროკავშირის მისია, რომელიც იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალბატონ კანცლერს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ეს მისია აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პოლიტიკა ეს არის მშვიდობა, ეს არის განვითარება და ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბება საქართველოში.
როდესაც ჩენ ვსაუბრობთ ჩვენს საგარეო მიზნებზე, არაერთხელ დავაფიქსირე და კიდევ გავიმეორებ – საქართველო ისტორიულად მუდმივად იყო ევროპული სივრცისა და ევროპული კულტურის ნაწილი, შესაბამისად, ეს არის ჩვენი არჩევანი. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად. ჩვენი პოზიცია გახლავთ, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის რთული გამოიძებნოს მექანიზმი, მშვიდობიანად დავარეგულიროთ ეს პროცესი. ჩვენ გვსურს მშვიდობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა შეუძლიათ.

„ვფიქრობთ, ჩვენ სხვადასხვა სფეროში შეგვიძლია თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის ურთიერთობა და ერთმანეთს ხშირად შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრები, ასევე ის ხალხი, ვინც ეკონომიკაზეა პასუხისმგებელი, რათა ეკონომიკაში ჩვენი ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს, გავცვალოთ გამოცდილებები“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია, ევროკავშირში აგრარული პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს და გერმანიას შეუძლია ამაში დიდი წვლილის შეტანა. მისივე თქმით, საქართველო ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას. ეკონომიკური ზრდა ნამდვილად სახეზეა“, – განაცხადა მერკელმა.

მერკელი საქართველოს დღეს ეწვია.скачать dle 12.0