გელა ზედელაშვილი: "ღალატის ანატომია"

(გაგრძელება. დასაწყისი "ს.გ" N28)

2012 წლის 12 მაისი, დღის 12 საათი. "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი. მესამე სართულზე ლიფტით ავდივართ დაცვის წევრებთან ერთად. ბატონი ბიძინა მხარზე ხელს მადებს და მისაღებში შევდივართ. საკმაოდ მოზრდილი დარბაზია, თითქმის ყველა მისი მომავალი "თანამებრძოლი" იქაა. უცებ ზუზუნი წყდება, სამარისებური სიჩუმე ისადგურებს. ირაკლი ალასანიას ვესალმები, ხელს ვართმევ. დაახლოებით 50 ფანფარონი კედელზე "შპალერივითაა" გაკრული. ივანიშვილი თავის დაკვრით ესალმება, გამარჯობა გამორჩეულად არავისთვის უთქვამს. მომავალი პოლიტელიტა ელოდება, როგორც ჩანს, სათათბიროდ არიან შეკრებილები. თუმცა ჩვენი საუბარი რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით, თუ ვიყოჩაღებ, შეიძლება თათბირი "ჩავშალო" კიდეც.

იცით, მისაღებში ჩვენი შესვლის მომენტი არ ამომდის თვალებიდან, დეტალურად მახსოვს, როგორ დაუკრეს თავები იატაკამდე ბატონ ბიძინას. ვიფიქრე, სადაცაა ძირს გაგორდებიან-მეთქი. ზოგი კუთხეში იყო მიყუჟული მურმან დუმბაძის თამადობით. ეგ კი არა, იმ წუთისთვის მეც თითქმის ღმერთი ვიყავი მათთვის. რატომ? იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელკავი გამომდო და ისე შემიყვანა თავის კაბინეტში. შიშიც დავინახე ზოგიერთის თვალებში, ჯერ ხომ ყველას ბედი არ იყო გადაწყვეტილი? დღევანდელი გადასახედიდან უკვე თამამად შემიძლია იმ ერთი მომენტის შეფასება – ე.წ. პოლიტიკოსების ჯოგი ელოდებოდა სახრავს. შეიძლება ყველაზე ასე არ ითქმის, რასაკვირველია, ჯოგში ერივნენ გულანთებული ადამიანებიც, მაგრამ საერთო ფონზე ისინი გამოკვეთილად არ ჩანდნენ. ბიძინა ივანიშვილი არ გახლავთ ისეთი ტიპაჟი, რომლის წინაშეც უნდა კანკალებდე და რომლისაც უნდა გეშინოდეს. ის იმდენად უშუალო და უბრალოა, სადღაც გულის კუნჭულში შეიძლება ეჭვიც კი შეგეპაროთ – ნუთუ ეს ის მილიარდერია, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ და რომელიც აქამდე იდუმალებით იყო მოცული? ხშირად ვამბობ და ვიმეორებ: გაოცებული ვარ, ასეთმა ემოციურმა და უბრალო ადამიანმა როგორ მოახერხა, რომ 2011 წლამდე მისი ლანდიც კი არავის უნახავს?
მოკლედ, იმას მოგახსენებდით, მისაღებში შევედით-მეთქი…

ვინც იქ ვნახე, თითქმის ყველამ უღალატა – ზოგმა პირდაპირ დაუწყო ლანძღვა, ზოგმა – ირიბად, ბევრი მტრად მოეკიდა, ბევრი კიდევ დადუმდა და დღემდე სეირს უყურებს. სხვათა შორის, მე ყველაზე დიდ მოღალატეებად ისინი მიმაჩნია, რომლებმაც დუმილის გზა არჩიეს. ასეთებს თითქოს აღარაფერი აინტერესებთ, თავის დროზე თავიანთი მიიღეს და როცა შემდგომში სადეპუტატო მანდატები თუ თანამდებობები დაატოვებინეს, გაუჩინარდნენ. არ დაიჯეროთ, ისინი ჩირგვებში არიან და როცა ივანიშვილს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ, სიამოვნებით კრუსუნებენ, პოლიტიკურ ორგაზმს განიცდიან. თუ ბატონ ბიძინას ფეხი დაუცდა, ეგრევე მიესევიან. ღალატის კლასიკური მაგალითი აჩვენეს "რესპუბლიკელებმა", რომელთა მადის დაკმაყოფილება ბიძინა ივანიშვილს ძალიან ძვირი დაუჯდა. სხვებზე რომ არაფერი ვთქვა, მარტო თინა ხიდაშელის ე.წ. ამერიკული პიარი მილიონები დაჯდა. თუმცა შედეგი იყო არაფერი.

ალბათ, ყველას გახსოვთ ირაკლი ღარიბაშვილის არნახული და არგაგონილი გინება, რომელიც ფარული ჩანაწერის სახით გავრცელდა და ადრესატი გახლდათ თინა ხიდაშელი. ამ გინების მიზეზი იყო ამერიკაში ლობისტებისთვის წაღებული ფული. ავი ენები ამბობენ, თინა თავის მამიდაშვილ ცოტნე ბაკურიას შეხვდა ამერიკაში და დიდი აფიორა გაათამაშესო. ამ თემაზე 2012-შიც ავტეხე ერთი ამბავი, ცოტნეს ძმა – მამუკა ბაკურიაც მომივარდა, შენ "მავნეების" დაკვეთას ასრულებო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ირაკლი ღარიბაშვილის გინება დედის რძესავით შეირგო ქალბატონმა თინიკომ. თუ რამე საეჭვო იყო, წასულიყვნენ სასამართლოში, ბაჟის ფულს ვერ გადაიხდიდნენ უსუფაანები თუ ენას ჭალი მოედებოდათ? ირაკლი ღარიბაშვილი რომ სამართლიანად იყო აღშფოთებული, ამას წინებზე "რესპუბლიკელ" დავით ზურაბიშვილის "აღიარებაც" მოწმობს, რომელიც "რუსთავი 2"-ს ჩამოუკაკლა:

"მე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ შტაბში ვიყავი, არც თუ პატარა საქმე მებარა. მისი გამოსვლების ხელმძღვანელობა, რა ტექსტებით წასულიყო, საპროგრამო დებულებები… ის კი არა, რაღაც პერიოდი "ფეისბუქზე" მის ნაცვლად ვპასუხობდი ხალხს… ხალხს რომ ეგონა, ბიძინას ელაპარაკებოდა, სინამდვილეში მე ვალაპარაკებოდი. ერთი პერიოდი მითხრა, მე არ შემიძლია და შენ დაელაპარაკეო. ცხადია, მისი ნებართვით ვაკეთებდი".

დავით ზურაბიშვილის თქმით, გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი და კახა ლომაია "ქართუს" სარეკლამო კამპანიაში იყვნენ. ხედავთ, რამხელა "პოდლობასთან" გვაქვს საქმე? კაცმა ხიდაშელს, ზურაბიშვილს და მათ "სასტავს" სარეკლამო კამპანიის წარმართვა სთხოვა, იმდენად ენდო, "ფეისბუქგვერდიც" კი ჩააბარა და 6 წლის შემდეგ ყბედობს, ეს მე ვიყავიო. დაუკვირდით, მთხოვა, მე არ შემიძლია, დროებით შენ უპასუხეო. მერე რა? იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილი ისე იყო გადატვირთული, ბუნებრივია, სოციალურ ქსელებში საწერად ვერ მოიცლიდა. რაკი შენ დაგავალა თუ გთხოვა, ახლა კომპრომატად უდებ?! მეტიც, თინიკომ და დათიკომ სარეკლამო კამპანიაში გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი და კახა ლომაია ჩართეს. რაის ვარსკვლავები და დიდი რეჟისორები ეგენი მყვანან, რომ დიდი შედეგები მოეტანათ "ქართული ოცნებისთვის"? უბრალოდ ფული აკეთეს ბიჭებმა! ეს ისეთი ვრცელი თემაა, კიდევ დავუბრუნდები უახლოეს ხანში და ჩემი არქივიდან აუცილებლად ამოვა გიორგი სიგუას წერილებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს ის გიორგი სიგუა გახლავთ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ რომ ჩამოქანდა თბილისში და თანამდებობა მოითხოვა. პრინციპში, "ეკუთვნოდა" კიდეც – ნიუიორკში, გაეროს შტაბბინასთან, თავის "პადელნიკებთან" ერთად მიხეილ სააკაშვილს დედა აგინა (ალბათ, ეს ვიდეოც გახსოვთ). კი ჩამოვიდა სიგუა თბილისში, მაგრამ ახედეს, დახედეს, არ მოეწონათ და უთხრეს, ამერიკაში როდის უნდა დაბრუნდეო? ვააა… რას ჰქვია, დავბრუნდეო? – შეიცხადა ამან და ეგრევე მოქანდა ჩემთან. რა იყო, რა ცუდი ფერი გადევს სახეზე-მეთქი? ასე და ასე მითხრეს, წარმოგიდგენიაო? კაი, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. გთხოვ, ბიძინას მიაწვდინე ხმა, უკვე მჩაგრავენო. მაგას ვერ ვიზამ, ხმას ვერ მივაწვდენ, მაგრამ პრესაში "გაგიბაზრებ"-მეთქი. წავიდა, "გავუბაზრე", მიდგა, მოდგა, უცებ ერეკლე ტრიპოლსკის თანაშემწე გახდა, რამდენიმე თვეში ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშნეს. მიედო, მოედო, დაიწყო ჩალიჩი, შექმნა "ჯემფესტი" ანაკლიაში, რომელიც დიდწილად ბიუჯეტიდან დააფინანსებინა "მავნებს" და თან პერიოდულად დაიწყო ძრომიალი "რუსთავი 2"-ში. ერთხელ ვეღარ მოვითმინე, დავურეკე – ბიჭო, რა გინდა ამ ტელევიზიაში, დღეგამოშვებით გვარამიას ანგარიშს რომ აბარებ-მეთქი? აუუუ… ეხლა შენ უნდა დაგეკითხო, სად ვივლი და რას გავაკეთებო? გამეცინა, აღარაფერი მითქვამს, უბრალოდ გამახსენდა, მისი ჩამოსვლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მისივე "მეგობრები" რომ მწერდნენ, არჩევნებისთვის მოგროვილი ფული "მოტეხა" და დაითესაო. ორიოდე თვის წინ სოციალურ ქსელებში ფოტო გავრცელდა, მიშა სააკაშვილთან გადაუღია, თან ყველაფერი მოუნანიებია. არ ვიცი, ეს სიმართლეა თუ არა, რაც საკუთარი თვალით ვნახე, იმას გიყვებით. ყოველ შემთხვევაში, არსად უთქვამს, სააკაშვილისთვის მუხლები არ დამიკოცნიაო. სხვათა შორის, სიგუას ამერიკელი "მეგობრები", ანუ ემიგრანტები მაშინ ძალიან შფოთავდნენ, ნერვიულობდნენ, მის მიერ ჩადენილ "საგმირო" საქმეებზე მწერდნენ, მაგრამ რაკი "ნაცმოძრაობა" გადავაშენეთ, ეს საქმე დიდად აღარ გასკანდალებულა.

სიმართლე გითხრათ, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან იმ პერიოდში არც ერთი საკითხი არ მიმიტანია, თუ რამე მნიშვნელოვანი იყო, მის პრესმდივანს, მაია ფანჯიკიძეს ვეუბნებოდი. ამ მხრივ პირდაპირ შემოსევა მქონდა – ბევრს ეგონა, რაკი შევხვდი და პრესკონფერენციებზე შეკითხვებს ვუსვამდი, რაკი ის ჩემს მიმართ ყოველთვის გამოხატავდა სიმპათიას, ყოველ საღამოს ერთად ვისხედით, შეკითხვებს ვადგენდით და თან სტაფილოს წვენს მივირთმევდით. რასაკვირველია, ასე არ იყო, მაგრამ საზოგადოების ერთ ნაწილს ნანახიდან და გაგონილიდან აზრის გამოტანა უჭირს, დაგინახეს ტელევიზორში, რომ ბიძინა ივანიშვილს ელაპარაკები? მორჩა, მოდის თხოვნები წვიმასავით, თან საყვედურების თანხლებით: "ბიჭო, ამას გვიმალავდი"? "ეეე… თუ ასე ახლოს იყავი, რატომ არ გვითხარი"? მოდიოდნენ წინადადებებით, პროექტებით, თხოვნებით: ერთს მე 19 საუკუნის საწნახელი ჰქონდა სახლში და იყიდოსო, ბაბუაჩემის ბაბუის ნაქონია და ცოდვაა, გაფუჭდებაო; მეორე თავის ნახატებს მაჩეჩებდა, იყიდოს, რა უჭირსო? მესამემ – შვილიშვილები მყავს დასასაქმებელი, უცხოეთში აპირებენ წასვლას, თუ წავლენ, შენი და ბიძინას სინდისზე იქნებაო; მეოთხემ – პროექტი მაქვს, ოღონდ ბიძინას უნდა შევხვდე, მის მეტი ვერავინ გაიგებს ამ პროექტის გენიალურობასო; ერთი მოვიდა, შენ გენაცვალე, გადაეცი, კბილები ჩამისვასო. მოჰქონდათ წერილები, პირადად ხელში გადაეციო. ასეთები იყვნენ ასობით და ათასობით. ბევრი მოვიმდურე, ბევრი გადავიკიდე, ვერ იყიდა ბიძინა ივანიშვილმა მავანის საწნახელი, მავანის ნახატები, ვერ დაასაქმა მავანთა შვილიშვილები, ვერ ჩაუსვა ზოგიერთს კბილები და ქე დაგვიწყეს ორივეს ლანძღვა-გინება. გამოგიტყდებით, ასეთი თხოვნა-მუდარებით დღესაც მაწუხებენ, მაგრამ რა შედარებაა, ფაქტობრივად ჭექა-ქუხილი უკვე გადავლილია. კალამი გამექცა, ძირითად თემას გადავუხვიე, დავუბრუნდეთ ისევ ბიძინა ივანიშვილის პირვანდელ გარემოცვას, სადაც საქმე გადარბენა-დასწრებაზე იყო. ღალატის მეორე სანიმუშო მაგალითი გახლავთ ირაკლი ალასანიას "მოღვაწეობა", რომელიც გახდა თუ არა თავდაცვის მინისტრი, ეგრევე წარმოიდგინა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო. სანამ ირაკლი მინისტრი გახდებოდა, ივანიშვილთან უკვე გაფუჭებული ჰქონდა ურთიერთობა. ამ ენერგიულმა ბიჭმაც, გუბაზ სანიკიძის მსგავსად, ვერ მოითმინა და ვიღაცასთან ტელეფონზე საუბრისას აუგად მოიხსენია, პირდაპირ აგინა და გაუგებარი პიროვნება უწოდა. "ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ"?! ეს ე.წ. ფრთიანი ფრაზა სწორედ მაშინ დაიბადა ქართულ სინამდვილეში. ალასანია წუხდა, რომ ვერა და ვერ გაარკვია, რას უპირებდა ივანიშვილი, იღებდა თავის გუნდში თუ არა, ბოლოს და ბოლოს, წავიდე ქვეყნიდან თუ დავრჩეო?! ირაკლი ფარულად ჩაწერეს და გამოუქვეყნეს.

ვითომც არაფერი მომხდარა, ეს ამბავი თვითონაც გაატარა და ბიძინამაც გაუტარა – სამეგრელოში გააგზავნა არჩევნების მოსაგებად. როდესაც 5 მილიონი ლარი გამოუყვეს სამეგრელოში (შვიდ რაიონში) საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად, ივანიშვილმა შესთავაზა, ძალიან რთულ რეგიონთან გაქვს საქმე, თუ გინდა, ხალხს დაგახმარო. ჰმ… რას ბრძანებთ, ბატონო ჩემო, ეგღა მაკლია, სამეგრელოს ყველა რაიონში არჩევნები ვერ მოვიგოო. კარგი, აბა, შენ იციო.

წავიდა ირაკლი… ვერ მოიგო, ყველა რაიონში წააგო, საკუთარი თავიც კი ვერ გაიყვანა. რატომ? იმიტომ, რომ სანამ ის სამეგრელოში ჩავიდოდა, ცოტა არ იყოს, სახიფათო განცხადებები აკეთა ახალაიების მისამართით – ამტკიცებდა, ყოველ კუთხე-კუნჭულში უკანონო დაჯგუფებებს ქმნიან და აიარაღებენო:

"ახალაიები სააკაშვილის ბრძანებით უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნიან. როგორც კი ეს განცხადება გავაკეთე, შედეგიც მივიღეთ. ჩემი განცხადების გავრცელებისთანავე დაიწყო გადაადგილებები და სახლებში განთავსებული უკანონო დაჯგუფებები შტაბებში გადაიყვანეს. შემდეგ კი ამ სარეზერვო ინიცატივის ფორმალიზება და კანონის ჩარჩოში მოყვანა დაიწყო, მაგრამ სააკაშვილისგან თვალებში ნაცრის შეყრას დიდი ხანია შევეჩვიეთ, მან ივანიშვილის გამო კონსტიტუციაც კი შეცვალა".

მამა, როლანდ ახალაია, ძმები – ბაჩო და დათა ახალაიები მეგის ქარდავასთან თუ ათასი ჯურის ავანტიურისტებთან ერთად მართლაც არ აპირებდნენ დათმობას. ახლა რომ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლება დემოკრატიული გზით, ნებაყოფლობით გადავაბარეთო, არის სრული სიცრუე – ეს საერთაშორისო ავაზაკი სამეგრელოს თვლიდა იმ ბასტიონად, სადაც წაგების შემთხვევაში უნდა გამაგრებულიყო. იქ გადაატანინა დიდძალი იარაღი და რაც მთავა- რია, "კომპრომატები" კასრებით. კომპრომატების საკითხი ებარა მეგის ქარდავას. რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, ამ ქვეყანაში იგივე განმეორდებოდა, რაც მოხდა 1991 წლის დეკემბერში. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიას მხარს უჭერდა "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და რიჩარდ ნორლანდიც ჩავიდა ზუგდიდში, ახალაიებმა მაინც მოიგეს. გასაგებია, მოსახლეობა იყო ტერორის ქვეშ, ძალიან ბევრი გახლდათ ახალაიების გავლენის ქვეშ, ძალიან ბევრს ჰქონდა პირადი ინტერესები, მაგრამ ირაკლი ასე მაინც არ უნდა გაფარჩაკებულიყო. რა მოხდა, რატომ გაფარჩაკდა? მან ზურგზე წამოიკიდა ის ტვირთი, რომლის აწევაც ვერ შეძლო. არადა, უნდოდა, გული ერჩოდა, ენერგიაც ჰქონდა, მაგრამ საამისო ბაზა არ გააჩნდა, უკუდო ამპარტავანი გამოდგა, რომელმაც დახმარებაზე უარი თქვა. ავი ენები ამბობენ, ფულის დახარჯვა არ უნდოდა და ამიტომაც თქვა უარიო. მით უარესი!

მოკლედ, ეწვია ირაკლი ალა- სანია 2012 წლის არჩევნების წინ ზუგდიდს, რათა ბეჭებზე დაედო "ნაციონალური მოძრაობა" და ახალაიების კლანჭებიდან გამოეხსნა სამეგრელო. "ქართული ოცნების" სრული მხარდაჭერის, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გარანტიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მონდომების მიუხედავად, ის მაინც ჩაფლავდა. იმ პერიოდში სამეგრელოში მცხოვრებ კახა მიქაიასთან დაახლოებული ერთი ფრიად ალალი ადამიანი მიყვებოდა, ჩამოვიდა ალასანია, დაადგა თავზე კახას, უნდა დამეხმაროო. ამან ხათრით ვეღარ უთხრა უარი და დასდევდა უკან, მაგრამ ერთხელაც ამოუვიდა ყელში და პირდაპირ მიახალა – ძმაო, ირაკლი, მე არც შენი პარტიის წევრი ვარ, არც რაიმე პირადული ვალდებულება მაქვს, მოდი, რა, შემეშვიო. არადა, მიქაიას, რომელიც "დაიცავი საქართველო"-ს ერთ-ერთი ლიდერი იყო და თავის დროზე ძმებ გაჩეჩილაძეების გვერდით ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს, სამეგრელოში ნამდვილად ჰქონდა გავლენა. რაში სჭირდებოდა ალასანიას მისი დახმარება? ამას მომდევნო ნომრებში მოგიყვებით.

(გაგრძელება იქნება)
скачать dle 12.0