პარლამენტის წინ მიმდინარე "თავისუფლებისმოყვარეთა" აქციები ეს იყო კვირიკაშვილის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

გვესაუბრება "იბერიულ-კავკასიური მოძრაობის" თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის ყოფილი წევრი ბესო მიქავა, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე "თავისუფლებისმოყვარეთა" "გრანდიოზული" აქციების დროსვე აცხადებდა, რომ სინამდვილეში ეს იყო კორუმპირებული მთავრობის მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდებოდა მისი ე.წ. გუნდის ნაწილი კვირიკაშვილის მეთაურობით. მმართველი ძალა სავსეა "საბოტაჟნიკებით", ნაცების ე.წ. ბანდა არსად წასულა, ხელისუფლებაში არიან, დროზე გაწმინდოს ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება" პროვოკატორებისგან, თორემ გამწარებული ხალხი მტყუან-მართალის გარჩევას აღარ დაიწყებსო. ბესო მიქავას ვარაუდი საფუძველს მოკლებული რომ არ იყო, შემდგომ განვითარებულმა პროცესებმაც დაადასტურა.

ბესო მიქავა: როგორც კი დაიწყო ვითომდა თავისუფლების მოთხოვნით აქცია პარლამენტის წინ, მაშინვე გამოჩნდა ორი მხარე, ე.წ. აქცია და ე.წ. კონტრაქცია. სინამდვილეში არავითარი კონტრაქცია არ ყოფილა, თუმცა მავანთ ძალიან უნდოდათ, რომ ყოფილიყო. აქციის დაშლის შემდეგ, "პროტესტანტებმა" სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლეს ვითომდა 17 მაისი უნდა "ეზეიმათ", მაგრამ თითზე ჩამოსათვლელი ხალხი მივიდა. იმ ღამეს პარლამენტთან ვიყავი, ავტომანქანა მოშორებით მყავდა გაჩერებული, მობილური ტელეფონი დამიჯდა და დამტენის ასაღებად წავედი. პოლიციას კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, პარლამენტის შენობის ზედა მხარეც გადაკეტილი ჰქონდა, ორი კორდონი იყო. ავტომანქანისკენ მიმავალი შევესწარი, როგორ რეკავდა ვიღაც, შემდეგ მოდიოდა რამდენიმეკაციანი ჯგუფები, პოლიციელებს ისინი შიდა კორდონისკენ მიყავდა, გახსნიდნენ კორიდორს და ამ ხალხს კანცელარიის წინ მოწყობილ აქციაზე უშვებდნენ. "სტუმრებში" ჩემი ნაცნობები შევნიშნე, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ ნარკოტიკთან, სიგარეტსაც კი არ ეწევიან. გამიკვირდა შუაღამისას ამ ხალხს იქ რა უნდოდა, მერე გამახსენდა სადაც მუშაობდნენ და ეჭვი გამიჩნდა, რომ სპეციალურად მოყავდათ ხალხი, აქციას მონაწილეებით "ამარაგებდნენ" მრავალრიცხოვანი რომ გამოჩენილიყო, ე.ი. მთავრობაც ჩართული იყო ამ ყველაფერში.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა ინტერესი ჰქონდა ამ უკანასკნელს, მით უმეტეს, რომ ის ძვირადღირებული აპარატურა, რომელსაც "პროტესტანტები" იყენებდნენ, თი-ბი-სი ბანკს ეკუთვნოდა. მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერი მამუკა ხაზარაძემ მოიგო, მაგრამ პროექტის განსახორციელებელი თანხა სახელმწიფოს მოსთხოვა. იმ პერიოდში ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია გახლდათ. ვფიქრობ, მან ხელი არ მოაწერა შესაბამის დოკუმენტს ხაზარაძეს ბიუჯეტიდან დაფინანსება რომ მიეღო, ამას ეკონომიკის მინისტრის თანხმობა ჭირდებოდა. გახარიას უარმა "ხაზარაძესა და კომპანიას" იმედები გაუცრუა, რომ მილიარდებს იშოვნიდნენ, ანაკლიის პროექტის წყალობით, საშვილიშვილოდ იქნებოდნენ უზრუნველყოფილი. ხაზარაძეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უჭერდა მხარს, საერთოდაც ისინი ყოველთვის ერთად იყვნენ, მოქკავშირის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე. ანაკლიის პროექტის ასე ვთქვათ, ჩაგდებამ ფულის შოვნის შესაძლებლობა კი დაუკარგა, მაგრამ სურვილი რა თქმა უნდა დარჩა და დაიწყეს მოქმედება, რომ როგორმე განეხორციელებინათ. 

ცოტა მოგვიანებით აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, კვირიკაშვილს გადააყენებდნენ და მის თანამდებობას გიორგი გახარია დაიკავებდა. სწორედ იმ პერიოდში კვირიკაშვილი აგინებს ფაქტობრივად თანაგუნდელ, ნაციონალ ნიკა მელიას, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბატონი კვირიკაშვილი ნაცმოძრაობასთან ძალზე დაახლოებული გახლდათ, თავის დროზე მათ საარჩევნო შტაბშიც კი იყო, შესაბამისი ფოტოც მაქვს, რომელიც ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა ჩემს ინტერვიუსთან ერთად. სხვათა შორის, თავიდან გამიკვირდა მელიამ კვირიკაშვილს რომ არ უჩივლა, თითქმის არ ჰქონია რეაქცია გინებაზე, სამაგიეროდ, კვირიკაშვილი გამოჩნდა მაგარ ბიჭად. "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განვაცხადე, რომ კვირიკაშვილის ფიტულს დავწვავდი ამერიკის საელჩოსთან, როგორც მანამდე სააკაშვილის ფიტული დავწვი, ეს პირველმა გავაკეთე. აბა, სად უნდა დამეწვა, ამერიკელების მოყვანილი იყო სააკაშვილი, ისინი იყვნენ მისი პატრონები და თქვენვე წაიყვანეთ-თქო. კვირიკაშვილიც ამერიკის კაცია, ამიტომ მათ საელჩოს წინ ვაპირებდი კვირიკაშვილის ფიტულის დაწვასაც. შემდეგ იყო ღამის კლუბ "ბასიანში" პოლიციის შევარდნა და აჟიოტაჟი, რასაც პარლამენტის წინ აქციები მოყვა.

სულელი უნდა იყო, თუ რაიმე მიზანი არ გამოძრავებს, რომ ვიღაც ნარკობარიგის დასაჭერად კლუბში შევარდე და ასეთი სისულელეები აკეთო. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნებას მოყვა ეს შევარდნა-აქციები, მაგრამ ეს გეგმა მანამდე არსებობდა და მექანიზმიც ამუშავებული იყო. ეს აქციები მთავრობის ხელდასმით იყო ორგანიზებული, რადგან ხელშეუხებელი იყო მისი მხრიდან. მე 9 აპრილის შიმშილობის აქციას რომ ვმართავდი, ბორდიურზე დაჯდომის უფლება არ მომცეს, ამ დროს ეს "პროტესტანტები" რას აღარ აკეთებდნენ იქ, მთელი ღამე საშინელი ხმაური იყო და კაციშვილს ხელი არ შეუშლია, ე.ი. ვიზირება იყო მიცემული. ამავე გეგმის ნაწილი იყო ე.წ. კონტრაქცია, რომელთანაც შეჯახება უნდა მომხდარიყო, რაც პირადად მე არ დავუშვი. გიორგი გაბედავას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ქაშუეთის ტაძართან იყვნენ შეკრებილი, ვურჩიე, კანცელარიასთან შევიკრიბოთ, აქციის მონაწილეებს დავეთანხმოთ კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნაში და იგივე მოვითხოვოთ, მაშინვე მქონდა დიდი ეჭვი, რომ პარლამენტის წინ აქცია კვირიკაშვილის ინიციატივით იყო დაწყებული და მინდოდა მისი ნასროლი ბუმერანგივით დაბრუნებოდა.

ახალგაზრდებს ვუთხარი, თუ აქციის დაშლა გინდათ, ჩვენც მოვითხოვოთ კვირიკაშვილის გადადგომა, დამიჯერეთ, თვითონ დაშლიან აქციას-თქო. ასეც მოხდა. გიორგი გაბედავამ თქვა, მივალთ 9 აპრილის მემორიალთან, სანთლებს დავანთებთ და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე უკან დავბრუნდებითო, პოლიციამ ნება მოგვცა, მაგრამ მერე ვიღაცამ დარეკა და უმიზეზოდ გამოგვრეკეს. ამ ახალგაზრდების მოტყუება რომ არ გამოუვიდათ, მერე წამოსწიეს ე.წ. ფაშისტი გიორგი ჭელიძე, რომელიც მანამდე ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა და უცებ ფაშისტი გახდა. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილამდე მივიდა ინფორმაცია, რომ კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" სახელით სარგებლობდა, პარტიის წევრებს ეგონათ, რომ ბატონი ბიძინას დავალება იყო და ემორჩილებოდნენ კვირიკაშვილის ბრძანებას, მათ შორის პოლიციელებიც. შვილმოკლული მამების აქციაც ამათი აგორებულია, მე არ ვამბობ, რომ ზაზა სარალიძე მონაწილეობდა მათ მაქინაციებში, ამ ხალხის უბედურება ამათ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს. კვირიკაშვილის ამ აქციაზე მისვლა, მისთვის ბოთლის სროლა და ა.შ. კვირიკაშვილის ჩაწყობილი მგონია, რომ მათ თანამონაწილედ არ გამოჩენლიყო.

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის, პირველ რიგში კი გიორგი გახარიას წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ მან შეძლო კონფლიქტის თავიდან აცილება. მე თქვენ გაზეთთან რამდენიმე თვის წინაც ვთქვი, რომ სააკაშვილის ნარჩენები დესტაბილიზაციას აწყობდნენ, მაშინ ჩაცხრა დაძაბულობა, მაგრამ ახლაც ცდილობენ ქვეყანაში გარკვეულწილად არიონ სიტუაცია.

– ბატონო ბესო, ჩვენს გარშემო ძალზე დაძაბული ვითარებაა, თურქეთი ღიად დაუპირისპირდა ამერიკას, სომხეთი მის ტრადიციულ მეგობარ რუსეთს. ამ დროს სერგეი შამბა აცხადებს, რომ ქართველებს მტრად არ თვლის და მოლაპარაკებას გვთავაზობს, აგერ გერმანიის კანცლერი მერკელი გვსტუმრობს. რა პოლიტიკურ პროცესებთან გვაქვს საქმე, რას უნდა ველოდოთ?

– სომხეთში მშვიდობიანი რევოლუცია მოხდა, პრემიერი ფაშინიანი რომ ამერიკის კაცია, ამას აღარავინ მალავს. ფაქტია, რუსეთში მყოფმა სომხურმა ლობმა ამერიკას გზა გაუხსნა სომხეთისკენ, ირანის წინააღმდეგ, სადაც სერიოზული სომხური ლობი არსებობს, ომი რომ მზადდება, ეს ყველას კარგად მოეხსენება, სირიაშიც არსებობს ასეთი ლობი. დღევანდელი სომხები იმ არმენების შთამომავლები არიან, რომლებიც სირიაში, კილიკიაში ცხოვრობენ. რუსეთმა ფაქტობრივად ნება დართო სომხეთს, რომ გაამერიკელდეს, ისიც ითქვა, რომ სომხეთში ჩაიდო ამერიკის სომხური ლობის ფული, ამ დროს სომხეთი რუსეთის მოკავშირედ ითვლება, რუსეთის პოლიტიკური ელიტა რატომღაც არ აპროტესტებს ამერიკის სომხეთში შესვლას, მათ შორის, ლავროვიც. როგორც კი პუტინისგან საქართველოს მიმართ რაიმე დადებითი წინადადება წამოვა, მეორე დღესვე გამოდის ლავროვი და საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს. გაუჭირდებათ მისი იარაღად გამოყენება, მით უმეტეს კავკასიაში ჩვენი კავკასიელებთან ურთიერთობიდან გამომდინარე. ამასთან ერთად მუდმივად ექნებათ კულტურული ომი ჩვენთან.

ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამერიკამ სომხეთში მოეწყო ჩუმი რევოლუცია, მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის ცენტრი საქართველოა. სომხეთმა მათ რომ შესთავაზოს, ნატოს ბაზებს დავაკანონებთ ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ სანაცვლოდ რას მივიღებთო, თავისთავად შესთავაზებენ მთელს კავკასიას კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებთან ერთად, აფხაზეთი და ეს რეგიონები ფაქტობრივად უკვე ისედაც სომხების ხელშია. რუსეთის დაშლაზე რომ მთელი მსოფლიო მუშაობს, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. სომხეთის ოცნებაა ზღვაზე გასვლა და კავკასიაზე ბატონობა, ამას თუ შეპირდება ამერიკა, ყველაფერს გააკეთებენ, პუტინსაც სიამოვნებით გააგორებენ, ეს საშიშროება უკვე დგას. სომხებს არასდროს ექნებათ იდეური ომი ნატოსთან, გამორიცხულია, ისინი თვალის დაუხამხამებლად "გადაუვლიან" მთელ კავკასიას. 

შემთხვევით არ დაუწყია შამბას ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი, ეს ინიციატივა რუსეთიდან მოდის. ეს უკანასკნელი ჯერაც არ გამოსულა იმ ხაფანგიდან, რომელშიც 2008 წლის პროვოკაციული ომის დროს აღმოჩნდა. იმას კი არ უნდა კითხულობდნენ, ვინ დაიწყო ომი, ის უნდა იკითხონ ვინ წააგო ეს პროვოკაციულად დაწყებული ომი. რა თქმა უნდა საქართველომ და რუსეთმა წააგო – ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ, რუსეთმა კი სამშვიდობო მისიის შესრულების შესაძლებლობა.

რამდენად ჭკვიანურ პოლიტიკას გაატარებს რუსეთი და მისი პრეზიდენტი, ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ერთი ფაქტი აუცილებლად მინდა აღვნიშნო. პუტინის თურქეთში ვიზიტის დროს ერდოღანმა ხაზგასმით თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მისი მეგობარია. მანამდე არაერთხელ იყო გაცხადებული თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, რომ ბათუმს თავიანთ ტერიტორიად თვლიან. პუტინიც თუ იტყოდა, ერდოღანი ჩემი მეგობარიაო, პოლიტიკის ენაზე ეს ნიშნავდა რომ "მწვანე შუქს" უნთებდა მათ აჭარაში შემოსვლაზე. პუტინმა მკაცრად გასცა ოფიციალური პასუხი, ჩვენ თურქეთთან სახელმწი- ფოებრივი ურთიერთობა გვაქვსო, რითაც ცივი წყალი გადაასხა ერდოღანს. რუსეთის პრეზიდენტზე გაბრაზებულმა ერდოღანმა მერე ანტირუსული განცხადება გააკეთა, თუმცა მალევე დაშოშმინდა. ჩემი აზრით, პუტინმა თავისი ქვეყნისთვისაც სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო თურქეთი ბათუმში რომ არ შემოუშვა. თურქეთი ნატოს წევრია, მისი საქართველოში შემოსვლა ნატოს შემოსვლას ნიშნავს, რაც რუსეთის ინტერესებში არანაირად არ ჯდება.

როგორც გითხარით, ირანთან ომი გარდაუვალია, ამიტომაც შემოდიან საქართველოში ასე მასიურად ირანელები. ესენი ლტოლვილები არ არიან, ჯიბესქელი ხალხია, ისვენებენ, ერთობიან. ირანთან ომს რომ დაიწყებას ამერიკა, ამ ირანელებს და სირიე ლებს, რომლებიც ასევე მრავლად არიან საქართველოში, ირანის წინაღმდეგ საბრძოლველად გაუშვებს. აქ ერთი მაგრამ არსებობს, 1946 წელს სტალინმა ირანთან ხელშეკრულება დადო, რომლის თანახმადაც, როგორც კი ირანში უცხო ძალა შევა, რუსეთს უფლება აქვს მთელი ირანის ოკუპაცია მოახდინოს. რამდენად გამოიყენებს ამ უფლებას რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება, ვერ გეტყვით, მაგრამ ასეთი ხელშეკრულება არსებობს, რომელზეც ორივე მხარეს აქვს ხელი მოწერილი. რაც შეეხება ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს, დარწმუნებული ვარ ეს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტი სირიელი ლტოლვილის მიღება გვაიძულონ.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0