მითხარი, როგორი საგადასახადო პოლიტიკა გაქვს და გეტყვი, რას წარმოადგენს შენი სახელმწიფო

„საერთო გაზეთის“ სტუმარია ეკონომისტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იური პაპასქუა:

– ბატონო იური, სახელმწიფოს სიძლიერის ერთ-ერთი განმაპირობებელი, ალბათ, ქვეყნის სწორი საგადასახადო პოლიტიკაა. მოდით, საუბარი საგადასახადო კოდექსით დავიწყოთ, ამ კუთხით, რა პრობლემებია?

– კოდექსი რომ გვაქვს, ეს კარგია.
მოქმედი საგადასახადო კოდექსი რიგით მესამეა. წინამორბედებში დაუსრულებლივ შეჰქონდაც ცვლილებები და დამატებები. ყველა შემთხვევაში, ეს ცვლილებები არ იყო ორიენტირებული სრულყოფასა და გამარტივებაზე. ცვლილებების ნაწილი ცალკეული ლობისტური ჯგუფებისა და პოლიტიკოსების ახირებებს ითვალისწინებდა. ხშირი, გაუმართავი, გამკაცრებისკენ მიმართული, გადამხდელის ინტერესების საწინააღმდეგო ცვლილებები და დამატებები ქმნიდენ არასტაბილურ, ამასთან გადამხდელისთვის არახელსაყრელ გარემოს. ამ მხრივ, არც მოქმედი კოდექსია გამონაკლისი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული საგადასახადო სისტემა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ პარტნორობის წევრ ქვეყნებში ყველაზე საუკეთესოა. გადამხდელები ოფისიდან გაუსვლელად უკვე სარგებლობენ ელექტრონული დეკლარირებით, სასაქონლო ზედდებულებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა მთლიანად ელექტრონულია, საკასო აპარატების ფისკალური მეხსიერება მიერთებულია ერთიან ელექტრონულ ბაზასთან, საბაჟო ოპერაციები და დეკლარირებაც ელექტრონულად ხორციელდება, ნებისმიერი ნორმატიული აქტის კონსოლიდირებული ვერსია და სიტუაციური სახელმძღვანელო განთავსებულია შემოსავლების სამსახურის საიტზე და ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის.

– გაძვირდა აქციზის გადასახადი, რაც ავტომატურად იწვევს ფასების ზრდას და ლარს კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აგდებს. აქვე, საინტერესოა რამდენად მისაღებია ჩვენი ქვეყნისთვის მოგების დაბეგვრის ესტონური მოდელი?


– ერთი შეხედვით, აქციზის გაძვირება და „მოგების დაბეგვრის ესტონური მოდელი“, კავშირში არ უნდა იყოსო, შესაძლოა იფიქროს სხვამ, თუმცა თქვენ სწორად შენიშნეთ მათი ურთიერთდამოკიდებულება.
ის, რაც ჩვენთან დამკვიდრდა, ესტონური არაა. ესტონურისგან მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრის იდეაა გადმოღებული. ესტონურ მოდელს მხოლოდ ესტონეთში, კონკრეტულ გარემოში, დროსა და ვითარებაში ქონდა წარმატება. ეს მოდელი სხვა არც ერთ ქვეყანაში არ გადაუღიათ, ევროკავშირმაც კი არ მიიღო და გავრცელება ვერ ჰპოვა. თეორიული გათვლებით, ამ მოდელს (ასე მას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ) კვლავწარმოების გაფართოების მოტივაცია გააჩნია. ვერ ვუარვყოფ, რაღაც ეტაპზე ეს ასეც მოხდება. მაგრამ მაშინ, როდესაც სამეწარმეო სუბიექტების 90%-ზე მეტი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოა, მათ გაფართოებისთვის იმდენი რესურსი არ რჩებათ, რომ ეკონომიკას მატება მალე დაეტყოს.
მოგების გადასახადის ახალი მოდელის შემოღებით ბიუჯეტის შემოსავლებს არანაკლებ 500,0 მილ. ლარი აკლდება რამდენიმე წელიწადს მაინც. ეს მნიშვნელოვანი თანხაა, მით უფრო, ჩვენი ეკონომიკისთვის.

– რით ივსება ბიუჯეტი?


– ეს მართლაც საინტერესო საკითხია – რით ივსება, რისგან შედგება ბიუჯეტი?
ადრე, ბიუჯეტში ყველაზე დიდ ნაწილს გადასახადები შეადგენდა. დღეს, გადასახადები მთლიან შემოსავლებში იმდენი არაა, მათი ადგილი მოსაკრებლებმა, ჯარიმებმა, საურავებმა შეავსო. ნახეთ, რა წინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე: 2011 წელს პრეზიდენტმა გამოსცა ეკონომიკური დამოუკიდებლობის აქტი, რითაც ახალი გადასახადის დაწესების, მისი გაზრდის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ რეფერენდუმით არის შესაძლებელი. არ ვიცი, ვის შეიძლება მოუვიდეს ასეთი აზრად, ხალხს შეეკითხოს: გინდათ ეს გადასახადი თუ არა, მოქნილია იგი თუ არა? რომელი გადამხდელი იტყვის, არიქა, გამიზარდეთ გადასახადი, მეტი მაქვს და არ მჭირდებაო. ამიტომაცაა, როცა ბიუჯეტს პრობლემები ექმნება, ყოველთვის არის ცდა მოსაკრებლები გაზარდონ. დღეს ბიუჯეტის შემოსავლების უფრო მეტი ნაწილი მოსაკრებლებია.

– გამოდის, რომ ბიუჯეტი მოსაკრებლებით ივსება. რატომ ხდება ასე?

– აბა, გადასახადები იმდენი არაა, ბიუჯეტს რომ ეყოს. ეკონომიკა არ იზრდება ან ნელა იზრდება. გადასახადების განაკვეთების გაზრდა ისედაც უკმაყოფილებას გამოიწვევს, ამასთან, ეს შესაძლებლობა შეზღუდულია ეკონომიკური დამოუკიდებლობის აქტით. ჯარიმების გადაუხდელობაზე საურავებს ვერ დააწესებ. ჯარიმებზე საურავები რომ დააწესო, წარმოგიდგენიათ რა მოხდება? – ასე მოსახლეობას სულ განადგურდება.

– ოპოზიცია მუდმივად გადასახადების შემცირებას ითხოვს. რას მოგვცემს ეს ყოველივე?

– სიმართლე გითხრათ, ჩვენთან საგადასახადო ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე ნორმალურია. იგი არც ყველაზე დაბალია და არც ძალიან მაღალი. მაგრამ პრობლემა სხვა რამ არის. ვინ იხდის გადასახადს? – კოდექსის მიხედვით გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელიც შემოსავალს ღებულობს. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი. სინამდვილეში, იურიდიული პირი არაფერს იხდის. არაპირდაპირი გადასახადები – დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი მომხმარებლის გადასახადია, საწარმო, იურიდიული პირი აგენტის ფუნქციას ასრულებს მხოლოდ. პირდაპირ გადასახადებსაც (მოგებას, საშემოსავლოს, ქონების გადასახადს) სინანდვილეში მომხმარებელი იხდის. რა არის მოგების გადასახადი? ესაა გადასახადი სხვაობიდან შემოსავალს მინუს ხარჯები. ქონების გადასახადს ვინ იხდის? ქონების გადასახადი თვითღირებულებაში აისახება და შესაბამისად, როცა პროდუქციას ვყიდულობ, მომხმარებელი მას იხდის. რაც თვითღირებულებაში შედის, იმის გადამხდელი მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელია. ასეა ამ გადასახადების რეალური ბუნება.

– ამდენი გადასახადი ზურგზე ღატაკ ადამიანებს აწევთ, ასე როგორ ავაშენოთ მდიდარი სახელმწიფო?

– უფრო რომ დავკონკრეტდეთ, რაზეც ახლა ვისაუბრე, ეს გადასახადი არ არის. გადასახადი არის ის, რაც კოდექსითაა გათვალისწინებული. ეს არც მოსაკრებელია. ჩვენ გვაქვს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი (ქონების) გადასახადი. სულ 6 გადასახადია დაწესებული: აქციზი, დამატებითი ღირებულების გადასახადი, მოგების, საშემოსავლო, იმპორტის და ქონების გადასახადი. ეს არის რასაც საგადასახადო კოდექსი არეგულირებს. სხვა მოსაკრებლებია სათამაშო ბიზნესიდან, მომსახურებიდან და საქმიანობიდან, ჯარიმებია, საურავებია. ბიუჯეტში გადასახადებს ბევრად სჭარბობს სხვა შემოსავლები. ეს ნიშნავს, ეკონომიკა არ ვითარდება. მოსახლეობაზე სახელმწიფო არ ზრუნავს. მომხმარებელი, მოსახლეობა ინახავს სახელმწიფოს და ბიუროკრატიას, რომელიც, პრაქტიკულად, არაფერს აკეთებს. ადრე, ძალიან საინტერესო საზოგადოებაში ვცხოვრობდით, სადაც სხვა რამ იყო პრივილეგია. ჩვენ ის მოვსპეთ, გავანადგურეთ. აღმოვჩნდით, სრულიად უცხო, დაუცველ გარემოში, სადაც დამოუკიდებლად თავი უნდა გაიტანო და სხვაც უნდა არჩინო. სოციალისტურ იდეალაბს მრავალჯერ დაუბრუნდება საზოგადოება. სანამ მთავარი საზრუნავი ადამიანი არ გახდება, საშველი არ მოვა.

– ბატონო იური, ბოლოს ინვესტიციებზეც მინდა გკითხოთ. მაგალითად, თურქეთმა ეკონომიკა სწორედ იმით გააძლიერა, რომ ინვესტორებს ბეგარა ხუთი წლით მოუხსნა. ჩვენთან როგორი საინვესტიციო გარემოა?

– ძალიან რთულ თემას შეეხეთ. იცით, როგორ განვითარდა სამხრეთ-კორეა? მან საოცარი რამ გააკეთა. როცა ქვეყნის თავები დაფიქრდნენ, მიხვდნენ, რომ არ ჰყავდათ სათანადო კადრები. გადაწყვიტეს კადრების კვალიფიკაცია აემაღლებინათ, თუ ადგილზე არ ჰყავდათ შესაბამისი სპეციალისტები, სასწავლებლად ევროპაში აგზავნიდნენ, ოღონდ, მიზნობრივად ასწავლიდნენ საჭირო სპეციალობებს. შედეგად, კორეა უცებ განვითარდა, დღეს, იგი, იაპონიის დონეზეა. თურქეთმა 80-იანი წლების დასაწყისიდან საოცარი რამ გააკეთა, მან ლიბერალური პოლიტიკა გაატარა, რამაც ბაზა შექმნა და მერე, ყველაფერი დალაგდა. ინვესტიციები უფაქიზესი თემაა. ვინც ევროპაში წავიდა და ისწავლა, მათი გაგებით, საქართველოსთვის, ინვესტიციები აუცილებელია. ბევრს წარმოუდგენია, რომ უცხოური ინვესტიცია ეს არის საქართველოს გადარჩენა, სინამდვილეში ასე არ არის. თუ განვიხილავთ იმ ინვესტიციების გენეზისს, რაც საქართველოში განხორციელდა, თუ როგორ დაიწყო, რა ხდებოდა, გაოცდებით. რა ინვესტიციაც მივიღეთ, უფრო მეტი საქართველოდან გავიდა. არცერთი პირველი ინვესტორი აქ, არ დარჩენილა. იმიტომ კი არა, რომ მას არასაინვესტიციო გარემო შეექმნა, არა! იგი სხვა მიზნით იყო აქ ჩამოსული. იყიდა იაფად, გაამსხვილა ადვილად და გაყიდა. ვიღაც ამბობდა: უცხოურ ინვესტიციაში ის კი არ უნდა დავინახოთ, რომ ვიღაცა ფულს დებს, ეს კულტურაც არისო, ჩვენ წარმოების კულტურას ვღებულობთო. უცხოური ინვესტიციის აკრძალვის მომხრე არ ვარ, მაგრამ უპირატესობა რომ მივანიჭოთ, სწორი არ იქნება. მავანი ამბობს: ბიუჯეტს ხომ უხდისო. რას უხდის? – მოგების გადასახადს არ გადაუხდის. უცხოური ინვესტორი თუ აქაური მუდმივი დაწესებულების სახით ჩამოყალიბდება, მასზე ის კანონი მოქმედებს, რაც გვაქვს. კონკრეტული ინვესტორი აქ ჩადებს ფულს, რათა დაიწყოს მუშაობა, მერე წარმოებას გააფართოვებს, მოგებას მიიღებს და რაღაც მომენტში უკან წაიღებს, თანაც აქ, თავის ხალხს ასაქმებს და ის შემოაქვს რაც სჭირდება. როცა ჩვენ იმპორტს ვზრდით, ბევრმა არ იცის ეს რას ნიშნავს, ჩვენ, ვმუშაობთ იაპონიაზე, ამერიკაზე, საფრანგეთზე, ანუ იმ ქვეყნებზე, საიდანაც ეს იმპორტი მოდის. ჩვენ მათ ქვეყნებს ვუწყობთ ხელს. როგორც იცით ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გავხდით. უნდა ვიყოთ კიდეც, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ორგანიზაციის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდეთ და ჩვენი არაფერი გავაკეთოთ. აუცილებლად უნდა შევცვალოთ იმპორტისა და ექსპორტის თანაფარდობა. თუ ეს არ შეიცვლება, ჩვენი ვალუტა არასოდეს არ იქნება მყარი და ა.შ. კარის გაღება იმპორტისათვის სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წინააღმდეგობა არ გაუწიოთ და ჩვენი არ შევქმნა თ. პირიქით, ისეთი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, რომ აქ შეიქმნას უფრო მეტი და ფასეული და მაშინ გვეშველება. თავის დროზე, აქ, უცხოური ინვესტიცია იყო წახალისებული. დღეს, ეს მიდგომა შეიცვალა, ადგილობრივთან გათანაბრდა, მაგრამ ჩვენ, მაინც უცხოურ ინვესტიციას გავიძახით. ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეს უცხოური ინვესტიციაა და სხვა ვინმე მოდის? – არავინ დაიჯეროს, ეს ტყუილია. ეს არის აქ შექმნილი ფული, ოფშორში დარეზერვებული და იქედან ისევ აქ შემოსული. ამისგან უნდა გავთავისუფლდეთ.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0