ფრაუ მერკელი და საქართველოს მარტოობის ოცი საუკუნე

ოკუპაცია, ყოჩაღი კონსტანტინე და  სერგია, რომელიც წყალს მიჰქონდა

ვახტანგ ხარჩილავა:

კონსტანტინე შუბითიძემ იმარჯვა და, როგორც იქნა, დააცდენინა ფრაუ მერკელს, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. შუბითიძის მოხერხება რომ არა, შეიძლება ვერც ჩვენ და ვერც დანარჩენ მსოფლიოს ვერასოდეს გაეგო, რომ ოკუპირებული ვართ.

მართალია, ფრაუ მერკელმა სიტყვა ოკუპაცია ისე გადმოუგდო კონსტანტინეს, როგორც ბებია გადაუგდებს კანფეტს აბეზარ შვილიშვილს, მაგრამ ეგ არაფერი – მთავარია, რომ სიტყვა ოკუპაცია, როგორც იქნა, დასცდა ქალბატონი ანგელას ბაგეებს, რასაც მქუხარე ტაშით შევხდა დამსწრე აუდიტორია, შემდეგ კი ეს ეიფორიული განწყობა მთელ ქვეყანას განეფინა.

საზეიმოდ და სადღესასწა ულოდ გვაქვს საქმე, აბა, რა – ფრაუ მერკელმა აღიარა, რომ ოკუპირებული ვყოფილვართ თურმე, მერე კი, ამაში ბოლომდე რომ დარწმუნებულიყო, წავიდა და ოძისში ჭოგრიტით, საკუთარი თვალით დაათვალიერა რუსული სამხედრო ბაზა.
თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, როცა კოსმოსიდან იმის დაფიქსირებაც კი შეუძლიათ, რა ხდება რომელიმე მივარდნილი სოფლის ორღობეში, ჭოგრიტით ჭვრიტინი რა საჭირო იყო, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახს, ეტყობა, მაინც სხვა ხიბლი აქვს.
ოკუპაციის აღიარებამ კი გაგვაბედნიერა, მაგრამ იმან, რაც ამ თემას ფრაუ მერკელმა მოაყოლა, ჩვენს ბედნიერებას ცივი წყალი გადაასხა, თუმცა ეს ამბავი მხოლოდ ასე თუ ისე მოაზროვნე და ჭკუადამჯდარ ქართველებს დაემართათ, თორემ ნაცებს და მათ ფანებს გინდ ცივი წყალი გადაასხი, გინდ საყინულეში შედგი – მათ გახურებულ თავებზე არაფერი არ მოქმედებს.

– ზუსტად იმიტომ, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, საქართველოს შესვლაზე ნატოში ერთი ხუთი წელი არც იფიქროთო, – გვაუწყა ქალბატონმა ანგელამ გერმანული პირდაპირობით და პატიოსნებით. ვიღაც-ვიღაცებს კარგი რომ ეგონათ, რა ცუდი ყოფილა ეს ოხერი ოკუპაცია – მაგის გამო კიდევ ხუთი წელი ნატოში ვერ შევალთ თურმე.

ხუთი წლის მერეც ოკუპირებულები რომ ვიყოთ, კიდევ ხუთი წლით გადაიდება ჩვენი გაწევრიანება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, მერე კიდევ ხუთი წლით, მერე კიდევ ხუთი წლით?

ამასობაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, არ არის გამორიცხული, გაეროშიც გაწევრიანდნენ, ხოლო კონსტანტინე შუბითიძე შეიძლება, იმ დროისთვის, უკვე ბაბუა იყოს…

ფრაუ მერკელი ისე წავიდა საქართველოდან, რომ მას ვერავინ ვერ უთხრა, თუ რამდენი რამ აკავშირებს გერმანიას საქართველოსთან.

"დაკითხვას" რომ ვუწყობდით ამ ცნობილ გერმანელ პოლიტიკოსს, იქნებ სჯობდა, ეს დრო "დაკითხვისთვის" კი არა, იმისთვის დაგვეხარჯა, რომ გერმანელი სტუმრისთვის "საქართველოს გერმანია" გვეჩვენებინა.ბევრმა ქართველმა და კიდევ უფრო ბევრმა გერმანელმა არც იცის, რომ აგერ შუაგულ საქართველოში გერმანული კოლონიები არსებობდა, სადაც გერმანელთა რამდენიმე თაობა აღიზარდა.

გერმანელები საქართველოში 1817 წელს გამოჩნდნენ, ხოლო 1927 წლის სტატისტიკით საქართველოში 13 გერმანული კოლონია არსებობდა – ლუქსემბურგი, როზენბერგი, ლიბკნეხ ტდორფი, ანენფელდი, გრიუნტალი და ა. შ. თბილისში კი ამ დროს 4200 გერმანელი ცხოვრობდა. მათი აქ ცხოვრების კვალი დღემდე არ წაშლილა, მათი სახლები დღემდე დგას თბილისსა თუ სართიჭალაში, ბოლნისსა თუ ასურეთში, მათი სასაფლაოები დღემდეა შემონახული.

საუკუნეზე მეტი ხანი ქართული მიწა კვებავდა გერმანელთა რამდენიმე თაობას და არავის ისინი არ უდევნია, არავის არ შეუვიწროებია, არავის დაუმცირებია – შრომობდნენ, იღვწოდნენ, თავიანთ კულტურას, ზნეს და ხასიათს ინარჩუნებდნენ. ქართველებს არასოდეს დაუყვედრებიათ მათთვის, რომ ქართულ მიწაზე ცხოვრობდნენ და აქ თავიანთ მიკროგერმანიას აშენებდნენ, თქვენ კი, ფრაუ მერკელ, გაჭირვების და დუხჭირი ყოფის გამო გერმაიაში სამუშაოს მაძებარ ქართველებს დასტა-დასტა ყრით გერმანიიდან.

აი, ეს მაინც ეთქვა ვინმეს ქალბატონი მერკელისთვის, ჩაეყვანა ბოლნისში თუ ასურეთში და იქ, საქართველოს მიკროგერმანიის ფონზე ეთქვა, რომ საქართველო მეტ სიყვარულს, მეტ თანადგომას და მხარდაჭერას იმსახურებს ევროპისგან, კერძოდ, გერმანიისგან.

თუ შორს წასვლა გეზარებოდათ, აგერ, აქვე, ორთაჭალაში, შევარდნაძის საფლავზე მაინც მიგეყვანათ და იმ კაცის სახელი კიდევ ერთხელ შეგეხსენებინათ, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ორად გაყოფილი გერმანიის გაერთიანებაში. ფრაუ მერკელი აღმოსავლეთ გერმანიიდანაა და ვინ ვინ და, მან ხომ შესანიშნავად იცის, რა უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა გერმანიის გაერთიანება და რა წვლილი აქვს ამაში შეტანილი შევარდნაძეს.

ერთ უბრალო თაიგულს მაინც ხომ იმსახურებდა ეს ადამიანი ქალბატონი მერკელისგან? ორთაჭალაში მისვლას ვერ მოაბით თავი და გორში როგორ ჩახვიდოდით, თორემ ფრაუ მერკელისთვის სტალინის სახლ-მუზეუმიც რომ გეჩვენებინათ და იქვე ისიც გეთქვათ, რომ აქ დაიბადა ის ქართველი კაცი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა გერმანული სახელმწიფოს და გერმანელი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა და როცა ვიღაცები გერმანიის, როგორც სახელმწიფოს, ლიკვიდაციის იდეით გამოდიოდნენ, სწორედ სტალინი იყო ის პიროვნება, რომელმაც განაცხადა: ჩვენ ვებრძვით არა დიდი კულტურის და დიდი ისტორიის მქონე გერმანელ ერს, ჩვენ ვებრძვით არა გერმანიას, არამედ ფაშიზმს.

რომ არა სტალინის მტკიცე პოზიცია, არ არის გამორიცხული, გერმანიას, როგორც ერთიან სახელმწიფოს, საერთოდ არ ეარსება. ასე რომ, გერმანია, გარკვეულწილად, ვალშია საქართველოს წინაშე, თუმცა ეს ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, ვიღაცამ ხომ უნდა მიანიშნოს? ცალკე ისტორიაა თუ როგორ ექცეოდნენ ქართველები გერმანელ ტყვეებს – თვითონ გაჭირვებაში და სიდუხჭირეში მყოფნი უკანასკნელ ლუკმას უყოფდნენ, ტანსაცმელს ჩუქნიდნენ, თანაგრძნობას გამოხატავდნენ მათ მიმართ რითაც შეეძლოთ და როგორც შეეძლოთ. ასეთია საქართველო და ასეთე ბი არიან ქართველები, ძვირფასო ქალბატონო მერკელ!

ნატოში შესვლის იმედი ხომ გადაგვიწურა ფრაუ მერკელმა და იქვე ისიც დაამატა, რომ არც ევროკავშირში გაწევრიანება გვეღირსება ახლო ხანებში – ევროკავშირში რომ შევიდეთ, თურმე ჯერ კიდევ ბევრი საშინაო დავალება გვქონია შესასრულებელი. რით ვერ დაილია ეს საშინაო დავალებები?
კიდევ რა დავალება გვაქვს შესასრულებელი – გავწყდით წელში, გავსავათდით, მოსახლეობის ნახევარი ქვეყნიდან გაგვექცა, ქალი ქალს არ ჰგავს და კაცი კაცს – კიდევ რა დავალება უნდა შევასრულოთ, მთლად ხომ არ ამოვწყდებით, მთლად ხომ არ ავიყრებით ჩვენი მიწა-წყლიდან?

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გაცხადებიდან კი არ დაუწყია ამ "საშინაო დავალებების" შესრულებაზე ფიქრი, თითქმის ოცი საუკუნეა, ის რწმენით და მენტალიტეტით დაპირისპირებულ მტრულ გარემოცვაში მარტო იბრძვის იმ ღირებულებების და ფასეულობების გადასარჩენად, რომელსაც ევროპული ფასეულობები და ღირებულებები ჰქვია.

დიახ, ჩვენ ევროპელები ვართ, თუმცა ჩვენი ადგილი ევროპაში მაინც ვერ მოიძებნა დღემდე და ისევ რაღაც საშინაო დავალებე- ბის შესრულებაზე გვესაუბრებიან. მარტოობის ოცი საუკუნე განვლო საქართველომ, სანამ აქამდე მოვიდოდა და, მიუხედავად ამისა, მაინც ევროკავშირის თუ ნატოს კარებთან გვიწევს ყურყუტი, თანაც გვეუბნებიან, რომ კარები ღიაა, ოღონდ შიგ შესვლის უფლება არ გვაქვს.

პატარა ქვეყანაა საქართველო, მაგრამ ამის გამო თვალში ნუ გეპატარავებით – საქართველოს თავისი სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიოს პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.

* * *

წავიდა ქალბატონი მერკელი და დაგვიტოვა დიდი სევდა და იმედგაცრუება.
ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენი მხსნელი და მშველელი არავინ არ არის, თუ ჩვენ თვითონ არ მივხედეთ საკუთარ პრობლემებს.
ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა – ეს სტრი სხვა ვარსკვლავს," ეს სტრიქონი ამეკვიატა, ამ წერილს რომ  ვწერდი.

როგორც ჩანს, დადგა დრო, საქართველო სხვა პოლიტიკურ სინტაქსზე, სხვა რიტორიკაზე გადაერთოს, თორემ ჩვენი საქმე ისეა, როგორც ერთ ძველ ანეკდოტში:
სერგია წყალს მიაქვს და მთელი ხმით ყვირის:
– სერგია ვარ!სერგია ვარ!
– გიცანი, სერგია, გიცანი! – ჩამოსძახა ქუთაისელმა ხიდიდან.

კარგია, რომ ფრაუ მერკელმაც "გვიცნო" და ოკუპირებული ხართ თქვენო, გვითხრა, მაგრამ ამით რა, ჩვენს გასაჭირს რაიმე ეშველება?
скачать dle 12.0