ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ნარკომანების ინტერესების დასაცავად შეიძლება 20 000 ადამიანი გამოვიდეს, მაგრამ ტერირორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნით 200 კაცის გამოყვანა ჭირს...

გვესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე:

_ ბატონო სოსო, ათწლიანი პაუზის შემდეგ ანგელა მერკელი საქართველოს კვლავ ეწვია. რა იყო ამ ვიზიტიდან მნიშვნელოვანი?

_ ჩემთვის ერთი მომენტია საინტერესო - მერკელი პირველი ევროპელი ლიდერი აღმოჩნდა, რომელმაც ნატოსთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ მწარე სიმართლე გვითხრა. კერძოდ, მან, პირველმა თქვა, რომ სანამ აფხაზეთთან და ოსეთთან ტერიტორიულ პრობლემებს არ მოვაგვარებთ, იგი ნატოში საქართველოს ადგილს ვერ ხედავს. აქამდე, განსაკუთრებით კი, ბრიუსელიდან გვეუბნებოდნენ: აფხაზეთის და ოსეთის პრობლემა ნატოში გაწევრიანებისთვის ხელშემშლელი ვერ იქნებაო. მერკელმა საპირისპირო აღნიშნა: სანამ ტერიტორიული პრობლემები გაქვთ, თქვენი ადგილი ნატოში გერმანიას ვერ წარმოუდგენიაო. "საერთო გაზეთთან" საუბარში ბევრჯერ მითქვამს: 1949 წლის აპრილის დოკუმენტში, ვგულისხმობ, ნატოს წესდებას, რომელიც ამერიკის კონგრესმა მიიღო, გარკვევით წერია: სახელმწიფო რომელსაც რომელიმე მეზობელთან სადაო ტერიტორიული საკითხი აქვს, ალიანსის წევრი ვერ გახდება მანამ, სანამ პრობლემას არ გადაჭრის. ჩვენები ამ რეალობაზე ჯიუტად ხუჭავენ თვალს. გავიხსენოთ, რუმინეთის, უნგრეთის და სხვა შემთხვევები. რამდენიმე ქვეყანას ერთმანეთთან პრობლემები ჰქონდა და ამის გამო სამოთხ სოფელზე უარი ათქმევინეს, სხვაგვარად, ნატოში არ ღებულობდნენ.

ჩვენს პოლიტიკოსებს სირაქლემას პოზიცია უკავიათ, თუმცა რეალობა მშვენივრად იციან. ის, რომ ევროპული პოლიტიკის გრანდი საქართველოში ჩამოდის, ტერიტორიული მთლიანობის შესახებ გვიჭერს მხარს და ღიად მიდის საზღვართან, ეს დიპლომატიური სიმბოლიკაა. მერკელის საზღვართან გამოჩენა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ხვალ აღარავის გაიტაცებენ საზღვრიდან, ბორდელიზაცია აღარ იქნება, ან თუნდაც, ტატუნაშვილების, ოთხოზორიების საფრთხე საქართველოს აღარ ელის. ასე არაა, პრობლემები კვლავ გაგრძელდება, მაგრამ ეს სერიოზული სიმბოლიკაა, რადგან მერკელი არ არის რომელიმე ჯუჯა სახელმწიფოს ლიდერი, იგი, ევროპის ეკონომიკისა და ფინანსური სამყაროს ლოკომოტივის სახელმწიფოს ლიდერია. ამიტომ, ამ თემას ნურც გავაზვიადებთ და ნურც დავაკნინებთ. ნურც მერკელს მოვთხოვთ გერმანიის ინტერესები დაივიწყოს, კერძოდ, ის, რომ მას რუსული გაზი სჭირდება და სულ დასჭირდება, სანამ გერმანია იარსებებს. როგორც თავად აღნიშნა: გერმანიის ეკონომიკა ისე ვითარდება, არც კი ეყოფა რუსული გაზი.

გერმანია რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გამო არ გადაიკიდებს, თანაც ეს უშედეგო იქნება - იმიტომ, რომ გერმანია რუსეთს ომს ვერასოდეს გამოუცხადებს, რადგან ნატოს წევრია. ამ მხრივ, ეს ძალზედ მნიშვნელოვანი დიპლომატიური აქციაა. ამ კუთხით, ეკონომიკურ, ფინანსურ დახმარებებს, კი ბატონო, ველოდები, მაგრამ დიპლომატიურ გარღვევას, თითქოს, რუსეთი ამ პოლიტიკას შეამცირებს, უფრო დამყოლი გახდება, არა.

_ საქართველოში ვიზიტამდე მერკელი პუტინს შეხვდა…

_ ის რაც მერკელმა ორი დღის მანძილზე საქართველოში თქვა, პუტინმა წინასწარ იცოდა. მერკელი ახლო მომავალში ვერ ხედავს (ეს ახლო მომავალი პოლიტიკოსისთვის შეიძლება იყოს 10 წელიც და 50-იც) საქართველოს ადგილს ნატოში. მაგრამ ეს არ უნდა გახდეს აპათიაში ჩავარდნის საბაბი. კი ბატონო, გაწევრიანება არ ხდება, მაგრამ მაშინ, ჩვენ, მეტი მორალური უფლება გვაქვს დასავლეთს, ნატოს, იგივე რუსეთს სხვა სახის დახმარებები - სამხედრო სიძლიერე, ინფრასტრუქტურა, შეიარაღება, ჩვენი ჯარების გაწვრთნა მოვთხოვოთ. ალიანსში გაწევრიანებით ხომ არ იწყება და მთავრდება ცხოვრება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ არც ისრა- ელია ნატოს წევრი, არც იაპონია და არც სამხრეთ კორეა, მაგრამ მათ ამერიკასთან, ისრაელის გარდა, სამხედრო ხელშეკრულებები აკავშირებთ.

ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა არც ტრამპის და არც მერკელის განცხადება, მაგრამ პესიმისტი არ ვარ. ვამბობ, რომ გვაქვს სხვა შანსი, რაც ქართული დიპლომატიის წინაშე უფრო რთულ ამოცანებს აყენებს. ადვილია, უცებ, მიგვიღონ ნატოში და მორჩა, ვიცხოვროთ ბედნიერად, დაგვიცვას ბრიუსელმა და აბა, ვინმემ რამე გაგვიბედოს, ამერიკასთან ექნება  საქმე. ასე შეგვიძლია უკვე საკუთარ თავდაცვაზე ვიფიქროთ, რასაც დღეს, გერმანია აკეთებს. ტრამპი ითხოვს, რომ გერმანიამ აუცილებლად უნდა გადაიხადოს ბიუჯეტის 2%. ეს უკანასკნელი კი ამბობს, რომ შეიძლება უახლოეს დღეებში 1%-მდე ავიდეთო. ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ნატოს საფრთხის წინაშე აყენებს და პრობლემებს შეუქმნის. ტრამპი, თითქოს, საბაბს ეძებს ნატო კიდევ უფრო ჯიჯგნოს. ამავე დროს, ვერ ვიტყვი ტრამპი ჩვენი მოკავშირეა-მეთქი იმიტომ, რომ არანაირი ხელშეკრულება გაფორმებული არ გვაქვს, მაგრამ იგი ჩვენი მხარდამჭერია. როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი ტერმინებს ფრთხილად ვეკიდები. არასდროს მითქვამს, რომ ამერიკა და ევროპელები ჩვენი მოკავშირეები არიან. კავშირი ნიშნავს სამოკავშირო ხელშეკრულებას, რაც ჩვენ შემთხვევაში, არ არსებობს.

ისინი მხარდამჭერები არიან. იგივე, ქართულ-ამერიკული ქარტია, ეს არ არის სამხედრო ხელშეკრულება, იგი ამერიკას არაფერს ავალდებულებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აგრესიის მსხვერპლი გახდა. ხომ ხედავთ, რა დროში ვცხოვრობთ. ბუქარესტის პროტოკოლით 1991 წელს მამა ბუშმა აიძულა მაშინდელი უკრაინის ხელმძღვანელობა - კრავჩუკი საერთოდ უარი ეთქვა ბირთვულ შეიარაღებაზე და სამაგიეროდ, ოთხმა წამყვანმა სახელმწიფომ გარანტია მისცა ტერიტორიულ მთლიანობაზე. დღეს, რუსეთმა ყირიმი ჩამოართვა, მაგრამ რა, მათ ომი გამოუცხადეს რუსეთს?! მაგრამ აბა წარმოვიდგინოთ, დღეს უკრაინას რომ ჰქონდეს თუნდაც ერთი ძალიან პატარა ბირთვული რაკეტა, რომელიც ჰქონდა და რუსეთს გადასცა. მაშინ პუტინი გაბედავდა ამ ყველაფერს? - საეჭვოა, ამაზე ორჯერ მაინც დაფიქრდებოდა, რადგან უკრაინა ბირთვული სახელმწიფო იქნებოდა. რატომ არის რომ დღეს ყველა ელაქუცება და ცდილობს კიმ ჩენ ინთან საერთო ენა გამონახოს. იმიტომ, რომ მას ჯიბეში ბირთვული რაკეტები უდევს. ბირთვული სახელმწიფოა იგივე, ისრაელიც, ამიტომ არის ასეთ დიდ გულზე, ოდნავ დათმობაზეც არ მიდის პალესტინელებთან. თუმცა, მთელი მსოფლიო მოუწოდებს ნიქსონით დაწყებული ობამათი დამთავრებული ამ საკითხის მოგვარებისკენ. ახლა, ტრამპმა შეცვალა კურსი. აი, ეს არის რეალობა. დღეს ჩვენ რაც შეგვიძლია, ის უნდა გამოვიყენოთ, ანუ დიპლომატია, რომელიც შესაძლებლობის ხელოვნებაა და არა კეთილი სურვილები და ფანტაზიები.

_ მერკელმა პირდაპირ გვითხრა, რომ ტერიტორიული დავები სანამ არ გადაწყდება ნატოში ჩვენი ადგილი არ არის, მაგრამ რა შანსებია ამ დავის გადაწყვეტის. ეს საკითხი ხომ რუსეთის ხელშია?


_ დიახ, დავების გადაწყვეტის საკითხი რუსეთის ხელშია. ამი- ტომ, ირიბად და არა პირდაპირ, მერკელმა თქვა ის, რასაც ასე და- ბეჯითებით უარყოფს ნატოს ყველა გენერალური მდივანი _ მესამე სახელმწიფოს არ ეკითხება ნატოში რომელიმე ქვეეყნის გაწევრიანება-არგაწევრიანება. მერკელმა კი ირიბად გვითხრა: თქვენი ნატოში გაწევრიანება რუსეთზეა დამოკიდებული. ჩვენ, ვიცით, რომ რუსეთის გარეშე ეს პრობლემები არ გადაწყდება. ბევრს არ მოსწონს, მაგრამ მოდით სიმართლეს შევხედოთ: რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?

_ ჩვენ ვცხოვრობთ 20% ტერიტორიადაკარგულ ქვეყანაში, სადაც ნარკომანებს შეუძლიათ თავიანთი ინტერესების დასაცავად 20 ათასი კაცი მიტინგზე გამოიყვანონ. მაშინ, როცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნით 200 კაცსაც ვერ გამოიყვან. ხომ ასეა?!


აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ამიტომ, რისი ან ვისი იმედი უნდა გვქონდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით - შერიგების სამინისტროსი, ამ რუდიმენტის? ვიმეორებ, ნარკოტიკების თემაზე, მიტინგზე 20 ათასი კაცი გამოდის. 200 კაცს ვერ გამოიყვან მიტინგზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნით.

ლტოლვილებიც არ გამოვლენ, ხომ ასეა?! რატომ? იმიტომ, რომ ჩვენში ეს მუხტი არ არის. იაპონიაში, ყოველ წელს, ჩრდილოეთის ტერიტორიების დღეს მიტინგზე მილიონობით ადამიანი გამოდის. ასე ხდება 1945 წლიდან მოყოლებული. ჩვენთან უკვე 10 წელი გავიდა. ამასწინათ წავიკითხე: ერთ-ერთი უკრაინელი ჟურნალისტი ვინმე დროზდოვი თბილისში ყოფნისას თავის შთაბეჭდილებებზე წერს: მორჩა, ქართველებმა დაივიწყეს სამაჩაბლო, რუსეთმა ჩამოაჭრა და მათაც დაივიწყესო. აი, ასეა. ამიტომ, მერკელმა რეალობა თქვა, რას ვერჩით. იგი ხომ ვერ დაივიწყებს გერმანიის ინტერესებს, მას რუსეთის გაზი სჭირდება.

გერმანია რომც იყოს ჩვენი ნატოში გაწევრიანების მომხრე, იტალია არ იქნება, მით უმეტეს, უნგრეთი და ა.შ. ამიტომ, ქართულ დიპლომატიას ცოტა უფრო ფართო ჰორიზონტი სჭირდება, მეტი მუშაობა, მეტი კავშირების ძებნა იგივე ნატოს სტრუქტურასთან, ამერიკასთან, ევროპელებთან.

თამარ შველიძე

скачать dle 12.0