გელა ზედელაშვილი: "ღალატის ანატომია"

წინა წერილში თხრობა იქ შევწყვიტე, ირაკლი ალასანია ზუგდიდში რომ "გამოცხადდა" "ნაციონალების" დასამარცხებლად და ჩაფლავდა. მან დასაწყისში დახმარებისთვის "დაიცავი საქართველო"-ს ერთ-ერთ ლიდერს, კახა მიქაიას მიმართა.

რაში სჭირდებოდა კახას დახმარება ივანიშვილის კარზე აღზევებულ ალასანიას? ავი ენები ამბობენ, ახალაიების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შემდეგ მას ემუქრებოდნენ და ცოტა არ იყოს, შეშინდა. ვინაიდან, ახალაიები მართლაც აპირებდნენ იარაღზე ხელის გაკვრას, ამიტომაც ჩავიდა ამერიკის ელჩიზუგდიდში. ამ ვიზიტის შედეგი ის იყო, რომ ავაზაკებმა არეულობის მოწყობა ვეღარ გაბედეს, მაგრამ ალასანიას მაინც არაფერი ეშველა – ბრძოლა პირწმინდად წააგო. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი ამაზე გაღიზიანდა და შეურაცხყოფილადაც კი იგრძნო თავი. როგორ, ამდენი ფული და ენერგია დაიხარჯა, ერთ რაიონში მაინც არ უნდა მოეგო? დაუძახა ივანიშვილმა და მოსთხოვა პასუხი – დაჯექი, კარგად დაფიქრდი, გაანალიზე, რა მოხდა, ყველაფერი დაწერე და ანგარიში ჩამაბარეო. დაჯდა ირაკლი, დაწერა, ყველაფერი გარეშე გარემოებას გადააბრალა, ფინანსური ხარჯთაღრიცხვაც შეადგინა და ივანიშვილს წარუდგინა. ბატონი ბიძინა ის კაცი არ გახლავთ, ვინმემ ასე იოლად მოატყუოს, მაგრამ იმ ეტაპზე ხელი ჩაიქნია, გაუტარა. ფაქტობრივად ალასანია არაფერს კარგავდა, ის თავის "სასტავიანად" "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაშიც იყო ჩაწერილი მაინც მოხვდა პარლამენტში, სადაც აღარ შევიდა იმის გამო, რომ თავდაცვის მინისტრად გაამწესეს. დაეცა ტუზი ბიჭს – თვითონ მინისტრი გახდა, ცოლის და, მაია ფანჯიკიძე – საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ხოლო პარტიის წევრები (ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე, ზურა აბაშიძე, ალექსი პეტრიაშვილი, შალვა შავგულიძე) პარლამენტში მოაწყო. თითქოს ყველაფერი უნდა დალაგებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა, როგორც კი ირაკლი ალასანია გახდა თავდაცვის მინისტრი, ის პრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ახალ თავის ტკივილად იქცა – ჯერ დაუკითხავად ლონდონში გაფრინდა გიგი უგულავას ცოლთან და მის დაქალთან ერთად, შემდეგ კი დუბაიში მოადინა ზღართანი, როგორც მაშინ თქვეს, ქვეყნიდან გაქსუებულ "ნაციონალებთან" შესახვედრად. ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირი კაცია, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე არ მოერიდა და ალასანიას ჰკითხა: ირაკლი, რომ დადიხარ, სად დადიხარ, მე არ უნდა ვიცოდეო?! თავდაცვის მინისტრი დაიბნა, ასეთ პირდაპირობას არ ელოდა, მიედო, მოედო, დაიწყო რაღაცების ახსნა, მაგრამ ივანიშვილმა აღარ გაუტარა. შიდა კულუარული გარჩევიდან სადღაც ერთ კვირაში პრემიერ- მინისტრმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც პირდაპირ ვკითხე, მართლა გქონდათ ალასანიასთან ამ თემაზე დაძაბული საუბარი- მეთქი? სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, ბატონმა ბიძინამ ეგრევე გახსნა ყველა კარტი – კი, ამ თემაზე მქონდა საუბარი, ირაკლი არ არის ცუდი ადამიანი, მაგრამ ახალგაზრდაა და ზოგჯერ რაღაცები ეშლებაო. ის კი არა, ჩემთან გუნდის წევრები მოვიდნენ, "ნაციონალებმა" ვიდეოები გადაგვიღეს, ცოლებს რომ ვღალატობთ, იქნებ გვიშუამდგომლოთო.

წარმოგიდგენიათ? 2012 წლის ზაფხულში კოალიციის წევრებს ფარული ვიდეოები გადაუღეს, სხვადასხვა სასტუმროებში რომ ბოზობდნენ, ეს საქმე გაუსკდათ, ამათ კასეტები იღლიაში ამოიჩარეს და ივანიშვილს მიადგნენ, ცოლებთან გვიშუამდგომლეთო. ბატონმა ბიძინამ თავი შორს დაიჭირა, ეგ თქვენი პირადული საქმეა, მე ვერ ჩავერევიო. არაფერს ვიგონებ, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე თვითონ იმჟამინდელმა პრემიერმა ისაუბრა (შეიძლება ბევრს გახსოვთ კიდეც) და დიდი სკანდალიც მოჰყვა. თუმცა მან მაშინვე ხაზგასმით აღნიშნა, ამ შემთხვევაში ირაკლის არ ვგულისხმობო. აბა, ხომ არ იტყოდა, კონკრეტულად მაგ ადამიანზე ვლაპარაკობო? მაშინ ჭორიც გაავრცელეს, თითქოს შეკითხვაც და პასუხიც წინასწარ იყო შეთანხმებული, თითქოს წინა საღამოს მე და ბატონი ბიძინა სოლოლაკის სასახლეში ვისხედით, სტაფილოს წვენს ვწრუპავდით და თან ხელებს ვიფშვნეტდით – შენ ეს მკითხე, მე ამას გიპასუხებო. პრინციპში, ასეც რომ ყოფილიყო, ეს მაინც არაფერს ცვლის, ფაქტი ფაქტად რჩება, ირაკლი ალასანიამ მაგრად აუშვა. ამას დავანებოთ თავი, კონკრეტულ ფაქტებზე ვილაპარაკოთ: პირველი – ე, ბიჭო, პოლიტიკოსები ხართ, თავები მოგაქვთ კიტრებივით, ჯანდაბას, "ნაცებმა" გადაგიღეს, შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ პარ- ტიის ლიდერთან როგორ მიდიხართ, როგორ დღებით მუხლებზე და ეხვეწებით, ცოლებთან საქმე ჩაგვიწყეო? საინტერესოა, როგორ უნდა ჩაეწყო, ცოლებს დაიბარებდა და ეტყოდა – გოგოებო, ახლა არ გინდათ წიკვინი, თქვენი ქმრები სამშობლოს ემსახურებიან, პაწა წაიიმასქნეს, ამიერიდან აღარ იზამენო? აი, ეს ერთი დეტალიც კი ნათლად აჩვენებს, თუ რა "ბაგაჟისა" და ტვინის პატრონებთან გვქონდა და დღესაც გვაქვს საქმე; მეორე – კაი, ბატონებო, ყველას რომ 2012 წლის ზაფხულში აუდგა, ეს გასაგებია, მაგრამ რატომღაც ყურადღებას არავინ აქცევს ერთ ფაქტს: როგორ გგონიათ, "მეგისფიქჩერსმა" მხოლოდ ამათი ბოზობა გადაიღო? ან თუ გადაიღო, მერე ასლები არ გააკეთა და ესენი, ეს უტრაკო ყარაჩოხლები არ დააშანტაჟა? როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კოალიციის ზოგიერთი ე.წ. ლიდერი რომ გამოვარდა და დაიწყო, "ნაციონალური მოძრაობის" შენარჩუნება ჩვენი ღირსების საქმეაო, უბრალოდ ენები ექავებოდათ, ისე ლაქლაქებდნენ? ან ეს ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია საიდან გაჩნდა, რანაირად მოიფიქრეს? ზოგი ამბობს, ეს იდეა აშშ-ის საელჩოდან მოდისო, ზოგი იძახის – უცხოპლანეტელებმა ჩაგვაწოდესო… რა მნიშვნელობა აქვს, საიდან მოდის და ვინ ჩაგაწოდა? ცხადია, კოჰაბიტაციამ "ნაციონალური მოძრაობა" გადაარჩინა, ფერფლიდან აღადგინა და ე.წ. მეორე ოპოზიციურ ძალადაქცია. ვის სჯერა მაგათი ოპოზიციონერობისა, ეს სხვა საკითხია, ქალბატონი თინიკო ხიდაშელი ხომ გამობრძანდა დიდი, მრგვალი საყურეებით (ბორკილებს რომ მიუგავს) და წამოაწყვინა, კოჰაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთაო?! ჰო, ჯერ მისმა ქმარმა გააგორა არნახული სიბრძნე, "ნაცებს" ღირსება უნდა შევუნარჩუნოთო, მერე კი კნეინამ დაუკრა კვერი – მაშ, მაშ, ხალხმა ეგრე დაგვიკვეთაო. იმ პერიოდში ბევრმა აიშვა, ბევრმა დაიწყო "ნაცებთან" კუდის გადაბმა და ეს არ გახლ- დათ მოხალისეობის სურვილზე დაფუძნებული აქტი, ეს ძირითა- დად მაინც იყო შანტაჟის ნაყოფი, რომელმაც სწრაფად იბარტყა და მივიღეთ ის, რაც დღეს ასე ძალიან გვანერვიულებს.

საერთოდ, როდესაც დიდ ღალატზე ვსაუბრობთ, საუკეთესო მაგალითად შეიძლება თამამად დავასახელოთ მიხეილ სააკაშვილის "მოღვაწეობა". ივანიშვილს დღემდე ამუნათებენ – ვინაიდან, შენ თავის დროზე "ნაციონალებს" აფინანსებდი, ამიტომ დამნაშავე ხარო. ჯერ კიდევ 2012 წლის ზაფხულში ბატონმა ბიძინამ ჩემთან პირად საუბარში ამ  "ბრალდებას" ასე უპასუხა: "კი, ბატონო, მე ვაფინანსებდი არა "ნაციონალებს", არამედ სახელმწიფოს, რომელსაც ძალიან უჭირდა, მაგრამ როცა დავინახე, სააკაშვილის ბანდა როგორ გადავიდა ყოველგვარ ზნეობრივ ზღვარს, მათთან ურთიერთობა შევწყვიტე". როგორც ხედავთ, გასაგები განმარტებაა, ბიძინა ივანიშვილს ძალიანაც რომ სდომებოდა, მილიონებს სხვას ვერ გადაურიცხავდა, გვინდოდა თუ არა, ხელისუფლებაში "ნაციონალები" იყვნენ და ფულსაც ისინი ანაწილებდნენ. ჩვენ, საზოგადოებამ მაშინ არ ვიცოდით, რომ ჯარს, პოლიციას და სხვა სამთავრობო სტრუქტურებს ბიძინა ივანიშვილი კვებავდა და აცმევდა, გზებს აგებდა, ხიდებს აშენებდა, სკოლებს, თეატრებს და კულტურის კერებს არემონტებდა, ისტორიულ ძეგლებს რესტავრაციას უკეთებდა. ალბათ, გახსოვთ, როგორც კი სააკაშვილი მოჯდა ხელისუფლებაში თავის ხელისბიჭებთან ერთად, მათ მაღალი ხელფასებიც კი დაუნიშნა, ემანდ ხელი არ წაგიცდეთ, ქურდობა და ყაჩაღობა არ დაიწყოთო. მაშინ მოგვატყუეს, ეს ჯორჯ სოროსის ფულიაო.

სამწუხაროდ, დღეს ეს ფაქტი ბევრმა განგებ დაივიწყა, რათა ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ და ივანიშვილი ბიუჯეტის ქურდობაში დაადანაშაულონ. დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, სახელმწიფოს ლამის ერთი კაცი კვებავდა, სააკაშვილის მოძალადე ხელისუფლება კი მხოლოდ წითელი ლენტების გაჭრით იყო დაკავებული. თავად სააკაშვილი ყველგან დარბოდა ქოშინით დუჟმორეული და მოსახლეობას აბოლებდა, რომ ქართულ სახელმწიფოს აშენებდა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა პირველი შეცდომა იქ დაუშვა, შეიძლება სიკეთის კეთება ფარულად გინდა, შეიძლება დაფა-ზურნა და ტაში არ გსიამოვნებს, მაგრამ როცა შენს ნაოფლარს მუდმივად სხვა ითვისებს, სხვა იწერს და თავისად აცხადებს, ეს უკვე უნამუსობაა!

სიტყვა "უნამუსობა" ვახსენე და ბარემ აქვე მოგახსენებთ, რა სიბინძურე ჩაიდინა ფულით ვერგამძღარმა მიხეილ სააკაშვილმა ივანიშვილის წინაშე. ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ არა ეს ამბავი, შესაძლოა, ივანიშვილს საერთოდ არ ეფიქრა პოლიტიკაზე და დღეს სათავეში ისევ მიშმაკთა ბანდა გვყოლოდა. ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ გაწყდა. ვინაიდან, ბატონ ბიძინას ლევანთან და გიასთან კარგი ურთიერთობაც ჰქონდა, მხოლოდ სააკაშვილის მიტანილ ინფორმაციას არ ეყრდნობოდა, მან ძირფესვიანად შეისწავლა სიტუაცია და დაასკვნა, რომ "ნაციონალებმა" კაი გვარიანად გადაამლაშეს, დაუკრეფავში გადავიდნენ. საპროტესტო აქციების დარბევის პერიოდში და შემდეგაც ის ხან სააკაშვილს უკავშირდებოდა, ხან ვანო მერაბიშვილს და კატეგორიულად სთხოვდა, თავი შეეკავებინათ ბარბაროსული გამოხტომებისგან. თუმცა, როგორც შემდგომში გაირკვა, მისი თხოვნა არც ერთმა არ გაითვალისწინა. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად და ორივეს დაპირდა, რომ ამ უმსგავსობაზე პასუხს აგებინებდა. დანაპირები შესრულებულია – ერთი ჯაგლაგი ცხენივით დათოხარიკობს ჰოლანდიაში, მეორე კიდევ მატროსოვის ციხის საკანში ზის შემოლაწუნებული ყმაწვილივით.

აი, მთავარ სათქმელსაც მივადექით… 2007 წელს დაიწყო სააკაშვილის მმართველობის კრი- ზისი. ეს დრო მიხეილისთვის იყო კოშმარი – როგორც იქნა, ძლივს გადააგორა ნოემბრის აქციების შე- დეგები, სიტუაცია, ასე თუ ისე, ჩააცხრო, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ დასავლეთელი პატრონების (რომლებსაც მილიონებს ურიცხავდა) თვალში მაინც სჭირდებოდა ერთგვარი ხელახალი ლეგიტიმაცია და გადაწყვიტა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაეტარებინა. მას ყველანაირი გარანტია უნდა ჰქონოდა, დარწმუნებული უნდა ყოფილიყო გამარჯვებაში, თორემ ისეთი კონკურენტები ჰყავდა (ლევან გაჩეჩილაძე, ბადრი პატარკაციშვილი, დავით გამყრელიძე, გია მაისაშვილი, შალვა ნათელაშვილი), შეიძლება სადავეები უცებ გაშვებოდა ხელიდან. ბადრი პატარკაციშვილი იმუქრებოდა, მთელ ჩემ ქონებას ჩავდებ ამ არჩევნებში, მილიარდებს გავიღებ და სააკაშვილს მაინც დავაკარგინებ ძალაუფლებასო. გარდა ამისა, მიხეილს ასევე ძალიან ეშინოდა ნინო ბურჯანაძისა, რომელიც პარ- ლამენტის თავმჯდომარე გახლდათ და მისი გადადგომის შემდეგ ავტომატურად გახდა პრეზიდენ- ტის მოვალეობის შემსრულებელი.

ბურჯანაძის საკითხი "იოლად" მოაგვარა, თითქმის მძევლად აიყვანა მისი შვილი – ანზორ ბიწაძე. ეს ამბავი კულუარულად ვიცოდი, მაგრამ როცა ყველაფერმა ჩაიარა, ქალბატონ ნინოს პირადად ვკითხე – იმ პერიოდში მართლა იყო დაინტერესებული თქვენი შვილის ბედით-მეთქი? მან გაიცინა და მიპასუხა: მთლად მძევლად აყვანას ვერ დავარქმევ, მაგრამ ხშირად აკითხავდა, კითხულობდა, ჩაისვამდა მანქანაში და ასეირნებდაო. აბა, კაცო, სააკაშვილს გაგანია არჩევნების წინ მეტი საქმე არ ჰქონდა, ანზორ ბიწაძის გუნება-განწყობით დაინტერესებულიყო და მანქანით სასეირნოდ ეტარებინა, ეს იყო პირდაპირი მუქარა, ანუ შანტაჟი, მინიშნება, რომ ბურჯანაძეს სხვანაირი აზრები არ მოსვლოდა თავში. მოგეხსენებათ, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტის უფლებები ასე მკაცრად შეზღუდული და ნინო ბურჯანაძეს რაღაც-რაღაცების "გაჩალიჩება" მართლაც შეეძლო, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც, რომ ოფიციალურად არ ეღიარებინა არჩევნების შედეგები, ანუ სააკაშვილის გამარჯვებისთვის არ დაერტყა ბეჭედი. როგორც უკვე გითხარით, ეს ე.წ. შავი ხვრელი მიხეილმა ანზორ ბურჯანაძის მძევლად აყვანით ამოქოლა, მაგრამ ამავე დროს საჭირო იყო დიდი ფული. კი, ბატონო, ბიუჯეტი მისი ამ ფსონების ხელში გახლდათ და ფულის პრობლემა თითქოს არ იყო, მაგრამ გარანტია მაინც არ ჰქონდა, რომ ვინმე ან იგივე ბურჯანაძე არ აყვირდებოდა. მაშინ, როცა ბადრი პატარკაციშვილი კონკრეტულ თანხაზე ლაპარაკობდა, ამ ეტაპზე მილიარდნახევარს დავხარჯავო, სააკაშვილს, მინიმუმ, მილიარდი დოლარი მაინც სჭირდებოდა. ვის ჰქონდა ამდენი "მაყუთი"? რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს. ჰოდა, როგორც ჩემი კარგად ინფორმირებული და ყველაფრის მცოდნე ინფორმატორი მიყვება, მიადგა ესეც მილიარდერს, რომელიც სახელმწიფო საქმეებისთვის ფულს არასოდეს იშურვებდა. ბოლო-ბოლო, რამდენი გინდაო? – უკითხავს ბატონ ბიძინას. მილიარდი, თანაც დოლარშიო. უკაცრავად, შენ ალაოდ ხომ არა ხარო?! – მიუღია მიხეილს კითხვა-პასუხად.

ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ის საერთოდ არ აპირებდა პოლიტიკაში მოსვლას და როცა ეს ინციდენტი მოხდა, თურმე მაშინაც კი არ უფიქრია შურისძიებაზე, მხოლოდ იმაზე წუხდა, წლობით ნაკოწიწები ქვეყანა ჭაობში იძირება, საქართველო თახსირების ხელში აღმოჩნდაო. ერთი ხანობა, ხელიც ჩაუქნევია, ჩამჯდარა თვითმფრინავში და საფრანგეთისკენ გეზის აღებაც დაუპირებია სამუდამოდ, მაგრამ შვილებმა "ჩამოხსნეს". მე რომ არ ვცდები, ამას მისი პირველი წერილის ერთი ფრაგმენტიც ადასტურებს, რომელიც 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა:

"ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია – იმიტომ, რომ ვხედავდი, სამშობლო მეკარგებოდა, ხოლო როდესაც სმშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი, არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას. ეს სიტყვები ჩვენს კომფორმიზმით დაავადებულ საზოგადოებაში შეიძლება ვინმეს ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს და სწორედ ამაშია ჩვენი ყოფის უბედურება. არ დავმალავ, სანამ პოლიტიკაში მოსვლას გადავწყვეტდი, ორჯერ დავაპირე საქართველოდან წასვლა. ვისაც არ სჯერა, შეუძლია გადაამოწმოს და ნახოს, როგორ დავაბრუნე უკან შეკვეთილი თვითმფრინავები, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ოჯახის წევრებმა, ჩემმა მეუღლემ და ჩემმა ვაჟებმა მითხრეს – შენ შეგიძლია წახვიდე, ეს შენი ნებაა, მაგრამ ჩვენ აქ ვრჩებითო. ჩემმა უფროსმა ვაჟმა, უტამ მითხრა, თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო. მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე უფრო კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადაწონა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა.

მე შევძელი მეჯობნა საკუთარი თავისთვის, დამეძლია ჩემს თავში შიში, ეჭვი, სკეპტიციზმი, ახლა კი ჯერი თქვენზეა… პოლიტიკაში იმიტომ მოვდივარ, რომ მივხვდი, მხოლოდ ქველმოქმედებით, ფინანსური დახმარებით და სპონსორობით, ცალკეულ სფეროებში ინვესტიციების ჩადებით და ლოკალური ღონისძიებებით, ქვეყანაში არსებულ საერთო ვითარებას და საერთო მდგომარეობას ვერ შეცვლი, თუ ყოველივე ამას ქვეყნის ხელისუფალთა პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა არ უმაგრებს ზურგს. მე მივხვდი ჩემს შეცდომებს და მივედი იმ დასკვნამდე, რომ საჭირო და აუცილებელია პირველყოვლისა შეიცვალოს პოლიტიკური გარემო ქვეყანაში, შეიცვალოს ზოგადად პოლიტიკოსის და პოლიტიკის არსის და დანიშნულების გაგება ჩვენს ცნობიერებაში. მე მოვდივარ პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინმეზე შურის საძიებლად, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლად".

(გაგრძელება იქნება)
скачать dle 12.0