"დარწმუნებული ვარ, საქართველო ახლო მომავალში ეკონომიკურად ძლიერი და წარმატებული ქვეყანა გახდება"

გვესაუბრება ფინანსისტი, ბატონი ვასილ ჯიშკარიანი

– ბატონო ვასილ, რა იწვევს ლარის დევალვაციას, რომელიც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თავისთავად ცხადია, უარყოფითად აისახება და მერე მრავალი მითქმა-მოთქმის საგანი ხდება?

– თავიდანვე გეტყვით, პრემიერ- მინისტრმა, ბატონმა მამუკა ბახტაძემ სამართლიანად აღნიშნა იმ პროფესიონალიზმის შესახებ, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოიჩინა. იმ სიტუაციაში, როცა თურქული ლირა და რუსული რუბლი გაუფასურდა და პროცესი ავტომატურად შეეხო ლარს.
მოგეხსენებათ, ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი და რუსეთი და იქ გაჩენილი ეკონომიკური პრობლემები, ბუნებრივი იყო, რომ ლარზეც აისახებოდა.

ეროვნულმა ბანკმა ნამდვილად დიდი პროფესიონალიზმი გამოიჩინა და ზუსტად თავის დროზე დაარეგულირა ლარის კურსი. არ შეიძლება იმის უარყოფაც, რომ ბანკები ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებს, ზოგ შემთხვევაში, თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ბანკები ასე არ მოქცეულან.

– ამ შემთხვევაში, "გადავრჩით", მაგრამ, როგორც ბრძანეთ, ადრე ხდებოდა მსგავსი რამ. რა მექანიზმები არსებობს იმის საწინააღმდეგოდ, რომ ბანკებმა თავიანთ სასარგებლოდ არ გამოიყენონ მსგავსი სიტუაციები?

– ბანკები, რომლებსაც მსხვილი აქტივები აქვთ და შეუძლიათ ბაზარზე ვალუტის კურსის ცვლილების საქმეში გადამწყვეტი როლიც ითამაშონ, ზოგჯერ იყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს.
კომერციული ბანკები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ. ამ შემთხვევაში, უნდა გამოჩნდეს ეროვნული ბანკის პოზიცია და კომერციულ ბანკებს არ მისცეს საშუალება, ზედმეტი შემოსავალი მიიღონ კრიზისული სიტუაციებიდან. თუმცა, კომერციულ ბანკებს არავინ უკრძალავს, მიიღონ მაქსიმალური მოგება კანონით დადგენილი საბანკო ოპერაციებიდან.

– ბატონო ვასილ, ხშირად ხდება ხოლმე, საღამოს ვალუტის სხვა კურსია ბაზარზე, გათენდება და სულ სხვა კურსს ვღებულობთ. რა ხდება ღამე?

– ფული არის საქონელი. ის იგივეა, როგორც, მაგალითად, ვაშლი, რომელიც, შესაძლოა, დღეს ღირდეს ძვირი, რადგან ბაზარში ცოტა ვაშლი შემოვიდა და ხვალ შეიძლება გაიაფდეს, თუკი იმ დღეს ბაზარში ბევრ ვაშლს შემოიტანენ. ასევეა ფულის შემთხვევაშიც. როცა ბაზარზე ბევრი ლარი გამოვა, ლარის კურსი ეცემა და ა. შ. კურსი დგინდება მიწოდება-მოთხოვნის საფუძველზე. იგივე ხდება დოლართან მიმართებაშიც.

– რატომ არის აუცილებელი ლარი იყოს "მიბმული" დოლარზე?

– თქვენ გეშლებათ – "მიბმული" არ არის. საქმე ისაა, რომ ჩვენ ვართ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა, სადაც კურსები დგინდება ბაზრიდან გამომდინარე და თუ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ "მიბმული", მაშინ უნდა ვიყოთ ჩრდილოეთი კორეა, ან სსრკ, სადაც ვალუტის გაცვლით კურსი დგინდებოდა სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე.

– მოსახლეობას კანონით ეკრძალება სავაჭრო ოპერაციები დოლარში განახორციელოს, ბანკებს კი ამ კუთხით სრული თავისუფლება აქვთ. რატომ აქვთ პრივილეგია ბანკებს?

– არავითარი პრივილეგია. ნებისმიერ ადამიანს, თუ აქვს შესაბამისი ანალიტიკური ნიჭი და გონება, აქვს ინფორმაცია, იყიდის დოლარს და მეორე დღეს გაყიდის. მე მოვიპოვებ ინფორმაციას ინტერნეტით და ვაწარმოებ ვალუტის გაცვლის ოპერაციებს.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ინფორმაციაზე, ინტერნეტის წყალობით ყველას მიუწვდება ხელი, მაგრამ საჭიროა სწორი ანალიზი, რასაც ყველა ვერ ახერხებს. ამიტომ ვთქვი ზემოთ ნიჭი და გონიერება არის საჭირო-მეთქი.

– ბატონო ვასილ, როგორც ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა, აგვიხსენით, რა არის ბანკის უპირველესი ფუნქცია?


– ბანკი გახლავთ კომერციული სტრუქტურა, კომერციული წარმონაქმნი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან უნდა მიიღოს მოგება და თავის აქციონერებს ფინანსური სარგებელი მოუტანოს.

– ყოველივე ეს ეროვნულმა ბანკმა რომ გააკეთოს?


– ეროვნული ბანკი სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი კომერციული ბანკების ზედამხედველი სტრუქტურაა. სახელმწიფომ, საერთოდ, არ შეიძლება ბიზნესი აწარმოოს. საბჭოთა კავშირი სწორედ ამან დაღუპა.

ძალიან კარგი, რომ ჩამოყალიბდა საპარტნიორო ფონდი, სადაც ძირითად დონორად გვევლინება ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ინვესტორი დებს ფულს საქართველოს ეკონომიკაში და როცა და  ინახავს, რომ მისი პარტნიორი არის სახელმწიფოს მიერ დაარსებული ორგანიზაცია - ამ შემთხვევაში, საპარტნიორო ფონდი, ინვესტორი უფრო მშვიდადაა, თამამად დებს ინვესტიციებს, რადგან მან იცის, რომ მისი პარტნიორია სოლიდური ფონდი, იწყებს წარმოებას, ასაქმებს ხალხს, იღებს შემოსავალს, ივსება ბიუჯეტი, იქმნება სახელმწიფოს კეთილდღეობა.

– რაც სახელმწიფოს და მოსახლეობას სიკეთეს არ აძლევს, ეს არის, მარტივად ვთქვათ, ცუდი. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ მოსახლეობამ ეკონომიკური სიკეთე და სარგებელი ვერ მიიღო, კომერციულმა ბანკებმა მიიღეს. სიღარიბის ინდექსი ქვეყანაში კვლავ მაღალია. კომერციული ბანკები კი მდიდრდებიან. რა არის ამის მიზეზი? თქვენ ამბობთ, რომ ბანკები არაფერ შუაშია. აბა, ვინ არის დამნაშავე?

– ბიზნესს ვინც იწყებს, ის თავის თავზე ფიქრობს. იგივეა ბანკები. ისინიც მოგებაზე ფიქრობენ. კი, გასაგებია, მოხდა ისე, რომ მოსახლეობა ჩავარდა ვალებში, მაგრამ არ უნდა დავაბრალოთ ყველაფერი ბანკებს.
კომერციულ ბანკებს ჰყავთ "ზედამხედველი" ეროვნული ბანკის სახით. მან არ უნდა მისცეს უფლება კომბანკებს, მაღალ პროცენტებში გასცენ სესხები. 70–80% სესხებს რომ გასცემენ, ეს, თავისთავად ცხადია, არასწორია და ასეთი მოქმედებები უნდა აკრძალოს ეროვნულმა ბანკმა. ეროვნულმა ბანკმა დაადგინა მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ასევე უნდა დაადგინოს მაქსიმალური საკრედიტო მარჟა. ამ ეტაპზე ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

– აქამდე სად იყო ეროვნული ბანკი?

– საბედნიეროდ, ახალი პრემიერ-მინისტრი თავიდანვე დაინტერესდა ამ საკითხებით და მადლობა მას, რადგან ხედავს, რომ ხალხი დაიჩაგრა. ონლაინკრედიტები სასტიკად აზარალებს მოსახლეობას. იმედია, ეროვნული ბანის მიერ ამჟამად მიღებული ზომები სიტუაციას დაარეგულირებს.
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნით შეიქმნა და საქართველოშიც, როგორც სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში, ფუნქციონირებს ორგანიზაცია, სახელად "კრედიტ-ინფო", სადაც გროვდება სხვადასხვა ინფორმაციები. მათ შორის, იმ პირების შესახებ ინფორმაციები, რომლებმაც კრედიტის გადახდის ვადას გადააცილეს ერთ თვეზე მეტი დროით. მოქალაქეები ე.წ. "შავ" სიაში შეჰყავთ და 7 წლის განამვლობაში ეზღუდებათ საკრედიტო რესურსებზე წვდომა. მისასალმებელია, რომ სახელმწიფოსგან წამოვიდა ინიციატივა, რომ სესხების გაცემა მოხდეს ფაქტობრივი მონაცემებით.

– ბანკს განუსაზღვრელი უფლებები აქვს?

– ბანკი ხელშეკრულებით დადეგნილი მოთხოვნების მიხედვით მოქმედებს, მაგრამ ბოლო ხანებში ახალი რეგულაციები დაწესდა. ამ რეგულაციამდე ბანკებს შეეძლოთ, როგორც მოესურვებოდათ, ისე განესაზღვრათ ჯარიმები.

გეთანხმებით, ჯარიმები ზოგჯერ არაადექვატური იყო და გონივრულ ზღვარს სცილდებოდა კიდეც.
ერთ-ერთ ბანკს ჰქონდა ასეთი ჯარიმა: მოქალაქეს გადასახდელი ჰქონდა საპროცენტო სარგებელი თვეში 60 ლარი, მსესხებელმა გადახდა დააგვიანა ერთი დღით, ბანკმა დაუმატა ჯარიმა 4 ლარი, მომდევნო დღეს კიდევ 4 ლარი, მესამე დღესაც ასე და თხუთმეტ დღეში გადასახდელი თანხა ორმაგდებოდა. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო კარგა ხანს. საბედნიეროდ, ამ კუთხით ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში.

სამწუხაროდ, ეროვნული ბანკისგან დროზე არ მოხდა რეაგირება. ამ საქმეში მოიკოჭლა ირაკლი ქადაგიძემ.

– ამ "მოიკოჭლამ" ოჯახები გააღატაკა. უამრავი დანაშაულია ჩადენილი, ადამიანების ბედ-იღბლით დიდი თანხები იშოვეს ვიღაცებმა და ამაში დროულად არ ჩაერია სახელმწიფოც…


– გეთანხმებით, ჩვენ საბაზრო ეკონომიკის სახელს არ უნდა შევწიროთ ქვეყნის განვითარება და თუ ვინმე არის საბანკო სისტემაში დამნაშავე, უნდა დაისაჯოს!
მაგრამ, რაც მთავარია, დღეს, ჩვენი ეროვნული ვალუტა არის მყარი და ეკონომიკის განვითარება მიმდინარეობს სტაბილურად. რეგიონში ყველაზე მაღალი ტემპით. ყოველივე ეს კი მოხერხდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერითა და თანადგომით. ისინი გვასწავლიან, როგორ უნდა ავაშენოთ საბაზრო ეკონომიკა. ისინი რომ არა, ჩვენ ვიქნებოდით, როგორც ბანანის რესპუბლიკა.

– საბაზრო ეკონომიკაა ის, რომ მოქალაქეს სესხს 60%-ად აძლევენ?

– ამიტომ გავიმეორებ: დავაწესოთ მაქსიმალური საკრედიტო მარჟა, სანამ შეზღუდულია ქვეყანაში საკრედიტო რესურსები, აუცილებელია, ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო მარჟის მაქსიმალური პროცენტი დააფიქსიროს. როცა რესურსები საკმარისი იქნება, ბაზარი თავად დაარეგულირებს ამ საკითხს.

ახლა, სხვათა შორის, აქცია აქვს საქართველოს ბანკს – 4% იპოთეკური სესხი ევროში. ეს, საქართველოს სინამდვილეში, უპრეცედენტო შემთხვევაა. ასეთი დაბალი პროცენტი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აშშ-ის ზოგიერთ კომერციულ ბანკშიც არ არის. ეს შედეგია ბანკის ფინანსურად გაძლიერების. პარტნიორები ენდობიან მას და როგორც სტაბილურ და საიმედო საფინანსო ინსტიტუტს, დაბალ პროცენტში აძლევენ საკრედიტო რესურსებს. თუ იქნება ქვეყანაში ისეთი ბანკები, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს ბანკი, საკრედიტო განაკვეთი მაქსიმალურად შემცირდება და ხალხიც სარგებელს მიიღებს კომბანკების გაძლიერებისგან.

ასე რომ, თანდათან ჭკუას ვსწავლობთ, საბაზრო ეკონომიკას ვეჩვევით. სახელმწიფო ნელ-ნელა ფეხზე დგება. მე დამაიმედებელი პროგნოზები მაქვს და დარწმუნებული ვარ, საქართველო ახლო მომავალში ეკონომიკურად ძლიერი და წარმატებული ქვეყანა გახდება.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0