მიწამიტოვებულები და მიწამიყრილები

„საერთო გაზეთს“ პოლიტიკური მეცნიერების მაგისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი თამარ დოლიძე ესაუბრა:

– მე გახლავართ ყოფილი ჟურნალისტი, პოლიტიკური მეცნიერების მაგისტრი და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი. მიმაჩნია, რომ პროფესიული ცოდნა და მოქალაქეობრივი სტატუსი მორალურ უფლებას მაძლევს, რომ ჩემს თანამოქალაქეებს ორიოდე მართალი და მოკრძალებული და სიტყვა ვუთხრა. ამქვეყნად ყველაფერს აქვს საწყისი და საყრდენი წერტილი. ისტორიულად, ქართველი ეთნოსის საყრდენი წერტილი ყოველთვის მშობლიური მიწა და აგროსისტემა გახლდთ. ჩვენი სამშობლოს სახელწოდება – გეორგიაც აქედან მოდის, მაგრამ გაუგებარი მიზეზებისა და შიდა თუ გარე ძალების ზემოქმედებით ჩვენს საყრდენ წერტილს მოვწყდით და ქართველმა კაცმა მიწა მიატოვა. მას შემდეგ, მიწამიტოვებული მოქალაქეები ბედის ანაბარა არიან მიმოფანტული მთელ სამყაროში. რა თქმა უნდა, მიწასთან მუშობა მძიმეა და ადამიანები შრომის იოლ გზებს დაეძებენ, მაგრამ ეს გზები ძალიან შეზღუდულია. მომსახურეობის სექტორით, რომელშიც დამატებითი ღირებულება არ იქმნება, ადამიანმა შეიძლება საუკეთესო შემთხვევაში თავის გამოკვება შეძლოს. ამიტომ არის ჩვენი ეკონომიკა ასეთ მდგომარეობაში. რეალურად რომ ვთქვათ, ჩვენ ეკონომიკა არ გვაქვს, რაშიც ანგელა მერკელის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა.

– გერმანიის კანცლერის ვიზიტის დღეს ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთვაჭრობისა და ქართული ექსპორტის 36%-იან ზრდაზე საუბრობდა..

– შევთანხმდეთ, რომ მერკელის კავკასიაში ჩამოსვლის მთავარი მიზანი ჩვენი პროდუქციის ექსპორტი კი არა, გაზსადენის პროექტი გახლდთ, რომელიც ფაქტობრივად, რუსეთისა და გერმანიის აქტიური მონაწილეობით კეთდება. პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია ამ პროექტს ეწინააღმდეგება და მის საპირწონედ ტრანსადრიატიკულ ანუ სამხრეთულ დერეფანს განიხილავს. სწორედ ამ საკითხებისა და თავისი ქვეყნის ინტერესების გამო ჩამოვიდა გერმანიის კანცლერი, რომელიც დაინტერესებულია, რომ აზერბაიჯანის გაზი გერმანიას სამხრეთული დერეფნის გავლით მიეწოდოს. უნივერსიტეტში შეხვედრის დროს, რომელსაც ვესწრებოდი, ანგელა მერკელმა სახრეთ კავკასიის ქვეყნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რეგიონში რომ აზერბაიჯანი რეგიონში ყველაზე დაწინაურებული და გამართული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. სომხეთზე ერთი წინადადებით თქვა, რომ მას ნედლეული არ გააჩნია, ხოლო ჩვენ შეფასების ღირსადაც არ ჩაგვთვალა. ამითი ყველაფერია ნათქვამი.. თუ ჩვენი ეკონომიკა აზერბაიჯანისას ვერ შეედრება, როგორ უნდა შევედაროთ აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანას, თუნდაც პოლონეთს ან რუმინეთს? ძალიან დასაფიქრებელი ფაქტორია, როცა მსოფლიოში მეოთხე ეკონომიკის და ევროკავშირში ეკონომიკის ლიდერი ქვეყნის მეთაური შენს საუნივერსიტეტო სივრცეში აზერბაიჯანზე ლაპარაკობს და პირდაპირ მიგანიშნებს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი სხვადასხვა განზომილებაში არიან. სხვათა შორის, ეს არც ერთ ექსპერტს და პოლიტოლოგს არ აღუნიშნავს. მერკელმა პირდაპირ გვითხრა, ღვთის წილხვედრი ქვეყანა გაქვთ, სადაც ისეთი კლიმატი და გარემო პირობებია, რომელიც უნდა გამოიყენოთ და აგროსექტორს მიხედეთო. მოქალაქეებს საბანკო კრედიტები გაუიაფეთ, რომ წარმოების ამუშავებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთო. გერმანიის კანცლერს მეტის თქმის უფლება არა აქვს. ის კანონს ვერ დაგიწერს და მოსამართლეს ვერაფერს დაავალებს. 

– მერკელმა საქართველოში დუალური განათლების სისტემის დანერგვის აუცილებლობაზეც ისაუბრა. 

– მერკელს დუალური განათლება შემთხვევით არ უხსენებია, რადგან ამ მოდელზე გერმანული ეკონომიკა დგას. დუალური განათლების პრინციპია, რომ თეორია, რომელსაც აუდიტორიებში ვასწავლით, პრაქტიკით იყოს გამყარებული, მაგრამ რომელ პრაქტიკაზეა საუბარი, როცა ქვეყანაში წარმოება არ მუშაობს? თუ წარმოება არ გაქვს, სად გაივლის ადამიანი პრაქტიკას? სწორედ ამიტომ თქვა ქალბატონმა კანცლერმა – ჯერ კრედიტი გააიაფეთ, რომ ადამიანმა საწარმოს გახსნა და ბიზნესის ამუშავება შეძლოსო. როცა ამ ბაზას შექმნით, დუალური განათლებით აღზარდეთ სპეციალისტები და კვალიფიკაცია მიეცითო. ისიც თქვა, გერმანიაში რომ ჩავალ, დავინტერესდები შრომის ბაზარზე რა კვალიფიკაციებია დეფიციტური და კადრებს თუ მოამზადებთ, ჩვენი შრომის ბაზარზე ლეგალური წვდომა გექნებათო. ეს იყო ყველაზე მთავარი, რაც კანცლერმა გვითხრა. თემას დავუბრუნდები და გეტყვით, რომ წარმოების გარდა, არც სოფლის მეურნეობა გვაქვს. აგრარული სექტორი დაცლილი და ტექნოლოგიურად განუახლებელია, ინფრასტრუქტურა საბჭოთა სამეურნეო სისტემიდან დარჩენილი და მოძველებული. ფაქტობრივად, აგრარული სექტორის ყველა დარგი ჩავარდნილია. არ არის მემცენარეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მარცვლეული კულტურების წარმოება, მეცხოველეობა..

– „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოფლის მეურნეობის სფეროში საერთო ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ ლარს გადააჭარბა, თუმცა განსაკუთრებით არ იგრძნობა, რომ ეს სექტორი განვითარდა და წინ წავიდა. როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი?

– ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. ბატონმა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობაში გარკვეული სუბსიდიები ჩადო, მაგრამ ამას არავითარი უკუგება არ მოჰყოლია. რატომ? იმიტომ, რომ ეკონომიკა არის სამეურნეო სისტემა, რომელსაც თანმიმდევრული, ალგორითმული, კარგად დაგეგმილი და გაწერილი მოქმედებები ჭირდება. რასაკვირველია, შეიძლებოდა იმ ფულის ეფექტიანად გამოყენება, მაგრამ შესაძლოა, ბატონი ბიძინას კეთილი ჟესტით კონკრეტულმა ჩინოვნიკებმა იხეირეს და არა დარგმა. განვითარების ნაცვლად, იმას მივაღწიეთ, რომ უკვე მესამე სამყაროს ქვეყნებში გავდივართ და დახმარება, რომელიც განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნებიდან სხვადასხვა პროექტების სახით მოედინება, უმეტეს შემთხვევაში, დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს და ბიუროკრატიულ, ჩინოვნიკურ აპარტში გაიწოვება.

– კი მაგრამ, იმ განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებს კონტროლის მექანიზმები არ აქვთ, რომ ფულმა ადრესატამდე მიაღწიოს?

– არსად ანგელოზები არ ცხოვრობენ და მღვრიე წყალში ყველა ცდილობს თევზის დაჭერას. ვიღაცა დაინტერესებულია, რომ ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი ე.წ. ატკატების სახით უკან დაბრუნდეს და ასე, წრეზე ტრიალებს ყველაფერი, ხოლო პრობლემა წლების განმავლობაში პრობლემად რჩება.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მიწასთან გასწორებული გერმანია 5 წელიწადში კრიზისიდან გამოვიდა და ფეხზე დადგა. ეს კი იმის წყალობით მოახერხა, რომ გერმანიის კანცლერმა ერჰარდმა შესანიშნავი ეკონომიკური დოქტრინა შეიმუშავა. ერჰარდს დახმარება და გრანტები არავისთვის უთხოვია, მხოლოდ შიდა გერმანული რესურსების მობილიზება მოახდინა. ომით განადგურებულ ქვეყანაში დიდი და პატარა შრომობდა. ყველაზე მოთხოვნადი საექსპორტო პროდუქციის წარმოებით დაიწყეს და დღეს ევროკავშირის 27 ქვეყანაში ეკონომიკურად ყველაზე დაწინაურებულები არიან. ჩვენ ასეთი რა მოგვივიდა, რომ 30 წლის განმავლობაში ფეხზე ვერ დავდექით? ვფიქრობ, მიზეზი ერის მენტალური პრობლემაა.

არსებობს ვლადიმერ პაპავას მიერ შექმნილი მშვენიერი ტერმინი ჰომოეკონომიკუსი. მაგრამ არსებობს ასევე ჰომოსოვეტიკუსი, რომელსც ინდივიდუალური პასუხისმგებლობის განცდა არ გააჩნია და ნებისმიერ საჭიროებაზე სახელმწიფოსკენ იშვერს ხელს: სახელმწიფომ უნდა დაასაქმოს, დაუნიშნოს ხელფასი და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენში ჰომოეკონომიკუსებს ჰომოსოვიეტიკუსები ჭარბობენ, რაც ქვეყანასაც ეტყობა.. არიან დღეს ქართველი ბიზნესმენები? ადამიანები, რომლებმაც გაძარცვეს ჩვენს მიერ შექმნილი საზოგადოებრივი საკუთრება, ძარცვის შედეგად, დააგროვეს კაპიტალი და მიითვისეს. ეს არის ბიზნესმენობა?

– კონკრეტულად, რომელ ბიზნესმენს გულისხმობთ?

– თუნდაც თემურ ჭყონიას, რომელმაც ბიუჯეტიდან უზარმაზარი კრედიტი აიღო და არ დააბრუნა. ვანო ჩხარტიშვილს და ა. შ. 
ჩემს აღმზრდელ ბიძას, პროფესორ კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება იმუშავა, თავისი შრომით შექმნილი დანაზოგი წაართვეს და ნულზე დატოვეს. ბიძაჩემის მსგავსად, ასიათასობით ადამიანი გაუბედურდა და ამისთვის ვინმე დაისაჯა?

სანამ ქვეყანაში ეკონომიკური სამრთლიანობა არ აღდგება, ევროპულ ოჯახში შესვლაზე ოცნებაც ზედმეტია. სამყაროში იმაზე დიდი დანაშაული რა უნდა იყოს, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება სწავლობდე, შრომობდე და არავის ჭირდებოდე, იმიტომ, რომ ვიღაცის კლანის წევრი არა ხარ. ქალბატონმა მერკელმა, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმები, ბრძანა თქვენი ევროტლანტიკურ სტრუქტურაში და ევროკავშირში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდებაო. ეს ადამიანი ყალბი არაფერში ყოფილა და სრული სიმართლე გვითხრა. რაც ჩემთვის, როგორც ეკონომისტისთვის, ყველაზე მთავარია. 
საერთოდ, რა გზავნილებიც ქალბატონმა მერკელმა დაგვიტოვა, თუ ჩვენს ხელისუფლებაში ამის გამგები, გულთან მიმტანი და საქმეში გადამტანი ადამიანი არსებობს, სასიკეთო ძვრებისკენ უნდა წავიდეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ერთი ადამიანიც კი არ მეგულება. ერთი ქვეყანა მაინც დამისახელეთ, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გაერთიანებულია.. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს არის რაღაც გეოგრაფიული სივრცე, სადაც მიდის გაუგონარი თამაშები. ეს არც სახელმწიფოა, არც პოლიტიკა, არც ეკონომიკა და არაფერი.

ჩვენი ქვეყანა იქცა ტერიტორიად, სადაც აბსოლუტურად ყველაფრის იმპორტი ხდება და ეს იმის ბრალია, რომ საკუთარ თავს გავექეცით. ახალმა პრემიერმა მოსვლისთანავე წამოწია ისეთი ეკონომიკური საკითხები, როგორიცაა ბანკების კრედიტები და დოლარიზაციის შემცირება, მაგრამ ეს არის ძალიან პიარული აქცია და საკითხის სერიოზული გადაჭრის გზები არ ჩანს. 
დღეს კიდევ იცით რაზე დგას საზოგადოება? საბჭოთა დროიდან შემორჩენილი სახლი აქვს და ესეც რომ არ ექნება, მივიღებთ ლუმპენ პროლეტარიატს, ანუ მოსახლეობის გაღატაკების მაქსიმალურ ხარისხს. 

– საკმაოდ პესიმისტური პროგნოზებია..

– ოპტიმიზმის საფუძველს რა გვაძლევს? ავიღოთ თუნდაც ჩვენი კანონმდებლობა.. ვენეციის კომისია გვეუბნება ჩვენთან, მაგალითად, ბრიტანეთში, გერმანიაში ან საფრანგეთში არის ასეთი საგადასახადო კოდექსიო და ადგენს ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის რომელი მოდელი უფრო მისაღებია. ანუ ჩვენ კი არ ვირჩევთ, ისინი გვიდგენენ და ვიღებთ კანონებს, რომლებიც ისევე დაშორებულია ჩვენს სინამდვილეს და სამეურნეო სისტემას, როგორც მაგალითად, ჩემი და ბილ გეიტსის ფინანსური მდგომარეობა. 

ჩვენ სანამ ბუკიკიოების ჭკუაზე ვივლით, სულ ასეთი გამობუკიკიოვებულები ვიქნებით...

ნელი თორდია
скачать dle 12.0