მტრობიდან პარტნიორობამდე!

გვესაუბრება ყოფილი პარლამენტარი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე:

_ ბატონო დიმა, მერკელის საქართველოში ვიზიტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მან გვითხრა: რადგან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, მინიმუმ 5 წელი ნატოში კიდევ ვერ შეხვალთო. რა შეიძლება ითქვას ამ განაჩენზე?

– მერკელის განცხადების შემდეგ, ჩვენ, ძალიან სერიოზული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მან სერიოზული აქცენტი გააკეთა, კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, რუსეთის მხრიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა კი მილიონიან ზღვარს უახლოვდება. რა გამოდის, რა მესიჯია ეს? _ ის, რომ რუსეთთან საქართველოს პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

მერკელმა გვითხრა: საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირის სტრუქტურებში ახლო მომავალში არ განიხილება. დიპლომატიურ ენაზე ეს ნიშნავს: ევროკავშირი მზად არ არის ამ ტიპის გადაწყვეტილებაზე იმსჯელოს. მან ისიც აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, დაპირებად რჩება, მაგრამ ამ მიმართულებით რაიმე პროგრესს არ უნდა ველოდოთ. ე.ი. როდესაც ჩვენ აღარ გვაქვს ნატოს ქოლგა, აღარც იმის იმედი, რომ სრულფასოვანი წევრი გავხდებით იმ ევროკავშირისა, რომლის დირექტივებს პირნათლად ვასრულებთ 2006 წლიდან დაწყებული დღემდე, როდესაც რეალურად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკურმა ნაწილმა არ შეგვმატა დამატებითი შემოსავლები ბიუჯეტისთვის, როცა ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, საერთაშორისო ასპარეზზე, კვლავ რუსეთის ფედერაცია რჩება, რომელთანაც საერთო ექსპორტით 67%-იან ნიშნულზე დადიხარ, როცა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა მილიარდ ორას მილიონს აჭარბებს და ეს მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე არსებული, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი განვითარება, სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, მშვიდობიანი, საქმიანი და სტრატეგიული უნდა იყოს. ასე, რომ საქართველოს ბუნებრივი განვითარების ყველა ფაქტორი, პარამეტრი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დალაგებაზე გადის მთავარი სლოგანით _ მტრობიდან პარტნიორობამდე!

_ დღესდღეობით, ურთიერთობის დალაგების რა შანსები არსებობს?

_ დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან გარკვეული სიგნალები არსებობს. მინდა გითხრათ, რომ ცოტა ხნის წინ გახლდით მოსკოვში ოფიციალური მიწვევით, თან მახლდა საქართვლოს ხუთი წამყვანი ტუროპერატორი. მიწვევა რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციისგან მივიღეთ, რომლის ხელმძღვანელი ჩვენი თანამემამულე მაია ლომიძე გახლავთ. ძალიან საინტერესო პრეზენტაციები გამართეს როგორც ჩვენმა _ ქართველმა, ისე რუსმა ტუროპერატორებმა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის მიმართ, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან, ინტერესი იმდენად მზარდია, რომ მალე 2 მილიონიან ნიშნულსაც კი მივუახლოვდებით. რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობა აშკარად მზად არის ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენის თვალსაზრისით ვითარება მოაწესრიგოს, რაც ჩემი რწმენით, აუცილებლად, უნდა გადიოდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. ეს თემა იმიტომ ვახსენე, რომ ასეთი მჭიდრო ურთიერთობებით შეიძლება ვითარება დასტაბილურდეს. ვიზიტის ფარგლებში დავაყენე საკითხი და ძალიან სერიოზულად განიხილეს თემა, რომელიც შეეხება საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების ათვისებას რუსეთის ფედერაციაში არსებული მეგაგადამხდელი კომპანიების მხრიდან როგორებიც არიან "გაზპრომი", "ნიკელი" და ა.შ. რათა მათ ჩვენი ბალნეოლოგიური კურორტებისთვის საგზურების დაკვეთა მოახდინონ. ეს საკითხი დღის წესრიგში შევიდა. თუკი ეს საკითხი გადაწყდება, ჩვენს მუნიციპალიტეტებს ექნებათ შემოსავლის დამატებითი, სტაბილური წყარო.

_ ბატონო დიმა, თქვენ, ახსენეთ სლოგანი _ მტრობიდან პარტნიორობამდე. ამის მიღწევა როგორ წარმოგიდგენიათ?

_ მოგახსენებთ თუ რამ მაფიქრებინა, რომ პროცესი უნდა დავძრათ მტრობიდან სტაბილურობისკენ. ეს უნდა იყოს მთავარი განმაპირობებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა შევეხოთ სერგეი შამბას განცხადებას. მან თქვა: ქართველები არ არიან აფხაზების მტრები, მე, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში და დროა ქართველებმა და აფხაზებმა საერთო ენა გამონახონო. საზოგადოებას შევახსენებ, რომ სერგეი შამბა ძალიან აქტიურად იყო ჩართული ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქაში, როდესაც თბილისს ბატონი ევგენი პრიმაკოვის უშუალო მედიაციითა და მხარდაჭერით არძინბა ესტუმრა. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო: ევგენი პრიმაკოვი იყო საქართველოს დიდი პატრიოტი, აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე. სწორედ პრიმაკოვის აქტიური ჩართვით ესტუმრა საქართველოს არძინბა. მაშინ შევარდნაძის უცნაურმა დამოკიდებულებამ საკითხისადმი, მოლაპარაკებები ჩაშალა. მხარეები აცხადებდნენ, რომ თანახმანი არიან ცხოვრება საერთო სახელმწიფოში გააგრძელონ. სწორედ ეს ტერმინი _ საერთო სახელმწიფო დაიწუნა ედუარდ შევარდნაძემ, რამაც როგორც მოგახსენეთ, მოლაპარაკებები ჩაშალა. ჩვენ, აუცილებლად, უნდა ვეცადოთ მოლაპარაკების ის წამი აწმყოში დავაბრუნოთ, განვახორციელოთ თითოეული ქართველის სანუკვარი ოცნება _ აღდგეს საქართველოს სახელმწიფო სოხუმით და ცხინვალით.

_ თქვენ, ტერიტორული მთლიანობის აღდგენა ახსენეთ, რისკენაც მერკელმაც მოგვიწოდა, მაგრამ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას, როცა პირზე მუდმივად რუსეთი ოკუპანტია გვაწერია. ტრამპმაც იგივე გვითხრა, ანუ, რეალობა რაშიც ვიმყოფებით ნატოში შესვლას გამორიცხავს. ამ დროს სახელმწიფოს პოლიტიკური რიტორიკა ნატოში შესვლაზეა აგებული. რა გამოსავალს ხედავთ ამ ყველაფრიდან?

_ დიდი მადლობა, ნამდვილად ძალიან საინტერესო შეკითხვაა. დავუბრუნდები პირველ კითხვაზე გაცემული პასუხის იმ ნაწილს, სადაც სახალხო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე ვისაუბრე. ერთია, რას საუბრობს ჩვენი ოფიციოზი, რომელიც მთლიანად ნეოლიბერალურ ნარატივსაა მიბმულია და მეორეა, რას ამბობს ხალხი ურთიერთობის აღდგენის დაჩქარების კუთხით როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ბუნებრივია, რუსეთში ანალიზს აკეთებენ და კარგად უწყიან: ბოკერია, სააკაშვილი, ლიბერალური ფრთა _ ეს გახლავთ ერთი პოლიტიკური სისტემის ფორმალურად განსხვავებული სახელწოდებების მატარებელი პოლიტიკური ძალთა ერთობლიობა, რომელიც პირობითად იყოფა სხვადსახვა მარტივ მამრავლებად, ცდილობს ხალხს და საზოგადოებას მოაჩვენოს, თითქოს, ეს ე.წ. პრო-დასავლური არჩევანი საერთო სახალხოა. სინამდვილეში, არჩევანი შეუძლებელია იყოს გარდამავალი პოლიტიკური დადგმული პრიორიტეტი. არსებობდა რეალური მოლოდინი იმისა, რომ 1999 წელს მას შემდეგ რას საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა, დაჩქარებული ტემპით, ფორსირებულადც მოვახდენდით საშინაო დავალებების შესრულებას და ევროკავშირის წიაღში აღმოვჩნდებოდით. 2003 წელს ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამის კიდევ უფრო მეტი ფორმალური საფუძველი გამოიკვეთა. მით უმეტეს, როცა 2006 წელს ქვეყანაში მწვავე რეფორმების გატარება დაიწყო.

ევროკავშირმა ყველაფერი გაგვაკეთებინა, ნატომ ყველგან გამოგვიყენა. როცა მიზანთან ყველაზე ახლოს ვიყავით, ვგულისხმობ, 2008 წელს, აგვისტოს მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩვენ, ბუქარესტის სამიტზე გვქონდა იმედი, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი ქვეყანა გახდებოდა, მაგრამ ცივი წყალი გადაგვასხეს. ამის მერე, საქართველო გაიხლიჩა, მისი ოკუპაცია მოხდა, სააკაშვილის ავანტიურიზმმა ქვეყანას განვითარების, გაძლიერების შანსი მოუსპო. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მთავრობამ 4 მილიარდი ჯიბეში ჩაიდო როგორც ომისგან დაზარალებულმა სახელმწიფომ, სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ ეს თანხა იყო მისი რეჟიმის მკვებავი წყარო. ამის მერე, ყველაფერი უკან-უკან წავიდა: ქვეყანაში დამყარდა მწვავე ავტორიტარიზმი; საქართველო პატიმართა რიცხვით ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში 10 ათას სულ მოსახლეზე მეორე ადგილზე გავიდა; პირდაპირი მნიშვნელობით იწვოდა ბიზნესები; რეჟიმს 64 ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა; ამოქმედდა ადამიანების გაღატაკებისა და ქვეყნიდან განდევნის პოლიტიკა და ა.შ. 2009 წელს საქართველო სოციალური და დემოკრატიული რეფორმების ლაბორატორიად გამოცხადდა, 2010 წელს კი ტურიზმის დეპარტამენტის რებრენდინგის მიხედვით საქართველო გახდა გადანახული ქვეყანა, რომელიც უცხოელებისთვის უნდა გაიხარჯოს. მას შემდეგ მოყოლებული დღეის ჩათვლით ანტიეროვნული პოლიტიკის მსხვერპლნი ვართ. იმიტომ, რომ ამ პოლიტიკას არ განაგებენ ჩვენი პოლიტიკოსები ეროვნული ინტერესის თანახმად. ქვეყანას კვლავ განაგებს ნეოლიბერალური ინტერნაციონალური ოჯახი ევროკავშირში დაბუდებული და სოროსის სახით საქართველოში ემისრად გამოგზავნილი. მათი მხრიდან იმდენად დიდია ფინანსური გავლენები, რომ სოროსის ქვე-ემისრები _ ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თუ დღევანდელი წევრები, ყოველდღიური მოღვაწეობით აკნინებენ საქართველოს და ეროვნული იდეის გადარჩენის შანსს უსპობენ. დგება მომენტი, როცა ჩვენი შვილების გადარჩენისთვის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში უნდა ჩავება თ. პოლიტიკოსის გარდა მოქალაქე ვარ და შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გამოუტყდე საკუთარ თავს, რომ ნებისმიერი მეთოდი უნდა ამართლებდეს საშუალებას, რათა ჩემი შვილები გადაგვარებას გადაურჩნენ. ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი კაპიტალია დაბანდებული და უდიდესი ინტერესებია: დაწყებული ბანკებით, რომელთა დამფუძნებლები უცხოელები არიან. საქართველოში არცერთი ბანკი არ არის 100%-ით ქართული კაპიტალით დაფუძნებული და მართული. ერის კონსოლიდაცია არ ხდება იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება გათითოკაცდა, დაძაბუნდა. ხალხი შეაწუხა გაჭირვებამ, სიღატაკემ, ნარკომანიის წამლეკავმა შედეგმა, რაც ჩვენს წინააღმდეგ გამოცხადებული ნარკოომის პირდაპირი გამოძახილია. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური გამოდის და აცხადებს: ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, მაგრამ ყველა სადარბაზოსთან უკვე ეწევიან მარიხუანას და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს კისერზეაო. ეს განცხადება კიდევ უფრო ღრმა ნიჰილისტურ განწყობაზე გვაყენებს. ჩვენ, უკვე, სახელმწიფოში აღარ ვცხოვრობთ. ეს საბოლოო ტრაგედიაა. ვფიქრობ, საქართველოში ნელ-ნელა მწიფდება ისტორიული ბახტრიონის საფუძველი, როდესაც თითქოს დაძაბუნებულმა, მიწასთანგასწორებულმა, ბარიდან მთად გახიზნულმა, დაცლილმა საქართველომ მოახერხა და 235 ათასი ალაზნის ველზე დაბანაკებული მტერი ააოხრა.

ჩვენ ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ნარკოპოლიტიკა 2015 წელს დაიწყეს, რომლის მიმართ ინტერესი სოროსის ფონდმა გამოთქვა. მან 230 ათასი ლარი ჩადო მხოლოდ იმაში, რომ პროცესი ქუჩაში გადმოტანილიყო. პარლამენტში იყო ხუკაციანი ჯგუფი, რომელიც ამას ლობირებდა. როცა მათ ნარკომაფიამ კანონპროექტი დაუკვეთა, ახალწლამდე ორი დღით ადრე წამოიწყეს საკომიტეტო განხილვები და მოსმენები, რათა ყოველივე ჩუმად გაეპარებინათ და თავიანთი ლობისტებისთვის ეპატაკებინათ: მოვახერხეთ და ეს საკითხი ჯანდაცვის კომიტეტზე გავიტანეთო. ეს პროცესი ჯერ არ განელებულა და ახლა, ერთ თვეში საქართველოს პარლამენტი იწყებს ყველა ტიპის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის განხილვას და ყველა ნარკოტიკისთვის აჩენს პირადი მოხმარების დოზის იურიდიულ ტერმინს, რომელიც სამივე ფსიქოაქტიური ჯგუფის შემადგენლობაში შედის. განა ეს მოღალატეობრივი პოლიტიკა, ჯაშუშობა, ოპიუმის ომში მონაწილეობა არ არის?! ზუსტად ისეთივე ომში, როგორიც
ბრიტანეთმა მე-19 საუკუნეში ჩინეთს გამოუცხადა. მილიონობით ჩინელი დაავადდა ნარკოტიკით, როცა ბრიტანელებმა პირდაპირ ზარბაზნებიდან დაიწყეს ოპიუმის შეფუთვების სროლა. დღეს საქართველოში იგივე ხდება.

_ ბატონო დიმა, რუსეთ-საქართველოს თემას დავუბრუნდეთ. წეღან, შამბას განცხადება ახსენეთ. მან ასევე აღნიშნა, რომ მეზობელი სახელმწიფოები ვართ და ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ. თუმცა, რუსეთთან პირისპირ საუბარს ჩვენი პარტნიორები ეწინააღმდეგებიან. მათი მხრიდან, ამ პროცესის დაბრკოლება, შეგნებულად ხომ არ ხდება?

_ სრულიად სამართლიანად ბრძანეთ: ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ გვაძლევენ შესაძლებლობას რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი, სწორუპოვარი დიალოგი დავიწყოთ. არის თუ არ ეს სიმართლე?! 2012 წლის "ქართული ოცნება" არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში და სააკაშვილის ტირანია შეცვალა. მათი მთავარი დაპირება იყო სამართლიანი სამართლებრივი გარემო და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დარეგულირება _ ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკური ფასის განსაზღვრა,
რომელიც ქართულ-რუსული პირდაპირი მოლაპარაკებების გზაზე გადიოდა. ეს გახლავთ საზოგადოების სანუკვარი ოცნება, რაზეც ჯერ კიდევ შევარდნაძე ვარდების რევოლუციამდე ერთი თვით ადრე ღიად აცხადებდა: აფხაზეთის გასაღები რუსეთში დევსო. დღეს, უკვე, ნათლად ჩანს, რომ 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მოლაპარაკებების დამოუკიდებლად დაწყების მცდელობაც კი დასავლეთისადმი აღიარებული პოლიტიკის განდგომად ითვლებოდა. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე სიტყვის თქმას ვერავინ
ბედავდა. არადა, პუტინმა რამდენჯერმე ძალიან მკაფიო განცხადება: გააკეთა ქართული მხარე თავად ჩამოყალიბებულიყო თუ ვინ იქნებოდა მოლაპარაკების მეორე მხარეს _ პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი.

მაშინ ასეთი მომლაპარაკებელი არ მოიძებნა და ის არც დღეს არსებობს. რა იქნება ხვალ, რთული წარმოსადგენია. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი როგორც არასდროს არის უმთავრესი პოლიტიკური დღის წესრიგით განსასაზღვრი.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0