გელა ზედელაშვილი: "ღალატის ანატომია"

ვინ, როგორ და რატომ უღალატა ბიძინა ივანიშვილს?!
(გაგრძელება. დასაწყისი "ს.გ" N28)

მართალია, ჩემი წერილების სერიას "ღალატის ანატომია" ჰქვია, მაგრამ პერიოდულად მაინც მომიწევს, იმ პოლიტიკოსებზე (ადამიანებზე) მოგითხროთ, რომლებსაც არ მიეცათ საშუალება, ბიძინა ივანიშვილისთვის ეღალატათ. აქ ნახევრად ვხუმრობ – ნუ გამოვრიცხავთ, შეიძლება არც ეღალატათ, მაგრამ ბატონმა ბიძინამ პირველივე დღეებიდანვე უარი თქვა მათთან თანამშრომლობაზე. მისთვის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მიუღებელი აღმოჩნდა ნინო ბურჯანაძე, შემდეგ კი ასევე უარი თქვა შალვა ნათელაშვილზე.

დღეს ბურჯანაძე ტელევიზიით ხშირად აცხადებს, მე რომ მდომებოდა, ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ გზას როგორმე გამოვნახავდი და მის გუნდში ვიქნებოდი, მაგრამ არ ვისურვეო. მე ქალბატონ ნინოს პატივს ვცემ, როგორც პოლიტიკოსი – მესიმპატიურება, მით უმეტეს, 2011 წლის 26 მაისის შემდეგ, მაგრამ ამ ტყუილს ნამდვილად ვერ გავუტარებ. სანამ კონკრეტულ ფაქტებზე გადავალ, შეხსენების მიზნით კიდევ ერთ ამონარიდს მოვიტან ბიძინა ივანიშვილის პირველი წერილიდან – ამ წერილში არის ერთი თავი, რომელიც ასეა დასათაურებული: "ვისთან ვერ ვითანამშრომლებ"? მართალია, აქ ნინო ბურჯანაძე საერთოდ არ არის ნახსენები, მაგრამ მოგვიანებით ჩემთან პირად საუბარში ეს "შეცდომაც" გამოასწორა:

"ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ… მე არ მოვერიდები მათ დასახელებას და ღიად ვაცხადებ: ვერ ვითანამშრომლებ "ქრისტიან-დემოკრატებთან", "ლეიბორისტებთან", "ახალ მემარჯვენეებთან", "ედპ"-სთან, "ქართულ პარტიასთან", თორთლაძის, დავითაიას პარტიებთან.

"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის, გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა უამრავ საეჭვო მომენტს შეიცავს, დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მის მიერ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისიფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა.

ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ ზემოთნახსენები პარტიების ლიდერები: შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, ეროსი კიწმარიშვილი, ბაჩუკი ქარდავა.

დიახ, მე ვერ ვითანამშრომლებ ამ ადამიანებთან, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფსევდოოპოზიციური პარტიების ზოგიერთ წევრთან ურთიერთობაზე დავთანხმდე, თუ ისინი საკუთარი პოლიტიკური წარსულის რევიზიას შეძლებენ~.
საინტერესოა, რატომ არ მოხვდა საწყის ეტაპზე მოღალატეთა სიაში ბურჯანაძე? ჩემი აზრით, ბატონმა ბიძინამ მაშინ თავი შეიკავა იმის გამო, რომ ქალბატონი ნინო (ნონა გაფრინდაშვილთან ერთად) სათავეში ედგა "სახალხო კრებას", სადაც თითქმის მთელი ინტელიგენცია იყო გაერთიანებული და ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა. იქ იყვნენ: გოგი ქავთარაძე, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი, თემურ შაშიაშვილი, თემურ ნანეიშვილი, ქეთი დოლიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, რეზო ესაძე და სხვები. თუ ივანიშვილი ბურჯანაძეს მოღალატედ გამოაცხადებდა, რასაკვირველია, ინტელიგენცია განაწყენდებოდა და ატყდებოდა ერთი ამბავი – მაშინ ჩვენც მოღალატეები გამოვდივართო. დღეს ზოგიერთი ამტკიცებს, ბატონი ბიძინა პოლიტიკოსი არ არის და ამიტომაც უშვებს ამდენ შეცდომებსო. ეს ან მცდარი წარმოდგენაა, ან შეგნებულად გავრცელებული ჭორი, რათა პოლიტიკაში რეიტინგი შეურყიონ. ჯერ ერთი, შეცდომებს ვინ უშვებს, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია და მეორეც – ამ ადამიანმა გამოჩენის დღიდანვე ისეთი სვლები გააკეთა, ისე დაარქვა ყველას თავისი სახელი, პოლიტიკოსი კი არა, ნამდვილი გროსმაისტერია. ტყუილად არ წამოსცდა თინა ხიდაშელს ერთხელ: "ბატონო ბიძინა, თქვენ პელე ხართ"!

"პელემ" შეგნებულად არ გაანაწყენა ინტელიგენციის ნაწილი, მაგრამ ამავე დროს ჰქონდა თავისი ურყევი პრინციპებიც – ის არანაირად არ აპირებდა ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას. სწორედ მაშინ, როცა "სახალხო კრების" წევრები შეხვდნენ ბიძინა ივანიშვილს და ყველანაირად ცდილობდნენ, აზრი შეეცვლევინებინათ, მეც მომეცა საშუალება, მასთან ამ თემაზე მესაუბრა:

– ბატონო ბიძინა, რატომ გარიყეთ ნინო ბურჯანაძე?
– მაგ ქალბატონმა ჯერ საზოგადოებას ის აუხსნას, როგორ გააპარეს 26 მაისის მოვლენების შემდეგ მისი ქმარი ქვეყნიდან. ხომ არ გახსოვს, საზღვარზე შენ გაიყვანე?
– არა, კარგად მახსოვს, მე არ გამიყვანია.
– ჰოდა, ჯერ თვითონ აუხსნას საზოგადოებას, რა მოხდა სინამდვილეში, მაშინ სააკაშვილის გარეშე საზღვარს ვერავინ გადაკვეთდა.
– თქვენ ამბობთ, რომ ბურჯანაძე სააკაშვილთან იყო გარიგებული?
– არაფერს არ ვამბობ, საზოგადოებას აქვს კითხვები და მათ შორის, მეც მაინტერესებს.

ჩვენი საუბრის ეს ფრაგმენტი 2012 წლის ზაფხულში გამოვაქვეყნე, რამაც ქალბატონი ნინო ძალიან გაამწარა და იმავე დღეს გამართა საგანგებო პრესკონფერენცია პრეტენზიებით: "ვინ არის ეს კაცი, რა უნდა, რას იქექება ჩემს საქმეებში? თავის პოლიტიკას მიხედოს, მე თავი დამანებოს"! იმ პრესკონფერენციაზე, ბუნებრივია, მეც დამპატიჟეს, დავესწარი, მაგრამ საჯაროდ შეკითხვა არ დამისვამს, რადგან მთავარი შეკითხვა უკვე დასმული იყო – როგორ დატოვა ბადრი ბიწაძემ 2011 წლის 26 მაისის ღამეს საქართველო და როგორ დაბინავდა ავსტრიის ერთ-ერთ სასტუმროში? მაშინ ქალბატონმა ნინომ თქვა, რომ მას და მის მეუღლეს ბევრი ნაცნობები ჰყავთ სხვადასხვა სტრუქტურებში, რომ საზღვრის გადაკვეთა პრობლემა არ იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მაინც და მაინც დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა:

„მე კატეგორიულად მოვითხოვ, ივანიშვილმა ან უარყოს, ან არგუმენტებით და დოკუმენტებით დაასაბუთოს ის ბრალდება, რომელიც მან ჩემს მიმართ წამოაყენა. მას აუცილებლად მოუწევს ამ ბრალდებაზე პასუხის გაცემა, გარწმუნებთ, მე ამას აუცილებლად უზრუნველვყოფ".

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ბურჯანაძემ თავად მთხოვა, რამდენიმე წუთით შევსულიყავი მის კაბინეტში, სადაც ასევე დამხვდა ბატონი ვახტანგ ყოლბაია. მან ერთი-ერთზე დაგვტოვა. საერთოდ, მე არ მიყვარს პირადი საუბრების გამომზეურება, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ ფრაგმენტს გავიხსენებ. ქალბატონი ნინო ძალიან იყო აღელვებული, უკიდურესად გამწარებული და ეგრევე მომახალა:
– რა უნდა, გელა, ჩემგან ამ კაცს?!
– არ ვიცი, ქალბატონო ნინო, ხომ დავწერე, რაც უნდა?
– თვალებზე გეტყობა, კიდევ ბევრი რამე გითხრა ჩემზე!
– თვალებზე მეტყობა?
– დიახ, მხოლოდ ამას არ გეტყოდა!
– არა, მეტი არაფერი უთქვამს… თუმცა, რომც ეთქვა, ამბებს ხომ ვერ მოგიტანთ? თუ მეტი გაინტერესებთ, ან "სახალხო კრების" წევრებს ჰკითხეთ, რომლებიც ივანიშვილს შეხვდნენ, ან ამ შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერი გამოითხოვეთ "ქართული ოცნებიდან", რომელიც, რატომღაც გასაიდუმლოებულია, იქ ბევრ რამეს ნახავთ.

არ ვიცი, გაითვალისწინა თუ არა ქალბატონმა ნინომ ჩემი რჩევა, მაგრამ ფაქტია, "სახალხო კრების" მნიშვნელოვანი ნაწილი გოგი ქავთარაძის, ლუკა კურტანიძის, სოსო ჯაჭვლიანისა და სხვების სახით, "ქართულ ოცნებაში" გადაბარგდა, შემდეგ კი პარლამენტში. თუმცა ამას წინ უძღვოდა დაძაბული საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, რომლის "დავარცხნილი" აუდიო-ჩანაწერიც (სულ 8 წუთი) გამოქვეყნდა, მაგრამ იქ ისეთი არაფერი იყო. "დაუვარცხნელი" ვერსია კი ასეთია:

ბიძინა ივანიშვილი: მე დაახლოებით ვიცი ყველაფერი, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, არც ერთ ქართველს თქვენი პოზიციის მიმართ პრეტენზია არ შეიძლება გააჩნდეს და ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენი გულწრფელი პოზიციისთვის ჩვენმა მთავრობამ მოახერხა და ძალიან ბევრი თქვენთაგანი სასტიკად დასაჯა.

რეზო ესაძე: უშესანიშნავეს ადამიანად მიმაჩნია ქალბატონი ნინო. თანაც გულახდილად გეუბნებით, სანამ მე მასთან ახლოს დავჯდებოდი მაგიდასთან, თითქმის თქვენი პოზიცია მეჭირა, მეც ეჭვი მქონდა მის მიმართ, როგორც უკვე იმ სივრციდან გამოსული, გარკვეული წარსულის მქონე და ასე შემდეგ… კონკრეტული რაღაც-რაღაცებით, მაგრამ როდესაც მასთან ერთად აღმოვჩნდი სივრცეში, მაპატიეთ…

ბიძინა ივანიშვილი: როგორ გეკადრებათ, ბატონო რეზო…
რეზო ესაძე: ჰო, როცა მასთან ერთად აღმოვჩნდი, ეს ისეთი სუფთა გარემოა… ეხლა, მე პოლიტიკოსი არა ვარ, მე გახლავართ რეჟისორი, მე ჩემი საზომებით ვუყურებ ხოლმე ადამიანს. ბოლოს და ბოლოს, რეჟისურასთან მოდის ყველაფერი, რასაც თქვენ ბრძანებთ, ყველაფერი რეჟისურასთან არის.
ბიძინა ივანიშვილი: კი, ბატონო.

რეზო ესაძე: ქვეყნის გამგებელი თუ რეჟისორი არაა, ის ვერაფერს ვერ გააკეთებს. აი, შემიძლია, პირჯვრისწერით გითხრათ, ეს არის უშესანიშნავესი პიროვნება.

ბიძინა ივანიშვილი: კი, ბატონო.

რეზო ესაძე: და ღმერთმა ნუ მომასწროს მე ის ამბავი… აი, გამოვიტირებ, თუ აღმოჩნდა, რომ ჩემი სიტყვები არ გამართლდა.
ბიძინა ივანიშვილი: აბსოლუტურად, მე არავითარი პრეტენზია არა მაქვს, ბატონო რეზო.

რეზო ესაძე: რაც შეეხება იმას, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის ტრაგედია, რომელიც… ნუ, რა არი ეხლა, ეს არი გენიალური ერი, გენიალური ქვეყანაა ესა, რაც არ უნდა მოხდეს, როგორი მხრიდანაც არ უნდა წარმოჩინდეს ის, ფუძეში… მე შემიძლია, დღეები დავემხო და ვილოცო მასზე, ეს გენიალური ერია. ამას ლაპარაკი არ უნდა… ყველაფერი ის, რაც ერთობისკენ მიდის და საერთო საფიცარის გამომჟღავნებისკენ მიდის, ამას არაფერი არ უშველის, გარდა ერთობისა.

ლუკა კურტანიძე: ჩვენ გვინდა, რომ როგორც პოლიტიკოსი, როგორც "სახალხო კრების" ერთ-ერთი წარმომადგენელი, ჩვენ დაწყებული გვაქვს ბრძოლა და ამ სიცოცხლის ფასად თქვენს გვერდით თანამებრძოლებად გვინდა, რათა ეს ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ, უბრალოდ ჩვენ გვინდა, თუნდაც იყოს დახურულ კარს მიღმა საუბარი იმ ადამიანთან, რომელსაც ნინო ბურჯანაძე ჰქვია. უბრალოდ შეხვედრას, მე მგონი, არაფერი წინ არ უდგას, რომ საერთო საქმისთვის გარკვეულები ვიყოთ და ის ადამიანები, ვინც "სახალხო კრების" წევრები არიან, მოუთმენლად ელოდებიან.

ბიძინა ივანიშვილი: არაფერი პრობლემა არაა, ადამიანური ურთიერთობები ყველა ქართველთან შესაძლებელია… ერთ რამეში შევჯერდეთ, მე არ მაქვს პრობლემა ქალბატონ ნინოსთან შეხვედრის, არავითარი პრობლემა არ არსებობს, გინდათ, ათჯერ შევხვდები, მაგრამ შეხვედრა შეხვედრისთვის ხომ არ უნდა იყოს, ამ შეხვედრას ხომ უნდა ჰქონდეს აზრი და გაგრძელება?

ლუკა კურტანიძე: ამ შეხვედრას აზრი ის აქვს, რომ ათასობით ადამიანი, რომელიც "სახალხო კრებასთან" ერთად დაწყებული ჰქონდა ბრძოლა, იმათ უნდათ გარკვევა, რომ აი, რაღაცა იმ ადამიანებმა კი არ უნდა მიატოვონ "სახალხო კრება" და თქვან, რომ თქვენ არაფრის გამკეთებლები არ ხართ და მე ახლა დავუმტკიცებ… მე ვამბობ, რომ ბატონი ბიძინა არ არის ის ადამიანი, თავის გუნდს ვინც მიატოვებს, აქ მოვა და მტკიცებას დაუწყებს.
ბიძინა ივანიშვილი: არა, ჩვენ ამ მიმდევრობით თუ წავალთ, ვერ გავაკეთებთ ვერაფერს.

სოსო ჯაჭვლიანი: ბატონო ბიძინა, ალბათ ბოდიშის მოხდა ყველაზე დიდი ვაჟკაცობაა და მე არ შემრცხვება არასოდეს, რომ როცა ადამიანი რაღაცაში დამარწმუნებს, მე ბოდიშს მოვიხდი.

ბიძინა ივანიშვილი: არც მე შემრცხვება და არც მეშინია. ყვე- ლას ეშლება, ვინც საქმეს აკეთებს, არ არსებობს… ღალატი არ უნდა ჩაიდინო, შეგნებული ღალატი არ უნდა ჩაიდინო, შეცდომისგან დაზღვეული ვინაა?

სოსო ჯაჭვლიანი: როცა დარწმუნდები და მიხვდები, მართლა სულელი უნდა იყო, რომ ბოდიში არ მოიხადო და მე ამით ყოველთვის ვამაყობ, თუ შემეშალა, უამრავჯერ ვიხდი ბოდიშს. შეუცდომელი მარტო უფალია. ბატონმა რეზომ და ქალბატონმა ნონამ უკვე ილაპარაკეს, რაზეც მე უნდა მელაპარაკა, ოღონდ… ერთი რაღაცის თქმა მინდა: მე ხომ შემიძლია, ჩემი აზრი მქონდეს?

ბიძინა ივანიშვილი: რა თქმა უნდა.
სოსო ჯაჭვლიანი: მე ახლა ნინოს ადვოკატობას არ დავიწყებ, მაგრამ იმ აზრს ვემხრობი, რაც ბატონმა რეზომ თქვა.
ბიძინა ივანიშვილი: პატივსაცემია თქვენი აზრი, მე ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ გულწრფელი ხართ.

სოსო ჯაჭვლიანი: მადლობა ასეთი კომპლიმენტისთვის, მაგრამ მე მინდოდა მეთქვა… აი, რაღაცა ფორმა ხომ უნდა
ვიცოდეთ ჩვენ, როცა არის "სახალხო კრება", ჩვენ ხომ პარტია არ ვართ? მარ- თლა გულწრფელად გეუბნებით, არც დეპუტატობა გვინდა, აბსოლუტურად არაფერი არ გვინდა…

ბიძინა ივანიშვილი: რომ დასჭირდეს ქვეყანას?

სოსო ჯაჭვლიანი: ჩვენ გვინდა, ისეთი ქვეყანა მივიღოთ, სადაც თითოეული ჩვენთაგანი გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენ შეგვიძლია.
ჩვენ ვიქნებით მაშინ ძალიან ამაყად და აი, ესაა ჩვენი ყველაზე დიდი პრეტენზია, რისთვისაც თითოეული ჩვენთაგანი აქ ვართ. უნდა ვიცოდეთ… აი, ახლა აქ მე რომ მოვედი, დიდი მადლობა, დაგვითმეთ დრო…

ბიძინა ივანიშვილი: პირიქით, დიდი მადლობა, რომ მოხვედით.

სოსო ჯაჭვლიანი: ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ, როგორ უნდა გავაკეთოთ და რა ფორმით ვუშველოთ ამ
ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მე ის არ მომწონდეს, ეს არ მომწონდეს და ერთს დავამატებ: რაც შეეხება ამ რეიტინგებს, მე ხალხში… არ შემიძლია, რომ გულწრფელი არ ვიყო, აქედან რომ გავალ და მერე ლუკას ვუთხრა, მე თვითონ შემრცხვება ჩემი თავის… ხალხში ცოტა სხვანაირი ლაპარაკია რეიტინგებთან დაკავშირებით, შეხვედრებთან დაკავშირებით, ყველა ადამიანს ჰგონია, რომ თავისებურად მართალია. ეს მინდოდა მეთქვა და ძალიან კარგი იქნება, რომ მე ჩემში, რაც ბრძანეთ, ამაში
დავრწმუნდე.

ნონა გაფრინდაშვილი: ამ კუთხით ერთს მეც ვიტყვი, უხერხული თუ არ გამოვა. საქმე იმაშია, რომ მე ბატონ რეზოს ვეთან- ხმები და ჩვენ ერთიანი ვართ…

ბიძინა ივანიშვილი: კარგი ხალხი ხართ ძალიან, პატივსაცემი.
ნონა გაფრინდაშვილი: ამ შემთხვევაში ჩვენზე ვერაფერი ვერ იმოქმედებს, რომ ჩვენ შორის რაღაც მოხდეს.
სოსო რეიტინგებზე რომ ამბობდა, საქმე იმაშია, რომ ფაქტობრივად ბურჯანაძეს თავისი პარტიული საქმიანობა შეჩერებული აქვს, მისი მთელი ძალები ათქვეფილია "სახალხო კრებაში". მაგალითად, მე პრინციპში, პირადად, ხმამაღლა მინდა ახლა ვთქვა: ის
სტრუქტურები, რა სტრუქტურებიც შეიქმნა, მოხდა ქალბატონი ნინოს პარტიის ეგიდით.

ბიძინა ივანიშვილი: თემურ შაშიაშვილზეც შეგიძლიათ თქვათ ორიოდე სიტყვით? ისიც მიგაჩნიათ, რომ გუწრფელია?

ნონა გაფრინდაშვილი: ყო- ველ შემთხვევაში, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლაში – კი… დარწმუნებული ვარ, არ დაიხევს არაფერზე უკან. ნინოს თავისი პარტიული საქმიანობა შეჩერებული აქვს, მან ერთი ინტერვიუ მისცა, რომელიც ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ძალიან გაგვიხარდა, სადაც წერს: მას არავითარი პრეტენზია არ გააჩნია, ამბიცია, რომ იყოს კოალიციაში. ის მზად არის, თავისი პარტიული საქმიანობა განზე გასწიოს და "სახალხო კრებასთან"… ათასნაირი ფორმები არსებობს, ხომ? ჩვენ ძალიან სერიოზული ძალები გაგვაჩნია რეგიონებში.

ლუკა კურტანიძე: ბატონო ბიძინა, "სახალხო კრების" და ჩვენი ლიდერი არის ქალბატონი ნინო.

როგორც ხედავთ, ამ საუბარში არის ხვეწნაც, მუდარაც, თხოვნაც, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვდეს ნინო ბურჯანაძეს და
დაელაპარაკოს. ივანიშვილი თანახმაა, ოღონდ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვისო. მას თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტი- ლი, ქალბატონ ნინოსთან არ უნდა ეთანამშრომლა და ამიტომაც დაიკავა ასეთი პოზიცია. თუმცა მოგ- ვიანებით პატივსაცემი ადამიანების თხოვნა გაითვალისწინა, თავის ბიზნეს-სასახლეში მიიწვია, ხელიც ჩამოართვა, ესაუბრა კიდეც, მაგრამ აზრი მაინც არ შეიცვალა.

სიტუაცია წარიმართა ისე, როგორც ივანიშვილს სურდა – გოგი ქავთარაძე, სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე ბურჯანაძეს დაემშვიდობნენ. ნონა გაფრინდაშ- ვილმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა უარი თქვა პარლამენტის წევრობაზე, მაგრამ მათ აღარც
"სახალხო კრებაში" გაუგრძელე- ბიათ მუშაობა, ეს ორგანიზაცია მალევე დაიშალა.

(გაგრძელება იქნება)


скачать dle 12.0