სრული კატასტროფაა - საქართველოს განათლების სისტემა ეს არის ერთი დიდი სიყალბე და ეს სიყალბე იწყება სკოლიდან

საერთო გაზეთს“ ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე და ექსპერტი განათლების საკითხებში ზურაბ ვახანია ესაუბრა:

– ბატონო ზურაბ, დიდი ხანია საუბრობენ, რომ სახელმწიფო ეტაპობრივად ახორციელებს უნივერსიტეტების შემცირების პოლიტიკას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველწლიურად რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი ავტორიზაციას კარგავს და ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში14 569 ვაკანტური ადგილი დარჩა, ეს ვარაუდი უსაფუძლო არ უნდა იყოს.

– უმაღლეს სასწავლებლებში თავისუფალი ადგილების დარჩენის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ცოდნის დონე წლიდან წლამდე იკლებს და აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება სულ უფრო მეტად უჭირთ. სამწუხაროდ, რაც უფრო მეტი დრო გადის, განათლების სისტემის ყველა საფეხურზე მდგომარეობა უარესდება. მარტო სკოლებში კი არა, უკვე მაგისტრატურაშიც კატასტროფაა. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მაგისტრანტებმა და ზოგ შემთხვევაში დოქტორანტებმა ისეთი საკითხები არ იციან, რაც ჩემი წარმოდგენით, მე 8 და მე 9 კლასელმა მოსწავლემ უნდა იცოდეს.

– როგორც ჩანს, ხარისხიანი განათლების მისაღწევად მხოლოდ განათლების მინისტრებისა და ხელისუფლებებისა ცვლა საკმარისი არაა. თქვენი აზრით, რა არის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების ხარისხია გაუარესების მიზეზი?

– გაუარესდება აბა რა იქნება, როცა უნივერსიტეტებში სრულიად მოუმზადებელი ბავშვები აბარებენ, რომლებსაც არავითარი საფუძველი არა აქვთ. ჩვენთან უმაღლესი განათლება სავაჭრო დახლად არის ქცეული და ყველა, ვინც ფულს გადაიხდის, დიპლომს იღებს. ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საზღვრები რომ გაიხსნა, ქართველი ახალგაზრდა ამერიკაში გაცვლითი პროგრამით გაგზავნეს. ერთხელ შეესწრო, რომ მისი მასპინძელი ოჯახის შვილი, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში აბარებდა, საგამოცდო ტესტს თავის სახლში ავსებდა და უნივერსიტეტს ინტერნეტით უგზავნიდა. ჩვენებურმა გაოცებით იკითხა ეს როგორი გამოცდაა, ხომ შეიძლება ვინმე დაიხმარო და რას მიხვდებიან შენ გააკეთე თუ სხვამო. ამერიკელი გაოცდა – რაში მჭირდება ამის გაკეთება, ეს ტესტი მაჩვენებს რამდენად მზად ვარ უნივერსიტეტში სწავლისთვის და თუ მზად თუ არ ვარ, ტყუილად წლები რატომ უნდა დავკარგოო? აი, ეს არის საღი აზროვნება. ჩვენთან კი უნივერსიტეტში ჩაბარება კი არა, თუ საკმარის ფულს გადაიხდის, ადამიანი დისერტაციას დაიცავს და მერე თანამდებობაზე ან ექსპერტად მოგვევლინება. უკვე გამოჩნდა ასეთი ექსპერტების თაობა, მაგრამ 5 წლის მერე უარესი იქნება. სწორედ ამ ე.წ. ექსპერტების გამო მოხდა ის, რაც სახელმძღვანელოების გრიფირებაზე მოხდა, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა.. გაუგებარია, ვის რაში ჭირდება ამდენი დიპლომიანი უვიცი? კომუნისტების დროს, როცა საქართველოში ორჯერ მეტი ახალგაზრდა და თითქმის 100%-იანი დასაქმება იყო, უმაღლეს სასწავლებლებს წელიწადში 8000 ახალგაზრდა ამთავრებდა. დღეს, როცა იმ დროსთან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობა განახევრებულია, ჩვენი ეკონომიკისა და დასაქმების მქონე ერისთვის 4 000 კურსდამთავრებულიც საკმარისია. ყოველწლიურად 1500 ახალგაზრდა რომ იურისტის დიპლომს აიღებს, იმათ რა უნდა აკეთონ? რეალურად, ამ უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა ცოდნის მიცემის კი არა, ახალგაზრდების მოტყუების და ცხოვრების გამრუდების გზაა. ფიქრობთ, რომ იქ რამეს ასწავლიან? ამასწინათ, ერთ-ერთ უნივერსიტეტში რაღაც გამოკითხვა იყო და ეკონომისტებმა პროცენტი ვერ გამოთვალეს. ეკონომისტმა პროცენტის გამოთვლა რომ არ იცის, მისგან რა სპეციალისტი უნდა გამოვიდეს?

– თქვენი აზრით, სახელმწიფოს რაში ჭირდება სტუდენტების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდა? ეს ხომ ბიუჯეტიდან ტყუილად გადაყრილი ფულია?

– პირიქით, ბიუჯეტის დაფინანსებას სტუდენტების ძალიან მცირე ნაწილი იღებს. ალბათ სწორედ ის 4000 და უფრო ცოტა, დანარჩენებმა კი ფარატინა წაღალდი რომ აიღონ, ოჯახები უკანასკნელ ძროხას და ზოგჯერ სახლ-კარს ყიდიან და ბანკის სესხებს იღებენ. საბოლოოდ, ვერც ცოდნას იღებენ და რაც აქვთ, იმასაც კარგავენ. სახელმწიფო ფულს აძლევს კი არა, ამ ხალხისგან ქაჩავს ფულს. ასეთმა ახალგაზრდამ უკვე საქმის კეთება აღარ იცის და მხოლოდ სიყალბეზეა ორიენტირებული. ყალბი დიპლომი რომ აქვს, თავი მართლა უმაღლესდამთავრებული ჰგონია და ელის, როდის მოაწყობენ სადმე დირექტორად. ის უკვე მოქალაქედაც არ ვარგა, რადგან მთლიანად დამახინჯებული აზროვნება აქვს. წლების მანძილზე ვითომ გამოცდებს აბარებდა, ვითომ ნიშნებს იღებდა, ვითომ დიპლომიც აიღო და სინამდვილეში, წესიერად რომ ჩაუტარო, მე 6 კლასის გამოცდებს ვერ ჩააბარებს. ეს არის თაობების და საქართველოს მომავლის გაუბედურება.

– თავის დროზე, როცა უმაღლესი სასწავლებლები ნაწვიმარზე სოკოსავით მომრავლდნენ, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ხელისუფლება ამ გზით ახალგაზრდების ქუჩიდან მოწყვეტას და სწავლით დამაგრებას ცდილობდა..

- რომელ სწავლაზე მელაპარაკებით, რომელიც არ არსებობს? ან ქუჩას როგორ მოწყვიტეს, როცა სტუდენტები ლექციებზე არ დადიან და მაინც ქუჩაში დგანან. ამას ქვია ქუჩას მოწყვეტა?

– ისევ სკოლის პრობლემებს დავუბრუნდეთ. წლებია საუბრობენ იმაზე, რომ მე 12 კლასელები სკოლაში არ დადიან და ბიუჯეტის მილიონები წყალში იყრება, მაგრამ მეთორმეტე კლასს მაინც არ აუქმებენ..

– არ აუქმებენ იმიტომ, რომ ბოლონიის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ზოგადი განათლება მინიმუმ, 12 წლიანი უნდა იყოს, მაგრამ მარტო მე 12 კლასზე რატომ ვლაპარაკობთ? სხვა კლასებში დადიან და სწავლობენ? თავად განათლების სამინისტროს ჩატარებული კვლევის შედეგები სრული კატასტროფაა და ამიტომ ასაიდუმლოებენ. დასკვნის მიხედვით, მეოთხე კლასის შემდეგ მოსწავლეების უმეტესობა მომდევნო კლასში სწავლისთვის მზად არაა. გამოდის, რომ ბავშვების ნახევარზე მეტი მეექვსე და შემდგომ კლასებში ტყუილად დადის. პედაგოგიკა ძალიან თანმიმდევრული მეცნიერებაა. ათასში ერთია განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი, რომელსაც სულ რომ არ ასწავლო, მაინც ისწავლის. საშუალო დონის მოსწავლემ კი ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა გაიაროს. გამოდის, რომ მეექვსე კლასში მოსწავლეების 50% ტყუილად დადის, მე 7-მე 8 კლასში უკვე 80% დადის ტყუილად იმიტომ, რომ მეექვსე კლასის პროგრამა არ უსწავლია და რაღა მე 12 კლასზე ვლაპარაკობთ? წესით, მეათე კლასში უნდა მოხდეს სერიოზული პროფილირება სხვანაირად შეუძლებელია. მსოფლიოში არ არსებობს მეტ-ნაკლებად განვითარებული განათლების სისტემა, რომელშიც ყველა ბავშვი ერთად ზის მეათე კლასში. არ ხდება ასეთი რამე და ჩვენ სასწაულს შევძლებთ? 

– ყოველწლიურად, ავტორიზაციას რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი კარგავს და ასე თუ გაგრძელდა, სტუდენტთა რაოდენობა ზოგადი უნარების „დახმარების “ გარეშეც შემცირდება.


– მაინც ძალიან ბევრია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამდენი უნივერსიტეტის სამყოფი პროფესურაც არ გვყავს. მართლა პროფესორი და კვალიფიციური სპეციალისტი რასაც ქვია, სანთლით არის საძებნი. ისიც საინტერესოა, რატომ არ უტარებს სახელმწიფო უნივერსიტეტების მასწავლებლებს გამოცდებს სკოლის მასწავლებლების მსგავსად? რატომ არავის აინტერესებს ნამდვილად მზად არის თუ არა ადამიანი იმისთვის, რომ სტუდენტს ასწავლოს? ხუთჯერ დავსვი ეს საკითხი სამინისტროში, და არავინ შეისმინა. თუმცა, ვინ უნდა შეისმონოს, როცა საქმის მცოდნე არავინ ჰყავთ და ნამდვილ ექსპერტს და სპეციალისტს გვერდით არ იკარებენ? ამიტომ არის ჩვენი ე.წ. განათლების სისტემა ერთი დიდი სიყალბე და ეს სიყალბე იწყება სკოლიდან. ახლა სასწავლო გეგმების საკითხი.. იცით, რას ასწავლიან სტუდენტებს? იმას კი არა, რაც სტუდენტს ჭირდება, რაც მასწავლებელს ურჩევნია იმას და ამაზე არავითარი კონტროლი არ არსებობს.. ათი სტუდენტიდან სამი და ოთხი რომ მონდომებულია და სხვებთან შედარებით, სწავლა შეუძლია, ისიც ვერ სწავლობს, იმიტომ, რომ არაპროფესიონალი მასწავლებელი უსარგებლო რამეებს ასწავლის. ამიხსნას ვინმემ, რატომ შეინარჩუნეს ნაციონალების კადრები სამინისტროში და სკოლის დირექტორებად? განათლების სისტემაში ნახევარზე მეტი მათი კადრია.

– ალბათ იმიტომ, რომ ნაციონალების შემდეგ მოსული ხელისუფლების პირველი განათლების მინისტრმა ამ კადრების შენარჩუნება ბრძანა.

– მერე რა? დღეს ხომ აღარ არის გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ სახე? მაშინ ვისი პოზიციაა ეს? იმისი ხომ არა, ვინც „ქართულ ოცნებასაც“, მარგველაშვილსაც და ნაცებსაც მართავს? ასე მივადგებით იმ საკითხს, რომელსაც ტაბუ ადევს. შუა რგოლს არ ენაღვლება ეს ყველაფერი, მას მხოლოდ პირადი სარგებელი აქვს და იმის იქით, თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა. მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომლისთვისაც ძლიერი და განვითარებული საქართველო ხელსაყრელია. ეს ჩვენთვისაა დამღუპველი, თორემ ეკონომიკურად დასუსტებული ერი და მარიხუანით გამოდებილებული ახალგაზრდობა ადვილად სამართავია და ყველას ხელს აძლევს.იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ და ეს ყველაფერი კანონზომიერია.

ნელი თორდია
скачать dle 12.0