ქალბატონი, რომლის თავგადასავალი მისი სამშობლოს თავგადასავალს ჰგავს

რა ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ნიკო ნიკოლაძის და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალს იმ ბნელი ძალების ნაშიერები უპირისპირდებიან, რომლებმაც 
ასი წლის წინათ საქართველოს დამოუკიდებლობას სისხლიანი წერტილი დაუსვეს


ასი წელი ცოტა არ არის - მთელი საუკუნეა, მაგრამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შექმნილ მდგომარეობას რომ აკვირდები, შეიძლება დაასკვნა, რომ ასი წელიც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო იმ ბნელი ძალებისგან გათავისუფლებუილიყო, რომლებმაც დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრეს. 

ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ამ ასი წლის განმავლობაში. გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველომ ხელახლა მოიპოვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ ამ საერთაშორისო იურიდიული სტანდარტებით, სუვერენულ და დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოში, ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში კვლავ განუზომლად ფართოა იმ პოლიტიკური ძალების ნარჩენების სამოქმედო ასპარეზი, რომლებმაც ჯერ სასქართველოს დამოუკიდებლობას გამოუტანეს განაჩენი, შემდეგ კი 70 წელი მართავდნენ საბჭოთა საქართველოს.

განა პარადოქსი არ არის, დღეს, 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკო ნიკოლაძისა და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალს პრეზიდენტობას უღმერთოთა კავშირის თავმჯდომარის შვილიშვილის, მიხეილ სააკაშვილის, ფავორიტი, სსრკ-ის პოლიტიკურ ლაბორატორიაში გამოჩეკილ-გამოჯეკილი, სსრკ-ის უშიშროების სამსახურებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის სტაჟის მქონე გრიგოლ ვაშაძე ეცილებოდეს?

"ეს დიდი პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე, ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც 100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩემს ოჯახში და არა მხოლოდ ჩემს ოჯახში, ვინც საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნებოდა, მაგრამ ვერც პრეზიდენტი გახდა, ვერც პარლამენტარი, სახელმწიფოს ვერ ემსახურნენ, რისთვისაც ჩემზე მეტად მზად იყვნენ. ამ ადამიანების გამო ვთვლი, რომ ამ მომენტში ასეთ გამოწვევაზე უარის თქმა არ შეიძლება. ესაა ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზია", _ თქვა სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

თუ ქალბატონი სალომე გრძნობს პასუხისმგებლობას თავისი წინაპრებისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც 100 წლის წინათ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, რატომ ვერ გრძნობს ამ პასუხისმგებლობას დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და მისი ცესკო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ისეთი ბიოგრაფიის ადამიანს არეგისტრირებს, როგორიც გრიგოლ ვაშაძეა?

ადამიანი მის მიერ განვლილი გზით, მისი ბიოგრაფიით ფასდება.

ამ ორი ადამიანის, სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიების შედარება ნათელს ხდის, როგორ განსხვავებულ იდეებს და იდეალებს ემსახურებოდნენ ეს ადამიანები.

სალომე ზურაბიშვილი

დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი 1972 წელს, 1973 წელს კოლუმბიის (ნიუ-იორკი) უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს _ პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.

1974–1977 წწ. იყო საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანი რომში; 1977–1980 წწ. _ საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივანი გაეროში; 1980–1984 წწ. _ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელი; 1984–1988 წწ. _ საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი ვაშინგტონში; 1988–1989 წწ. _ ვენაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველი მდივანი; 1989–1992 წწ. _ საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი ჩადის რესპუბლიკაში; 1992–1993 წწ. _ ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პირველი მდივანი (ბრიუსელი); 1993–1996 წწ. _ დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე (ბრიუსელი); 1996–1998 წწ. _ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი; 1997–1998 წწ. _ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტორი; 1998–2001 წწ. _ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების სამმართველოს თანამშრომელი; 2001–2003 წწ. _ საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა ხელმძღვანელი; 2003–2004 წწ. _ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; 2004–2005 წწ. _ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2006 წლიდან არის საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი, 2010 წლიდან _ გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი და ა. შ. და ა. შ.

გრიგოლ ვაშაძე
პარტიული ფუნქციონერის შვილი (ბატონი გრიგოლის მამა საბჭოთა საქართველოში მინისტრი გახლდათ), სსრკ-ის მთავარი ბანკირის, საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოხელის ვლადიმერ ალხიმოვის ყოფილი სიძე, რომელმაც, როგორც ამბობენ, სწორედ თავისი გავლენიანი სიმამრის წყალობით მიაღწია თავბრუდამხვევ წარმატებებს კარიერაში, გრიგოლ ვაშაძე, ერომელსაც საბჭოთა კავშირის ყველაზე გასაიდუმლოებული, ყველაზე დახურული დარგის, ატომური მრეწველობის, ერთ-ერთი კურატორის ფუნქცია ეკისრა, გრიგოლ ვაშაძე, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც დიდხანს კბილებით ებღაუჭებოდა რუსეთის მოქალაქეობას და რომლისთვისაც რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის კატეგორიული წინააღმდეგი იყო რუსეთის დუმა, დღეს საქართველოს პრეზიდენტობას აპირებს.

ვაშაძე კი აპირებს, მაგრამ საქართველოში რატომ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ, რაც არ უნდა ეცადოს, რაც არ უნდა მოინდომოს, პატივცემული გრიგოლი ვერასოდეს გაწყვეტს იმ ჯაჭვს, რომლითაც ის თავის დროზე რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს სამუდამოდ მიაბეს, საიდანაც თავის დაღწევას საყოველთაოდ ცნობილ გარემოებათა გამო ვერასოდეს შეძლებს.

- რუსეთი ოკუპანტია! რუსეთი საქართველოს მტერია! – ქართული სახელმწიფოს მთავარ ლოზუნგად გამოფენილი ამ სლოგანის ფონზე ჩვენ რუსული პოლიტიკის კალთაში გაზრდილი ვაშაძის საქართველოს პრეზიდენტად არჩევა გვინდა?!

განა სასაცილო და, იმავე დროს, სატირალი არ არის, როდესაც ქართული მედიასაშუალებების, ქართველი პილიტიკოსების და ქართველ ამომრჩეველთა ერთი ნაწილი მთელი სერიოზულობით ლაპარაკობენ იმაზე, რომ თუ გვინდა, საქართველოს წინსვლა და წარმატება, პრეზიდენტად აუცილებლად რუსული პოლიტიკირ ძუძუთი ნაკვები ვაშაძე უნდა ავირჩიოთ.

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი კი უფრო შორს მიდის და ვაშაძის გაპრეზიდენტებას მზის ამოსვლას ადარებს.
რა ჭირს ამ მზეს საქართველოში, სულ ჩრდილოეთიდან რომ ამოდის?

ვაშაძეს რომ თავი დავანებოთ, დღემდე ისიც კი არ ვიცით ზუსტად, სინამდვილეში ვინ არის თავად მიხეილ სააკაშვილი, 37-იან წლებში უღმერთოთა კავშირის თავმჯდომარის, დიდი მიხეილ სააკაშვილის შვილიშვილი, რუსეთის სპეცსამსახურების მაღალჩინოსნის თემურ ალასანიას დისშვილი, სიტყვით რუსეთის მტერი, მაგრამ საქმით რუსული ინტერესების გამტარებელი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20% ხონჩით მიართვა რუსეთს, თავისი მმართველობის პერიოდში ხელი შეუწყო რუსული ბიზნესის გაძლიერებას საქართველოში და ა. შ.

დღემდე არც სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ კითხვას გასცემია პასუხი, თუ რა იყო ამ ომის ნამდვილი მიზეზი – პროვოკაციის აყოლა და შენს ტერიტორიაზე შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება? უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როცა საქართველომ სამოცდაათწლიანი ინტერვალის შემდეგ ხელმეორედ მოიპოვა დამოუკიდებლობა, ხშირად ისმის მოთხოვნა, რომ აუცილებელია ქვეყანამ მიიღოს ლუსტრაციის კანონი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, თავიდან აგვერიდებინა სახელმწიფო სტრუქტურებში საკვანძო პოსტებზე იმ პირთა საქმიანობა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს აქტიურად თანამშრომლობდნენ (ან მუშაობდნენ) სსრკ-ის უშიშროების სისტემაში, ეწეოდნენ აგენტურულ საქმიანობას, იკავებდნენ მაღალ პარტიულ პოსტებს და ასე შემდეგ.

ამ კანონის მიღება აქამდე ვერ მოხერხდა, რის შედეგადაც დღემდე არ ვიცით, ვინ ვინ არის, ვინ რა საიდუმლო კავშირით არის დაკავშირებული სსრკ-ის სამართალმემკვიდრის – რუსეთის, სპეცსამსახურებთან, ვინ იყო და ვინ არის ჩაბმული იმ აგენტურულ ქსელში, რომელიც, დარწმუნებული ვართ, ძალზე ფართო და მრავალრიცხოვანია.

მოკლედ რომ მოვჭრათ, ამ მიმართულებით სრული განუკითხაობა და სრული წყვდიადია.

სწორედ ამის ბრალია ის, რომ გრიგოლ ვაშაძეს, გნებავთ, მიხეილ სააკაშვილს, "ნაცმოძრაობის" იდეოლოგიურ შტაბს, "რუსთავი2"-ს, სხვებს და სხვებს, ურცხვად და უტიფრად შეუძლიათ, სალომე ზურაბიშვილს ან ვინმე სხვას, წესიერ და პატრიოტ ქართველს, რუსეთის აგენტის იარლიყი მიაწებონ, ეს იმ დროს, როცა მათ მიერ გაკეთებული საქმეების მიხედვით, თამამად შეიძლება დავასკვნათ, რომ სწორედ თვითონ არიან კრემლის ფარული მოკავშირები და საიდუმლო ემისრები.

განა ტრაგიკომედია არ არის, როცა სალომე ზურაბიშვილს, რომლის აქტიური მონაწილეობით რუსეთის ბაზები საქართველოდან იქნა გაყვანილი, მოღალატეს და რუსეთის აგენტს ეძახდნენ ისინი, ვინც რუსული ჯარები უკან შემოაბრუნა საქართველოში.

ეჭვმიუტანლად, დადასტურე- ბულად შეიძლება ითქვას, რომ იმ 46 კანდიდატიდან, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტობაზე აპირებენ კენჭის ყრას, თუ ვინმე შეიძლება რუსეთის ფავორიტად ჩაითვალოს, ეს არის გრიგოლ ვაშაძე, რუსეთის პოლიტიკური სკოლის აღზრდილი, ფაქტობრივად, რუსი პოლიტიკოსი ქართული გვარსახელით, რომელსაც "დიდი უბედურება" რომ არ დატყდომოდა თავს და საბჭოთა კავშირის რომ არ დაშლილიყო, ახლაც მოსკოვში იქნებოდა და არც კი გამოიხედავდა საქართველოსკენ.

აი, ასეთი წარსულის კაცი და მისი გუნდის წევრები დღეს სხვებს ეძახიან რუსეთის აგენტებს და ეს კანონზომიერია - როცა თვითონ ხარ აგენტი, როცა თვითონ ხარ მოღალატე, შენი მოღალატეობა და აგენტობა რომ დამალო, სხვას უნდა დასდო ბრალი აგენტობაში და ქვეყნის ღალატსა და ორგულობაში უნდა "ამხილო".

როცა ამხანაგი გრიგოლი კომპარტიაში შესვლაზე "ჩალიჩობდა" და თავისი გავლენიანი სიმამრის დახმარებით რუსული პოლიტიკის ლაბირინთებში გზას იკვლევდა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი სამშობლოსკენ ცდილობდა გზის გაჭრას.

მან ეს მხოლოდ 35 წლის ასაკში მოახერხა.

სალომე ზურაბიშვილი:
"საქართველოში ჩამოსვლა დენი წელი აკრძალული მქონდა, ჯერ საბჭოთა წყობის, მერე უკვე პირადად ვიზის აკრძალვის გამო. პირველად რომ ჩამოვედი, 35 წლის ვიყავი. გული მწყდება, მამაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოესწრო დამოუკიდებელ საქართველოს.

პოლიტიკაში მოსვლა არასდროს მდომებია, სამაგიეროდ, საქართველოს სამსახურში ყოფნის ჟინი მომყვება, როგორც მუდმივი სწრაფვა. ახალგაზრდობაში მე და ჩემი მეგობრები დემონსტრაციებს ვაწყობდით საბჭოთა ლიდერების ჩამოსვლის გასაპროტესტებლად, ხან სტატიებს ვწერდით, ხან მიმართვებს ქართულ ენაზე, რომელსაც ვავრცელებდით ჩვენი მცირე საშუალებებით, გაზეთს ვუშვებდით ("ამირანი" ქართულ ენაზე), მერე დისიდენტური მოძრაობა გაჩნდა, გამსახურდიასა და კოსტავას წერილებს ვთარგმნიდით და ვავრცელებდით სხვადასხვა ევროპულ უწყებებში… ვიღაცებს მიაჩნდათ, რომ ცოტა არანორმალური ვიყავი, იმდენად შეპყრობილი ვიყავი ამ ერთი იდეით. იმ დროს, როდესაც ახალგაზრდა გოგო თავის პირად ცხოვრებაზე უფრო უნდა ფიქრობდეს".

საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველების ემიგრაციაში იძულებით წასული შვილებისა და შვილიშვილების დაბრუნებას სამშობლოში სწორედ ის სისტემა უქმნიდა გადაულახავ ბარიერს, რომელსაც ვაშაძეები ყურმოჭრილი მონის ერთგულებით ემსახურებოდნენ.

უსამართლობა, უფრო ზუსტად, ბედის დაცინვა და ცინიზმი არ არის, დღეს იგივე ვაშაძეები, გნებავთ, სააკაშვილები თუ პარტიული ნომენკლატურის და საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენელთა ნაშიერები ამ სხვისი სიცოცხლის, სხვისი სისხლის და თავგანწირვის ფასად მოპოვებულ დამოუკიდებელ საქართველოს კვლავ თავზე უპირებდნენ წამოჯდომას?

თუმცა რაღა უპირებდნენ - ისინი არც ჩამოსულან საქართველოს კისრიდან - დამოუკიდებლობის მიღებიდან ერთი წლის თავზე ტყვიით და ცეცხლით მობრუნდნენ უკან, სახელად დემოკრატები დაირქვეს, ორიენტაცია შეიცვალეს - პროდასავლურები გახდნენ, თუმცა მორიელისა არ იყოს, ზნეს და ხასიათს ვერაფერი მოუხერხეს.

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, მისი პრინციპებიდან და პოზიციიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს იმ უმსგავსობის დამთავრებას, რაზეც ამ წერილში ვილაპარაკეთ.

დროა, თუნდაც ასი წლის შემდეგ, ისტორიული სამართლიანობა აღდგეს!


ვახტანგ ხარჩილავა
скачать dle 12.0