გელა ზედელაშვილი: "ღალატის ანატომია"

ვინ, როგორ და რატომ უღალატა ბიძინა ივანიშვილს?
(გაგრძელება. დასაწყისი "ს.გ" N28-32)

ვიგინდარა “ნაციონალები” ბიძინა ივანიშვილს ხშირად ადანაშაულებენ, რუსი ოლიგარქია და თანაც პუტინის მონა, პოლიტიკაში მოსვლის დღიდანვე გაიძახის, 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყოო. რასაკვირველია, სააკაშვილის ხელის ბიჭებმა ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ თავიანთ მომხრეებს და საზოგადოების გაუთვითცნობიერებელ ნაწილს მაინც აბოლებენ, ანუ კოკას ყურს იქიდან აბამენ, საიდანაც აწყობთ. ივანიშვილის პირველ წერილში, რომელსაც ასე ხშირად ვახსენებ, არის ერთი საინტერესო ფრაგმენტი ამ ომთან დაკავშირებით. გთავაზობთ მცირე ამონარიდს, სადაც მიმართავს ვანო მერაბიშვილს:
“გახსოვს, ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი, რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება. ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ.

ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ. მე მაშინ შევძელი, ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც გამოხატავდი ჩემი მისამართით. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც გეგმავდა, წმინდა წყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა:

– ხომ შეიძლება თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა ვქნათო?
– სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქოთ ეს ტერიტორია, ხელი არ ახლოთ არაფერს-მეთქი, — გავაფრთხილე.

მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა”.

რა თქმა უნდა, საქართველოს წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო ჯერ კიდევ 1801 წელს, შემდეგ 1921 წელს, შემდეგ 1993 წელს… ბოლო-ბოლო, 1991 წლის მიწურულს სამოქალაქო ომი გაგვაჩაღებინეს რუსთაველზე, მაგრამ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ხროვა იყო აჟიტირებული — ბოკერიები, მერაბიშვილები, უგულავები და სხვები რატომღაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ტაშ-ფანდურით შევიდოდნენ ცხინვალში და ოკუპანტები ამას გაატარებდნენ, თვალებს დაიბრმავებდნენ. განა საქართველოში იყო ვინმე ნორმალური, ვისაც არ უნდოდა ქვეყნის გამთლიანება, ტერიტორიების დაბრუნება? არ იყო, მაგრამ ჩვენ კვლავაც უშედეგოდ დავიცალეთ სისხლისგან. სხვათა შორის, აგვისტოს დასაწყისში ბევრ “არანაციონალსაც” სჯეროდა, რომ რუსები ცხინვალს დათმობდნენ. საიდან ჰქონდათ ასეთებს ასეთი ინფორმაცია, ვერ გეტყვით. გარკვეულ წრეებში მიმტკიცებდნენ, ეს საკითხი მაღალ დონეზეა გადაწყვეტილი, სააკაშვილმა ჩააწყო, ამერიკელებიც მხარს გვიჭერენ, ესე იგი, მათთანაც შეთანხმებულიაო. მე საპირისპიროს ვამბობდი — თუ ოკუპანტები ამას გაგვიტარებენ, მაშინ რამდენიმე დღეში მთელი ჩრდილოეთი კავკასია აუჯანყდებათ-მეთქი. მხოლოდ დღეს კი არა, მომავალშიც ასე იქნება, რუსეთი, სანამ ამ სახით არსებობს, არ დაუშვებს პრეცედენტს, ვინმემ ტერიტორია ომით გამოგლიჯოს, რადგან ეს ყველა თავისუფლებისმოყვარე ერს წაახალისებს, უპირველესად კი ჩეჩნებს.

ბევრმა არ იცის, ბევრს არ ახსოვს, რა უბედურება დატრიალდა ჩეჩნეთში 1990-იან წლებში, როგორ გაიჟუჟა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი და მერე რა, რა მიიღო ამით გმირმა ერმა? არაფერი, მხოლოდ რამზან კადიროვის ხელისუფლება, რომელიც ვლადიმერ პუტინს უძვრება ერთ ადგილას დღეგამოშვებით. მიხეილ სააკაშვილმა მოინდომა გმირობა, მაგრამ საამისოდ არც ბაზა ჰქონდა, არც შესაძლებლობა და არც ნიჭი. თუმცა, ვიმეორებ, ჰქონდა ავადმყოფური ლტოლვა, სიშლეგე, სურვილი, რომ რაღაცნაირად აელაპარაკებინა მსოფლიო პრესა. როგორც აალაპარაკა, ვნახეთ და ისიც ვნახეთ, როგორ გამოიტანა მისმა უწმინდესობამ ცხინვალის ქუჩებში წამოკრეფილი ქართველი ბიჭების უკვე გახრწნილი ცხედრები. ომამდე რამდენიმე დღით ადრე პირადად ვესაუბრე “ნაციონალების” ერთ-ერთ ლიდერს, შოთა მალაშხიას, რომელიც მიმტკიცებდა, დღეს საქართველოს ისეთი შეიარაღება აქვს, ისეთი ჯარი ჰყავს, თავისუფლად შეუძლია, კრემლის თავზე ქართული დროშა ააფრიალოსო.

ვახ, ბატონო შოთა, მაშაყირებთ-მეთქი? რას ამბობ, როგორ გეკადრება, ამას საკუთარი თვალით ნახავო. ვნახე, ბატონებო, ვნახე, როგორ გარბოდნენ დიდი სარდლები წითელი ხიდისკენ და კახეთის მიმართულებით, რათა ოჯახებთან ერთად თავი სასომხეთისთვის და აზრებაიჯანისთვის შეეფარებინათ. დიახ, ვნახე, როგორ ღეჭავდა ჩემი მთავარსარდალი ჰალსტუხს "ბი-ბი-სი"-ს პირდაპირ ეთერში ჩართვამდე და შემდეგ როგორ გადახნა ცხვირით გორის ქუჩები. მახსოვს, საქართველოს მწერალთა კავშირის იმჟამინდელი თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი მიყვებოდა ომის დღეებში, აღარ შემიძლია, მაღალჩინოსნები მირეკავენ და მთხოვენ, შენ სომხეთსა და აზერბაიჯანში გავლენიან მწერლებს იცნობ, გადარეკე, იქნებ ოჯახებით მიგვიღონ და დაგვაბინავონო. კარგად გაიგონეთ? თავშესაფარს ეძებდნენ, ეს ოხრები, ეს მოღალატეები!

აი, ამაზე ამბობს ბიძინა ივანიშვილი, წელიწადნახევრით ადრე ველაპარაკე გიგა ბოკერიას, ლამის ვეხვეწე და ძლივს გადავაფიქრებინე, მაგრამ შემდგომში მაინც წამოაგეს პროვოკაციაზე მთელი ქვეყანაო. 2008 წლის პროვოკაცია, რასაკვირველია, ერთ დღეს არ დაწყებულა, რატომღაც აღარ ახსენებენ 2004 წლის ამბებს, როცა “სარდალ” ირაკლი ოქრუაშვილის მეთაურობით საცდელი შეტევა განახორციელეს. 

დღეს ხშირად ამბობენ, სააკაშვილმა კარგად დაიწყო და ცუდად დაამთავრა, დაახლოებით 2006 წლამდე ნორმალური იყოო. არ დაიჯეროთ, არც ის და არც მისი გუნდის წევრები ნორმალურები არასოდეს ყოფილან, ისინი ყოველთვის ფიქრობდნენ რაღაც არაორდინალურ ბოროტებაზე, რაც აალაპარაკებდა მსოფლიო მედიას. არ ვიცი, რამდენად მართალია, მე არ მაქვს საუბრის ჩანაწერი, მაგრამ სანდო წყარო მიყვება, როდესაც ამათ ზურგი გაიმაგრეს, მაშინვე დაიწყეს არაერთ სისულელეზე ფიქრი სერიოზული ტონითო. მაგალითად, ყოფილა ასეთი მომენტი: სააკაშვილთან შეიკრიბნენ ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და კიდევ რამდენიმე “ბალვანი”. ვანოს უთქვამს, ეს კარგია, ამერიკელები და ევროპელები პატივს რომ გვცემენ, მაგრამ ანგარიშს მაინც არ გვიწევენო. მიშაც დაფიქრებულა, შენ მართალი ხარ, რაღაც ისეთი უნდა გავაკეთოთ, ანგარიშგასაწევ ძალად ჩაგვთვალონ და რაღაცები გვკითხონო. ვანოს წამოუყენებია წინადადება, სასტუმრო “აჭარის” ადგილზე ისეთი “ტრიუმფალური თაღი” ავაშენოთ, ფრანგებმაც რომ პირი დააღონო. ამ წინადადებაზე კეზერაშვილს გაუცინია (მაინც ეშმაკია), თაღი რა ფეხებად გვინდა, მაგის გამო ანგარიშს ვინ გაგვიწევსო? ვანო გაჯიქებულა, მაშინ ატომური ბომბი ვიყიდოთ, დღეს ვისაც ბირთვული იარაღი აქვს, მარტო იმათი ეშინიათო. მიშა გაოცებულა, ჭკვიანი რომ იყავი, ვიცოდი, მაგრამ ეგეთი გენიოსი მაინც არ მეგონეო. ოქრუაშვილს უთქვამს, თქვენ ნაღდად შიგ გაქვთო, წამომხტარა და გამოუჯახუნებია კარი. თუ ეს არ გჯერათ, მაშინ საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას ჰკითხეთ, როგორ ჰქონდა “ჩახვეული” ვანო მერაბიშვილს, ნეტა ბათუმი რომ დავბომბოთ, რა მოხდებაო? ეს ის დროა, აჭარას რომ უტევენ და ასლან აბაშიძის გაგდებას აპირებენ.

მაგალითები უამრავია, მაგრამ ყველაზე საშინელი და ქვეყნისთვის დამანგრეველი ის გახლდათ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე სააკაშვილმა კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი უწოდა, ხოლო სოფელ ქურთაში სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ პრეზიდენტად დიმიტრი სანაკოევი დანიშნა. ეს ის სანაკოევი გახლავთ, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ქართველებს ხოცავდა, შემდეგ კი ფულს დახარბდა და ვითომ ჩვენს მხარეს გადმოვიდა. ფაქტობრივად, სააკაშვილის ხროვამ მკვლელი გადმოიბირა და ფული ათეთრებინა. თუ რა ხდებოდა სოფელ ქურთაში, ანუ სანაკოევის საპრეზიდენტო რეზიდენციაში 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ამაზე მისი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ცაბოშვილი პირადად მესაუბრა უკვე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სამწუხაროდ, ომის შემდეგ ის იძულებული გახდა, უცხო ქვეყანაში გადახვეწილიყო:

“დიახ, არა მარტო მაშინ, როცა ეს ადმინისტრაცია ქურთაში იყო, არამედ 2008 წლის ომის შემდეგაც 19-მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა. სად, როგორ და ვინ განკარგავდა ამ თანხებს, არავინ იცის. დასაწყისში საერთოდ შავი ბუღალტერია მოქმედებდა, ჩემოდნებით მოჰქონდათ ფული და ასე ინაწილებდნენ. მე კარგად მასხოვს ჩემი საუბრები უშიშროების მაშინდელ წარმომადგენლებთან, როცა ერთი 50-დოლარიან სკამში 500 დოლარს იხდიან, სად მიდის ამდენი ფული-მეთქი? სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხშირად იყო, მაგრამ როცა ფულის გათეთრებაზე მიდიოდა მუშაობა, ხმას ვინ ამოიღებდა? მეტსაც გეტყვით, ალბათ გახსოვთ, მაშინ გაკეთდა შემოვლითი გზა ერედვიდან. ძალიან საინტერესოა, რამდენი დაჯდა ეს გზა, რამდენი იხარჯებოდა მის ვითომ შეკეთებაზე? მილიონები. ჯერ შეიქმნა ალტერნატიული არჩევნების პრეცედენტი. თავიდან მე ვიყავი, დიმიტრი სანაკოევი და კიდევ რამოდენიმე ოსი. იმ ეტაპზე არ ერქვა ადმინისტრაცია, ჩატარდა არჩევნები იმ ადგილებში, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა და პრეზიდენტად აირჩიეს დიმიტრი სანაკოევი. იმ პერიოდში მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, შემდეგ გადაერქვა სახელი და გავხდი ინტეგრაციის მინისტრი. იმ პერიოდში სანაკოევსაც შეეცვალა სტატუსი და გახდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ვის სჭირდებოდა სანაკოევი? ეს ძალიან საინტერესოა… ქართულმა მხარემ ოსური მხრიდან დაიწყო ბნელი წარსულის მქონე ადამიანების გადმობირება, მოსყიდვა. ასეთების გადმოსვლა დიდი ვერაფერი შეღავათი იყო და ეჭვები გამიჩნდა 2007 წლის დასაწყისში, თუნდაც იგივე ფინანსური მომენტების შესახებ, საკადრო პოლიტიკის შესახებ.ე.წ. მთავრობაში, რომელიც სოფელ ქურთაში განთავსდა, ისეთი გაბერილი შტატები იყო, ლამის გული მისკდებოდა — ყველაფრის სამინისტრო შექმნეს და დაახლოებით 500 ადამიანი შეყარეს. წარმოიდგინე, მე ვიყავი მინისტრი და ამ დროს არავინ არაფერს მავალებდა, არავინ არაფერს მთხოვდა და არავინ არაფერს მაკეთებინებდა. უბრალოდ მოდიოდა ფული და არ მინდოდა ასეთი ფულის აღება. მე მაინც არ ვეპუებოდი, ჩემებურად ვცდილობდი, მემოქმედა, მაგრამ ყველანაირად მიშლიდნენ ხელს… პირველ რიგში სანაკოევები, რომლებიც პიროვნულად ვერ მიიტანდნენ.

(გაგრძელება იქნება)
скачать dle 12.0