ლალი მოროშკინა: "ბოლო წუთამდე იმედი მქონდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს, რაც ქვეყნის გადარჩენა იქნებოდა"

10 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატების ცესკოში წარდგენის ვადა დასრულდა. უკვე ცნობილია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გარეშე ჩაივლის – საქართველოს პრეზიდენტობის მსურველ 46-მა კანდიდატს შორის მმართველი პარტიის კანდიდატი არ აღმოჩნდა.

ბიძინა ივანიშვილის არჩევანზე, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ფავორიტისა და ოპოზიციის შანსებზე და საქართველოში უახლოესი წლების პოლიტიკურ ამინდზე ჟურნალისტი და კონფლიქტოლოგი ლალი მოროშკინა გვესაუბრა:

– პირველ რიგში გეტყვით, რომ ბოლო წამამდე მქონდა სურვილი და განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის სიტყვას იტყოდა და პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდა, ვინაიდან ახლა ძალიან კრიტიკული მომენტია და ქვეყანას გამოკვეთილი მმართველი ჭირდება. არავინ თქვას, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტს უფლებები არა აქვს. პრეზიდენტი ქვეყნის სახეა, ამიტომ დიდი იმედი მქონდა, რომ ეს სახე იქნებოდა ადამიანი, რომელმაც 2012 წელს ქვეყანა რეალურად იხსნა.

– არათუ ბიძინა ივანიშვილი, „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ არ წარადგინა კანდიდატი, თუმცა პრეზიდენტობის მსურველთა სიმცირეს არ ვუჩივით..


– როდესაც ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ორი კანდიდატი იბრძვის, როდესაც ევროპულ ქვეყნებში მაქსიმუმ სამი კანდიდატი ჰყავთ და შენ თავს უფლებას აძლევ, რომ 46 ამბიციური კანდიდატი გყავდეს, რომელთაგან ზოგიერთს ალბათ საკუთარი ოჯახისთვის ვერ მიუხედავს, ე.ი. რაღაცა მოიშალა და ქვეყანა არასწორი გზით წავიდა. 

– „ქართულ ოცნებას“ ფეხდაფეხ მიყვებიან ძველი და კარგად ნაცნობი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“...

– დიახ, მე მქონდა ეჭვი, რომ არსებობდა გეგმა – ყველა მინუს ერთი ანუ სააკაშვილი. სავარაუდოდ, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებობდა ამერიკელებთან მოლაპარაკება, რომ მოხდებოდა დროებით ჩანაცვლება, თუნდაც ორი საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში, ოღონდ სააკაშვილის გარეშე. გამოდის, რომ მხოლოდ სააკაშვილი იყო პრობლემა და არა სისტემა? მე ასე არ ვფიქრობ. იმაში, რაც ხდებოდა, ყველა ადამიანი იყო გასვრილი, მაგრამ დღეს ევროპული საქართველო ხორავას ქუჩის საქმეში მტყუან-მართალს არჩევს, ბაქრაძე და ვაშაძე კი სოფელ-სოფელ დადიან და ხალხს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ზოგადად, ჩემთვის ორივე კომიკური ფიგურაა. ამიტომ მეცინება ამ ყველაფერზე. რაც შეეხება ვაშაძეს, ის მენტალურად რუსი პოლიტიკოსია, რომელიც თავს უფლებას აძლევს საქართველოს პრეზიდენტობის ამბიცია ჰქონდეს, ეს დაახლოებით იგივე მგონია, მე რომ ჩემი რუსული გვარით წავიდე რუსეთში და პრეზიდენტობაზე პრეტენზია განვაცხადო. აღარაფერს ვიტყვი მის გაუმართავ ქართულ მეტყველებაზე და იმაზე, ომის დროს როგორც მოიქცა. ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ და ამ დროს არ არსებობს ფიგურა, რომელიც ქვეყანას დაალაგებს.

– სალომე ზურაბიშვილის შანსებზე რა აზრის ხართ?

– რაც შეეხება ზურაბიშვილს, კი ბატონო არჩევნებს ის იგებს, ვინც ხმებს ითვლის, მაგრამ თუ არის ხალხის კრიტიკული რაოდენობა, ამის გაყალბება არ გამოდის. თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამაც იმიტომ ვერ გააყალბა, რომ ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა. სამწუხაროდ, რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ „ქართული ოცნება“ მზად არ იყო გამარჯვებისთვის. სალომე ზურაბიშვილის იმიჯის შელახვაზე ნაციონალებისა და „ევროპული საქართველოს“ პიარტექნოლოგებმა იმაზე ადრე იზრუნეს, ვიდრე `ქართული ოცნება~ მის გაკეთილშობილებაზე ზრუნვას დაიწყებდა. როგორც პიარტექნოლოგმა შემიძლია ვთქვა, რომ როცა რაღაც საქმეს იწყებ, გათვლილი უნდა გქონდეს კრიზისული სტრატეგია, მით უმეტეს, როცა ისეთ პიარტექნოლოგიურად აღჭურვილ მონსტრებს ებრძვი, როგორებიც სააკაშვილის გუნდის წევრები არიან. არ არის ეს მუშაობა ჩატარებული. სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად აქვს გამარჯვების შანსი, მაგრამ ამისთვის ისევ ჩვენ, ქართველი ხალხი, უნდა შევიკრიბოთ და ვთქვათ, რომ პრინციპული ამბავია და პრეზიდენტი სალომე უნდა იყოს და არა ვინმე სხვა.

სამწუხაროდ, „ოცნების“ ექვსწლიანი მმართველობის შედეგად მივიღეთ სრული ნიჰილიზმი, აბსოლუტური უიმედობა და ჩიხური ვითარება. ზუსტად ვიცი, რომ ამ არჩევნებზე ხალხი საერთოდ არ მივა ან იმისთვის მივა, რომ ყველა გადახაზოს. ამიტომ ველოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის სიტყვას იტყოდა და რეალურად ძალიან ძლიერი კანდიდატი გვეყოლებოდა, იმიტომ, რომ თავისი კეთილი საქმეებით 46-ვე კანდიდატს გადაწონის. არ ვიცი ასე რატომ არ მოხდა, თუმცა არ გამიკვირდება, რომ ნაწყენია და ეს მისი რევანში გახლავთ. რომ ქვეყანაში ისევ ელიტარული კორუფცია ყვავის და ეს ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ივანიშვილმა ქვეყნისთვის გააკეთა. მის ადგილზე ბევრი ალბათ უკან არ გამოიხედავდა, ისე წავიდოდა საქართველოდან. უბრალო მაგალითს გეტყვით, შეკვეთილის ზღვის კურორტების განვითარების დიდი გეგმა არსებობს, უზარაზარი ფულია ჩადებული, მაგრამ არ აკეთებენ. წელს შეკვეთილში პატარა მშენებლობა მეც მქონდა და ვხედავდი, რომ ზუსტად იმ არეალში, სადაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ვეღარ აკონტროლებს, პრაქტიკულად აღარაფერს აკეთებდნენ. ამ ადამიანმა ბაზა შექმნა, ფული და სული ჩადო და ახლა მაინცდამაინც წკეპლით უნდა იაროს და ამოწმოს ვინ რას აკეთებს? აი, ამიტომ მგონია პრეზიდენტობაზე ივანიშვილის უარი რევანშისტული პოზიცია – არ გინდოდათ? მიდით ახლა და თავად მოიგეთ არჩევნებიო.

– რიგითმა მოქალაქეებმა რა დააშავეს, ვინც ბიძინა ივანიშვილს მხარი დაუჭირა და ბოლომდე გვერდით ედგა? ხომ შეიძლება, რომ ეს ხალხი იგივე პოლიტიკური ძალის ხელში ჩავარდეს, რომლისგანაც ივანიშვილმა 2012 წელს იხსნა?

– აუცილებლად, რადგან ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ და იგივე უნდა გავიაროთ, რაც ერთხელ უკვე გავიარეთ. მეშინია, ამასობაში ისე არ მოხდეს, რომ ტერიტორიები დავკარგოთ, რადგან ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ირანის დაზვერვაა შემოსული და დაახლოებით იგივე სქემით მოქმედებს, რაც თავის დროზე თურქებმა გერმანიაში განახორციელეს. ყველამ ვიცით, რომ დღეს გერმანია პრაქტიკულად, გადათურქებულია და საფრანგეთში ფრანგის დანახვას ნატრობენ. ჩვენც ზუსტად ამ მშვიდობიანი ექსპანსიის გზით მივდივართ, ოღონდ ჩვენთან ტერიტორიის ნაწილს თურქეთი წაიღებს და ნაწილს – ირანი. ვხედავთ, რომ აჭარა პრაქტიკულად გამუსულმანებულია და იქ, სადაც ეკლესია დუმს, მოლას ხმა ისმის. იმასაც ვხვდებით, რომ მერკელის ვიზიტის რეალური მიზანი საქართველოში მიგრანტების შემოდინება გახლდათ. ძალიან ტოლერანტული ადამიანი ვარ, მაგრამ როცა ეს ქართველების არნახული ემიგრაციის ფონზე ხდება, მშვიდად ვერ ვიქნები. მე ხშირად მიწევს რეესტრში მისვლა და ვხედავ, რომ ინდოელი, არაბი, ჩინელი და ყველა იფორმებს ჩვენს მიწებს ქართველების გარდა. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ იქამდე, რომ ქრისტიანები და ქართველები უმცირესობაში მოვექცევით. მერე ყველანაირი არჩევნების ბედი თავისთავად გადაწყდება. შეიქმნება უცხოელების პარტია, გააკეთებენ ბინადრობას, გვიჩვენებენ, რომ საქართველოში 5 წელი ცხოვრობენ და მშვენივრად შევლენ პარლამენტში. ასე, რომ სავალალო პროგნოზი მაქვს და კარგს ვერაფერს ვიტყვი. უვიზო რეჟიმმა, რომლისთვისაც ძალიან მძიმე ხარკი გადავიხადეთ, საქართველოდან ქართველები საბოლოოდ გაიყვანა.

გენოფონდის დაკარგვა კი ტერიტორიების დაკარგვაზე მძიმეა. წლებია ვამბობ, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ნარკოტიკის გამტარი ქვეყანა ვართ და არა ქვეყანა, სადაც ქარხნები და ფაბრიკები უნდა აშენდეს და რაც უფრო ადრე დავიჯერებდით ამას, მით უფრო ადრე შევძლებდით სიტუაციის გაკონტროლებას. ახლა სიტუაცია უკვე კონტროლიდან გამოვიდა, იმიტომ, რომ ავღანურმა წამალმა იმატა. ადრე თუ ათასობით ჰექტარზე იყო ლაპარაკი, ახლა ავღანური კანაფი ათიათასობით ჰექტარზე მოდის და პირდაპირი ნარკოტრაფიკი ვართ.. ცხადია, ჩვენ ამას ვერ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, წამლის გამტარი ქვეყნები ბიუჯეტში საკმაოდ დიდ ფულს იღებენ და მილიონერების ქვეყანა უნდა ვიყოთ, მაგრამ ამის შნოც არ აღმოგვაჩნდა. საბოლოოდ, მივიღეთ დასუსტებული ეკლესია, დამუნჯებული პატრიარქი, დაკნინებული სასულიერო პირები, სრულიად დეგრადაციის გზაზე დამდგარი და გამარგინალურებული პოლიტიკური ძალები და ასე მივექანებით კაცმა არ იცის, სად. ახლა ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალი სოფლებში დაბრუნება, მიწაზე შრომა და მოსავლის მიღება იქნებოდა, მაგრამ ადამიანს რომ შია, იმას ურჩევნია სადღაც წავიდეს, მოხუცს პამპერსები გამოვუცვალოს და ფული დააგროვოს.

– როგორც პიარტექნოლოგი რას იტყვით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოში უცხოელი პიარტექნოლოგების მომრავლებაზე?

– მე გავიცანი კიდეც ოცნების ერთ-ერთი პიარტექნოლოგი, რომელიც ბალტიისპირეთიდან ჩამოვიდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ საქართველოში ამას ქართველები უნდა აკეთებდნენ, იმიტომ, რომ ჩვენ იმ ადამიანების გვჯერა, რომლებმაც ამ ქვეყანაში მიაღწიეს წარმატებას და უცხოელი, რომელიც რაღაცა ფორმულებით გვესაუბრება, ჩვენთვის ნაკლებად დამაჯერებელია. მე სააკაშვილის პიარში ვმუშაობდი და კარგად მახსოვს რამდენად მორგებული იყო მისი მუშაობის სტილი კავკასიურ მენტალიტეტს. ამ ადამიანს მიზნად ჰქონდა ქცეული, რომ ყოველდღიურად 400 ადამიანისთვის ჩამოერთვა ხელი. რატომ 400 და იმიტომ, რომ ქართველისთვის ხელის ჩამორთმევა მისიანად ქცევას და მეგობრობას ნიშნავს. 400 კაცი კი მინიმუმ სამი ოჯახია და წლის განმავლობაში ათასობით ადამიანი გამოდისო. სააკაშვილი შეიძლება ცუდი პრეზიდენტი იყო, მაგრამ კარგი პიარტექნოლოგი გახლდათ და ასეთი „ნიუანსები“ ფანტასტიკურად ჰქონდა გათვლილი. არ მესმის, რატომ არ ავიღეთ ის, რისი აღებაც სააკაშვილისგან შეიძლებოდა და რატომ ვენდეთ „ცხვირმოუხოცავ“ ბიჭებს, რომლებიც არსაიდან მოვიდნენ და ოცნების მთავრობაში მილიონერები გახდნენ.

– ამასწინათ ფეისბუკში დაწერეთ, ალბათ ხუმრობით – ისე არ ქნათ, რომ სააკაშვილი ჩამოვიყვანო, ხომ იცით, რომ შემიძლიაო. როგორ ფიქრობთ შესაძლებელია მოვლენების ამგვარად განვითარება?

– სააკაშვილი უკვე "ჩამოყვანილია". ის დიდი ხანია აქ არის და განიხილავს ხორავას ქუჩის საქმეს, განიხილავს ყველა მნიშვნელოვან პრობლემას, მისით იწყება ყველა მთავარი საინფორმაციო გამოშვება და მისით მთავრდება. ნახეთ, დღეს ვინ
არჩევს საქმეებს, ვინ უბრახუნებს მუშტს ოცნებას ეს ხომ ყველა კრებითი სააკაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში არ არიან, შეძლეს და გუნდურობა შეინარჩუნეს, ე.ი. ტექნოლოგიებმა იმუშავეს კარგად ხომ? ამ დროს სად არის „ოცნება“?
ნინო ბურჯანაძე, რომელიც გაწაფულია პოლიტიკურ თამაშებში როგორც ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი არ შევიდა ამ ბრძოლაში. სალომე მასავით გამოცდილი პოლიტიკოსი არაა და ჩემს თვალში ბრძოლის ველზე უიარაღოდ დატოვებულ ადამიანს ჰგავს. შეიძლება ჩემი საუბარი პესიმისტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თვალის დახუჭვა და იმის ძახილი, რომ ყველაფერი კარგად
არის, სირაქლემას პოზიცია და დათვური სამსახურია. უპრეცენდენტო შემთხვევაა, როცა ამერიკა ამდენი ხანი ელჩს არ აგზავნის. ანუ ამჟამად ჩვენ არც რუსეთის ელჩი გვყავს იმიტომ, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და არც ამერიკის. ორი ზესახელმწიფო ჯერ კიდევ ბჭობს და განიხილავს ვინ რამდენ პროცენტს წაიღებს ჩვენგან. არ უნდა დაგვავიწყდეს თურქეთისა და ირანის ინტერესები. თურქეთი რას მოილაპარაკებს რუსეთთან და როგორ მოვყვებით ამ გადანაწილებაში არავინ იცის და როგორ
შეიძლება ამ დროს არ გვყავდეს ძალიან კვალიფიცირებული წარმომადგენელი, რომელიც მინიმუმ, მაღალ ტრიბუნას გამოიყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გასახმოვანებლად?

„ოცნების“ გულშემატკივარი რომ არ ვიყო, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, იმიტომ, რომ დღეს დამარცხების დღეა, მაგრამ ვგულშემატკივრობ, რადგან ჩემი ცხოვრების საუკეთესო ცხრა წელი ბრძო-აში გავატარე.  მწყინს, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩემი ოჯახის ასევე ძალიან ბევრი ოჯახის გადამრჩენელია, იმ პოზიციაზე ვერ ვიხილავ, სადაც ვისურვებდი.

აღმოჩნდა, რომ ქართველებს მოკლე მეხსიერება გვაქვს და წარსული მალე გვავიწყდება. ახლახან სერგო თეთრაძის საქმეზე ახალი დეტალები გამოქვეყნდა, სადაც პირდაპირ წერია ადამიანი როგორ მოკლეს და დღეს რომ ნაციონალური მოძრაობა კიდევ არსებობს და დაუსჯელია, ჩვენს უზარმაზარ პრობლემად იქცა. აი, ამიტომ ვერ მივდივართ წინ და როდესაც ქვეყანა წინ არ მიდის, ჭაობს ემსგავსება. ჩვენ ჭაობად ვიქეცით და დღეს ზუსტად ამ ჭაობიდან ამოსული რეპტილიები გამოვიდნენ სარბიელზე. ამ სიტუაციაში ერთადერთი პოზიტივია, რომ სიტუაცია იმდენად გაფუჭდება, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა დადგება და ეს არჩევნები ქვეყნის ანსი იქნება.


ნელი თორდია
скачать dle 12.0