"პლაკატიჩი"

აი, მეგობრებო, დასრულდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატთა საბუთების მიღება, მთავარსარდლობის სულ 41-მა მსურველმა მოიყარა თავი. სიმბოლურია, არა? "ქართული ოცნების" პირობებში 41-მდე ავედით და ამ ეტაპზე გავჩერდით. წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს 21 იყო, ახლა ეს მაჩვენებელი გავაორმაგეთ. მართალია, ამ ჯერზე რაოდენობამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ ჩვენი რა მიდის? ერთი ეგ არი, ბევრი და უხარისხო ხალხი ცოტა ძნელი საყურებელია.

რასაკვირველია, 41-ვე კანდიდატს ვერ გავწვდებით, ყველას ჩვენებურად ვერ გაგაცნობთ, მაგრამ ვეცდებით, ე.წ. ცნობადი სახეების პოლიტიკური პორტრეტი დაგიხატოთ, ანუ გაჩვენოთ ის, რასაც ვერ ამჩნევთ ან არ ჩანს. მაგალითად, დავიწყოთ დავით ბაქრაძით, რომელიც "ნაციონალების" ზეობის ხანაშიც კი ინარჩუნებდა კაი ბიჭის სტატუსს. არ ვხუმრობ, ბაქრაძე ერთადერთი იყო იმ დაუნდობელ ბრბოში, ვისთან დალაპარაკება, ასე თუ ისე, შეიძლებოდა. მე პირადად, როცა პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ, ხშირად მქონდა ხოლმე სატელეფონო მიმოწერა და ნებისმიერ საკითხზე ყოველთვის იძლეოდა პასუხს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბატონი დავითი ნამდვილად არ არის გარეული სააკაშვილის ბინძურ საქმეებში, მკვლელობებში, გაუპატიურებებსა და ბიზნესების "ახევებში". შემდგომშიც, იცოდა რა ბიძინა ივანიშვილმა მისი `უმანკოების~ შესახებ, არაერთხელ შესთავაზა, შეეშვი მიშას, თავი დაანებე, არ აჰყვე, თორემ გაგაგიჟებსო. ბაქრაძე თავს იკავებდა კაი ხანს, მამა-მარჩენალს როგორ ვუღალატოო? ბოლოს მაინც `უღალატა~, ჩაჯდა გიგა ბოკერიას ნავში, აქეთ უგულავა მოისვა, იქით კიდე ძველი "პადელნიკები" და გაცურა სხვა მიმართულებით, დღეს ამ ნავს "ევროპული საქართველო" აწერია.

ახლა მკითხავთ, ნუთუ დავით ბაქრაძეს ცოდვები არ აქვსო? წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის "პადელნიკი" იყო და ნუთუ არაფერი დაუშავებიაო? უი, ეგ არც იფიქროთ, ცოდვები აქვს იმდენი, ვერ დაითვლით. პირველი – მას ძალიან კარგად ეხერხება თვალის დახუჭვა, სიტუაციიდან განზე გადგომა და სიცილი მაშინაც კი, როცა იცის, რომ ქვეყანაში ტრაგედია ტრიალებს. რაც მართალია, მართალია, იუმორის გრძნობა არ ღალატობს მაშინაც კი, როცა ტირის. გაიხსენეთ, როგორ ბღუოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში და როგორ მოგვიწოდებდა, ჩანგლებით, კოვზებით და ჯაყვებით დავიცვათ ჩვენი მამულ-დედულიო. ვერ დაგიმალავთ, ამასაც ნიჭი უნდა, ნიჭი და მოხერხება. შეიძლება არ გახსოვთ, იმ დღეებში, როცა რუსი თბილისისკენ მოიწევდა, როცა თავზე ბომბებს გვაყრიდა, ბატონმა დავითმა გურამ პეტრიაშვილის რეკორდი დაამხო. ბატონი გურამი გახლავთ საბავშვო მწერალი და მსახიობი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი. აი, სწორედ ის აკეთებდა ანალოგიურ განცხადებებს, როცა ნაძირლებმა ეროვნულ ხელისუფლებას შეუტიეს და დასამხობად გაწირეს – გამოდით, ხალხო, ჩანგლებით, ჯაყვებით და ფიწლებითო. საბავშვო მწერალს დაავიწყდა, რომ ხელისუფლებას აქეთ უნდა დავეცავით, იქით უნდა შეეტია, იქით უნდა გაერეკა შეიარაღებული მანქურთები. კაი, ვაპატიოთ ერთსაც და მეორესაც ეს შეცდომა, ემოციურ ნიადაგზე ადამიანს შეიძლება ყველაფერი დაემართოს. დავით ბაქრაძე, საერთოდ, არ გახლავთ პროტესტანტი ადამიანი, მან ხმის ამოუღებლად "გაატარა" სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, 2007 წლის მოვლენები, 2001 წლის დარბევა, ციხეებში წამების ამბები, გაუპატიურებები, უამრავი უდანაშაულო ადამიანის გასტუმრება საიქიოში, ბიზნესების "ახევები" და ასე შემდეგ. როგორ იტყვიან ხოლმე ჩვენში? თუ დანაშაულს ხედავ და ხმას არ იღებ, შენ უფრო მეტი დამნაშავე ხარო, ხომ? ნაღდად ეგრეა, ბატონი ბაქრაძე ხედავდა უამრავ სიბინძურეს, მაგრამ ხმას არასოდეს იღებდა, ის უბრალოდ იღიმოდა.

თუ ბატონი დავითი აგვისტოს ომის დღეებში ჩანგლებით ბრძოლისკენ მოგვიწოდებდა, შემდეგ, როცა ამ დღეებზე ამერიკელებს ფილმი გადააღებინეს, საპიაროდ ჩამოყვანილ შერონ სტოუნთან პოზირებდა და ყველის ვაჭარივით იკრიჭებოდა. მაშინ ერთ-ერთ ფოტოზე "წავიღადავე" და ბაქრაძეს ეწყინა – ეგრევე მომწერა, ეგ საჭირო არ იყოო. შეიძლება მართლაც არ იყო საჭირო, არ ვიცი, მაგრამ თვითონ სიტუაციამ ამაღებინა ხელში კალამი.

ყველაზე მთავარი დანაშაული, რაც დავით ბაქრაძემ ჩაიდინა, ეს გახლავთ საქართველოს კონსტიტუციის გაუპატიურება და სააკაშვილის საგოდრე კისერზე მორგება. ალბათ, გახსოვთ, სააკაშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა, ამ ქვეყანაში რუსული "პონტი" გაეთამაშებინა – როცა პრეზიდენტობის ვადა ამოეწურებოდა, პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩაბრძანდებოდა, შემდეგ კი დრო გვიჩვენებდა. ამიტომ, ბაქრაძეს უთხრა, ჩამოართვი ყველა უფლება მომავალ პრეზიდენტს, ანუ შენს თავს და გადმომეცი მე, ანუ მომავალ პრემიერსო. ამანაც აიღო, მიჭრა-მოჭრა, მიკუწ-მოკუწა და დაახლოებით მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს. ზოგს ჰგონია, დღევანდელი კონსტიტუცია ბიძინა ივანიშვილმა შეურაცხყო… არა, ბატონებო და ქალბატონებო, ეგ მიხა სააკაშვილმა ქნა დავით ბაქრაძის ხელით. აი, ფოტომტკიცებულება, სადაც ვდგავართ მე, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი და დავით ბაქრაძე, ეს ის დროა, როცა კონსტიტუციის საბოლოო, გაუპატიურებული ვარიანტი წარმოგვიდგინეს სასტუმრო "ივერია ბლუ"-ში. სოსო იძახდა, მე არა ვარ დამნაშავე, მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილს ვხელმძღვანელობდიო. დავიჯერე. ავთო დემეტრაშვილი თავისებურად "აპრავებდა" სააკაშვილის დავალებას, ხოლო ბაქრაძე ისევ უმისამართოდ იღიმოდა და ამბობდა, რომ ყველაფერი იყო რიგზე, დემოკრატიას არ ექმნება არანაირი საფრთხეო. ესეც დავიჯერე, მაგრამ სახეზე მაინც მეტყობა წუხილი. მაგარი ის იყო, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი რომ მოვარდა კონსტიტუციის ე.წ. პროექტის განხილვის დაწყებამდე და ცინცაძეს უთხრა:

– ბატონო სოსო, მოდით, ჩაგწერთ, რა, ჩაგწეეერთ!

– შვილო, ჯერ განხილვა არ ყოფილა, როგორ ჩამწერ? – მხრები აიჩეჩა ცინცაძემ.

– არაუშავს, ბატონო სოსო, ვითომ უკვე დამთავრდა, ჩაგწერთ, რააა, ჩაგწეეერთ! – არ მოეშვა "რუსთავორელი".

გაიყვანა, ჩაწერა, ვითომ უკვე დამთავრდა, გაუშვეს ეთერში ვითომ დამთავრებულზე. აი, ასეთ დემოკრატიას აშენებდნენ სააკაშვილი და ბაქრაძე საქართველოში – ვითომ დემოკრატიას.

ზემოთ აღვნიშნე, ბატონ დავითს იუმორის გრძნობა არ ღალატობს-მეთქი, მაშინაც კი ხუმრობს, როცა ტირის, მაგრამ ზომიერების გრძნობა აქვს მიშვებული ალჩუზე, ვერ აკონტროლებს საერთოდ. ჯერ იყო, ტელეფონით თავისი ოჯახის წევრებს ახარჯინა წელიწადში 10 ათასი ლარი ბიუჯეტიდან, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ახლა კიდევ პლაკატებს აკვრევინებს ყველგან – ტყეში, ღრეში, ქუჩებში, კედლებზე, სახურავებზე, კლდეებზე და ვინ იცის, სად, რომელ კუთხე-კუნჭულში. სხვათა შორის, სანამ პლაკატების გაკვრას დაიწყებდა, მინდოდა შემეთავაზებინა, წინскачать dle 12.0