ჩვენ გვინდა რუსეთში ფულიც ვიშოვოთ, ღვინოც და მწვანილიც იქ გავყიდოთ, მილიონამდე ქართველი რუსეთში ვაცხოვროთ, თან დედა ვაგინოთ და ოკუპანტი ვუძახოთ. ეს რა პოლიტიკაა?!

გვესაუბრება "გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი:

_ ქალბატონო ნანა, საუბარი რუსულ-ქართული ურთიერთობებით დავიწყოთ. ამ მიმართულებით, რუსეთის მხრიდან, გარკვეული სიგნალები არის. ხომ არ დადგა დრო ურთიერთობების დალაგებაზე ვიფიქროთ?


_ ყველა ადამიანს ვინც ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, რუსეთუმეებად ნათლავენ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ: პროცსი დაგვიანებულიც კი არის იმიტომ, რომ რუსეთს სრულიად აკმაყოფილებს ის სტატუს-კვო, რაც საქართველოში აქვს. მან, უგუნური ხელისუფლების დამსახურებით, გაყვანილი ჯარი უკან შემოიყვანა როგორც სამხრეთ-ოსეთში, ისე აფხაზეთში. ფაქტობრივად, ამ ორ რეგიონს მთლიანად აკონტროლებს. საბოლოოდ, მათი დამოუკიდებლობა აღიარა და ახლა, სულაც რომ არ დაელაპარაკო, მას ეს სტატუს-კვო ძალიანაც აწყობს. უგუნური პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ: რუსეთმა ჯერ ჯარი გაიყვანოს და მერე დაველაპარაკებითო. მამაცხონებულო, თუ ჯარს გაიყვანს, რაღაზე უნდა დაელაპარაკო, მერე უკვე სალაპარაკოც აღარაფერია, ხომ? 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, ექსპერტები გაუთავებლად ყვირიან: ნატოში უნდა შევიდეთ, აუცილებლად მიგვიღებენო, ამის მიღმა არაფერი დგას იმიტომ, რომ ნატოს ხელმძღვანელობაში, ლიდერ სახელმწიფოებში ძალიან კარგად ესმით, რომ ეს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების საფრთხის შემცველი იქნება. ამიტომაც, არ დგამენ ისინი ამ ნაბიჯს. ჩვენ მაინც ჯიუტად ვიმეორებთ იმას, რაც საქართველოს ინტერესებს არაფერში ადგება. აი, ეს არის მოცემულობა, რაშიც დღეს ვიმყოფებით. რუსეთის ხელმძღვანელობას ჰყოფნის გონიერება, გამოცდილება, რათა მიხვდეს, აქედან დიალოგის დამწყები არავინაა, ამის არც უნარ-ჩვევები აქვთ, არც გამოცდილება და არც სურვილი. ამიტომ, რუსეთი სხვადასხვა ხელმძღვანელის და მაღალჩინოსნის პირით მუდმივად იმეორებს მესიჯს: კი ბატონო, მზად ვართ დიალოგისთვის. მათ გარანტია აქვთ, რომ აქედან დიალოგში ვერავინ შევა.

_ ნატოსთან დაკავშირებით, საქართველოში ვიზიტისას, მერკელმაც ისაუბრა.

_ დიახ, საინტერესოა მერამდენედ უნდა გვითხრან, რომ გავიგოთ: ნატოში არავინ გვღებულობს. თუკი ვინმე ნატოს წევრი ქვეყნის ხელმძღვანელობაში არის ეს ყველას სათითაოდ აქვს ნათქვამი. როცა ვამბობთ: საფრანგეთის, გერმანიიც ხელმძღვანელობა გვეუბნება ნატოში ვერ შეხვალთო, ჩვენ რუსეთუმეებს გვეძახიან. გეგონება, მერკელი მე მირეკავს ღამე და მითანხმებს რა უნდა თქვას. იგი ელემენტარულ რამეს გვეუბნება: სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ნატოში ვერ მიგიღებთ. თუ ოკუპირებული აღარ იქნება და საქართველო გამთლიანდება რაღად გვინდა ნატო?! 

_ მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კურსი ნატოში გაწევრიანებისკენაა მიმართული.

_ ჩვენი კურსი მიმართული არის ხელისუფლების შენარჩუნებისკენ. ხელისუფლებას ყველა დასავლეთის მხარდაჭერის იმედით ინარჩუნებს. აი, ეს არის ჩვენი კურსი. ეს არ არის ქვეყნის კურსი, არამედ კონკრეტული პოლიტიკოსების კურსია, რასაც ქვეყნის ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს.
ის ექსპერტები, რომლებიც თავგადაკლულები გაჰკივიან: თქვენ რუსეთუმეები ხართ, ჩვენ მედასავლეთეები, ნატოში უნდა შევიდეთო, იცით ვის მაგონებს? _ ცუდად გაზრდილ ბავშვს, რომელიც სუპერმარკეტში იატაკზე გაწვება, ხელ-ფეხს იქნევს, ისტერიკას მართავს მიყიდე, მიყიდეო. აი ვის გვანან ეს უმწიფარი ადამიანები.

ამ დროს გვავიწყდება ისიც, რომ მილიონზე მეტი ქართველი რუსეთში ცხოვრობს და აქ ოჯახებს არჩენს. ჩვენ გვინდა რუსეთში ფულიც ვიშოვოთ, ღვინოც გავყიდოთ, თან მას დედა ვაგინოთ და ოკუპანტი ვეძახოთ. ეს რა პოლიტიკაა?

_ როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთთან მტრობიდან პარტნიორობაზე გადასვლა?

_ მიუღწეველი არაფერია, ყველაფერს თავის საფასური აქვს. თუ ქვეყნის მთლიანობიის აღდგენა გინდა, უნდა დაჯდე და კარგად იანგარიშო ეს რის საფასურად გიღირს. პარტნიორული ურთიერთობა ახსენე, ხომ. ამ იდეის მოწინააღმდეგეები ხშირად ამბობენ, რომ რუსეთი პარტნიორულ ურთიერთობას არასდროს მოინდომებს, ყოველთვის ენდომება შენი უფროსი იყოს. ამ ფასად პარტნიორობა არც მე მიღირს. პარტნიორობა ნიშნავს თანაბარს, თანასწორუფლებიანს. როცა ვიღაც უპირატესია, თავზე გადგას, გინდ რუსის ჩექმა ყოფილა კისერზე მობჯენილი და გინდ ნატოს ჯარისკაცი, რა მნიშვნელობა აქვს.

_ ბოლო დროს საინტერესო ტენდენცია იკვეთება: პოლიტიკოსები ორად იყოფიან _ პრო-დასავლელებად და პრო-რუსებად, პრო-ქართული სად არის?

_ პრო-ქართულთან დაკავშირებით ძალიან ნიშანდობლივი იყო შემდეგი განაცხადი: ყველა პრო-ქართული, სინამდვილეში, პრო-რუსულიაო. თუ ქართული ინტერესები რუსეთის ინტერესებშია, მაგას რა სჯობს. სიტყვების რახა-რუხში, ლოზუნგებში, უაზრო პროგნოზებში ჩანს მთელი მათი სიმარტივე და სიბრიყვე. რატომღაც ჰგონიათ, ვიღაცაზე თუ იტყვიან: ეს რუსეთუმეაო, ამით გაანადგურებენ. რაც უნდა იძახონ, შინაარსი არ იცვლება. ცნობილი ქალაქური გამოთქმაა: უსაქციელო ქალი სხვას ბოზს ეძახისო. სჯობს, საკუთარ უსაქციელობას მიხედონ.

ერთ შედარებას მოგიყვან: საქართველოში ბოლო წლების მანძილზე, რაც შეერთებულმა შტატებმა გრანტები დახარჯა, დღეს, კრემლმა რომ გამოაცხადოს იმავე რაოდენობის გრანტებს გაძლევთო, ეს ვითომ პრო-დასავლელები ყველას მიასწრებენ იქ მისვლას, ვისაც კი რუსეთუმეებს ეძახიან. ამით ყველაფერია ნათქვამი: მთელი მათი პრო-დასავლურობაც და პრო-რუსულობაც. მე გადავეცი რუსეთს ყველა სტრატეგიული ობიექტი?! 2008 წლის ომი ახალი დამთავრებული იყო, რომ ენგურთან დაკავშირებით საიდუმლო ხელშეკრულება გაფორმდა. წყალზე, ოქროს საბადოებზე და სხვა რესურსებზე, აღარაფერს ვამბობ. ახლა, "რუსთავი 2"-ის მეწილე კობა ნაყოფიას შვილი გახდა. ეს თუ არ არის რუსული ფული, აბა, რა არის?! საბჭოთა პერიოდის მერე რუსული ფული ჩემს ჯიბეში არ ყოფილა. კი ბატონო, აქ შესაძლებელია აკეთო რუსული განცხადებები და რეალურად, სულ სხვა ქვეყნის ინტერესებს მოემსახურო და პირიქით, იძახო ამერიკული ლოზუნგები და რუსეთის ინტერესებს მოემსახურო. ერთ სასაცილო მომენტს გავიხსენებ: სტრატეგიული ობიექტები რომ გაყიდეს ერთი ამბავი ავტეხეთ. მაშინ ბენდუქიძე გამოვიდა და თქვა: ბუნებაში სტრატეგიული ობიექტი არ არსებობს, ასეთი რამ არ ვიცი, ყველაფერი უნდა გაიყიდოსო. 2008 წელს კი თავად კიოდნენ: დაგვიბრუნდეს სტრატეგიული ობიექტებიო. თუ ბუნებაში არ არსებობს, მაშინ რა უნდა დაგიბრუნდეს?!

ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ ხანდახან, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ლოზუნგით ისეთი მარგინალური პიროვნებები გამოდიან, რომლებიც თავად ამ იდეის მარგინალიზაციას ბრწყინვალედ ახრეხებენ. ვფიქრობ, არც ეს არის შემთხვევითი.

_ შამბას ბოლოდროინდელ განცხადებებსაც მინდა შევეხო თ. მან თქვა, რომ ქართველები აფხაზების მტრები არ არიან და რომ ჩვენ მეზობელი სახელმწიფოები ვართ და ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ.


_ შამბას განცხადება ქართველმა საზოგადოებამ მთლად ადეკვატურად ვერ აღიქვა. მის განცხადებაში საკვანძო სიტყვებია _ მეზობელი სახელმწიფოები. ანუ, ის ამბობს, რომ ჩვენ ცალკე სახელმწიფო და ქართველების მეზობლები ვართო. მეზობლები რომ ვართ ეს გეოგრაფიის სახელმძღვანელოდანაც ვიცით, მაგრამ ერთი სახელმწიფო ვართ, რასაც შამბა არ აღიარებს. აფხაზეთში ძალიან მწვავედ განიცდიან, რომ რუსეთთან ასეთმა მჭიდრო დაახლოებამ და რუსეთის ფაქტიურმა პროტექტორებმა აფხაზებს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. მას როგორც ეთნოსს, რეალურად, გადაშენების საფრთხე ემუქრება. შამბა ამას ხედავს, იგი მეცნიერი კაცია, მაგრამ იგი ხაზს უსვამს, რომ ჩვენ მეზობელი სახელმწიფოები ვართ, რასაც ვერცერთი ქართველი ვერ გაიზიარებს. რა ფორმულით, რა სახით უნდა მოხდეს ჩვენი ინტეგრირება ერთიან სახელმწიფოში, ამაზე არც არავინ ფიქრობს და არც არავინ ლაპარაკობს. ეს არის პრობლემა.

_ ახლახან, საქართველოში რუსეთის მიერ ორგანიზებულ ფორუმს დიდი ხმაური მოჰყვა. როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

_ ამ ამბავს მწვავედ არ აღვიქვამ და მოგახსენებთ რატომ: რუსებმა უნდა იცოდნენ: აქ რომ ჩამოდიან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ ალტერნატიული ინფორმაცია მიიღონ, ვიდრე ის, რაც რუსეთში აქვთ. მათ უნდა დაინახონ, რომ საზოგადოებაში მოწინააღმდეგე ჯგუფებიც არსებობენ და მომხრეც. იმ ხალხს რაც შეეხება, რომლებიც აქ კივილ-წივილით დახვდნენ, მათ ზრდილობას და კდემამოსილებას ვერ მოთხოვ. როცა რუსები აქ ჩამოდიან უნდა იცოდნენ რა ვითარებაც არის. რაც არ უნდა იძახონ არ ვიცოდითო, ფაქტია, აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი მათ სახელმწიფოს აღიარებული აქვს და ეს, რეალურად, ქართული მიწებია, რაც მათ მშვენივრად უწყიან. ვიღაცამეს თუ გააპროტესტა, ამაში გასაკვირი არაფერი არის.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0