ბაბუ

"მინდა ვიყო კენტი ერთი, ბავშვებისთვის პრეზიდენტი", – ასეთია ბაბუს დევიზი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტობაზე აპირებს კენჭისყრას.

ბაბუ, იგივე ნიკოლოზ გორგიჯანიძე, ცოტა ასაკოვანი კაცია, მაგრამ მაინც შესანიშნავად გამოიყურება, როგორც იტყვიან, კარგ ფორმაშია და, რაც მთავარია, ოპტიმისტურად არის განწყობილი.

ბაბუს ძალიან უყვარს ბავშვები, თუმცა დიდებიც არანაკლებ უყვარს – დიდებს თავის ლექსებს ურიგებს, ბავშვებს – კანფეტებს.
ბაბუს მტკიცედ სჯერა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს – პროგრამა აქვს ისეთი, ვერ წარმოუდგენია, რომ ქართველებმა ხმა არ მისცენ.
– მე რომ პრეზიდენტი გავხდები, პენსიონერებს 300 დოლარს დავუნიშნავ პენსიად, დიასახლისებს 200 დოლარს მივცემ ყოველთვიურად, უსაქმურებს კი 100 დოლარს, – ამბობს ბაბუ.

– კი, მაგრამ, ამ უსაქმურებს რატომ აძლევთ 100 დოლარს? – უკმაყოფილო ხმით კითხულობს ჟურნალისტი.

– მერე რა, რომ უსაქმურები არიან? სიგარეტი ხომ უნდათ, რაღაც ხომ უნდათ? ქურდობას ხომ არ დავაწყებინებთ, კაცო, უნდა დავეხმაროთ, – მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე ბაბუ.

ჟურნალისტი, ახალგაზრდა, სიმპათიური ყმაწვილი, რომელიც იმ ასაკშია, როცა ჰგონიათ, რომ სულ ახალგაზრდები და სულ ლამაზები იქნებიან, ცხადია, ირონიულად არის განწყოიბილი ბაბუს თამამი იდეების მიმართ და სახეზე ეტყობა, რომ ერთი სული აქვს, როდის გაიცინებს გულიანად, თუმცა თავისი განწყობის დამალვას ოსტატურად ახერხებს და ბაბუს "დაკითხვას" აგრძელებს.

ჟურნალისტის მიზანი ერთია: მაყურებელს აჩვენოს, რა სისულელეებს ამბობს ეს ბერიკაცი.
ჟურნალისტმა იცის მაყურებლის განწყობა, იცის, რომ მაყურებელსაც სისულელე ჰგონია ეს ყველაფერი და "ღადაობს".
არადა, ისეთს რას ამბობს ეს კეთილი ადამიანი, საღადაოდ და სასაცილოდ რომ გვეჩვენებოდეს?

უამრავ ქვეყანაში პენსია სამასი დოლარი კი არა გაცილებით მეტი აქვთ დიასახლისებს, უმუშევრებს (უსაქმურებს), აგრეთვე, სხვა სოციალური პრობლემების მქონე ადამიანებს სახელმწიფო სერიოზული თანხებით ეხმარება და ა. შ.
აბა, რა უთქვამს ბაბუს სასაცილო და სამასხარაო?

არაფერი!

ასე რო, მიაწექი, ბაბუ – ბაბუები, ბებიები, ბებიები და ბავშვები შენთან არიან, დანარჩენები კიდე, ამ ყარტაყურტა პოლიტიკოსებიდან, ვისაც უნდათ, იმას მიეყიდონ 20–30 ლარად.скачать dle 12.0