3=53-ს, ანუ "ტელეკომპანია" "სააკაშვილ- ოქუაშვილ ფიქჩერსი" წარმოგიდგენთ!

ძალიან ცუდი ტენდენცია მკვიდრდება საქართველოში – რომელიმე კერძო ტელეკომპანიის მფლობელს ბიზნესი ჩაუვარდება თუ არა, მყისვე საყოველთაო-სახალხო განგაშს ტეხს _ ხელისუფლება დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას ებრძვის და ჩემს ბიზნესზე ზეწოლას ახდენს, რომ ტელევიზიის დაფინანსება ვერ შევძლო და იძულებული გავხდე, გავაჩეროო.

განსაკუთრებით თამბაქოს ბიზნესში ჩართული ბიზნესმენები აქტიურობენ ამ მიმართულებით.

ჯერ იყო და, TV პირველის მეთამბაქოე მფლობელმა შემოჰკრა ბუკსა და ნაღარას, ახლა იგივეს აკეთებს ტელეკომპანია "იბერიას" მეთამბაქოე მფლობელიც.
ცოტა არ იყოს, გასაკვირი კი არის, რატომ მაინცდამაინც თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების მფლობელებს უჩნდებათ მოთხოვნილება, ჩვენი ფილტვების "დაკაპჩონების" ხარჯზე ნაშოვნი ფულით თავისუფალი მედიის განვითარებას და მედიაპლურალიზმის დამკვიდრებას ემსახურონ, თუმცა ეს მათი ნებაყოფლობითი არჩევანია, რომლის ფინანსურ უზრუნველყოფაზეც თვითონ არიან პასუხისმგებელნი და არა სახელმწიფო, და არა ხელისუფლება და არა ბიუჯეტი, რომელიც, მოგეხსენებათ, მოსახლეობიდან აკრეფილი თანხებით ივსება.

ესენი კი, ეს დალოცვილები, ფინანსური პრობლემა შეექმნებათ თუ არა, იმწამსვე ხელისუფლებას მივარდებიან და ლამის არის თავიანთი ტელეკომპანიების ბიუჯეტიდან დაფინანსება მოსთხოვონ. (ვალების ჩამოწერას რომ ითხოვ, ექსკლუზიურ პირობებს რომ ითხოვ, შეღავათებს რომ ითხოვ, ეს ყველაფერი ხომ ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფულის ხარჯზე უნდა გაკეთდეს?).

კი, მაგრამ, ჩვენ, ხალხმა, როდის განვაცხადეთ თანხმობა, თV პირველი ჩვენ ვარჩინოთ, "იბერია" ჩვენ ვარჩინოთ, "კავკასიაც" და სხვა დანარჩენი მედიასაშუალებებიც ჩვენ ვარჩინოთ?

ამასწინათ უცნაური აუდიოჩანაწერი გავრცელდა.

უცნაური იმდენად, რამდენადაც შინაარსი ამ აუდიოჩანაწერისა, არავითარ ლოგიკას, არანაირ საღ, პრაგმატულ აზრს არ შეესაბამება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ჩანაწერი თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა.

გავიხსენოთ, რაზეა საუბარი ამ ჩანაწერში.

ლევან ყიფიანი ურეკავს ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს და ეუბნება, რომ თუ ის სამ მილიონს გაიღებს, ყიფიანი მზად არის საქმეში ჩართოს გავლენიანი პირები და ბიზნესმენს მოუხსნას ის ფინანსური დავალიანება, რაც მას სახელმწიფოს წინაშე აქვს.

საუბარია 53 მილიონზე, რომელიც ომეგა-ჯგუფს სახელმწიფოსთვის აქვს გადასახდელი.

ქველმოქმედებისა და სიკეთის ქმნის ხასიათზე დამდგარი ყიფიანი ამ 53 მილიონის ჩამოწერას სულ რაღაც სამ მილიონად ჰპირდება პატივცემულ ბიზნესმენს _ ამ სამი მილიონიდან ნახევარ მილიონს ბიუჯეტში შეიტან, დაბნარჩენ 2,5 მილიონს გადავანაწილებთ იმ ადამიანებზე, ვინც ამის გაკეთებაში დაგვეხმარებაო.

ბიზნესმენი, რომელმაც, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანგარიში ნამდვილად იცის და ისიც იცის, რომ 53 მილიონი თითქმის 18-ჯერ მეტია 3 მილიონზე, გაკვირვებასაც კი არ გამოთქვამს ყიფიანის ამ ჰუმანურ შეთავაზებაზე და არც კი სვამს კითხვას: რაიმეს ხომ არ მატყუებთ თქვენ, ბატონო ლევან, როდის იყო, სამ მილიონად 53 მილიონს "არასხოდებდნენ". თანაც, ამ სამი მილიონიდან მხოლოდ ნახევარი მილიონი მიდის ბიუჯეტში. დანარჩენ 52,5 მილიონს ნახევარ მილიონად როგორ და რანაირად ჩამოწერენ. ეს ხომ შეუძლებელია? – მსგავსი არაფერი უთქვამს ყიფიანისთვის ოქუაშვილს, ისე მშვიდად და წყნარად მოუსმინა "შუამავალს", თითქოს, რაც მან ილაპარაკა, იოლად და დაუბრკოლებლად განსახორციელებელი საქმე იყო.

სწორედ ეს გარემოება ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ეს აუდიოჩანაწერი თავიდან ბოლომდე გაყალბებული და ფალსიფიცირებულია.

თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ აუდიოჩანაწერი როგორც გინდა, ისე შეცვალო _ ამოაგდო ან ჩასვა სიტყვები, ჩაამატო ან ამოიღო მთელი წინადადებები, მოახდინო მოსაუბრეთა ხმის ზუსტი კალკირება და მიიღო ის ტექსტი, რომელიც გჭირდება.

მოკლედ რომ ვთქვათ, მთავარია, არსებობდეს მასალა, ანუ ორ პირს შორის საუბრის ჩანაწერი, მერე კი, თუ მოინდომებენ, ამ ჩანაწერს ისე შეუცვლიან ტექსტს, მხოლოდ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ტექსტი ფაბრიკაციაა, თუმცა ზოგჯერ ამის დადგენაც ვერ ხერხდება, იმდენად დიდი ოსტატობით და იუველური სიზუსტით არის გაყალბებული ჩანაწერი.

როგორც ჩანს, ყიფიანსა და ოქუაშვილს შორის რაღაც ტიპის სატელეფონო საუბარი მართლაც შედგა, რომელიც შემდეგ ახალი შინაარსის ტექსტის დასამონტაჟებლად იქნა გამოყენებული.

რა ამოძრავებდა, რა მიზანი ჰქონდა მას, ვინც ამ აუდიოჩანაწერის გაყალბება შეუკვეთა?

მიზანი პირველი: მედიაზე ზეწოლად გაესაღებინა და ამით დაეშანტაჟებინა მთავრობა, რომელიც მას სრულიად კანონიერად იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულებას სათხოვდა, რომელიც მას ბიუჯეტის წინაშე გააჩნდა.

მიზანი მეორე: ეს ჩვეულებრივი ფინანსური დავა, რომლის მსგავსი სახელმწიფოსა და ნებისმიერ ბიზნესჯგუფს შორის უამრავჯერ წარმოქმნილა, გადაეყვანა პოლიტიკურ ჭრილში, მექრთამეობაში დაედანაშაულებინა ადამიანები ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვიდან, რომ ამით ჩირქი მოეცხო თვით ბიძინა ივანიშვილის სახელისთვისაც.

ჩვენი აზრით, სწორედ ეს მეორე მიზანი იყო ის უმთავრესი და უპირველესი მიზანი, რისთვისაც ეს აუდიოჩანაწერი შეითითხნა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ ჩანაწერის უკან არა მარტო "ომეგა-ჯგუფი", არამედ ის პოლიტიკური ძალა დგას, რომელსაც `ნაცმოძრაობა~ ჰქვია და რომლის წისქვილზეც, დიდი ხანია, ასხამს წყალს ტელეკომპანია "იბერია".

"სააკაშვილ-ოქუაშვილ ფიქჩერსის" ერთობლივი "ნაწარმოები" მგონია ეს თეთრი ძაფით ნაკერი აუდიოსიყალბე, ასე რომ გამოირჩევა მის შემოქმედთა უნიჭობით, პრიმიტიულობით, გონებრივი სიდუხჭირით.

ეს ჩანაწერი ფალსიფიცირებული რომ არის, ამ აზრს კიდევ უფრო მიმტკიცებს ის გარემოება, რომ ჩანაწერში გაჟღერებულია ანზორ ჩუბინიძის გვარი, რომელიც ამ კორუფციული სქემის მთავარ ფიგურანტად არის წარმოდგენილი.

ვინც ანზორ ჩუბინიძეს იცნობს, დაგვერწმუნება, რომ იშვიათზე იშვიათია ისეთი წესიერი, კეთილშობილი და პატიოსანი ადამიანი, როგორიც ბატონი ანზორია.

ანზორ ჩუბინიძისა და უჩა მამაცაშვილის სახელების "ჩაკერება" ამ ჩანაწერში იმიტომ დასჭირდათ მის ავტორებს, რომ ეჭვის კვალი რაც შეიძლება ახლოს მიიტანონ ბიძინა ივანიშვილის სახელთან.

ჭიტა, სააკაშვილო, გიცანი! შენ ხარ ამ "პროექტის" ავტორი, ოქუაშვილი, "იბერია" და "ომეგა-ჯგუფი" კი ის მასალაა, რომელსაც ამ არჩევნების პერიოდში შენი ინტერესებისთვის გამოიყენებ, მერე კი ნახმარი `პრეზერვატივივით~ მიაგდებ, როგორც ეს გჩვევია და როგორც ეს არაერთხელ გაგიკეთებია.

ერთადერთი, რასაც ამ აუდიოჩანაწერის გასაჯაროებით ოქუაშვილი მიაღწევს, ისაა, რომ მას ახლა ნამდვილად მოუწევს ამ 53 მილიონის ბოლო კაპიკამდე გადახდა…

ვახტანგ ხარჩილავა
скачать dle 12.0