რადგან სიცოცხლე სიკვდილი ასე ნავარდობს

კეშას ბლოგი

მე მოვკვდები, ოდესმე, აუცილებლად მოვკვდები, იქნებ – ხვალ, იქნებ – 50 წლის შემდეგ – ვინ იცის.
მაგრამ, ზუსტად ვიცი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გამიხსენებს, მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანს ეტკინება დიდხანს და გულწრფელად, მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანს ჩამოუგორდება ღაწვზე თბილი და ჩუმი ცრემლი…
იმიტომ, რომ სიკვდილი გაიეფდა…

არა, პოსტს ბევრი დაწერს, ვინმე ჩემს ფეისბუქგვერდზეც დამიწერს აცრემლებულ სმაილებს და ტკბილ სიტყვებს – მოდაშია ახლა ინტერნეტით მოსამძიმრება – მაგრამ, რა წამსაც თვალს მოაშორებს ჩემს ფოტოს და გვერდით გაიხედავს – სხვა უბედურებას დაინახავს და გადავავიწყდები.
წინა კვირაში 4 დაკრძალვა იყო, ჩემს მეგობარს მამა გარდაეცვალა, თანამშრომელს – დედა, ნაცნობს – 9 წლის ქალიშვილი, ძველ მეზობელს და დაეღუპა.
ერთზე ვიწყებ ფიქრს და მეორე მახსენდება, მერე მესამე, მერე მეოთხე. მერე მექანიკურად, გაუთვიცნობიერებლად, ვიწყებ არჩევას – რომელი უფრო მეტკინა – როცა ვხვდები, რას ვაკეთებ, მრცხვენია, მაგრამ არ მაქვს სხვა გზა – ვერ ვგლოვობ ოთხივეს ერთნაირად და ერთად.
სიკვდილი გაიეფდა.

დრო უნდა სიკვდილს, გლოვას დრო უნდა – რომ არ მიეჩვიო, ყოველდღიური რუტინა რომ არ გახდეს.
გარდა ამ ოთხისა, მთელი კვირა ხან ვინ წერდა ფეისბუქზე ახლობლის გარდაცვალების პოსტს და ხან ვინ.
ერთმა დღეს დაწერა: დედა მომიკლა ღამით ოთხმა კაცმა, შემოცვივდნენ, მომიკლეს და გამოწვევა მიღებულიაო.
ვერ ვხვდები, ანუ, ეს ახლა წავა და იმათ დედებს დახოცავს?
რა ეფეისბუქება – დედის ცხედარი არ გაციებია ცხვირწინ, მოკლული დედის ცხედარი.
დედის სიკვდილი როგორ შეიძლება იყოს გამოწვევა?

მაგრამ, რუტინა გახდა სიკვდილი, გაიაფდა სიკვდილი.

რუტინა გახდა ცრემლიანი სმაილები, დამამშვიდებელი ტექსტები, მისამძიმრება გახდა რუტინა.
ადრეც იხოცებოდნენო – გვეუბნებიან. წამოდით, გავიდეთ სასაფლაოებზე – მკვდრებს ვეღარ ვატევთ, ხალხნო, ბოლო ათწლეულში დასაფლავებულ მკვდრებს. სად ვიხოცებოდით ამდენნი, როდის ვიხოცებოდით ამდენნი.
- ახლა მეტი ინფორმაციაა და ვიგებთ, თორემ, ვიხოცებოდითო – მითხრეს.
9 აპრილს დახოცილ ადამიანებზე ათჯერ მეტი გარდაიცვალა ბოლო თვეში მხოლოდ ნარკოტიკით და წარბი არ შეგვტოკებია. თითი კი – თითი შეგვიტოკდა კლავიატურაზე – წარბი არა.

მე ის კი არ მადარდებს, რომ ოდესმე, როცა მოვკვდები და აუცილებლად მოვკვდები, ვინ გამოკერებია ცას – ათეულ ადამიანზე მეტს არ ჩამოცვივდება თბილი, ჩუმი და გულწრფელი ცრემლი – მე ჩემი ცრემლი მადარდებს – სად წავიდა ჩემი ცრემლი, რატომ არ ჩამომდის ყველა გარდაცვლილისთვის, როგორ და როდის ამომიშრა ცრემლი, როდის გახდა რუტინა სიკვდილი.

მაგრამ, ჩვენ ბევრნი ვწყდებით, ყოველდღიურად ვწყდებით. ვწყდებით, იმიტომ, რომ არ ვთხოვთ ექიმებს ყველა გარდაცვლილი პაცინეტის გამო ახსნა-განმარტებას, არ ვთხოვთ მთავრობას, დაგვიცვას ნარკოტიკისგან, დაბინძურებული ქალაქისგან, არ ვთხოვთ სკოლებს, დაიცვან ჩვენი შვილები, აარიდონ ცივ იარაღს და ძალადობას.

ჩვენ ყოველდღიურად ვწყდებით, ზოგი უჭმელობით, ზოგი ჭამით – უმეტესად, ნაგავს ვჭამთ, საწამლავს ვჭამთ უმეტესად, იმიტომ, რომ საწამლავი უფრო იაფი ღირს, ბევრად იაფი ღირს და ვერ ვწვდებით ჯანსაღ საკვებს, თორემ, განა გემოვნება არა გვაქვს ან არ ვიცით, რა მივირთვათ და როდის.
და რაც მეტნი ვწყდებით, მით მეტად სწრაფად დაგვყავს მანქანა და მით მეტნი ვემსხვერპლებით ავარიას, რაც მეტნი ვწყდებით, მით ნაკლებად ვდარდობთ სხვების სიკვდილზე – იმიტომ, რომ რუტინა გახდა სიკვდილი, გაიაფდა სიკვდილი.

რაც მეტნი ვწყდებით, მით მეტს ვკლავთ, სინდისის გარეშე ვკლავთ, ჩვენ ხომ ერთი დღით ვცხოვრობთ უკვე, რატომ უნდა დავინდოთ. რაც მეტად ვწყდებით, მით მეტად გვიმუშავდება სისხლზე და ძალადობაზე იმუნიტეტი…

რაც მეტად ვწყდებით, მით მეტ ღამეს ვათევთ, მით მეტ შხამს ვსვამთ და ვჭამთ, მით მეტად ვჩქარობთ წინ სიარულს და ამ სირბილში, ამ უძილობაში – მთავარი გვავიწყდება, უკან გვრჩება მთავარი.

რაც მეტნი ვწყდებით, მით მეტ კვანტს ვუდებთ ერთმანეთს, მით მეტად ვიბოღმებით, მით მეტად გვძულს, მით მეტად ვცდილობთ განდიდებას და სულ ერთი ხდება, როგორი გზით ვიშოვნით ფულს, რადგან, ხომ მაინც მოვკვდებით, ხომ მაინც აღარავის ვემახსოვრებით – მეორე დღესვე მოკვდება სხვა და დაგვივიწყებენ – ამიტომ, ერთი დღით ვცხოვრობთ, მხოლოდ დღეს და აქ ვცხოვრობთ.

რაც მეტნი ვწყდებით, მით უფრო აღარ ვუფრთხილდებით სიცოცხლეს, მით უფრო ნაკლებად ვიცავთ სიცოცხლეს, მით უფრო ნაკლებად გვიყვარს სიცოცხლე.
ასეა, რაც ნაკლებ ცრემლს დავღვრი – მით მეტად გამიჭირდება ბედნიერებით ტკბობა, რაც ნაკლებს ვიგლოვებ, მით მეტად გამიჭირდება სიყვარული, რაც ნაკლები მეწყინება – მით ნაკლები გამიხარდება.

ემოციებს გვიკლავს სიკვდილის გაიაფება და იმიტომ – რა არის ადამიანი ემოციისა და გულის გარეშე? – რობოტი სოფია?
ასე თუ გაგრძელდება, მალე ყველანი რობოტი სოფიები ვიქნებით, იმ განსხვვებით, რომ რობოტი სოფია არ დაბერდება და მოკვდება, ჩვენ კი, სიკვდილს ვინღა ჩივის, ნეტავი დავბერდებოდეთ, სიბერეს მივატანდეთ, ნეტავი.

ჩვენს გადაჯიშებას საუკუნეები ცდილობდნენ, საუკუნეები შეალიეს ჩვენს გატეხვას, საუკუნეები დასჭირდა ჩვენში ქართველის მოკვლას.
ქართველში ქართველის მოკვლა სიკვდილს შესძლებია მარტო, გაიეფებულ, რუტინად ქცეულ სიკვდილს.

რაც მეტად ვწყდებით, მით მეტს და მით უფრო ჯიუტად ვმუშაობთ ლუკმა-პურისთვის, დღეს და ღამეს ვაერთიანებთ. სტომაქს ვივსებთ და ვიძინებთ, ვიძინებთ იმაზე ფიქრის გარეშე, რა გაგვიხარდა და გვეწყინა, იმაზე ფიქრის გარეშე ვიღვიძებთ დილით – რა გვინდა სინამდვილეში, რისი კეთება და როგორ ცხოვრება.

არავინ მოუკვდება რობოტ სოფიას.

იცის მისი დანიშნულება რობოტმა სოფიამ, ყველა კითხვაზე პასუხი აქვს – რა აზრი აქვს მის არსებობას.
ზოგჯერ, მშურს ადამის და ევას, მშურს, რადგან მათ არც ერთ კითხვაზე არ ჰქონდათ პასუხი.
ზოგჯერ, მე ვბრაზდები ადამზე და ევაზე, რადგან მათ ზოგ კითხვაზე არასწორად იპოვნეს პასუხი.

მაგრამ, ეს ყველაფერი მაინც სჯობს, იმას, რაც ჩვენ გვჭირს – უკითხვობა გვჭირს, კითხვა არ გვაქვს, არ გვინდა კითხვის დასმა – პასუხის შიშით.
ასე ხდება, როცა სიკვდილი გახდება რუტინა, როცა სიკვდილი გაიეფდება, ასე ეკარგება მაშინ სიცოცხლეს ფასი, ასე ეკარგება ადამიანობას ფასი.
როცა ერთი დინოზავრი მოკლა სიცივემ, ცა და მიწა რომ ჩამოენგრიათ დინოზავრებს, ერთად რომ დამდგარიყვნენ – ერთმანეთს რომ გადაჯაჭვოდნენ, ერთმანეთი რომ გაეთბოთ – შეიძლება გადარჩენილიყვნენ, არ გადაშენებულიყვნენ… ან დახოცილიყვნენ, მაგრამ, ისე რომ მათ სიკვდილს აზრი ჰქონოდა, ისე, რომ მთელ მსოფლიოს ენახა ერთი ადგილისკენ მიმავალი მათი ნაფეხური, ისე, რომ კოსმოსიდან გამოჩენილი მათი ერთად და ერთმანეთზე შეზრდილი ძვლები.

რა დაგვრჩენია სამალავებში, არაფერია სანახავი ქვიშაში, რა აზრი აქვს არსებობას, თუ ვერ უნდა ვიცხოვროთ – ნუ გავხდით რუტინად სიკვდილს.
ყველა სიცოცხლისთვის ერთად დავდგეთ, ყველა სიცოცხლისთვის ერთად ვიბრძოლოთ, ყველა სიკვდილს ერთად დავუპირისპირდეთ და ერთად ვიგლოვოთ – ცხოვრება ვცადოთ, გადაჯიშების, გადაშენების, რობოტად ქცევის გარეშე.

თუ არაფერი გამოგვივა, დედამიწას სამუდამოდ დარჩება ერთმანეთისკენ მიმავალი ჩვენი ნაკვალევი.
თუ არაფერი გამოგვივა, დაე, კოსმოსმა დაინახოს ჩვენი ერთად და ერთმანეთზე გადაზრდილი ძვლები…
… ზოგჯერ, მე ვბრაზობ ადამზე და ევაზე, რადგან მათ ზოგ კითხვაზე არასწორად იპოვნეს პასუხი.

скачать dle 12.0