სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ქვეყნისთვის კი არა, ნაცმოძრაობისთვის იქნება კატასტროფა და მათი პოლიტიკური არსებობის დასასრული

გვესაუბრება პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, 46 კანდიდატი ქვეყნის პირველი პირობისთვის ემზადება. როგორ შეაფასებთ საპრეზიდენტო მარათონს?

_ დიდი ჭადრაკის მოლოდინი არ მაქვს, უფრო მარტივი თამაშები იქნება. ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბევრს საუბრობენ კანდიდატების მრავალრიცხოვნობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს გასაკვირი არც არის, რადგან კანდიდატები გარკვეულ თანხას იღებენ. ამ კუთხით, მათი რიცხვი, მე თუ მკითხავთ, ცოტაც კი არის. ჩვენთან არ არსებობს სპეციალობა, რომელიც პრეზიდენტად მოგამზადებს. ნებისმიერს შეუძლია თავის კანდიდატურა წარადგინოს, ამის მაგალითია ტრამპი. მაგალითად, უცხოეთში ასეთი ფილტრის ფუნქციას ქონება ასრულებს. თუ ადამიანს ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, შესაბამისი სახსრები არ მოიზიდა, არჩევნებში მონაწილეობას ვერც მიიღებს. ერთხელ, როცა ამ საკითხებზე ვმსჯელობდით, ერთ-ერთ უცხოელ ექსპერტს ჰკითხეს: პრეზიდენტის არჩევისას, თქვენთან, სულით ავადმყოფობაზე _ ფსიქოს ტიპის შემოწმება თუ ხდებაო. მანქანის მართვისას ამოწმებთ ნორმალურია თუ არა ადამიანი და სახელმწიფოს მართვისას არ უნდა შემოწმდეს? ეს სწორი შეკითხვა იყო. მან გვიპასუხა: არჩევნებში მონაწილეობა მოითხოვს ბიზნესი გქონდეს, ისე ვერ მიიღებ მონაწილეობას ფულია საჭირო, ასევე, საიმისო რიტორიკა რათა ადამიანები მიიზიდო და ა.შ. ამ ჩამონათვალიდან გამომდინარე ფილტრს ვერ გაივლი თუ ჯანსაღი ფსიქიკა არ გექნაო.

_ ბატონო რამაზ, "ქართული ოცნება" დამოუკიდებლ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. მის განცხადებას, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რას ფიქრობთ რა შანსები აქვს სალომეს?

_ ამ საკითხზე, ბევრი მიზეზის გამო, შეიძლება ობიექტური არ ვიყო. ჯერ ერთი, თვითონ სალომე ძალიან მესიმპატიურება _ დიდი ხნის ნაცნობობა გვაქვს, მის მეუღლესაც დიდ პატივს ვცემ, ეს ფაქტორები ჩემზე მოქმედებს. ზურაბიშვილი დასაკარგი კანდიდატურა არ არის, ამ შეფასებაში ვერავინ შემედავება. იგი თავისი საქმის პროფესიონალია. შეიძლება მან, ხშირად, არ იცის პიარზე მუშაობა, არ იცის რა არის მისთვის მომგებიანი, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მას ნაფიქრი არ აქვს იმაზე, რასაც ლაპარაკობს. მის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები ტენდენციურია. ბოლოს შარი მოსდეს აფხაზეთს მეზობელი უწოდაო. როგორც ირკვევა ასეთი კონტექსტი იყო: ის საუბრობდა სამეგრელოს მეზობელ აფხაზეთზე, ანუ იგი, აფხაზურ-მეგრულ ურთიერთობებზე მსჯელობდა. ეს სხვადასხვა რამ არის. აფხაზეთი სამეგრელოს მეზობლად რომ არის, ამას ნებისმიერ გეოგრაფიის სახელმძღვანელოში ამოიკითხავთ. რატომ უნდათ ზურაბიშვილის გაფუჭება? _ იმიტომ, რომ ის რაც სამაჩაბლოს ომის დაწყებაზე თქვა, სინამდვილეში, სხვაგვარად იკითხება. მან, რეალურად, საქართველო კი არა, სააკაშვილი დაადანაშაულა. ეს სააკაშვილის წინააღმდეგ ნათქვამი განცხადებაა. თუ დააკვირდებით ზურაბიშვილი მიუღებელი სწორედ სააკაშვილის მომხრეებისთვისაა. ასე, რომ სალომეს გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილის მომხრეებმა იციან: მათ პრეზიდენტის სავარძელში შეურიგებელი მეტოქე დახვდებათ. ზურაბიშვილი კოჰაბიტაციისკენ გადახრილი პრეზიდენტი არ იქნება. სწორედ ამაშია ყველაზე უფრო ძაღლის თავი დამარხული _ თუ რატომ არის ასეთი შეურიგებლობა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ამ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" როცა მას უტევს საკუთარ თავს იცავს.

სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ კანდიდატურა მოხსნას ხომ? ვის აწყობს, თუ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ასარჩევი კანდიდატი აღარ დარჩებათ? _ ისევ და ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" ხომ? მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ზურაბიშვილმა პიარს ცოტა მეტი ყურადღება არ უნდა მიაქციოს. იმ პირდაპირობას, რაც აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებს ახასიათებთ. იგი იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, რაც პროფესიონალიზმის დასტურად მიაჩნია. დიახ, ზურაბიშვილი იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, უბრალოდ, იგი, ამჟამად, საჯარო პოლიტიკაში ჩაერთო და დახმარება ესაჭიროება.

_ დავუშვათ, ზურაბიშვილი აიძულეს კანდიდატურა მოხსნას. რა გამოდის, არჩევნები ოპოზიციას უნდა შევატოვოთ ხელთ? ასე რა შედეგამდე მივალთ?
_ ამ შემთხვევაში, მიღებულ შედეგს დიდი "მარჩიელობა" არ დასჭირდება. შედეგად მივიღებთ იმას, რომ საუკეთესო ვარიანტში შეიქმნება მეორე ტურის პირობები _ "ევროპულ საქართველოსა" და "ნაცმოძრაობას" შორის. მათგან ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, გამარჯვებული "ნაცმოძრაობა" იქნება. მერე უკვე აურზაურის ატეხავენ, რაც იმისთვის სჭირდებათ, რასაც ვაშაძე საზოგადოებას დაუფარავად ჰპირდება. იგი ამბობს: ჩვენ თუ მოვალთ ამ ხელისუფლებას შევარყევთ, დაიწყება დემონტაჟიო. ამის სურვილს არც მალავენ. აი, რა სიტუაცია შერჩება მოსახლეობას.

_ რუსეთის ძუძუთი გაზრდილი და ახლა, პრო-დასავლელად მოვლენილი ვაშაძე თან გვპირდება, რომ შეიწყალებს სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიას. რა საქართველოში მოგვიწევს ცხოვრება?

_ რევანშის პირობებში ყოფნა მოგვიწევს. ერთ-ერთი ვის კისერზეც ეს რევანში ნამდვილად გადატყდება, ეკლესია იქნება. "ნაცმოძრაობა" ისედაც არ გამოირჩეოდა, ეკლესიის მიმართ, დიდი ლოიალობით. ეკლესიის მოწოდება _ ზურაბიშვილმა კანდიდატურა მოხსნასო, პირდაპირ "ნაცმოძრაობას" აძლევს ხელს.ე.ი. რა გამოდის?! _ ეს მოთხოვნა `ნაცმოძრაობის~ მიერაა გაკეთებული. ვინც ეკლესიაში ამას ითხოვს, სავარაუდოა, რომ მას "ნაცმოძრაობის" რევანშის ინტერესი აქვს.

_ ბატონო რამაზ, მიუხედავად იმისა რომ 46 კანდიდატია, არჩევანის საშუალება არ არის, პოლიტიკურ მრავალფეროვნებას ვგულისხმობ?

_ გეთანხმებით, არ არის. საქართველოში, ზოგადად, მრავალფეროვნების საქმე ძალიან ცუდად გვაქვს. პრინციპში, დღეს, ისევ იგივე ალტერნატივის წინაშე დგას საზოგადოება _ "ნაციონალები" სხვადასხვა სახით, ფორმით და მეორე მხრივ, "ქართული ოცნება". კი ბატონო, ეს ისევ და ისევ ჩვენი ხარვეზია, რომ ერთიდაიგივე ვითარებაში ვართ, მაგრამ აქედან ადეკვატური გამოსავალი თუ არ ვიპოვეთ, ჩვენ, ისევ, როგორც 9 წლის წინ, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

_ მოდით, კიდევ ერთ უცნაურ კანდიდატს შევეხო თ. ზურაბ ჯაფარიძემ ქართული პოლიტიკა პორნოგრაფიამდე დაიყვანა.

_ ნუ, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკა აღარ არის. ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ყველა ადამიანს ვინც პოლიტიკაში შეაბიჯებს, ჩვენ, პოლიტიკოსს ვეძახით, მაგრამ ასე არ არის. ყველა ადამიანს არ აქვს პოლიტიკის უნარი და ამას ვერც მოთხოვ. ამ ადამიანებმა ნახეს ღია კარები, შანსი რომ შესულიყვნენ და შევიდნენ. ეს უკვე ჩვენი საზოგადოების მოუმწიფებლობის შედეგია. პოსტ.საბჭოთა სივრცეში გვაქვს ასეთი სიტუაცია _ იქაც, ვინ აღმოჩნდება პოლიტიკაში კაცმა არ იცის. ამიტომ, შექმნილი მდგომარეობა დიდად გასაკვირი არ არის, მაგრამ ხალხზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად, ამერიკის სინამდვილეში ამბობენ, რომ იქ, სულ ორი პარტიაა, რაც ტყუილია. ორი კი არა, ასზე გაცილებით მეტია, მაგრამ ხალხი ამ ორი პარტიის გარდა, სხვას გასაქანს არ აძლევს. იქ, საზოგადოებამ შეზღუდა პარტიების რიცხვი და პოლიტიკური სიტუაცია უფრო გაამარტივა. ხალხი თავისას შვება, თუმცა, შეცდომას ხელისუფლებაც უშვებს. ჩვენი ხელისუფლება ფულს წაგებულებისთვის რომ არ დებდეს _ წაგებული პარტიისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის _ შენ კი წააგე, მაგრამ უკეთესად, ვიდრე სხვამო, მაშინ პოლიტიკური პარტია რომელიც წააგებდა, პოლიტიკიდან წავიდოდა. ახლა, პრაქტიკულად, მარტო იმიტომ რჩებიან პოლიტიკაში, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ შემოსავალი ჰქონდეთ. ეს შემოსავალი აქვთ კიდეც. სხვა მოტივი არც მათ აქვთ და არც კანონმდებლობამ არ შექმნა იმის პირობა, რომ პოლიტიკოსებში ბუნებრივი შერჩევა მოხდეს. ცნობილი გამონათქვამია: სადაც ბუნებრივი შერჩევა არ ხდება, იქ ევოლუციაც არ არსებობს. ამიტომაც გვყავს ევოლუციის გარეშე განუვითარებელი პოლიტიკური სპექტრი.

_ ბატონო რამაზ, რამდენად მომგებიანია მარიხუანას კულტივაციის თემის შემოგდება ახლა, არჩევნების წინ?

_ რა გარანტია გვაქვს, რომ საკმაოდ მოკლე დროში მარიხუანას თემა საწინააღმდეგო გავლენას, იმ მუხტს არ მოაგროვებს, რომლის პიკი არჩევნების დღეს იქნება. ეს არის მთავარი _ როდის მოდის ამ გავლენის პიკი. რა გარანტია გვაქვს, რომ არჩევნების დღეს "ქართული ოცნების" დამარცხებაში დაინტერესებული ძალები ამ მუხტს კულმინაციამდე არ მიიყვანენ?! ამის გარანტია არ მაქვს. ამიტომ, უფრო ის მაწუხებს რა მოხდება არჩევნებში, ვიდრე ის რა მოყვა მარიხუანას კულტივაციის პროექტს.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0